#ბს-507(კ-20) 29 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 16 ნოემბერს ლ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ა. ს-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ ა. ს-ის ნაწილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 20 მაისის #8 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 27 მაისის #17072 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მას საკუთრების უფლებით გააჩნდა სადავო 72 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 2-სართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა, საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ სახლში დროებით საცხოვრებლად, მდგმურის უფლებით ოჯახის წევრებთან ერთად შესახლებული ჰყავდა ა. ს-ე. შეუსაბამოდ შედგენილი და ფაქტობრივად გაყალბებული საბუთების საფუძველზე კი, ა. ს-ეს საკუთრების უფლებით უღიარდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
სარჩელის თანახმად, ქობულეთის რაიონული სასაამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. შ-ის მოთხოვნა და მოპასუხეები - ა. ს-ე და მისი მეუღლე გამოსახლებულ იქნენ სადავო საცხოვერბელი ფართიდან. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ს-ის შეგებებული სარჩელი და მოსარჩელეს დაეკისრა მის მიერ საცხოვრებელ სახლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მოცემული გადაწყვეტილებით თანხის გადახდამდე კი, მოპასუხეებს დაურჩათ უფლება ესარგებლათ სადავო სახლით. მოსარჩელე მიუთითებს 2016 წლის 30 მარტს ლ. შ-ეს, ა. ს-ესა და მ. ს-ეს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც, ქობულეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. შ-ე უარს აცხადებდა სასარჩელო მოთხოვნაზე, გამოსახლებულ ყოფილიყვნენ ა. და მ. ს-ეები სადავო საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე: ქობულეთი, სოფელი ...ი, ხოლო თავის მხრივ, ა. ს-ე და მ. ს-ე უარს აცხადებდნენ სადავო საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის ხარჯების - 9872 ლარის ანაზღაურებაზე, მხარეთა შორის ურთიერთშერიგებისა და შეთანხმების საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დადების დღესვე მიმართა აღიარების კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ მოცემულ შეთანხმებას არ მისცემოდა მსვლელობა, არ მომხდარიყო სადავო საცხოვრებელი სახლის ა. ს-ისათვის გადაცემა, თუმცა უშედეგოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით ლ. შ-ის შუამდგომლობა მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ლ. შ-ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დატოვებულ იქნა განუხილველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, წარმოადგენს მის საკუთრებას. შესაბამისად, მოცემული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის უცვლელი მართლზომიერი მფლობელი და მესაკუთრე სწორედ ლ. შ-ეა. იმ პირობებში, როდესაც სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს კასატორის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს, სასამართლოს არ დაუდგენია, რა ფორმით ფლობდა ა. ს-ე მას.
კასატორის მითითებით, მიწის ნაკვეთის მოცვლის შესახებ აღმასკომის დადგენილებაში წერია, რომ მას სახლი უნდა დაეშალა და გადაეტანა გამოყოფილ მიწის ნაკვეთში, რაც კასატორს არ გაუკეთებია. კასატორის მითითებით, კოლმეურნეობის გადაწყვეტილება მისი საცხოვრებელი სახლის ნაწილში არ აღსრულდა. კოლმეუნეობას საცხოვრებელი სახლი არც ჩაუბარებია, რის გამოც სახლი დარჩა ხელუხლებელი, მასში კი მდგმურად შეასახლა ა. ს-ე, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს. ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა კასატორის მიერ კოლმეურნეობაზე ჩაბარებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მხოლოდ საცხოვრებელ სახლსა და სახლის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი აღნიშნავს, რომ თავად წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის თვითნებურად დამკავებელს (სადავო საცხოვრებელ სახლზე მისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების უგულებელყოფის პირობებშიც).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩნების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 20 მაისის #8 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ს-ის განცხადება, ქობულეთში, სოფელ ...ში, #3 ქუჩის #12 სახლში მდებარე 72.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 126.2 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ასევე, სადავოა მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27 მაისის #17072 საკუთრების უფლების მოწმობა.
დადგენილია, რომ მესამე პირის ა. ს-ის მოთხოვნა უკავშირდებოდა მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, იგი ითხოვდა ქობულეთში, სოფელ ...ში მდებარე 72.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებას. განცხადებას ერთვოდა კანონით გათვალიწინებული ყველა დოკუმენტი: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ...ის საკრებულოსა და ...ის თემის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობები, მოწმეების: ლ. ფ-ისა და ზ. ფ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, რაც ერთობლიობაში კომისიამ საკუთრების უფლებით უღიარა ა. ს-ეს, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქმეში არსებულ საარქივო ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, სადავო უძრავ ქონებას, მართალია, წარსულში ფლობდა ლ. შ-ე, თუმცა აღმასკომის გადაწყვეტილებით სახელმწიფომ ამ ქონების სანაცვლოდ მას გადასცა სხვა მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოსარჩელემ მითითებულ მიწის ნაკვეთზე დაკარგა მართლზომიერი ფლობის უფლება, ხოლო საცხოვრებელი სახლი თავად მოსარჩელის მეუღლის თანხმობით საცხოვრებლად დაიკავა ა. ს-ემ, რაც გააუმჯობესა და დაახლოებით 30 წელია ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მოცემული გარემოება, გარდა მხარეთა ახსნა-განმარტებისა, დასტურდება ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებითაც, რომლითაც სასამართლომ ა. ს-ეს ლ. შ-ის მხრიდან რეკონსტრუქციის ხარჯის - 9872 ლარის გადახდამდე მიანიჭა მისი მართლზომიერად ფლობისა და საცხოვრისად გამოყენების უფლება. როგორც საქმის მასალებით დგინდება, აღნიშნული თანხა ლ. შ-ეს არ გადაუხდია, შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის დროს ა. ს-ე წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის კანონიერ მფლობელს. მეტიც, საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 30 მარტს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, რომლითაც ურთიერთშერიგებისა და შეთანხმების საფუძველზე, ლ. შ-ემ უარი განაცხადა ა. და მ. ს-ეების სადავო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებაზე, მდებარე: ქობულეთი, სოფელი ...ი, ხოლო თავის მხრივ, ა. ს-ემ და მ. ს-ემ უარი განაცხადეს სადავო საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის ხარჯების - 9872 ლარის ანაზღაურებაზე, შესაბამისად, მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება აღსრულდა და ამ პერიოდიდან ლ. შ-ემ დაკარგა საცხოვრებელ სახლზე სამართლებრივი პრეტენზიის წარდგენის უფლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. შ-ის საკასაციო საჩივარზე ს. შ-ის მიერ 07.08.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. შ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება;
3. ლ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. შ-ის მიერ 07.08.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე