Facebook Twitter

#ბს-632(კ-20) 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 16 ივნისს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის #04/9224 გადაწყვეტილებისა და #50652693, #5462222405, #462804706 და #2046726423 სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში თანდართული სადავო შემთხვევათა რეესტრისა და #50652693, #5462222405, #462804706 და #2046726423 სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 30 მაისის #04/34538 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის #04/9224 გადაწყვეტილება და #50652693, #5462222405, #462804706 და #2046726423 სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 30 მაისის #04/34538 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „პროგრამის“ დანართი #1-ის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-16 მუხლზე, ასევე ამავე დადგენილების მე-10 მუხლის 21.1 მუხლზე, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის #კ/რ-177-59 რევიზიის აქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებისა (#02-167/მ, 27.03.2017წ.) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის წერილის (#04/16371, 17.03.2017წ.) საფუძველზე, შესწავლილ იქნა შპს „...ში“ (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ...ას ქ. #...; ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ...ას ქ. #...) პაციენტებისათვის: ნ. მ-ისათვის, ც. დ-ისა და გ. ქ-ისათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი. შესწავლით დადგინდა: 1. ნ. მ-ი - „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი“ (#22709) რეცენზირებულ იქნა ექიმ-სპეციალისტთა მიერ პედიატრიული მიმართულებით. რეცენზეტთა დასკვნით: „ანამნეზის (ბოლო ორი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ნაწლავთა დისფუნქცია, ტემპერატურა, ჰიპოდინამია), არსებული მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით პაციენტი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, მკურნალობის სქემა შეესაბამება თანამედროვე მკურნალობის პრინციპებს“; 2. ც. დ-ი - „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი“ (#22702) რეცენზირებულ იქნა ექიმ-სპეციალისტთა მიერ პედიატრიული მიმართულებით. რეცენზეტთა დასკვნით: „ჰოსპიტალიზაციამდე პაციენტს სამი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ნაწლავთა დისფუნქცია, ტემპერატურა, ღებინება, ადინამია. ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. მკურნალობის სქემა შეესაბამება თანამედროვე მკურნალობის პრინციპებს“; 3. გ. ქ-ისათვის - „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი“ (#22479) რეცენზირებულ იქნა ექიმ-სპეციალისტთა მიერ პედიატრიული მიმართულებით. რეცენზეტთა დასკვნით: „პაციენტს ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ნაწლავთა დისფუნქცია, მასაში კლება, არსებული მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით პაციენტი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. მკურნალობის სქემა შეესაბამება თანამედროვე მკურნალობის პრინციპებს“.

პალატამ მოცემული პაციენტების მიმართ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის, დასმული დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის სახის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ისინი ურთიერთშესაბამისია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 3 პაციენტი - ნ. მ-ი, ც. დ-ი და გ. ქ-ი 2016 წლის ოქტობრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: SUR1325010-/-K52.9-K52.9-/-„არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი“. აღნიშნული მდგომარეობები WHO-ს რეკომენდაციით განეკუთვნება გეგმიურად მართვად სერვისებს, რომლის მენეჯმენტი, უპირველესად, პირველადი ჯანდაცვის დონეზე უნდა განხორციელდეს, რის გამოც მოცემულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

პაციენტი ბ. თ-ი კი, 2016 წლის ოქომბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: 2000001-/-1 დონის ინტენსიური მკურნლობა/მოვლა, D69.3-იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა. აღნიშნული დიაგნოზი ანაზღაურდება ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევასაც განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩნების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 თებერვლის #04/9224 სადავო გადაწყვეტილებით შპს „...ს“ მოთხოვნა ნ. მ-ისთვის, ც. დ-ისთვის, გ. ქ-ისა და ბ. თ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე (#50652693, #5462222405, #462804706 და #2046726423 შემთხვევები) არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ სამედიცინო შემთხვევები, ჩარევა და დაზუსტება შეტყობინების დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობაში არ იყო, რაც სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველს ქმნიდა. გადაწყვეტილების თანახმად, ნ. მ-ის, ც. დ-ისა და გ. ქ-ის დიაგნოზი - K52.9 არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, WHO-ს რეკომენდაციით პირველადი ჯანდაცვის რგოლმა უნდა მართოს, ხოლო ბ. თ-ის დიაგნოზი - D69.3 იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, ანაზღაურდება სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ პაციენტები - ნ. მ-ი, ც. დ-ი, გ. ქ-ი და ბ. თ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მოსარგებლე პირებს. ამასთანავე, მათი შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო სასამართლო მოცემული პაციენტების მიმართ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის, დასმული დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის სახის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ისინი ურთიერთშესაბამისია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს ჰქონდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. წარმოდგენილი სამედიცინო ბარათებით დასტურდება, რომ ნ. მ-მა, ც. დ-მა და გ. ქ-მა მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებაში მიიღეს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - დიაგნოზით K52.9 განვითარებული მდგომარეობის გამო, ხოლო ბ. თ-ს გაეწია პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ სააგენტოსათვის მოცემულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით გადაცემული ინფორმაცია, შეტყობინება და მოთხოვნა შეესაბამებოდა გაწეულ მომსახურებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 13.08.2020წ. #26729 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.08.2020წ. #26729 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე