საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-42(კ-20) 13 ნოემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, შპს ...“
მესამე პირები - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ორგანიზაცია
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 ივნისს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს ...“-ის, მესამე პირების - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ორგანიზაციის მიმართ. მოსარჩელემ მორალური ზიანის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის - 10 000 (ათი ათასი) ლარის, ხოლო დანარჩენი თითოეული მოპასუხისთვის - 1 (ერთი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები). კასატორს ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის, 20 მარტისა და 27 ივლისის განჩინებებით კასატორს, მისი განცხადებების საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა. ამასთან, 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით მხარეს ხაზგასმით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
2020 წლის 8 ოქტომბერს გ. ბ-ემ კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი არ არის შევსებული, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კასატორს სამჯერ უკვე უშედეგოდ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა, ხარვეზის შესავსებად მისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა კი იყო საკმარისი და იძლეოდა ხარვეზის აღმოფხვრის რეალურ შესაძლებლობას. ამასთან, მხარე ვერ უთითებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის ობიექტურ მიზეზებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ბ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 374-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის 2020 წლის 8 ოქტომბრის შუადგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე