საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-304(2კ-20) 27 ნოემბერი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორები (მესამე პირები) - ი. კ-ე, ნ. ი-ე დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ფ-ე
მესამე პირები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, მ. გ-ი, ლ. მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. ფ-ემ 2018 წლის 30 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2018 წლის 27 აპრილის №146 ბრძანების (პირველი, მეორე და მესამე პუნქტების ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივნისისა და 11 სექტემბრის განჩინებებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. გ-ი, ლ. მ-ი, ნ. ი-ე დ-ი, ი. კ-ე და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 აპრილის №146 ბრძანება პირველი, მეორე, მესამე პუნქტების ნაწილში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ი. კ-ემ და ნ. ი-ე დ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი. კ-ისა და ნ. ი-ე დ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ი. კ-ემ და ნ. ი-ე დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ბათილად ცნო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ვინაიდან მათი გამოცემისას არ შეფასებულა მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს დადგენის მიზანშეწონილობისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხები, ასევე, არ შესწავლილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მარტის №001876218 დასკვნაში მითითებული გარემოება საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული საკანალიზაციო მილიდან საპროექტო შენობამდე სამმეტრიანი მანძილის დაუცველობასთან დაკავშირებით.
კასატორები - ი. კ-ე და ნ. ი-ე დ-ი მიიჩნევენ, რომ მერიის გასაჩივრებული აქტი კანონიერია, რადგან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისას და პროექტის შეთანხმებისას არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამასთანავე, კასატორთა განმარტებით, სადავო მშენებლობა ხელყოფს მათ კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს, რაც სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი. კ-ისა და ნ. ი-ე დ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. ფ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, მშენებლობის პროექტების შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბათილად ცნობის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ეტაპზე არ შეფასებულა უკანა ეზოს დადგენის მიზანშეწონილობის საკითხი, ხოლო პროექტის შეთანხმების ეტაპზე - სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობა და საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული საკანალიზაციო მილიდან საპროექტო შენობამდე სამმეტრიანი მანძილის დაცვის საკითხი.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვ...ბების შეტანა. იმავე „დებულების“ მე-11 მუხლის მიხედვით, სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-12 მუხლი ადგენს, რომ სამსახურის მაკონტროლებელი ორგანოა თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თბილისის მერია არის იერარქიული დაქვემდებარების პრინციპით აგებული თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. იმავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე კი, თბილისის მერია მოიცავს ცენტრალურ ორგანოებს: თბილისის მერს, თბილისის მთავრობას, თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მითითებული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე კი, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ექვემდებარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრებას. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა კი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები - უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა სრულყოფილად შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და გამოსცეს დასაბუთებული აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბათილად ცნო ლ. ფ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, მშენებლობის პროექტების შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და არქიტექტურის სამსახურს დაავალა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და სამართლებრივი ნორმების შეფასება, რომელთა შესწავლა და შეფასებაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეეძლო ადმინისტრაციულ საჩივარზე მსჯელობისას. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეეფასებინა, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ იმპერატიულად მოითხოვდა თუ არა უკანა ეზოს დადგენას და რამდენად უნდა დადგენილიყო იგი სადავო შემთხვევაში. ასევე, მერიას უნდა ემსჯელა, სადავო პერიოდში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ახალი პროექტი ხომ არ უნდა წარედგინა. გარდა ამისა, მართალია, მერია მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მარტის №001876218 დასკვნის შეფასების აუცილებლობაზე, რომლის თანახმადაც, საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული საკანალიზაციო მილიდან საპროექტო შენობამდე დასაცავი სამმეტრიანი მანძილი დარღვეულია, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია შპს „...ოს“ 2017 წლის 21 დეკემბრის №993 საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სადავო მშენებლობა არ გამოიწვევს სადავო ნაკვეთის მომიჯნავე, სამეზობლო საზღვრებში არსებული შენობების მიმართ ზეგავლენის გადაცემას მშენებლობისა და მის შემდგომ საექსპლუატაციო პერიოდში. ამრიგად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უზრუნველყოს ორივე საექსპერტო დასკვნის შესწავლა და ურთიერთშედარება.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასახელებული გარემოებების გამოკვლევა აუცილებელია არა მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის აქტების კანონიერების სათანადოდ შესასწავლად, არამედ იმ ზიანის დასადგენად და შესაფასებლად, რომელიც შეიძლება მიადგეთ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასეთი ზიანის დადგენის შემდეგ, უნდა შეადაროს იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცემული აქტების ბათილად ცნობით მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანთან, რამეთუ არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტები არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა მიმართაც ლ. ფ-ეს გააჩნია კანონიერი ნდობა (გამოცემული აქტების საფუძველზე დაწყებული აქვს მშენებლობა). ასეთი აქტების ბათილად ცნობა კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი დადასტურდება, რომ ისინი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა შეისწავლოს არქიტექტურის სამსახურის აქტების კანონიერება უკანა ეზოს დადგენისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, ასევე, უნდა შეაფასოს ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, გამოცემული აქტების უკანონობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის აუცილებელი წინაპირობა - მესამე პირთა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფა. შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ი. კ-ისა და ნ. ი-ე დ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. კასატორს - ი. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 15 ივნისის №9454331566 საგადახდო დავალებით ბ. რ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე