საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-840(კ-19) 27 ნოემბერი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. გ-მა 2017 წლის 29 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ამავე სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის №172016000685 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 16 მარტის №1-1/94 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის (ს/კ №...) აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნილი განჩინება მ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის (ს/კ №...) აუქციონის ფორმით პრივატიზებაზე უარი უკანონოდ უთხრა. სააგენტო მიუთითებს, რომ სადავო ფართი დაკავებულია ფაქტობრივი მოსარგებლეების მიერ, თუმცა მოპასუხეს მათი ვინაობა არც კი დაუდგენია. ამასთან, კანონმდებლობით სააგენტოს არ ეკისრება სოციალური ფუნქცია და არ ევალება სახელმწიფო ფართში შეჭრილ პირებზე მზრუნველობა. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის მიხედვით, თუ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, მას უნდა დაესაბუთებინა, რატომ მიიჩნია სახელმწიფო ქონების თვითნებურად დამკავებლებისათვის ნივთის მფლობელობაში დატოვება უფრო ხელსაყრელ გადაწყვეტილებად, ვიდრე ნივთის პრივატიზება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის კანონიერება, სხვა პირების მიერ აღნიშნული ფართით ფაქტობრივად სარგებლობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფო ქონება, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მისი განკარგვის ერთ-ერთ სახეს კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აუქციონის ფორმით პრივატიზება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესზე“, რომლის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აუქციონი ცხადდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, აუქციონის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რომელიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების დადგენისა და შეფასების საფუძველზე. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის №172016000685 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. გ-ს უარი ეთქვა თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში, ... კვარტალში, N... კორპუსის (ს/კ №...) პირველ სართულზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის (ყოფილი ფოსტის განყოფილების) აუქციონის ფორმით პრივატიზებაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება დაკავებული იყო ფაქტობრივი მოსარგებლეების მიერ. ამასთან, სააგენტომ განუმარტა მოსარჩელეს, რომ მოსარგებლეთა მიერ ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტის შემდეგ, ამავე ქონების პრივატიზებით კვლავ დაინტერესების შემთხვევაში, სააგენტო განიხილავდა ქონების განკარგვის მიზანშეწონილობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო, სადავო აქტების შინაარსის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს წარდგენილ განცხადებაზე გაეცა სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი და განემარტა უარის თქმის კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი. ამასთან, საყურადღებოა, რომ სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ პრივატიზების დამაბრკოლებელი გარემოების - ამ ეტაპზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, მ. გ-ის მოთხოვნის საფუძველზე, სამომავლოდ კვლავ განეხილა ქონების განკარგვის მიზანშეწონილობის საკითხი. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელისა და მესამე პირების უფლებათა თანაბარზომიერად დაცვის მიზნით. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე