საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-379(კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - რ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:რ. ლ-ემ 2019 წლის 27 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №... და 2019 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით რ. ლ-ის სარჩელი, განსჯადობის წესით განსახილველად, გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით რ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ლ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით რ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება რ. ლ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაამტკიცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.
კასატორი აღნიშნავს, რომ საარქივო ცნობის თანახმად, მისი კომლის უძრავი ქონება მდებარეობს საჩხერეში, სოფელ ...ში და არა ა ...ში, ხოლო ნივთის ფართობი 1987-1990 წლებში შეადგენდა 0,19 ჰექტარს. გარდა ამისა, საჩხერის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის მიერ 1986 წლის 13 ოქტომბერს მიღებულია №206 გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის ...ს - ი. ლ-ეს მოცვლის წესით მიეცა სოფელ ...ის ახალ გეოგრაფიულ არეალში - სოფელ ა ...ში მდებარე 1000 მ2 მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთთა ფართობების სხვაობაც ადასტურებს, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და №... საარქივო ცნობით გათვალისწინებული, სოფელ ...ში მდებარე, ი. ლ-ის კომლის კუთვნილი ნივთი არის სხვადასხვა ქონება. ამასთან, სოფელ ა...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რ. ლ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №109. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სოფელ ...ში დღემდე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს. სხვა საცხოვრებელი სახლი მას საჩხერის რაიონში არ გააჩნია. ამასთანავე, სოფელი ...ი და სოფელი ა...ი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს და საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით ცალსახად დასტურდება, რომ ზოგიერთი ფიზიკური პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სწორედ სოფელ ...ში მდებარე ნივთი. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია დასახელებული გარემოებები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მოსარჩელის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, უსაფუძვლოდ მიუთითა საარქივო ცნობაც, რომელიც სხვა ქონებას ეხება.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რ. ლ-ის საკუთრების უფლების თაობაზე განხორციელებულ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანაზე - ამონაწერიდან ერთ-ერთი უფლების დამდგენი დოკუმენტის ამოღებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. სარეგისტრაციო დოკუმენტი კი, იმავე კანონის მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება მისი საკუთრების უფლების არსებობა კონკრეტულ უძრავ ნივთზე. სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას და ამზადებს ამონაწერს, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერში, სხვა მონაცემებთან ერთად, მიეთითება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დასახელება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. ლ-ის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელზე აღირიცხა საჩხერეში, ...ში, ა...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1031 მ2 მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). უფლების დამდგენ დოკუმენტებად კი მიეთითა: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების №109 აქტი და 2016 წლის 18 მარტის №AA2016023577-03 საარქივო ცნობა. მიწის ნაკვეთი იქამდე აღრიცხული იყო მოსარჩელის მამის - ი. ლ-ის სახელზე, სარეგისტრაციო ნომრით ....
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 3 ივლისს რ. ლ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რათა აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული აღარ ყოფილიყო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საჩხერის არქივის 2016 წლის 18 მარტის №AA2016023577-03 საარქივო ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით კი მითითებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტების შინაარსზე. კერძოდ, 2016 წლის 18 მარტის №AA2016023577-03 საარქივო ცნობა ეხება სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთს. ხსენებული ცნობის მიხედვით, მოსარჩელის მამის - ი. ლ-ის კომლს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა რ. ლ-ეც, 1988 წელს პირად სარგებლობაში ერიცხებოდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, 1987-1994 წლებში - 0,19 ჰა და 1952 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1995-2000 და 2001-2006 წლებში კომლს მიწის ნაკვეთი არ აწერია. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საარქივო ცნობა ეხება სოფელ ...ში მდებარე ნივთს, თუმცა საგულისხმოა, რომ 1985 წელს სოფელ ...ში მცხოვრებ ... ოჯახს, რომელთა შორისაც იყო მოსარჩელის კომლიც, დაენგრა სახლები ან შეექმნა საცხოვრებლის დანგრევის რეალური საფრთხე, რის გამოც მათ „მონაცვლეობის წესით“ გადაეცა ახალ გეოგრაფიულ არეალში - სოფელ ახალ ...ში მდებარე, 1000 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთები. როგორც სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა და მხარეთა მიერ აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გამხდარა, სწორედ „მონაცვლეობის წესით“ მიწის ნაკვეთის გადაცემას ადასტურებს №109 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც სოფელ ახალ ...ში მდებარე, 1031 მ2 მიწის ნაკვეთი ჯერ მოსარჩელის მამის და შემდეგ მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა. ამრიგად, უფლების დამდგენ დოკუმენტად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, საარქივო ცნობის მითითება ფაქტობრივად წარმოდგენას ქმნის ნაკვეთის მისამართების ცვლილების (სოფელთა სხვადასხვაობის) განმაპირობებელ მიზეზებთან დაკავშირებით, საარქივო ცნობა ადასტურებს 1994 წლამდე არსებულ მდგომარეობას და მიწის მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად მისი მითითება უზრუნველყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის ქრონოლოგიურად გააზრების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ საარქივო ცნობის ამორიცხვის შემთხვევაში, მას ექნება ამ დოკუმენტით სოფელ ...ში მდებარე, მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ასეთი მოთხოვნის საფუძვლიანობა ვერ შემოწმდება, რადგან თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნივთზე სრული მოცულობით განხორციელებული არ აქვს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ამ გზით განახორციელოს თავისი ინტერესის დაცვა. სწორედ ამიტომ, მიწის მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, უფლების დამდგენ დოკუმენტად საარქივო ცნობის მითითება ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, მით უფრო, როდესაც დასახელებული დოკუმენტები თავად კასატორმა წარადგინა უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე