Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-230(კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. დ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. დ-ემ 2017 წლის 15 სექტემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ამავე კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №36 საოქმო გადაწყვეტილებისა და 9 აგვისტოს №653 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, ნ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ნ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №36 საოქმო გადაწყვეტილება და 9 აგვისტოს №653 განკარგულება; კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბათუმში, ...ის ...ის მე-... შეს. №...-ში მდებარე ... მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ... მ2 შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება კომისიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. დ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა ავტოფარეხია, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები. ამ მიზეზით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილებაზე მითითებით, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა არ შეესაბამება ქალაქ ბათუმის განვითარებისა და განაშენიანების სტრატეგიულ გეგმას, რაც ნ. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში საქმის განხილვაზე განმცხადებლის მიუწვევლობა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, რადგან განცხადება არ დაკმაყოფილდა სადავო მიწის ნაკვეთზე ავტოფარეხის არსებობის გამო, განმცხადებლის სხდომაზე მიწვევითა და მოსაზრების დაფიქსირებით კი, კომისიის მოცემული პოზიცია მაინც ვერ შეიცვლებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. დ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება ქალაქ ბათუმის განვითარებისა და განაშენიანების სტრატეგიულ გეგმას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათი დანიშნულების, მდებარეობისა თუ სტატუსის გათვალისწინებით, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების განხილვისას თავდაპირველად უნდა შეისწავლოს მიწის ნაკვეთის სახე და სტატუსი და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკითხის გამოკვლევა მიზნად ისახავს, გამოირიცხოს საკუთრების უფლების აღიარება ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ ექვემდებარება აღიარებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ არის ისეთი ორგანო, რომლის კომპეტენციაშიც შედის მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობის საკითხის დამოუკიდებლად დადგენა და განსაზღვრა, არამედ მან მითითებული გარემოების დასადგენად უნდა მიმართოს შესაბამის, კომპეტენტურ - ქალაქის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის პროცესების მიმდინარეობაზე პასუხისმგებელ ორგანოს.

მას შემდეგ, რაც კომისია დაადგენს, რომ მიწის ნაკვეთი ექვემდებარება აღიარებას, მან უნდა შეისწავლოს, კონკრეტული პირი რამდენად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების გამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამრიგად, კონკრეტული პირის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს, როგორც მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების პერიოდი, ისე მასზე შენობის განთავსების, შენობის სახისა (საცხოვრებელია თუ არასაცხოვრებელი) და მდგომარეობის (აშენებული, დანგრეული) საკითხები.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №36 საოქმო გადაწყვეტილებითა და 9 აგვისტოს №653 განკარგულებით ნ. დ-ეს უარი ეთქვა ბათუმში, ...ის ...ის მე-.. შესახვევის №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ დასაბუთებით, რომ ნ. დ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ავტოფარეხს. კომისიამ საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღო „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილება, რომლის შესაბამისად, დაუშვებელია ქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ტიპის უსახური, მოძველებური, დროებითი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, ავტოფარეხების მოწყობა-განთავსება ქალაქის პრესტიჟული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა ქალაქ ბათუმის განვითარებისა და განაშენიანების სტრატეგიულ გეგმას.

საკასაციო პალატა, სადავო აქტების კანონიერების შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, კომპეტენტური ორგანოს დასკვნის გარეშე, დამოუკიდებლად შეაფასა ქალაქის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის საკითხები, ამასთანავე, მან იხელმძღვანელა არა მიწის ნაკვეთის მდებარეობითა და სტატუსით, შეაფასა არა მიწის ნაკვეთის აღიარების შესაძლებლობა, არამედ მიუთითა მასზე განთავსებული შენობის უსახურობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის კომისიას, მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ევალება, დაადგინოს შენობის მხოლოდ სახეობა - იგი საცხოვრებელია თუ არასაცხოვრებელი, რადგან კანონმდებელი განსხვავებულ მოთხოვნებს აწესებს მათ მიმართ (საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს აშენებული ან დანგრეული, ხოლო არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა - აშენებული). რაც შეეხება შენობის იერსახესა თუ მისი აშენების კანონირებას, მოცემული გარემოებების დადგენა და შეფასება საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება. უფრო მეტიც, კასატორის მიერ მითითებული, „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის იერსახის განვითარებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №3-7 დადგენილებით, მართალია, განისაზღვრა, რომ ბათუმის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში, უსახური შენობების განთავსება შესაბამისობაში უნდა მოყვანილიყო მოქმედ კანონმდებლობასა და ქალაქთმშენებლობის პირობებთან, ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნებთან, თუმცა ამავე დადგენილებით დასახელებული საკითხების შეფასება და მასზე რეაგირება დაევალა ქალაქ ბათუმის შესაბამის ადგილობრივ სამსახურებს (ეკონომიკური პოლიტიკის, ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის, ბათუმის ზედამხედველობის ორგანოებს). სადავო შემთხვევაში კი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოსარჩელის მშენებლობის კანონიერების შემოწმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების ფაქტები არ დასტურდება. ამრიგად, კომისიამ შეაფასა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და ისეთი საკითხები, რომელთა დამოუკიდებლად დადგენის უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა და არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (რამდენად ექვემდებარება აღიარებას სადავო მიწის ნაკვეთი, რამდენად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს მოსარჩელე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემა. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და ადმინისტრაციული წარმოების სათანადოდ წარმართვა, მათ შორის, დაინტერესებული პირის მონაწილეობით. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე