საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-151(კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი[ თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. კ-ა
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ი. კ-ამ 2017 წლის 6 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანების, ი. კ-ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე გამოცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 19 სექტემბრის №MIA11702250973 წერილის ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანება და ამავე ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პოლიციელმა კანონის დაცვით უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა, უნდა იყოს ეთიკური და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა. სადავო შემთხვევაში კი, ი. კ-ამ დაარღვია მითითებული წესი, ვინაიდან მოქალაქეს - ნ. ჩ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ...ს ტერიტორიაზე, სხვა პირთა თანდასწრებით. ამდენად, მოსარჩელემ ჩაიდინა პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც შესაძლებელია, საზოგადოებაში გააჩინოს ნეგატიური განცდა მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ. ამასთან, კასატორის განმარტებით, თავად ნ. ჩ-ის მხრიდან დაუმორჩილებლობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ამართლებს ი. კ-ას ქმედებას. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე მართებულად გათავისუფლდა სამსახურიდან და გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა იყო ჩადენილი ქმედების პროპორციული.
საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით არ უნდა გამოეყენებინა ...ს წერილი, რადგან ...ს არ შეუფასებია ი. კ-ას არაეთიკური მოქმედების ფაქტი, არამედ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ ...ში პირის შესვლის წესების დაცვაზე. კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მითითებებს მოსარჩელის 2008 წლის ომში მონაწილეობისა და ...ის სტატუსის ქონის ფაქტებზე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ი. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, დისციპლინური სახდელის თანაზომიერების პრინციპის დაცვით გამოყენების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეებს მიეკუთვნება ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ასევე, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. წესდების მე-3 მუხლის მიხედვით კი, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, აღნიშნავს, რომ პოლიციელის ქმედება უნდა შეესაბამებოდეს ეთიკისა და ზნეობის ნორმებს და არ უნდა ხელყოფდეს სამსახურის ავტორიტეტს, საზოგადოების ნდობას. ამასთან, პოლიციელის უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, იგი ქცევის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, ზედმიწევნით იცავდეს კანონის მოთხოვნებს და სათანადოდ ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობებს. ქცევის აღნიშნული წესების დარღვევა შესაძლებელია გახდეს პოლიციელის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახდელის გამოყენებისას დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული გადაცდომის ბუნება, ჩადენილი ქმედების სიმძიმე და შედეგები, საჯარო მოსამსახურის პიროვნება. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით კი, უნდა შეირჩეს პასუხისმგებლობის ისეთი ზომა, რომელიც იქნება ჩადენილი გადაცდომის შესაბამისი და პროპორციული. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომისა და უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, უნდა იყოს განსაკუთრებით არგუმენტირებული, აუცილებლობით გამოწვეული და დასაბუთებული, რატომ არ არსებობდა უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების შესაძლებლობა.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანებით, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ...ი ...ის ...ი ...ს ... ...ის ...ს, პოლიციის ... - ი. კ-ას შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქესთან წარმოშობილი კონფლიქტი.
საკასაციო პალატა, მოსარჩელის ქმედების შეფასებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ზემოაღნიშნული კონფლიქტი გამოიწვია მოქალაქის მიერ ...ს ტერიტორიაზე არასანქცირებულად შესვლის მცდელობამ, მანვე ი. კ-ას, კანონიერი მოთხოვნის (გაევლო რეგისტრაცია და შემოწმება) საპასუხოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოში ...ის ...ოს ...ის ...ის ინტერესთა ...ის ხელმძღვანელის 2018 წლის 26 იანვრის №45 წერილზე, რომლის თანახმადაც, მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია, ნეგატიური ინფორმაცია ი. კ-ას მიმართ და ახასიათებენ აღნიშნულ ...ს მხოლოდ დადებითად. გარდა ამისა, ვინაიდან სანქციის შეფარდებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსარჩელის პიროვნებაც, მნიშვნელოვანია, რომ ი. კ-ა მონაწილეობას იღებდა 2008 წლის მოვლენებში, 2017 წლის 4 დეკემბრიდან მინიჭებული აქვს ...ის სტატუსი, 2016 წლის ბოლოს იგი დაწინაურდა და მიენიჭა ...ის ჩინი.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტების, ი. კ-ას პიროვნებისა და გადაცდომის ბუნების გათვალისწინებით, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა და გამოყენებული სანქციის თანაზომიერება არ დასტურდება. დაუსაბუთებელია, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევას. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1834238 ბრძანება, ვინაიდან სათანადოდ უნდა შეფასდეს ი. კ-ას მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და გამოყენებულ იქნეს ადეკვატური ხასიათის ღონისძიება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე