საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1248(კ-19) 23 დეკემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ლ. მ-ე
მესამე პირი - ი. ზ-ი
დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 22 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად კი, მოპასუხეებად დაასახელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ლ. მ-ე და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ლ. მ-ეს შორის დადებული 2000 წლის 14 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2000 წლის 22 სექტემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, ასევე, ამავე სამმართველოს 2002 წლის 12 აგვისტოს №23/1694-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ი. ზ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება შპს „...მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა და არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ თბილისის მერიამ 1992 წლის 17 იანვარს გასცა მუდმივი ორდერი №964 განკარგულების საფუძველზე და შპს „...ს“ იჯარით გადაეცა სადავო ფართი, რომელიც მოსარჩელემ გაარემონტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას იჯარით გადაცემული ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება ჰქონდა და სადავო ნივთი კომერციული კონკურსის მეშვეობით უკანონოდ გაიყიდა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავი ნივთის კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2010 წლის 21 ივლისის №3512 კანონით) სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზების ერთ-ერთი ფორმა იყო კონკურსი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანს წარმოადგენდა ქონებაზე საკუთრების უფლების მინიჭება იმ მყიდველისთვის, რომელიც გამყიდველს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებდა. კანონის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, კონკურსით პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის ფორმდებოდა სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემოდა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 2 თვის ვადაში.
სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების წესს დამატებით განსაზღვრავდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება“ (ძალადაკარგულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანებით). დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ცხადდებოდა მონაწილე, რომლის წინადადებებიც აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს და გადაიხდიდა მაქსიმალურ ფასს, კონკრეტული თანხის ჩაწერით.
განსახილველ შემთხვევაში, უძრავი ქონების მართვის და პრივატიზების განყოფილების 2000 წლის 1 აგვისტოს №1-4/446 ბრძანებით დადგენილია, რომ საბურთალოს რაიონში, ...ი მე-4 მ/რაიონში, №12 კორპუსში მდებარე მუნიციპალური არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი. კონკურსის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ „...ში“.
ასევე დადგენილია, რომ სადავო ნივთის შესყიდვასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა მხოლოდ ერთმა პირმა - ლ. მ-ემ, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდა გამარჯვებულად. შედეგად, მხარეთა შორის დაიდო ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და ნასყიდობის საფასურის სრულად დაფარვის შემდეგ გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პრივატიზების პროცესი წარიმართა კანონით დადგენილი ყველა ფორმალური წესის დაცვით. კონკურსი გამოაცხადა უფლებამოსილმა ორგანომ, სათანადო წესით და კონკურსში გაიმარჯვა ერთადერთმა მონაწილე პირმა, რომელთანაც კანონმდებლობის მოთხოვნა დაცვით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, მართალია, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ლ. მ-ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და კასატორი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობებით ითხოვდა გამოძიების მასალების გამოთხოვასა და საქმის წარმოების შეჩერებას, თუმცა მოსარჩელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლისა და 2 აპრილის განჩინებებით განემარტა, რომ აღნიშნული გარემოება არ ქმნიდა ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობას, ასევე, ვინაიდან საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, შპს „...ის“ შუამდგომლობა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებიდან ძიების მასალების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია სადავო ნივთის პრივატიზების პროცედურის კანონიერად წარმართვა.
რაც შეეხება უპირატესი შესყიდვის უფლებას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ კასატორთან დადებული იყო იჯარის და იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, ხოლო უძრავი ნივთი გაიყიდა კონკურსის წესით, როდესაც გადამწყვეტია, ვინ შესთავაზებს სახელმწიფოს უკეთეს პირობებს. ამასთან, მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობის სურვილიც კი არ დაუფიქსირებია. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ 1995 წლიდან სადავო ქონება იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „ფ...ას“, ხოლო მოსარჩელესთან ხელშეკრულება აღარ გაფორმებულა. ამდენად, სადავო შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნებოდა უპირატესი შესყიდვის უფლება და ამ მხრივაც არ დასტურდება მოსარჩელის კანონიერი უფლებების ხელყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 26 მარტის №23451969 საგადახდო დავალებით ვ. თ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე