საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-423(2კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ბ-ემ 2019 წლის 14 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 და 2015 წლის 20 იანვრის №122604 ბრძანებების არარად აღიარება, ასევე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის მ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 და 2015 წლის 20 იანვრის №122604 ბრძანებები; მოპასუხეს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; ამავე სააგენტოს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანებებით მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. სამინისტროს კი შესაბამისი პატაკით სწორედ სააგენტოს დირექტორმა მიმართა. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტები გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ არის და არ არსებობს მათი არარად აღიარების საფუძვლები. ამასთან, საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო აქტების არარად აღიარების შემთხვევაშიც კი, არ უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დავალება, რადგან არარა აქტი გამოცემისთანავე ითვლება უკანონოდ და იგი პირის უფლებებზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. გარდა ამისა, იძულებითი განაცდურის საკითხის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ თუკი პირი სხვა სამსახურში იყო დასაქმებული, მას ერთ პერიოდზე შრომითი ანაზღაურება ორჯერ არ მიეცემა.
კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 მარტის №337 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებასა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“ მითითებით, მიიჩნევს, რომ მინისტრი უფლებამოსილი იყო, გამოეცა გასაჩივრებული აქტები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტების არარად აღიარება, მათი არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა). ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია, ვინ არის უფლებამოსილი სამსახურიდან გაათავისუფლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლები. მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტო არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სააგენტოს თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს სააგენტოს ხელმძღვანელმა ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ბ-ე თანამდებობაზე დანიშნული იყო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სააგენტოს საჯარო მოსამსახურეს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ აქტები გამოსცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. შესაბამისად, უდავოა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოსცა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სადავო აქტების არარად აღიარების საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს გაკეთებული აქვს განმარტებები არაერთ საქმეზე (მათ შორის, იხ. 2020 წლის 8 აპრილის №ბს-12(2კ-20) და 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1436(2კ-18) განჩინებები).
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, აქტის არარად აღიარება გულისხმობს, რომ აქტი გამოცემისთანავე იყო უკანონო და ვერ შეიძენდა შესასრულებლად სავალდებულო ძალას, შესაბამისად, მას არ უნდა მოჰყოლოდა შედეგად მოსარჩელის უფლებების შეზღუდვა - სამსახურიდან გათავისუფლება. მიუხედავად ამისა, ვინაიდან მოსარჩელე არარა აქტების საფუძველზე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან და არ მიეცა კუთვნილი გასამრჯელო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეს მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და დაცულ იქნეს მოსარჩელის კანონიერი ინტერესები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე