Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1263(კ-19) 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 19 ნოემბერს შ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების ორგანოებში. 1999 წლის 30 აპრილიდან დაინიშნა შსს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... ...ში ...დ ...ის დარგში. 2000 წლის 30 მარტს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №... ...აში ...დ. 2002 წლის 15 მაისს კი, ...დ. 2004 წლის 27 ივლისს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მოითხოვა შესაბამისი წარდგინება და წელთა ნამსახურობის ნუსხა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 16 ოქტომბრის წერილით ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო დათხოვნილ პირს არ მიეცემა ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია.

მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე ითქვა უარი, ვინაიდან, არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. აგრეთვე არ დასტურდებოდა მის მიერ რაიმე არამართლზომიერი ქმედების ჩადენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ნამსახურობის გაანგარიშებასა და შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 16 ოქტომბრის №MOC 9 18 00946648 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კომპენსაციის მიღების მიზნით ნამსახურობის წლების დათვლის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 16 ოქტომბრის №MOC 9 18 00946648 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება), რომლითაც მოსარჩელე შ. ქ-ის სასჯელაღსრულების სისტემაში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდი განესაზღვრება 27 წლით, გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ქ-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით შ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... ...ის ...ი - მოსარჩელე შ. ქ-ი დათხოვნილ იქნა სასჯელაღსრულების ორგანოებიდან სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო. დათხოვნის საფუძველი გახდა სასჯელაღსრულების ... დაწესებულებაში 2003 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული ...ო სამუშაოების კანონიერებისა და აღრიცხვიანობის სისწორის შემოწმების შედეგები.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2004 წლის 9 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანება შ. ქ-ს სადავოდ არ გაუხდია და იგი შესულია კანონიერ ძალაში.

შ. ქ-მა 2018 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს და ითხოვა მისი სასჯელაღსრულების სისტემაში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდის გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების მომზადება, მისთვის კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 16 ოქტომბრის №MOC91800946648 წერილობითი მიმართვით შ. ქ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ იგი არამართლზომიერი ქმედების საფუძველზე იქნა დათხოვნილი სასჯელაღსრულების სისტემიდან.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის შედეგად პირს წარმოეშობა შესაბამისი სოციალური გარანტიები, ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირი მოქმედებდა კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და არ მომხდარა მისი სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერი ქმედების გამო. შესაბამისად, კანონმა გამორიცხა არამართლზომიერი ქმედების საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნილი პირის სამსახურის აღიარება და მატერიალურად უზრუნველყოფა.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი ცალსახად ადგენს, რომ პირს, მიუხედავად ნამსახურები პერიოდისა, არ წარმოეშობა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, თუ იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა არამართლზომიერი ქმედების გამო, ხოლო არამართლზომიერი ქმედება შეიძლება განიმარტოს, როგორც საჯარო წესრიგის, კანონის მოთხოვნათა დამრღვევი ქმედება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენას, არამედ მათ შორის ადმინისტრაციულ გადაცდომასაც მოიცავს. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ... ...ის ...ი შ. ქ-ი სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო იქნა დათხოვნილი სასჯელაღსრულების ორგანოებიდან. მაშასადამე, შ. ქ-ის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი გახდა მის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ერთი მხრივ, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყება არ გულისხმობს, რომ ადგილი არ ჰქონია დისციპლინურ გადაცდომას, რამეთუ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობა გაცილებით მძიმე მოცემულობას უნდა შეიცავდეს, ვიდრე დისციპლინური სამართალდარღვევა/გადაცდომა, მეორე მხრივ კი, თუკი პირი არ ეთანხმებოდა და უსაფუძვლოდ მიიჩნევდა მისი სამსახურიდან გათავისუფლებას დისციპლინურ გადაცდომაზე მითითებით, მოსარჩელეს უნდა გამოეყენებინა ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებულია აქტის გასაჩივრების წესი და ვადა და თუკი ადრესატი აქტს კანონით განსაზღვრული წესით, დადგენილ პერიოდში არ გაასაჩივრებს, უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც კი (გამონაკლისია არარა აქტები, რომლებზეც გასაჩივრების ვადა არ ვრცელდება) იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას, მიიჩნევა კანონიერად. სწორედ ამიტომ, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, აპელანტის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ვერ იმსჯელა და ვერ შეაფასა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებისა და მისი საფუძვლის კანონიერება, რამეთუ ეს ბრძანება სადავოდ არ გამხდარა და შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი№2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ შ. ქ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი გამომდინარეობს კანონიდან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ქ-მა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა და შეფასების მიღმა დატოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, 2004 წლის 9 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული დასკვნა ,,სასჯელაღსრულების ... დაწესებულებაში 2003 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარებული ...ო სამუშაოების კანონიერებისა და აღრიცხვიანობის სისწორის შედეგების შემოწმების შესახებ" (აღნიშნული დასკვნა საფუძვლად დაედო კასატორის გათავისუფლების ბრძანებას). დასკვნის თანახმად, შ. ქ-ის მიერ არ მომხდარა ბალანსზე არსებული ნაგებობის უკანონო დანგრევის ფაქტის აღკვეთა, იგი ....ა თავად ...ო სამუშაოებს, რაც არ შედიოდა მის კომპეტენციაში და მას არ შეუქმნია სათანადო პირობები ...ის წარმოებისთვის. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებით შ. ქ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმეზე წარმოებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი: "საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის მონაცემებისა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ... დაწესებულებაში არ გამოვლენილა არც მეორადი ლითონის რეალიზაციისა და არც ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების უკანონო დანგრევის ფაქტი. ხოლო რაც შეეხება აღნიშნული დაწესებულების ... შ. ქ-ის მხრიდან ...ო სამუშაოების ...ის ფაქტს, რადგანაც სამუშაოებს ასრულებდნენ მისი ხელქვეითები - ანაზღაურების გარეშე და არა რაიმე სხვა ორგანიზაცია და ასევე იგი იყო მატერიალური პასუხისმგებელი პირი, აქედან გამომდინარე მას უწევდა საერთო ...ა. ..." შესაბამისად, აღნიშნული დადგენილებით ქარწყლდება გენერალური ინსპექციის დასკვნაში წარმოდგენილი ფაქტები და ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა შ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებით. ზემოაღნიშნულის თანახმად დგინდება, რომ შ. ქ-ს არ ჩაუდენია არც სისხლისსამართლებრივი და არც სხვა არამართლზომიერი ქმედება - სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, რომელიც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ,,ერთი მხრივ, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყება არ გულისხმობს, რომ ადგილი არ ჰქონია დისციპლინურ გადაცდომას, რამეთუ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობა გაცილებით მძიმე მოცემულობას უნდა შეიცავდეს, ვიდრე დისციპლინური სამართალდარღვევა/გადაცდომა" (პუნქტი 4.15, გვ.9). აღნიშნული მსჯელობა, რა თქმა უნდა, ლოგიკურია. თუმცა, ამ შემთხვევაში საინტერესო და გასათვალისწინებელია კონკრეტული საქმის ფაქტები და ის გარემოებები, რომლებიც შ. ქ-ის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად. 2004 წლის 9 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მთლიანად უარყოფს და აქარწყლებს დასკვნაში მითითებული იმ ფაქტების არსებობას, რაც შ. ქ-ის გათავისუფლების მიზეზი გახდა. (სასჯელაღსრულების N... დაწესებულებაში 2003 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარებული ...ო სამუშაოების კანონიერებისა და აღრიცხვიანობის სისწორის შედეგების შემოწმების შესახებ დასკვნა). სასამართლო აქვე აღნიშნავს: "თუკი პირი არ ეთანხმებოდა და უსაფუძვლოდ მიიჩნევდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების დისციპლინურ გადაცდომაზე მითითბით, მოსარჩელეს უნდა გამოეყენებინა ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა" (პუნქტი 4.15, გვ.9). კასატორი მიუთითებს, რომ მართალია, მას გათავისუფლების ბრძანება არ გაუსაჩივრებია, თუმცა სასამართლო საქმეს ასეთ შემთხვევაში ფორმალურად არ უნდა მიუდგეს და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიანიჭოს. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა კონსტიტუციითაა განმტკიცებული და აღიარებული, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის დავაში დაუშვებელია სასამართლო საკითხს ფორმალურად მიუდგეს და კასატორს დაუსაბუთებლად და უკანონოდ ჩამოერთვას უფლება მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური გარანტია და დაცვა, როგორიცაა პენსია სახელმწიფო სამსახურში 27 - წლიანი ნამსახურობის შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ... ...ის ...ი - მოსარჩელე შ. ქ-ი დათხოვნილ იქნა სასჯელაღსრულების ორგანოებიდან სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო, ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მე-20 მულის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა ,,სასჯელაღსრულების ... დაწესებულებაში (...ო) 2003 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარებული ...ო სამუშაოების კანონიერებისა და აღრიცხვიანობის სისწორის შემოწმების შესახებ“.

,,სასჯელაღსრულების ... დაწესებულებაში (...ო) 2003 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარებული ...ო სამუშაოების კანონიერებისა და აღრიცხვიანობის სისწორის შემოწმების შესახებ“ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დსკვნის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. 2004 წლის 9 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

შ. ქ-მა 2018 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სასჯელაღსრულების სისტემაში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდის გაანგარიშებისა და შესაბამისი წარდგინების მომზადების თაობაზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 16 ოქტომბრის №MOC91800946648 წერილობითი მიმართვით შ. ქ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ნამსახურობის გაანგარიშებისა და შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 16 ოქტომბრის №MOC 9 18 00946648 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება), რომლითაც მოსარჩელე შ. ქ-ის სასჯელაღსრულების სისტემაში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდი განესაზღვრება 27 წლით, გამოცემის დავალება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებს. კანონის 4.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო იცავს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების პატივსა და ღირსებას, უზრუნველყოფს მათ შრომის ღირსეული პირობებით, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით. ამავე კანონის 40.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. თავის მხრივ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადების კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენის ვალდებულებას. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება.

უდავოა, რომ შ. ქ-ის სარჩელის მიზანი უკავშირდება სამომავლოდ მისი სოციალური უფლების რეალიზებას - პენიტენციური სამსახურიდან წარდგინების გადაგზავნას კომპეტენტური ორგანოსათვის, რაც უნდა გახდეს მისთვის, როგორც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სუბიექტისათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი, პირთა განსაკუთრებული წრისათვის (მათ შორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი პირებისათვის) ადგენს სოციალური დაცვის გარანტიებს, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ნამსახურების წლების საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანია კეთილსინდისიერად შესრულებული განსაკუთრებული სამსახურის, სახელმწიფოს მხრიდან აღიარება და ასეთ სამსახურში მყოფი პირის მოტივირება.

ამასთანავე, კანონის 1.2 მუხლი გამორიცხავს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობას, თუ პირი შესაბამისი თანამდებობიდან დათხოვნილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი. პირს, მიუხედავად ნამსახურები პერიოდისა, არ წარმოეშობა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, თუ იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა არამართლზომიერი და კანონშეუსაბამო ქმედების გამო. შესაბამისად, მითითებულმა ნორმამ, გარდა სისხლის სამართლის დანაშაულისა, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების შეზღუდვის პირობად ნებისმიერი ხასიათის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, დისციპლინური გადაცდომა) არამართლზომიერი ქმედება გაითვალისწინა, რაც გახდა პირის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ... ...ის ...ი შ. ქ-ი სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან, ,,სასჯელაღსრულების N... დაწესებულებაში (...ო) 2003 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარებული ...ო სამუშაოების კანონიერებისა და აღრიცხვიანობის სისწორის შემოწმების შესახებ“ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება 2004 წლის 9 დეკემბერის დადგენილებით შეწყდა ეს ნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია არც სისხლისსამართლებრივი და არც სხვა არამართლზომიერი ქმედება - სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, რომელიც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყება არ გულისხმობს, რომ ადგილი არ ჰქონია დისციპლინურ გადაცდომას. სისხლის სამართლის და დისციპლინურ წარმოებას შორის სხვაობა უდაოდ არსებობს, დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განსხვავებული ბუნებისაა, მათ განსხვავებული მიზნები, მტკიცების სტანდარტები და შემადგენელი ელემენტები აქვთ, დისციპლინური წარმოება არ ცვლის სისხლისსამართლებრივს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 08.06.1976წ. გადაწყვეტილება საქმეზე "ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ"(§81,82), 28.01.1983წ. გადაწყვეტილება "ალბერი და ლე კომპტი ბელგიის წინააღმდეგ", §25). დისციპლინური წარმოების ფარგლებში დგინდება არა პირის დანაშაული, არამედ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობა არ გამორიცხავს პირისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა დავის შეფასების თვალსაზრისით პრინციპულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... ...ის ...ი შ. ქ-ი სამსახურიდან დათხოვილ იქნა სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო. მას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანება სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, ფაქტი არის უცვლელი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია და მისი კანონიერების შემოწმება მოთხოვნილი არ არის. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას დავის გადაწყვეტის პროცესში სასამართლოს მხრიდან ფორმალური მიდგომის განვითარების თაობაზე და აღნიშნავს, ადმინისტრაციული აქტის თავისებურება, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ აქტი, განურჩევლად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა ფორმალური და მატერიალური კანონიერების მოთხოვნებს ხდება აღსასრულებლად სავალდებულო, თუ პირი არ დაუპირისპირდება მას და კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს გასაჩივრების უფლებას.

საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ძალაში მყოფი ადმინისტრაციული აქტი, როგორც კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ქმნის პრეიუდიციას იმისი, რომ სამსახურიდან დათხოვნა მოხდა დისციპლინური საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლო უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ შეამოწმებს იმ აქტების კანონიერებას, რომელიც სასამართლოში არ წარმოადენს დავის საგანს. შესაბამისად, სასამართლო ვერ შეაფასებს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებისა და მისი საფუძვლის კანონიერებას, რამეთუ ეს ბრძანება სადავოდ არ გამხდარა და როგორც აღინიშნა, შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ

საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე