Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1291(კ-19) 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 ნოემბერს ო. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლიდან მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2012 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე.

2017 წლის 20 აპრილს დირექტორთან ერთად მასთან მივიდა გენერალური ინსპექციის თანამშრომელი და დაიწყეს სამსახურებრივი მოკვლევა, რის საფუძველზეც ისე, რომ მისთვის არაფერი უთქვამთ, ჩამოართვეს სამსახურის მოწმობა და უთხრეს, რომ გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, მას შემდგ არკვევს თუ რა მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ უშედეგოდ. ასევე, მიუხედავად მისი მოთხოვნისა არ ჩაჰბარებია ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №1272909 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ო. ფ-ესთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ფ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით ო. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N1272909 ბრძანებით, შსს ...ის დეპარტამენტის რეგიონალური ...ი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ო. ო. ფ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2017 წლის 25 მაისის N9 დასკვნა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 732 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო დაეცვა ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხებოდა. საჯარო მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა უნდა შეესრულებინა მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. მითითებული კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება” განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახეა - მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ო. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილ იქნა აპელანტ ო. ფ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალები (საიდუმლო). გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალების შესწავლის შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N1272909 ბრძანების გამოცემისას, ო. ფ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოსცა აქტი მოსარჩელესთან/აპელანტთან მიმართებით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-161-158 (კ-15), რომლის თანახმად, „საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით... სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა (საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი)...მოხელე შეიძლება გათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც (,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი), თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვ“...

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N1272909 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან, კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ო. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ფ-ემ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპის სოციალური ქარტიით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის (მათ შორის საჯარო სამსახურში) გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. აღნიშნული მსჯელობის საპასუხოდ სააპელაციო სასამართლო არსად არ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რატომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე ო. ფ-ის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ მოსარჩელე სამსახურიდან კანონიერად იქნა დათხოვნილი და არ არსებობდა მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე ო. ფ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ხოლო აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა, აღნიშნული მტკიცებულება მოსარჩელე ო. ფ-ისათვის დღემდე უცნობია და იგი უშედეგოდ ცდილობს გაეცნოს ამ მასალებს.

კასატორის განმარტებით, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 59–ე მუხლის მე–3 პუნქტი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე–3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს, კერძოდ: სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს სამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N 989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე–4 მუხლის მე–7 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მე–10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ: მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებას და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია.

კასატორის განმარტებით, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ო. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილ იქნა აპელანტ ო. ფ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალები და მათი შესწავლის შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N 1272909 ბრძანების გამოცემისას, ო. ფ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოსცა აქტი მოსარჩელესთან/აპელანტთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ დაასაბუთა კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N 1272909 ბრძანება გამოცემულია კანონიერად, კონკრეტულად რომელი გარემოება გახდა სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ მსგავსი დასკვნის მისაღებად, რა მასალები გამოიკვლია სასამართლო სხდომაზე, გაითვალისწინა თუ არა და იგივე გულისყურით გამოიკვვლია თუ არა ო. ფ-ის მიერ წარმოდგენილი კონტრარგუმენტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილბა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N1272909 ბრძანებით, ო. ფ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2017 წლის 25 მაისის #9-ს დასკვნა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. კანონი ასევე განსაზღვრას პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციბებს, კერძოდ, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი). აღნიშნული პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო მოსამსახურის, მით უფრო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, უნდა გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარება, რაც არის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. პასუხისმგებლობის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, ისე სასამართლოს მხრიდან სახდელის დადების კანონიერების შეფასების პროცესში.

სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ სამსახურიდან დათხოვნა გათვალისწინებულია "პოლიციის შესახებ" კანონის 59-ე მუხლით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახეა - მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილი ო. ფ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალების (საიდუმლო) გაცნობის, ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა მართებულია, ვინაიდან, ო. ფ-ეს სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე, მის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს მათ საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.

პოლიციელის ქცევის სტანდარტებს აწესრიგებს ასევე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი, რომელიც ადგენს, რომ პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას (1.2პ); პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში (1.3პ.); პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი, და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით (1.4პ.); პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს (1.5.პ). აღნიშნულის საფუძველზე უდავოა, რომ კასატორი მისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, თავად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს უწესებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის 2.7 მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა პოლიციელმა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2.13 მუხლის მიხედვით, კი პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმები არის დამატებითი მტკიცებულება იმისი, რომ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ მოქმედებს ქცევის განსაკუთრებული სტანდარტი, რამდენადაც პოლიციელის საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამსახურის ეფექტური საქმიანობა და საზოგადოების ნდობა უწყების და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, სადავო აქტის დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლების გარდა, მითითებულია აგრეთვე, რომ აქტის გამოცემის საფუძველია - შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა. შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში ,,პოლიციის ეთიკის კოდექსისა" და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების" ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას (,,პოლიციის შესახებ" კანონის 57.4 მუხ. "ა" და "გ" ქვეპუნქტები, საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. N337 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-10 მუხ. "გ" ქვპ). საქართველოს შს მინისტრის 23.02.2015წ. N123 ბრძანებით დამტკიცებული გენერალური ინსპექციის დებულების მიხედვით, სხვა ამოცანებთან ერთად, ინსპექციის ამოცანას შეადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი, სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებისათვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება (მე-2 მუხ., "ა" , "ბ", "ე" ქვპ.). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილია ო. ფ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები (საიდუმლო), რომელშიც ასახულია ის ფაქტები, რაც დაედო საფუძვლად დისციპლინურ სამართალწარმოებას. სწორედ, აღნიშნული მასალების გაცნობის შედეგად მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ო. ფ-ის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ადეკვატურია. აქვე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამავე მასალებში დაცული განმარტებითი ბარათით კასატორი თავადვე აღწერს და ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე