საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1139(კ-19) 3 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. ო-ის მიმართ. სამართალწარმოების მიმდინარეობისას, არასათანადო მოპასუხე - ლ. ო-ე, საქმეში ჩაება მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
მოსარჩელემ მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 3 ივლისის №7 ოქმის №1 გადაწყვეტილების, 2008 წლის 16 ოქტომბრის №40 ოქმის №19 გადაწყვეტილებისა და კომისიის მიერ ლ. ო-ის სასარგებლოდ 2015 წლის პირველ სექტემბერს გაცემული №16959 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებებისა და საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ლ. ო-ეს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობა, რადგან არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი (მიწასთან საკუთარი წონით დაკავშირებული) და არა კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რაც წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარების სავალდებულო გარემოებას. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს შეფასებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის არსებობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.
სააპელაციო სასამართლომ, მატერიალურ-სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას, გამოიყენა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულება და სხვა ნორმატიული აქტები, რის შედეგადაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო 2015 წელს, მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა ამ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით, რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლების აღიარების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე კაპიტალური, მიწასთან უძრავად დაკავშირებული და არა დროებითი, მიწასთან საკუთარი წონით დაკავშირებული შენობა-ნაგებობის არსებობა, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში.
კასატორს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, რადგან საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში არ წარდგენილა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ითვალისწინებდა საკუთრების უფლების აღიარების დროს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დასაშვებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სწორად.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში კომისიის 2008 წლის 16 ოქტომბრის N40 ოქმის N19 გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი კანონმდებლობით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე ისეთი შენობის არსებობა, რომელიც გრუნტთან უძრავად იქნებოდა დაკავშირებული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა ,,ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.“. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების სავალდებულო წინაპირობად შენობის არსებობა განისაზღვრა 2008 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს კანონით „„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სამართლებრივი განმარტებების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი დგინდება მისი გამოცემის მომენტში მოქმედი კანონმდებლობის და არა შემდგომ მიღებული ცვლილების მიხედვით (სუსგ №ბს-414-411(კ-17), 17/10/2019; სუსგ №ბს-512-494(კ-13), 29/05/2014; სუსგ №ბს-192-184(3კ-13), 16/07/2013). შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ კომისიის 2008 წლის 16 ოქტომბრის N40 ოქმის N19 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე უკანონოა მიწის ნაკვეთზე გრუნტთან უძრავად დაკავშირებული შენობის არარსებობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემა არა დამოუკიდებლად, არამედ დაინტერესებული პირის მოთხოვნისა და კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც გამომდინარეობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-5 პუნქტიდან. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ დაინტერესებულმა პირმა, განცხადების სახით მოთხოვნა წარადგინა 2008 წლის ოქტომბერში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კომისიის იმავე წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადასტურდა ლ. ო-ის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველსაა მოკლებული კასატორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მოგვიანებით, კერძოდ 2015 წელს მიღებას ზეგავლენა უნდა მოეხდინა დაინტერესებული პირის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე და მის საწინააღმდეგოდ გაუარესებულიყო უკვე წარმოშობილი სამართალურთიერთობა, იმ პირობებში, როდესაც თავად საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძველი (2008 წლის 16 ოქტომბრის აქტი) ბათილად ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადებული არ არის.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შეფასებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხრიდან არ მოხდა საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ კასატორის 2018 წლის 12 მარტის N4/13996 წერილზე, რომლითაც ლ. ო-ის სახელზე 01.09.2015 წელს გაცემული N16959 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების საკითხის შესწავლა მოთხოვნილია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული შენობა. აღნიშნული წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან სადავო არ გამხდარა არც მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობის გამო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და არც შენობის და/ან ლითონის მავთულბადით შემორაგული ღობის განთავსების პერიოდი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე