Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-1021(კ-19) 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 7 მაისს ი. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, ნ. გ-ი--მა სასარჩელო განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მოითხოვა მისი არასრულწლოვანი შვილისთვის - ი. გ-ისთვის არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, რაზეც მოპასუხის 2018 წლის 2 აპრილის წერილით უარი ეთქვა და განემარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების 25-ე მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები გასცემენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით პირადობის მოწმობას, რაც შეეხება არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ის გაიცემა ბრძანებაში აღნიშნულ შემთხვევებში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი არ ეთანხმება აღნიშნულს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა იძლევა არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების შესაძლებლობას სურვილის შემთხვევაში. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებულ წესს, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არის კანონქვემდებარე აქტი და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად, მას ვერ ექნება უპირატესი ძალა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლები ერთმნიშვნელოვნად განმარტავენ არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის წესსა და პირობებს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 2 აპრილის N... გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილებით ი. გ-ის კანონიერ წარმომადგენელს - ნ. გ-ი--ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ პირადობის მოწმობის გარეშე შეზღუდული აქვს კონსტიტუციით მინიჭებული ყველა სამოქალაქო უფლება: ვერ მიმართავს პოლიკლინიკას, ამასთან 2018 წლის ივნისის ბოლოს ი. გ-ი ამთავრებს საშუალო სკოლას და აპირებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში, რისთვისაც სასწრაფოდ ესაჭიროება პირადობის მოწმობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2 აპრილის N... და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. გ-ი--ის არასრულწლოვანი შვილის ი. გ-ისთვის (დაბ: ...წ., პ/ნ ...) არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელისათვის დავის დასრულებამდე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე დროებითი განჩინების მიღება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის დროებითი განჩინებით ი. გ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ნ. გ-ი--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა დავის დასრულებამდე ი. გ-ის მიმართ გასცეს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2 აპრილის N... გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის, მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს ადმინისტარციული ორგანოს უარი ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემაზე, შეესაბამება თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს და ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს თუ არა მხარის მიერ მითითებული საფუძვლებით ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესს ადგენს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით, განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმის ბოლო წინადადებას და განმარტავს, რომ კანონით განსაზღვრული მიზეზების კონკრეტული ჩამონათვალი ასახულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესში“. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში. ამავე წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა. მითითებული წესის 25-ე მუხლი ადგენს: სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ წესში ასახული დებულებები ახდენენ კანონში მითითებული ნორმების კონკრეტიზაციას, რის გამოც აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა განსაზღვრულია მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და თვლის, რომ კონკრეტულად განსაზღვრულ მიზეზთა ჩამონათვალი, რომელიც იძლევა დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობასა და სურვილს, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობას კი განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულება, მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებშია მითითებული. აპელანტი სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითებს იმ ღირებული კანონიერი უფლებისა თუ ინტერესისასთვის ზიანის მიყენებას ან ასეთი ზიანის მიდგომის მომეტებულ რისკს, რომელიც მას ელექტრონული მატარებლით პირადობის მოწმობის აღების შემთხვევაში მოელის. პალატა განმარტავს, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა. საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების სამართლებრივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე არ ემყარება ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ობიექტურ საფუძვლებს, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. აპელანტი, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლებას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში განმსაზღვრელია საკანონმდებლო დანაწესი და იმ პირობებში, როდესაც მხარე ვერ უთითებს ხელშესახებ საფუძველს, მარტოოდენ მითითება მისი ნების თავისუფლებაზე, ვერ გახდება საფუძველი დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალსა და კანონის მიზნებთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 13.1 მუხლი და 14.2 პირველი წინადადება და იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების 58.1 მუხლი. ორივე ინსტანციის სასამართლო შეეცადა სადავო საკითხი გადაეტანა იუსტიციის მინისტრის 98-ე ბრძანების 25-ე მუხლის ფარგლებში, რომ კანონი ადგენს მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობას და საგამონაკლისო წესით ობიექტურ გარემოებებში არაელექტრონული მოწმობის გაცემას 6 თვის ვადით. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სავალდებულოა მოქალაქეს თავისი ვინაობის, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის დასადასტურებლად ჰქონდეს პირადობის დამდასტურებელი ძირითადი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, რომლის ფორმა და შემადგენელი ელემენტები განსაზღვრულია ამავე კანონის მე-14 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით და ეს არის სწორედ კასატორის სასარჩელო -მოთხოვნით გასაცემი პირადობის არაელექტრონული მოწმობა, რაც შეეხება სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულ ე.წ. „პირადობის ელექტრონულ მოწმობას“ კანონის 14.4 მუხლის საფუძველზე, დაშვებულია ,,შეიძლებას“ სახით, რაც მის სავალდებულოობას არცერთ შემთხვევაში არ ადგენს, რასაც ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გამწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლე ზ.თავაძის განმარტებაც, ,,კანონის მე-14 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ელექტრონული პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, იგი არ ადგენს, რომ პირადობის მოწმობა მხოლოდ აიდი ბარათის ფორმით გაიცემა" და ა.შ (11.11.2014წ. გამწესრიგებელი სხდომის ოქმი საქმე No2/604 მოქ.თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ). კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა, მოქალაქემ აიღოს პირადობის მოწმობა, მაგრამ რომელი სახის, ეს მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე იქნება განსაზღვრული და არა იძულებით, მოტყუებით, შეფარვით შედგენილი კანონქვემდებარე აქტების ძალმომრეობით გამოყენების გზით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (15.02.2017 წლის გადაწყვეტილება საქმე No3/1/659 მოქ.ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კანონმდებლის მიერ "შეიძლებას“ სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს, კანონით საერთო წესით ძირითადად გასაცემი პირადობის არაელექტრონული მოწმობიდან დაშვებულია ალტერნატივა - გამონაკლისი ,,შეიძლებას“ სახით შემოტანილი ელექტრონული პირადობის მოწმობის სახით. სწორედ ამ გამონაკლისის შესასრულებლად დაუშვა კანონმდებელმა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი და მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი.

ამასთან, N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის 20.2 მუხლის შესასრულებლად და შესაბამისად, ის უნდა ითვალისწინებდეს არამარტო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ არაუფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული) მოწმობის გაცემის პირობებსაც, რასაც ბრძანების გარდამავალი დებულების დანაწესი ერთმნიშვნელოვნად აღიარებს. ბრძანების 58.2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული -,, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", თუმცა არც დაინტერესებული პირის და არც მოქმედი კანონის 13.1 და მე-14 მუხლის 3.2-ის პირველი წინადადების დანაწესის შესაბამისად, პირადობის მოწმობის გაცემა რომ უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით, ამაზე კანონქვემდებარე 98-ე ბრძანება მიზანმიმართულად კატეგორიულად არაფერს ამბობს. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის 98-ე ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა მას არ გამოურკვევია, სად არის ის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ვალდებულია გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით? იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება, არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად.

სასამართლომ არც განიხილა და შესაბამისად არც შეაფასა საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც კომისიის მიერ მიღებულია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხის შესწავლის შედეგად და იმის გამო, რომ მოპასუხის მოქმედებით ადგილი აქვს მოქალაქის უფლებების დარღვევას ჯერ კიდევ 2014 წელს მითითებული რეკომენდაცია გადაეგზავნა იუსტიციის მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას, აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ ,,შეიძლებას“ სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: იმუშაოს, ისარგებლოს ჯანდაცვით, მიიღოს განათლება, შეიძინოს და განკარგოს ქონება და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას.

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, თუ რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა ,,შეიძლება" ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება გაითვალისწინა სიტყვა „შეიძლებასთან“ დაკავშირებით, კერძოდ მათი განმარტებით, "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება N3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება, რაც არცერთ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა, იმ უდავო ფაქტს, რომ კანონით აკრძალული არ არის მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობები, რომლითაც სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც ნამდვილად არ განეკუთვნებიან 98-ე ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის პირადობის მოწმობის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმა და იმაზე მითითება, რომ თითქოს კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს სხვა პირადობის მოწმობას, კონსტიტუციით აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაა მოსარჩელის როგორც მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე პირებთან, ასევე 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებთან მიმართებაში, ხოლო სასამართლოს მითითება - ობიექტური გარემოებების ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო, გაურკვეველია, რამეთუ აპელანტი სწორედაც რომ მისი ნების საწინაღმდეგოდ შექმნილი ვითარების შედეგად (სააგენტო კანონის დარღვევით გამოცემული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე უარს აცხადებს მოსარჩელისათვის არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე) იძულებულია უარი თქვას კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებაზე - არჩევნებში მონაწილეობაზე, ჯანდაცვით მომსახურებაზე, შრომის უფლებაზე და ა.შ. დატოვებულია სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა.

სასამართლო განმარტავს, რომ თითქოს მოპასუხე იცავს მოქალაქის ინტერესებს, როცა აიძულებს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიღოს ტექნიკურად პროგრესული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948წ.) მე-4 მუხლით იკრძალება ყოველგვარი ძალმომრეობა და იძულებით მორჩილებაში ყოფნა. კანონმდებელი ადგენს, რომ მოქალაქის ვინაობა, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართის დადასტურება ხდება პირადობის მოწმობით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. მოპასუხე მხარეს არანაირი მტკიცებულება ელექტრონული პირადობის მოწმობის მაღალტექნოლოგიურად დაცვის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა (და არა კანონმა) კანონის შეუსაბამოდ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით აიძულოს მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს ის პირადობის მოწმობა, რომელსაც თვითონ არ ირჩევს. რითი იზღუდება სახელმწიფო, ან/და რაში ეშლება ხელი სახელმწიფო ორგანოებს მოსარჩელისათვის პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემით? მითუმეტეს დღესაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოქმედებს კანონით დაშვებული როგორც უვადოდ მოქმედი არაელექტრონული მოწმობები, ასევე ობიექტურ გარემოებებში 6 თვის ვადით გასაცემი არაელექტრონული მოწმობები, სახელმწიფოს დამატებით არანაირი ღონისძიება, დაფინანსება და ა.შ. არა აქვს განსახორციელებელი. რა აღმატებული ინტერესია სახელმწიფოსი, რომლისათვისაც მოქალაქემ უარი უნდა განაცხადოს ამავე სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით, არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით (მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით) დადგენილი პიროვნების თავისუფლებაზე, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობაზე და ა.შ. არც სასამართლოზე ყოფილა მოპასუხეთა მხრიდან დასაბუთებული და არც სასამართლოს შეუფასებია ეს გარემოება თავის გადაწყვეტილებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2 აპრილის N... გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის, მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გამოცემის დავალება.

სადავო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს განემარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით, მოქალაქეებზე გაიცემა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ საკითხის გადაწყვეტა - ადმინისტარციული ორგანოს უარი ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემაზე, შეესაბამება თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს და ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს თუ არა მხარის მიერ მითითებული საფუძვლებით ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას

საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესს ადგენს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამდენად, ნორმატიულად განსაზღვრულია როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა, თუმცა პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლოა გაიცეს მხოლოდ ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში. კანონით განსაზღვრული მიზეზების კონკრეტული ჩამონათვალი ასახულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულად განსაზღვრულ მიზეზთა ჩამონათვალი, რომელიც იძლევა დროებითი მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობასა და სურვილს, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობას კი განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულება, მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კანონი თავადვე კრძალავს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას საგამონაკლისო ობიექტური საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში, ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობა კანონქვემდებარე აქტით არ არის შემოღებული, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულ იქნა კანონის საფუძველზე, მის ფარგლებში და მის შესასრულებლად, კანონის დებულებების განხორციელების მიზნით, ამდენად, „წესის“ 25.1 მუხლი, რომელიც სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის მოწმობის მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძებლობას ითვალისწინებს არ ეწინააღმდეგება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მოწესრიგებას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ნორმატიული მოწესრიგება, რომლითაც ტერიტორიულ ორგანოებს მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლება მიეცათ, ძალაშია.

კასატორი არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლებას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში განმსაზღვრელია საკანონმდებლო დანაწესი და იმ პირობებში, როდესაც მხარე ვერ უთითებს ხელშესახებ საფუძველს, მარტოოდენ მითითება მისი ნების თავისუფლებაზე, ვერ გახდება საფუძველი დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა პირადობის მოწმობის მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაცემის წესის კონსტიტუციურობაზე და მიიჩნია, რომ ნორმები, რომლებიც აწესებენ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღების უალტერნატივო წესს, სუბიექტური მოტივებით გამონაკლისის დაშვების გარეშე, ვერ ჩაითვლება არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის მე-11 და მე-16 მუხლებთან მიმართებაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო რეგულაციის შემოღება და ელექტრონული პირადობის მოწმობის უალტერნატივო წესით გაცემის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით იყო განპირობებული. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სახელწიფოს მიხედულების ფარგლები საშინაო ადმინისტრირების პროცედურაში ძალზე ფართოა. სახელმწიფოს მიერ ოფიციალური, უნიფიცირებული დოკუმენტების შემუშავებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაცული იქნეს დოკუმენტის ერთგვაროვნება და, როგორც წესი, დაუშვებელია, მათი შემადგენლობის განსაზღვრა დაექვემდებაროს ცალკეული ინდივიდების შეხედულებებს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის შემუშავების პროცესში სახელმწიფოს არ წარმოეშვა პოზიტიური ვალდებულება, ოფიციალური ადმინისტრაციული დოკუმენტების ერთგვაროვნების დაცვის მნიშვნელოვანი საჯარო და ინდივიდუალური ინტერესების საზიანოდ დაეშვა გამონაკლისები ზოგადი, შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაციიდან და გაეთვალისწინებინა წესი, რომლის მიხედვითაც დაშვებულად იქნებოდა გამოცხადებული ოფიციალური დოკუმენტების შინაარსის, ფორმისა თუ ტექნიკური პარამეტრების შეცვლა ცალკეული ინდივიდების სუბიექტური მოტივებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.06.2020წ. N1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნ. სეფიაშვილი და ი.რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II, § 32,33,38,39,49).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. გ-ს საკასაციო საჩივარზე 23.08.2019წ. საგადახდო დავალებით #8336340724 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება;

3. ი. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.08.2019წ. საგადახდო დავალებით #8336340724 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე