Facebook Twitter

#ბს-744(კ-20) 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 29 ნოემბერს დ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების 2019 წლის 30 ოქტომბრის #2019/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დ. ო-ის მიმართ 2019 წლის ნოემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების მიერ მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვინაიდან იგი დასაქმებულია სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტაში, აღნიშნული არის საფუძველი სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტისა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა პენსიის არასწორ გაცემას და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების 2019 წლის 30 ოქტომბრის #2019/2 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონულ განყოფილებას დ. ო-ის მიმართ 2019 წლის ნოემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, დ. ო-ი დასაქმებულია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნერო-ტექნიკურ ცენტრ დელტაში. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება იმის თაობაზე, რომ სსიპ სსსტც დელტა უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებლებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს. კასატორის მითითებით, უდავოა, რომ მოსარჩელე შრომით საქმიანობას ეწევა უშუალოდ სსიპ სსსტც დელტაში, რაც წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ო-ი არის ასაკით პენსიონერი და იგი იღებდა სახელმწიფოსგან შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს. სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების 2019 წლის 30 ოქტომბრის #2019/2 გადაწყვეტილებით დ. ო-ს შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონულმა განყოფილებამ შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ დ. ო-ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად: საჯარო საქმიანობა არის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის საქმიანობისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ახორციელებს თუ არა დ. ო-ი საჯარო საქმიანობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ - სადაც მუშაობს დ. ო-ი - წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე საკითხზე მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივი შეფასება მიეცა განსახილველი დავის მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნეულ იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით და სახელწოდებით უდასტურდება საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას და ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამო თვლის, რომ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების სადავო გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა დ. ო-ის მიმართ 2019 წლის ნოემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების საკასაციო პრეტენზიებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალგორის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე