საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1338(2კ-19) 3 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
17.01.2018წ. გ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.11.2017წ. NMOD71701107286 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, რომლითაც გ. გ-ეს უარი ეთქვა პირადი საქმის მოძიებაზე, მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სათანადო წარდგინების გაცემაზე; 2) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 20.12.2017წ. NMOD11701220112 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა; 3) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გ. გ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ; 4) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემის დავალება, გ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის გაანგარიშების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.2018წ. განჩინებით გ. გ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 26.03.2018წ. საოქმო განჩინებით, ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.06.2019წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №MOD71701107286 და 2017 წლის 20 დეკემბრის №MOD11701220112 წერილობითი მიმართვები მოსარჩელე გ. გ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სათანადო წარდგინების გამოცემაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის 26-ე მუხლზე, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 15.1 მუხლზე და განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურეები აღჭურვილნი არიან დამატებითი სოციალური გარანტიებით, მათ ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობასთან. ამასთან, სახელმწიფო კომპენსაციის მინიჭებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოში აუცილებლად უნდა იქნეს წარდგენილი წელთა ნამსახურობის ნუსხა, რომელსაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ამზადებს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. ამასთან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.
საქმეზე წარმოდგენილი სამსახურში დანიშვნის ბრძანებებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1992 წლიდან გ. გ-ე მსახურობდა სამხედრო სამსახურში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 28.03.2005წ. N1464 პ/შ ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურე გ. გ-ე 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 09.02.2018წ. NMIA41803323895 ბრძანებით ცვლილება შევიდა შს მინისტრის 28.03.2005წ. N1464პ/შ ბრძანებაში და დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები, სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ იქნენ 2005 წლის პირველი იანვრიდან, წარდგენილი თანდართული სიის შესაბამისად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სამხედრო სამსახურში გ. გ-ე მსახურობდა 1992 წლიდან 2004 წლის ჩათლით. აღნიშნულის შემდეგ, იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან შემდეგი მიზეზის მითითებით: სხვა დაწესებულებაში გადასვლა - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა“.
სააპელაციო სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია, რომ „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 27.12.2004წ. N616 ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მოცემული ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა წინამდებარე ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელების უზრუნველყოფა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა 2005 წლის პირველ თებერვლამდე გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკომპლექტება. საქმეს არ ერთვის და სასამართლომ ვერ მოიპოვა მტკიცებულებები 2005 წლის განმავლობაში გ. გ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის შესახებ, თუმცა მოსარჩელის განმარტებით, იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2005 წლის მაისამდე მსახურობდა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის პირადი საქმე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი კორესპონდენცია: საქართველოს შეიარაღებული ძალების ... პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსის 18.02.2005წ. აქტი, რომლის თანახმად, შინაგანი ჯარების პირადი საქმეების არქივიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი საქმეების საცავს ქვემდებარეობით გადაეცა ყოფილი შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები (მათ შორის, დასახელებულია ვიცე-პოლკოვნიკი გ. ლ. გ-ე); შსს 12.06.2017წ. NMIA51701393402 წერილი, რომლითაც გ. გ-ეს განემარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.2004წ. N566 და 27.12.2004წ. N616 ბრძანებულებების საფუძველზე, შემდგომი სამსახურის გაგრძელების მიზნით, გ. გ-ის საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს შეირაღებული ძალების ... პირად შემადგენლობასთან ერთად მუშაობის დეპარტამენტს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი გადაცემული საქმეების ჩამონათვალში მითითებული მონაცემი - „გ. ლ. გ-ე“ გვარის ნაწილში არ ემთხვევა მოსარჩელის მონაცემებს, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათანადოდ უნდა გამოეკვლია პირთა იდენტურობის საკითხი და დაედგინა - ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა გვარის მითითებისას. მსგავსი შეცდომის არსებობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 12.04.2019წ. N01/115967 წერილის თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გ. (გ.) ლ. გ-ის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთანავე, შსს 11.04.2019წ. NMIA91900928979, NMIA91900924937 და 12.04.2019წ. NMIA91900935872 წერილების შესაბამისად, სამინისტროს საარქივო ფონდში არ იძებნება გ. ლ. გ-ის სამხედრო ნამსახურობის დამადასტურებელი ინფორმაცია და ბრძანებები. შსს ეკონომიკური დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების სპეციალისტის 2019 წლის ცნობის შესაბამისად, განყოფილებაში (არქივში) ყოფილი შინაგანი ჯარების დაცულ დოკუმენტებში გ. ლ. გ-ის ფულადი უზრუნველყოფის (სახელფასო) ბარათები დაცული არ არის. ამდენად, არ დასტურდება პიროვნების არსებობა მონაცემებით - გ. ლ. გ-ე და მით უფრო, არ დასტურდება ასეთი მონაცემების მქონე პიროვნების საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული ფაქტების ერთობლიობა მიუთითებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს და გ. ლ. გ-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს გ. ლ. გ-ე. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოსარჩელის პირადი საქმის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი გადაცემაზე მიუთითებს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ შეასრულეს მოსარჩელის პირადი საქმის შენახვის ვალდებულება. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, პირადი საქმე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს, სადაც მოსარჩელის განმარტებით, იგი დასაქმებული იყო 2005 წლის მაისამდე. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა სადავო საკითხის გადასაწყვეტად და გასცეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. მოსარჩელის პირადი საქმის მოძიების ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. გ. გ-ის თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის საკითხის გარკვევა, მისი საერთო ნამსახურობის წლების გაანგარიშება უნდა მოხდეს არსებული წერილობითი მტკიცებულებების, ასევე სხვა მტკიცებულებების სრულყოფილი შესწავლისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოთხოვნა უკავშირდება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის გაანგარიშებას და სათანადო წარდგინების მიღებას, ამ უფლების განხორციელება მოსარჩელეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ამდენად, მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაუშვებელია ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაუკავშირდეს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება უკავშირდება სამსახურიდან დათხოვნას და შესაბამისი ხანგრძლივობით მუშაობის სტაჟის შეძენას, მაგრამ ასეთი უფლების მოპოვების შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მიმართვისათვის პირი არ არის დროში შეზღუდული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ. გ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, გ. გ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის, მისი ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებების არსებობის საკითხის გარკვევა, წელთა ნამსახურობის გაანგარიშება უნდა მოხდეს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. ასეთი ბრძანებების არარსებობისა და მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დღეის მდგომარეობით აპელანტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებისა და გათავისუფლების თაობაზე. პირის სამსახურში ჩარიცხვა და ამორიცხვა ხდება შესაბამისი საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში, საქართელოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკოპლექტება 2005 წლის პირველ თებერვლამდე. ამდენად, აქტის გამოცემა შეზღუდული იყო დროში. გარდა ამისა, მოსარჩელე არ ითხოვს სამსახურში აღდგენას, გათავისუფლების კანონიერების შემოწმებას, რაც სასამართლოს მისცემდა მისი სამსახურში დანიშვნის, ხოლო შემდგომ - გათავისუფლების საკითხის კანონიერების გადამოწმების შესაძლებლობას. მოცემული დავის ფარგლებში უნდა მოხდეს მხოლოდ უკვე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის, უკვე დამდგარი შედეგის - გ. გ-ის ნამსახურობის წლების დადგენა და გაანგარიშება. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობა - საქმეში დაცული მტკიცებულებები შესაძლებელს არ ხდის სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას გ. გ-ის წელთა ნამსახურობის საკითხის გამოკვლევის თვალსაზრისით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები სათანადო წარდგინების მიღების ნაწილში და თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა 1000 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურების ხარჯების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება საადვოკატო მომსახურებისთვის 200 ლარის გადახდის ფაქტი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ორასი ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გ. გ-ემ.
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.06.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტრომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ მოახდინა "გ. ლ. გ-იძისა" და "გ. ლ. ძე გ-ის" პიროვნებების შესწავლა. თავდაცვის სამინისტრომ მოიძია ინფორმაცია და პირადი საქმე როგორც გ. ლ. გ-ის, ისე გ. ლ. გ-ის მიმართ, თუმცა, როგორც ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 12.10.2017წ. N980148 წერილით დგინდება, ინფორმაცია და პირადი საქმე ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნა მოძიებული. კასატორი აღნიშნავს, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. დადგენილია, რომ შსს შინაგანი ჯარების რიგებიდან გ. გ-ის ამორიცხვის შემდგომ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი ჩარიცხვა არ მომხდარა. შესაბამისად, გ. გ-ეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი არ მინიჭებია. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არ იძებნება გ. გ-ის პირადი საქმე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი ჩარიცხვის შემთხვევაში იარსებებდა ინფორმაცია მისი ჩარიცხვის შესახებ და შესაბამისად, მისი ამორიცხვის შესახებაც, რაც საშუალებას მისცემდა თავდაცვის სამინისტროს, გაეცა გ. გ-ის ნამსახურობის ნუსხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ თავის დროზე გ. გ-ეს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა, შესაბამისად, კონკრეტული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადი საქმის მოუძიებლობას.
კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 129.1, 128.3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გ. გ-ე ჩარიცხული იქნებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მისი პირადი საქმის არარსებობის მიუხედავად, ამ სამართლებრივი აქტების საფუძველზე თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იყო, შეედგინა გ. გ-ის ნამსახურობის ნუსხა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების დროს (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ). 2016-2017 წლებამდე გ. გ-ეს მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის საკითხი სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მისი მოთხოვნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა-ამორიცხვის შესახებ აქტის გამოცემის თაობაზე ხანდაზმულია.
კასატორი - გ. გ-ე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, თითქოს მოსარჩელე სადავოდ ხდის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის წლების გაანგარიშების საკითხს. რეალურად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მატერიალურ საფუძვლად მოსარჩელეს მითითებულ ჰქონდა არა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების გაანგარიშება, არამედ სამხედრო სამსახურებრივი მოვალების შესრულების დროს მიღებული სამხედრო ტრამვის შედეგად, მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. დავის საგანი უკავშირდება დათხოვნის ბრძანების გამოცემას და წარდგინების გაკეთებას, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა დაკავშირებულია მხოლოდ სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობასთან, მაშინ, როდესაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებში, აღნიშნული და სხვა პირობების გარდა, დასახელებულია შესაძლებლობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდვა. ამდენად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომელიც მოსარჩელისათვის არ არის მნიშვნელობის მქონე და თავდაცვის სამინისტროს დაავალა სამხედრო სამსახურში მისი ნამსახურობის წლების გაანგარიშება, დანარჩენ ნაწილში კი, სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, თუმცა გაურკვეველია, რის საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ ასეთი დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ თავისივე მოკვლევით დაადგინა, რომ მოსარჩელის პირადი საქმე ნამდვილად ჩაბარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია გამოსცეს დათხოვნის ბრძანება და გააკეთოს წარდგინება სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სამხედრო ვალდებულების შესრულების დროს მიღებული სამხედრო ტრამვის შედეგად, შესაძლებლობის მნიშვნელოვნად შეზღუდული სტატუსისა და ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე პირთან დაკავშირებით.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს ადვოკატისათვის მოსარჩელეს გადახდილი აქვს მხოლოდ 200 ლარი. საქმეს ერთვის 1000 ლარის ეტაპობრივად გადახდის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერები (სარჩელის დანართი N23, სააპელაციო საჩივრის დანართი N1 და 13.05.2019წ. N3/3735 განცხადების N1, N2 დანართები). კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადვოკატის მომსახურების ხარჯებს ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე ანაზღაურებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია, რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და სხვათა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის მიზნით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებიდან ამ საკითხის გამოყოფას და განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის - შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის 18.11.1992წ. N306 ბრძანებით, საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის ...ის რეორგანიზაციასთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით, გ. ლ. გ-ე დაინიშნა ... ბრიგადის პირველი ბატალიონის ...ად. ამავე სამინისტროს 15.04.1993წ. N392 ბრძანებით გ. გ-ე 1993 წლის 24 მარტიდან დაინიშნა მეორე საარმიო კორპუსის ... ...ად.
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს 10.09.1993წ. N10 ბრძანებით გ. გ-ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებში. ამავე სამმართველოს 24.12.1993წ. N317პ/შ ბრძანებით გ. გ-ე 1993 წლის პირველი დეკემბრიდან დაინიშნა შინაგანი ჯარების სოხუმის ...ედ, ხოლო 11.10.1994წ. N283პ/შ ბრძანებით, საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების სოხუმის ...ა ბატალიონების კადრირებულ შტატებზე გადაყვანასთან დაკავშირებით, კაპიტანი გ. ლ. გ-ე 1994 წლის 14 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს შინაგანი ჯარების კადრების განკარგულებაში.
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 05.02.1996წ. N38პ/შ ბრძანებით გ. გ-ე 1995 წლის 20 დეკემბრიდან დაინიშნა შინაგანი ჯარების ცალკეული ...ი ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 06.11.1996წ. N395პ/შ ბრძანებით - 1996 წლის 22 აგვისტოდან დაინიშნა შინაგანი ჯარების სოხუმის ცალკეული ...ი ბატალიონის (ს/ნ ...) მეთაურის მოადგილედ. ამავე სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 05.12.1997წ. N392 ბრძანებით მაიორ გ. გ-ეს მიენიჭა ომში მონაწილის კატეგორია.
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 12.08.1998წ. N420პ/შ ბრძანებით გ. გ-ე 1998 წლის პირველი ივლისიდან დაინიშნა შინაგანი ჯარების ცალკეული ...ი ბრიგადის (ს/ნ ...) მეთაურის მოადგილედ სპეცდანიშნულების სამსახურის დარგში. 21.05.1999წ. N218პ/შ ბრძანებით - 1999 წლის 22 მარტიდან დაინიშნა N... შტაბის უფროსის მოადგილედ სამსახურის დარგში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 07.11.2000წ. N495პ/შ ბრძანებით გ. გ-ე 2000 წლის 25 აგვისტოდან დაინიშნა მესამე ოპერატიული ბრიგადის (ს/ნ ...) შტაბის უფროსის თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 01.10.2001წ. N428პ/შ ბრძანებით გ. ლ. გ-ეს მიენიჭა შინაგანი ჯარების ვიცე პოლკოვნიკის წოდება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 01.06.2004წ. N234პ/შ ბრძანებით გ. გ-ე დაინიშნა შინაგანი ჯარების მეორე სამმართველოს მართვის ჯგუფის ... ოფიცრის თანამდებობაზე და მიენიჭა „ვიცე-პოლკოვნიკის“ სამხედრო წოდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 28.03.2005წ. №1464პ/შ ბრძანებით, „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 27.12.2004წ. N616 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე, შსს-ში განხორციელებული შინაგანი ჯარების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურე გ. გ-ე 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილება შევიდა შსს 09.02.2018წ. №MIA41803323895 ბრძანებით და დადგინდა, რომ სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები, წარდგენილი თანდართული სიის შესაბამისად, 2005 წლის პირველი იანვრიდან დათხოვნილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ... პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსის 18.02.2005წ. აქტის თანახმად, შინაგანი ჯარების პირადი საქმეების არქივიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი საქმეების საცავს ქვემდებარეობით გადაეცა ყოფილი შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები. მათ შორის დასახელებულია ვიცე-პოლკოვნიკი გ. ლ. გ-ე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 07.12.2016წ. N22/318812 წერილის შესაბამისად, გამგეობის სამხედრო განყოფილებაში პირველად და რეზერვის საერთო აღრიცხვაზე გ. გ-ე არასდროს ყოფილა. მისი სამხედრო პირადი საქმე განყოფილებაში არ მოიპოვება.
01.06.2017წ. გ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. განმცხადებელმა მოითხოვა სოციალური პაკეტის სახით დანიშნული სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, როგორც მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის. აღნიშნული განცხადების პასუხად, გ. გ-ეს 01.06.2017წ. N04-00-დ/26490 წერილით ეცნობა, რომ მის განცხადებას სააგენტო ვერ განიხილავდა, ვინაიდან წარდგენილი არ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესებით“ გათვალისწინებული, შესაბამისი უწყების მიერ გაცემული წარდგინება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 12.06.2017წ. №MIA51701393402 წერილით გ. გ-ეს განემარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.2004წ. N566 და 27.12.2004წ. N616 ბრძანებულებების საფუძველზე, შემდგომი სამსახურის გაგრძელების მიზნით, გ. გ-ის საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს შეირაღებული ძალების ... პირად შემადგენლობასთან ერთად მუშაობის დეპარტამენტს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 17.10.2017წ. წერილით გ. გ-ეს ეცნობა, რომ გ. გ-ის პირადი საქმის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამინისტროში ვერ იქნა მოპოვებული. მხარეს ასევე ეცნობა, რომ პირადი საქმის მოძიების მიზნით, მიზანშეწონილია, მან მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... შემადგენლობის დეპარტამენტის 27.10.2017წ. №MOD61701037373 წერილით გ. გ-ეს განემარტა, რომ დეპარტამენტში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, გ. გ-ის შესახებ დოკუმენტი ვერ მოიძებნა. ამდენად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ აქტები ვერ გამოიცემოდა.
06.11.2017წ. გ. გ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარუდგინა საქართველოს შეიარაღებული ძალების ... პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსის მიერ დამტკიცებული აქტი პირადი საქმეების გადაცემის თაობაზე და მიუთითა, რომ აქტში მისი გვარი შეცდომით იყო დაფიქსირებული. განმცხადებელმა მოითხოვა მისი პირადი საქმის მოძიება, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ჩარიცხვა-ამორიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სათანადო წარდგინების გადაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
06.11.2017წ. განცხადების პასუხად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ნოემბრის №MOD71701107286 წერილით გ. გ-ეს ეცნობა, რომ 2005 წლის 18 თებერვლის N1370 მიღება-ჩაბარების აქტი ითვალისწინებს შინაგანი ჯარების პირადი საქმეების არქივიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი საქმეების საცავისთვის სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის გადაცემას, რომელთა შორის გ. ლ. გ-ე არ ფიგურირებს, არამედ 187-ე ნომრად მითითებულია ლეიტენანტი მ. ჯ. გ-ე, ხოლო 188-ე ნომრად - ვიცე პოლკოვნილი გ. ლ. გ-ე. ამავე წერილით გ. გ-ეს გვართან მიმართებით შესაძლო ტექნიკური ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით განემარტა, რომ ვინაიდან პირადი საქმეები არ ინახება სამინისტროში, იგი მოკლებულია იგივეობის საკითხის შესწავლის შესაძლებლობას. აღნიშნული წერილობითი მიმართვა გ. გ-ემ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 20.12.2017წ.№MOD71701220112 წერილით გ. გ-ეს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა განხილული და მას შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.04.2019წ. N01/112987 წერილის თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება გ. ლ. გ-ის საიდენტიფიკაციო მონაცემები (დაბადებული ... წლის ... ...ს), ხოლო ამავე სააგენტოს 12.04.2019წ. N01/115967 წერილის თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გ. (გ.) ლ. გ-ის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთან, ელექტრონული ბაზა არ არის სრულყოფილი, შეიქმნა 2008 წელს და ამ დრომდე არსებული აქტის ჩანაწერების დიგიტალიზაცია მიმდინარეობს ეტაპობრივად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 11.04.2019წ. №MIA91900928979, №MIA91900924937 წერილებით, ასევე 12.04.2019წ. №MIA91900935872 წერილით დგინდება, რომ გ. ლ. გ-ის სამხედრო ნამსახურობის დამადასტურებელი ინფორმაცია და ბრძანებები სამინისტროს საარქივო ფონდში არ იძებნება. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების სპეციალისტის 2019 წლის ცნობის შესაბამისად, განყოფილებაში (არქივში) ყოფილი შინაგანი ჯარების დაცულ დოკუმენტებში გ. ლ. გ-ის ფულადი უზრუნველყოფის (სახელფასო) ბარათები დაცული არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანი უკავშირდება სამხედრო სამსახურში მოსარჩელის საქმიანობის ფაქტის დადასტურებას, რამაც უნდა უზრუნველყოს სამომავლოდ მისთვის, როგორც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით განსაკუთრებული სუბიექტისათვის, დასაქმების ორგანოდან წარდგინების გადაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. მოპასუხე შეუძლებლად მიიჩნევს შესაბამისი წარდგენის გადაგზავნის შესაძლებლობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული არ არის მოსარჩელის პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე (კანონის 32-ე მუხლის მეორე და მე-3 პუნქტები). ამასთან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. გ-ე 1992 წლიდან 2004 წლის ჩათვლით მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ სამხედრო სამსახურში, ხოლო შსს 28.03.2005წ. №1464პ/შ ბრძანებით იგი 2004 წლის 27 დეკემბრიდან ამოირიცხა შსს შინაგანი ჯარების რიგებიდან. ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 27.12.2004წ. წლის №616 ბრძანებულებით განხორციელებული შსს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და ამ ბრძანებულების დანართში მითითებული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის, რომელსაც დაევალა გადაცემული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელების უზრუნველყოფა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, იგი თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული იყო 2005 წლის მაისამდე, თუმცა თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ მასთან დაცული არ არის გ. ლ. გ-ის პირადი საქმე, შესაბამისად, არ არსებობს ბრძანება, რომელიც სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე მოსარჩელის დანიშვნას დაადასტურებს. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ გამოირიცხება მოსარჩელის პირადი საქმის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა. მართალია, შსს შეიარაღებული ძალებიდან 18.02.2005წ. აქტით თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემული პირადი საქმეების ჩამონათვალში მითითებული პირის - გ. ლ. გ-ის მონაცემები გვარის ნაწილში არ შეესაბამება მოსარჩელის - გ. ლ. გ-ის მონაცემებს, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გამოუკვლევია მითითებული მონაცემების იდენტურობის საკითხი მოსარჩელის მონაცემებთან და არ უმსჯელია გვარის ნაწილში შესაძლო შეცდომის არსებობის თაობაზე. შესაბამისი გარემოების გამოკვლევის აუცილებლობას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 12.04.2019წ. N01/115967 წერილის შინაარსი, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გ. (გ.) ლ. გ-ის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთან, შსს 11.04.2019წ. №MIA91900928979, №MIA91900924937 წერილები, ასევე 12.04.2019წ. №MIA91900935872 წერილის შინაარსი ადასტურებს გ. ლ. გ-ის სამხედრო ნამსახურობის დამადასტურებელი ინფორმაციისა და ბრძანებების მოუძიებლობას სამინისტროს საარქივო ფონდში. გარდა ამისა, შსს ეკონომიკური დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების სპეციალისტის 2019 წლის ცნობის შესაბამისად, განყოფილებაში (არქივში) ყოფილი შინაგანი ჯარების დაცულ დოკუმენტებში გ. ლ. გ-ის ფულადი უზრუნველყოფის (სახელფასო) ბარათები დაცული არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირადი საქმის სათანადოდ შენახვის უზრუნველყოფა დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენს. უდავოა, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტროს ასეთი ვალდებულება წარმოეშვა საქართველოს პრეზიდენტის 27.12.2004წ. წლის №616 ბრძანებულების საფუძველზე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს გ. გ-ის პირადი საქმის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას 27.12.2004წ. N616 ბრძანებულებიდან გამომდინარე, მისი შემდგომი სამსახურის გაგრძელების მიზნით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების სრულყოფილი შესწავლისა და ურთიერთშედარების გარეშე, დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მასთან დაუცველობაზე მითითება, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული არ არის გამოწვეული მოსარჩელის ბრალით. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის დადასტურება, მოსარჩელის სამომავლო სოციალური უფლების რეალიზებას უკავშირდება. ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვისაგან თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი შეფასებით უნდა გადაწყვიტოს სადავო საკითხი. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ გ. გ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სათანადო წარდგინების გაცემის ნაწილში გამოყენებულ უნდა იქნეს ასკ-ის 32.4 მუხლი, რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებები შესაძლებელს არ ხდის ამ ნაწილში სასამართლოს მიერ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს თავდაცვის სამინისტროსთვის გ. გ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ აქტების გამოცემის დავალების თაობაზე - საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის ნაწილის ასკ-ის 32.4-ის საფუძველზე გადაწყვეტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსარჩელის დასაქმების ნამდვილობის დადასტურების მიზანს ემსახურება, ამ ეტაპზე შეუძლებელია მსჯელობა გ. გ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებისა და გათავისუფლების შესახებ აქტების გამოცემაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია უკვე დამდგარი შედეგის - დადგენა და დადასტურება, რამდენადაც უდავოა, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში შესაბამისი აქტის გამოცემა შეზღუდული იყო დროში (საქართელოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებული ჰქონდა გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკოპლექტება 2005 წლის პირველ თებერვლამდე).
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის - გ. გ-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხი არ უნდა დაეკავშირებინა სამხედრო სამსახურის გავლის ხანგრძლივობასთან და სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლების გაანგარიშებასთან, ვინაიდან მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის რეალური საფუძველია მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს პირობათა ერთობლიობა წარმოშობს: სახეზე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული სუბიექტი (მაგ. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირი) და ამ სუბიექტთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული გარემოება, მათ შორის - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 5.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამასთან, კანონის 16.1 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი N2) 15.1 მუხლის თანახმად, კომპენსაციას და სტიპენდიას, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. ამასთან, 15.2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო და სხვა სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირებისათვის დადგენილია კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განცხადებასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, მათ შორის - წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლების დაანგარიშება წარმოადგენს იმ აუცილებელი პროცედურის ნაწილს, რომლის შედეგადაც შესაბამისი სამსახური „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სუბიექტებთან (მათ შორის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილ პირებთან) მიმართებაში ამზადებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტაციას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განსხილველი დავის ფარგლებში, გარემოებათა სათანადო გამოკვლევის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაადასტურებს მოსარჩელის, როგორც სამხედრო პირის მასთან საქმიანობას და მოამზადებს შესაბამის წარდგინებას კომპეტენტური ორგანოსათვის, სხვა საჭირო დოკუმენტაციით (მათ შორის - ნამსახურობის ნუსხით). ამდენად, ნამსახურობის ნუსხის შედგენა არათუ გამორიცხავს კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს, არამედ ხელს უწყობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლის რეალურობას, რომელზე მითითებითაც მოსარჩელეს სამომავლოდ შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის დანიშვნა. მნიშვნელოვანია, რომ განსახილველი დავის ფარგლები მოიცავს სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის უფლების წინაპირობების არსებობის დადგენას და არა კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლების შეფასებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, სწორად მიუთითა მოსარჩელესთან მიმართებაში ნამსახურობის ნუსხის შედგენის აუცილებლობაზე, ხოლო მეორე მხრივ, არ იმსჯელა მოსარჩელის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის არსებობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც განსახილველ საქმეზე მოპასუხეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლობის თაობაზე: საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლიდან გამომდინარე, პირს, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა დავა, უნდა აუნაზღაურდეს სასამართლო წარმოების ფარგლებში წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობა. ამასთან, არაქონებრივი დავის შემთხვევაში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების მიზნებისათვის, ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია სასამართლოში წარდგენილი, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ „..მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას..“ (სუს 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17), 07.02.2019წ. Nბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილებები და სხვ.). ამასთანავე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი, წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს გონივრულად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის, საქმის სირთულის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარის დაცვით. მხედველობაშია მისაღები არამხოლოდ ადვოკატისათვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის ოდენობა, არამედ გადახდილი თანხის ადეკვატურობის შეფასება გაწეულ მომსახურებასთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, ასევე განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სსკ-ის 53.1 მუხლით განსაზღვრულ პრინციპთან შესაბამისობაშია ის გარემოება, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტოსათვის დაკისრებული ხარჯის ოდენობა წარმოადგენს წარმომადგენლობის გაწევისათვის რეალურად ანაზღაურებული თანხის მხოლოდ ნაწილს. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების უსწორობასთან დაკავშირებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გაურკვეველია კასატორის - გ. გ-ის მითითება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის თაობაზე. ქვედა ინსტანციის სასამართლო ვერ შეაფასებდა იმ მოთხოვნის განსჯადი სასამართლოსთვის გადაგზავნის საკითხს, რომელიც განსახილველი დავის საგნის შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძვლებს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.2019წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე