ბს-1425 (კ-18) 07 დეკემბერი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-მა 23.04.2015წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ვ. უ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 25.08.1998წ. №579 აქტის, ვ. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.2007წ. გადაწყვეტილების და 17.01.2011წ. №- გადაწყვეტილების, აგრეთვე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ა. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 25.01.2011წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.07.2015წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმული ვ. უ-ი და ა. უ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 23.09.2015წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.11.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე დასკვნა. სასამართლოს მითითებით ვ. უ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის უკანონობა, აგრეთვე ვ. უ-ის და ა. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებების უსწორობა არ დასტურდებოდა. ვ. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მასში მითითებული მონაცემების შესაბამისად. კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ვ. უ-ის საკუთრების უფლების დაზუსტებული ფორმით რეგისტრაციის თაობაზე, აგრეთვე ჩუქების ხელშერულების საფუძველზე საკუთრების უფლების ა. უ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღნიშნული რეგისტრაციების თაობაზე განცხადებების უარყოფის საფუძველი. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ა. უ-ისა და ი. გ-ის საკუთრების უფლების ქრონოლოგიაზე და აღნიშნა, რომ ქრონოლოგიურად უფრო ადრე რეგისტრირებული იყო ა. უ-ის საკუთრების უფლება, რაც ადასტურებდა ი. გ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობას. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ი. გ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტის ხარვეზზე, კერძოდ, სასამართლოს მითითებით მიღება-ჩაბარების აქტში ი. გ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების ფართობის გრაფაში შეტანილი იყო შესწორებები, რომლებიც არ იყო დამოწმებული შესაბამისი ბეჭედით და ხელმოწერით, რაც ადასტურებდა ი. გ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობას. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ი. გ-ის მოსაზრება ვ. უ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტზე ვ. უ-ის ხელმოწერის არარსებობის გამო აღნიშნული აქტის უკანონობის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ვ. უ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს, გაცემის თარიღს, მიწის ნაკვეთის მისამართს, ფართობს, უფლებამოსილი პირების - მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ ორი კომისიის წევრის ხელმოწერას და ბეჭედს. სასამართლოს მითითებით მიღება-ჩაბარების აქტზე ვ. უ-ის ხელმოწერის არარსებობა არ ქმნის მითითებული აქტის და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალაში ყოფნის პირობებში არ არსებობდა ა. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ი. გ-ის სარჩელი.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობას, თუმცა სასამართლოებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და იმსჯელეს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე. შესაძლებელია ვ. უ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი იყოს კანონიერი, თუმცა უკანონო იყოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. სასამართლომ იმსჯელა მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებაზე, თუმცა შეფასება არ მისცა ვ. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაწყვეტილების კანონიერებას. სასამართლომ გაყალბებულად მიიჩნია ი. გ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი და მხედველობის მიღმა დარჩა, რომ აღნიშნული აქტის საფუძველზე ი. გ-ს რეგისტრირებული აქვს საკუთრების უფლება. არასწორია სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვ. უ-ს ქრონოლოგიურად ი. გ-ზე ადრე დაურეგისტრირდა საკუთრების უფლება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ვ. უ-მა დაირეგისტრირა არა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტშია მითითებული, არამედ სხვა - ი. გ-ისათვის გადაცემული და ამ უკანასკნელის სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა ზერელედ, საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე. საქმის განმხილველმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ი. გ-ის შუამდგომლობები, აგრეთვე მოსამართლის აცილების თაობაზე განცხადება. არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ 2007 წლის შემდგომი პერიოდში განხორციელებულ მოქმედებებზე მსჯელობა, დავის სწორად გადაწყვეტისათვის 2007 წლამდე პერიოდის მოქმედებები უფრო მნიშვნელოვანია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ სასამართლომ თვითნებურად შეამცირა ი. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა და იმსჯელა მხოლოდ ვ. უ-ის მიღება-ჩაბარების აქტისა და რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. კასატორის მითითება მასზედ, რომ მისი მოთხოვნა იყო ზოგადად უფლების დამდგენი დოკუმენტების და სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობით სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს. სასარჩელო განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას უშუალოდ გასაჩივრებულ აქტებზე. ი. გ-ის სასარჩელო განცხადების თანახმად დავის საგანს შეადგენდა ვ. უ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 25.08.1998წ. №579 აქტის, ვ. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.2007წ. გადაწყვეტილების და 17.01.2011წ. №- გადაწყვეტილების, აგრეთვე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ა. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 25.01.2011წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტ. 1. ს.ფ.41-49). სასამართლო გადაწყვეტილებები შეიცავს მსჯელობას ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე, რაც სასარჩელო განცხადების თანახმად დავის საგანს შეადგენდა. ამასთანავე, სასამართლომ იმსჯელა ვ. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრაციის საფუძვლის კანონიერებაზე. ა. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცისას უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო მასსა და ვ. უ-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშკრულება, რომლის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნას არ შეიცავს სასარჩელო განცხადება. სასამართლო შეზღუდულია მხარის მოთხოვნის ფარგლებით, იგი არ არის უფლებამოსილი გასცდეს დავის საგანს და მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხ.). ამასთანავე, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების - ჩუქების ხელშეკრულების მართლზომიერების შეფასება ხდება არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, არ დასტურდება სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის თვითნებურად შემცირება. ამასთანავე, ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა ზემოაღნიშნულ პრეტენზიას მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით. სსსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო მსჯელობს სააპელაციო განაცხადის ფარგლებში, ხოლო საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ-ს 407-ე მუხ.).
საქმის მასალებით დგინდება ვ. უ-ის სახელზე მიღება-ჩაბარების №579 აქტის 25.08.1998წ. გაცემა მცხეთაში სოფ. ...ში მდებარე 0.15 ჰა მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული აქტის საფუძველზე ვ. უ-ის სახელზე განხორციელდა საკუთრების უფლების 30.09.1999წ. რეგისტრაცია მცხეთაში სოფ. ...ში მდებარე 0.15 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა 15.07.2007წ.. რეგისტრაციაში ცვლილება განხორციელდა 17.01.2011წ. გადაწყვეტილებით, ხოლო ვ. უ-სა და ა. უ-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 25.01.2011წ. სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ა. უ-ის სახელზე საკუთრების უფლებით. მოსარჩელე თვლის, რომ უკანონოა მიღება-ჩაბარების აქტი მასზე ვ. უ-ის ხელმოწერის არარსებობის გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. N327 ბრძანებულება ადგენდა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. უ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა მიწის ნაკვეთის პარამეტრების და მოსაზღვრე მხარეების შესახებ ინფორმაცია, გადაცემული ფართის ოდენობა, მასზე ფიქსირდებოდა კომისიის წევრების ხელმოწერები და დასმული იყო შესაბამისი ბეჭედი. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აღნიშნული დოკუმენტი მიჩნეული იქნა საკმარისად და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე მხოლოდ ვ. უ-ის ხელმოწერის არარსებობა არ ქმნის აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანების და ამჟამად მოქმედი „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 17.06.2016წ. კანონით დადგენილია ხარვეზიანი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა, აღნიშნული კანონით და ბრძანებებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საკმარისია მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავდეს მესაკუთრის და მიწის ნაკვეთის ფართობზე მითითებას, აგრეთვე მიწის რეფორმის კომისიის, მუნიციპალიტეტის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედს. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ვ. უ-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე მიწის ნაკვეთის მიმღების ხელმოწერის არ ქონა არ ქმნის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
კასატორის მოსაზრება, რომ მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერება არ ადასტურებს რეგისტრაციის მართლზომიერებას, რადგან ვ. უ-ს ნაკვეთი კონკრეტულ ტერტიორიაზე არ გადასცემია, არ არის დასაბუთებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. უ-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოსაზღვრე ნაკვეთების მონაცემები ემთხვევა ვ. უ-ის სახელზე რეგისტრირებული სადავო ნაკვეთის მოსაზღვრეებს. ამდენად, რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემები თანხვედრაშია უფლებამდამდგენ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ვ. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, კასატორი ვერ უთითებს სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, მისი ზეპირი განმარტება ვ. უ-ის სახელზე ი. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე დაუსაბუთებელია, არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას. კასატორის მითითება მოწმეთა წერილობით ახსნა-განმარტებებზე, რომელთა მიხედვით სადავო ნაკვეთის მფლობელად ი. გ-ა დასახელებული, არ ადასტურებს ნაკვეთზე ი. გ-ის საკუთრებას. ნივთის მფლობელი მესაკუთრედ პრეზუმირდება მხოლოდ მოძრავი და არა უძრავი ნივთის შემთხვევაში. უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობა მარეგისტრირებელი ორგანოს ჩანაწერით ან სხვა უფლებადამდგენი დოკუმენტაციით განისაზღვრება. განსახილველ შემთხვევაში ი. გ-ი თავის უფლებადამდგენ დოკუმენტად უთითებს მის სახელზე გაცემულ 01.10.1995წ. N50 მიღება-ჩაბარების აქტზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმეში დაცული მიღება-ჩაბარების აქტის დედნის მიხედვით, ი. გ-ს გამოეყო ორი მიწის ნაკვეთი: 0,21 ჰა საცხოვრებელ სახლთან და 0,79 ჰა მცხეთაგაზის გარაჟის მიმდებარედ, ჯამში 1 ჰა.. 0,15 ჰა ნაკვეთზე მითითება ჩნდება მოგვიანებით ისე, რომ გაურკვეველია როგორც ჩასწორების საფუძველი, ისე მისი განმახორციელებელი პირი და სანდოობა, რადგან ჩასწორება არ არის დამოწმებული სათანადო წესით. ამასთანავე, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ გაყალბებულად მიიჩნია ი. გ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი. სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბეზე მითითებას, თუმცა საქმეში ჩაუსწორებელი მიღება-ჩაბარების აქტის დედნის გარდა დაცულია აგრეთვე მცხეთის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის 01.10.1995წ. N50 მიღება-ჩაბარების აქტი ჩასწორებული სახით, რომელშიც ჩამატებულია მესამე ნაკვეთი 0,15 ჰა მარანთან მდებარე მიწის ფართი. 01.10.1995წ. N50 მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილი შესწორება არ არის დამოწმებული უფლებამოსილი პირების ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის თაობაზე არ ემყარება მხოლოდ ი. გ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მონაცემების გადასწორების საკითხს.
ი. გ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ი. გ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ზედდება ფიქსირდებოდა ვ. უ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. მართებულია სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის უარყოფის ერთ-ერთ საფუძვლად ვ. უ-ის მიერ ქრონოლოგიურად უფრო ადრე საკუთრების უფლების დაზუსტებული სახით რეგისტრაციის თაობაზე მითითება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ საკითხზე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციისას უპირატესობა ენიჭება იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვიდრე წინმსწრები (იხ. სუსგ 24.04.2014წ. №ბს-359-349(4კ-13), 19.02.2019წ. №ბს-1414(3კ-18) და სხვ.).
მართებულია სააპელაციო პალატის მითითება ა. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა (26.3 მუხ. „ა" ქვ.პ.). მოცემულ შემთხვევაში ა. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ჩუქების ხელშეკრულება. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა მხარეებს შორის, რაც გამორიცხავს ა. უ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ.სუსგ 11.07.2019წ. ბს-557 (კ-19),15.07.2020წ. ბს-791-791 (კ-18) და სხვ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კასატორი სათანადო წესით ვერ ასაბუთებს სადავო მიწის ნაკვეთზე თავის საკუთრების უფლებას, ი. თ-ის უფლებადამდგენი დოკუმენტაციის უსწორობას ან არასაკმარისობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. განჩინება;
3. შ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.09.2018წ. N№1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე