Facebook Twitter

საქმე №ბს-649(კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ს-ამ 2019 წლის 15 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების“ 2019 წლის 14 აგვისტოს №04-09-09/1340 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №04/54380 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით ჯ. ს-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ჯ. ს-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 14 აგვისტოს №04-09-09/1340 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №04/54380 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხეს, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას“ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების გათვალისწინებით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა მათზე და ამასთან, დამატებით აღნიშნა შემდეგი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, 2020 წლის 28 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ №MIA 92000227281 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას 2020 წლის 16 იანვრის წერილის პასუხად გადაეგზავნა ჯ. ჯუ. ს-ას ავადმყოფობის გამო სახელმწიფო კომპესაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის ანგარიში, მაშინ, როდესაც წინარე პერიოდში, სახელდობრ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 30 ივლისით დათარიღებული №MIA 1 19 02005199 მიმართვის თანახმად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას განსახილველად შემდგომში სახელმწიფო კომპესაციის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გაეგზავნა ყოფილი სამხედრო ნაწილ ...-ის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურის ჯ. ჯუ. ს-ას საპენსიო გაანგარიშება და ბრძანების დამოწმებული ასლები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 28 იანვარს მიეწოდა ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე მიმართვა, რაც წარმოადგენს დამატებითი შეფასების საგანს და უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 14 აგვისტოს №04-09-09/1340 და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №04/54380 გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება. სადავო აქტების ბათილად ცნობას მოსარჩელე ჯ. ს-ა ითხოვს იმ საფუძვლით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარი უკანონოდ ეთქვა იმ მოტივით, რომ ის (ჯ. ს-ა) არ წარმოადგენდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით მოსარგებლე კატეგორიას და მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიზეზობრივი კავშირისა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი, სააგენტოს არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლო უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

საპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 19 ივლისის №04-09-09/1220 გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ იყო წარმოდგენილი წარდგინება და სრულყოფილი დოკუმენტაცია, დაინტერესებულ მხარეს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს მ/წლის 31 ივლისისა. 2019 წლის 29 ივლისს ჯ. ს-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას და ითხოვა ვადის გაგრძელება 2019 წლის 5 აგვისტომდე. შესაბამისად, ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 30 ივლისის №04-09-09/1226 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 30 ივლისის №MIA 1 19 02005199 წერილით ჯ. ს-ას საქმეზე გადმოიგზავნა ბრძანების დამოწმებული ასლი და საპენსიო გადაანგარიშება. ამავე წერილში მითითებული იყო, რომ დოკუმენტაცია იგზავნებოდა კომპენსაციის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშრებით. 2019 წლის 14 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ მიიღო №04-09-09/1340 გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ს-ას განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჯ. ს-ას მიერ გასაჩივრებულ იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 ოქტომბრის №04/54380 გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას, უსაფუძვლობის მოტივით, უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსატნციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ჯ. ს-ას სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებაში გადაწყვეტილების გამოტანამდე არ ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები თავისი განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი აპელანტის მიერ არც სააპელაციო საჩივარში იქნა უარყოფილი და წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც იქნა დადასტურებული, ხოლო რაც შეეხება ახსნას იმისას, თუ რატომ არ მიეცა ჯ. ს-ას კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, აღნიშნულის ახსნა ძალზე ბუნდოვანია იმაზე აპელირებით, რომ თითქოსდა „არ არსებობდა რაიმე სახის გადაუდებელი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებას შეეძლო არსებითი ზიანი მიეყენებინა საჯარო ინტერესისათვის“.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის იპერატიული დანათქმის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო მოხმობილი ნორმის (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილი) უფლებაშემზღუდველი დათქმის გამოყენებას ჰპოვებს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა გადაუდებელი შემთხვევა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში კი ძალზე ნათელია, რომ განსახილველი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ზემოხსენებული ნორმის განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ არ მეტყველებს, რადგან მართალაც ერთმნიშვნელოვნად ცალსახაა, რომ არავითარ გადაუდებელ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ბუნებრივია, ჯ. ს-ას ადმინისტრაციულ წარმოებაში სრულყოფილი ჩართულობით და კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის მიცემით საჯარო ინტერესს არანაირი არსებითი სახის ზიანი არ მიადგებოდა.

სააპელაციო პალტამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, კი მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოხმობილი ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჯ. ს-ას არ მიეცა შესაძლებლობა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წარედგინა საკუთარი მოსაზრებები განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ. ამასთან, მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ 2019 წლის 14 აგვისტოს ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ ჰქონია მიღებული შესაბამისი წარდგინება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე ჯ. ს-ას შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის დადგენის გამო, რაზეც დამატებით მეტყველებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებისადმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 28 იანვარს მიწოდებული ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე მიმართვა, რაც წარმოადგენს დამატებითი შეფასების საგანს და ადასტურებს იმას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების გზით სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, მოიწვიოს მხარეები ადმინისტრაციულ წარმოებაში და მისცეს მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნული დავის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვლელობის მქონე გარემოებების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იძლევა ობიექტური დასკვნის საფუძელს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე და ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

კასატორების მოსაზრებით ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, მართალია გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ არ უმსჯელიათ მის სამართლებრივ ასპექტებზე, საბოლოო ჯამში არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმის განმარტება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 19 ივლისის №04-09-09/1220 გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების თანახმად, ჯ. ს-ა 1996-1997 წლებში, გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, საიდანაც დათხოვნილ იქნა ავადმყოფობის გამო. ჯ. ს-ა, სამხედრო ნაწილში ჩარიცხული იქნა როგორც ახალწვეული და მას მინიჭებული ჰქონდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურის წოდება „რიგითი“. სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები განსაზღვრულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო აღნიშნული კატეგორიის კომპენსაციის გაანგარიშების პირობები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებზე და სამხედრო სამსახურის ოფიცრებზე (და არა ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე), რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ (ან მის გარეშე) ჩაირიცხნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში და სხვადასხვა პერიოდში მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, სსრ კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა, ხოლო ამ საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს (ე.წ. ფორმულა) ადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ზევადიანი (ნამდვილი) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად განსაზღვრავს, შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამის ხარისხს (მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული). მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი პირდაპირ არ მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილ კატეგორიაზე, მაგრამ ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, პირდაპირ მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიაზე, სადაც მოიაზრებიან ზუსტად ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ ზევადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს და რომლებიც კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით (წელთა ნამსახურობა) ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო, მოიპოვებენ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას.

ამდენად, კასატორების მოსაზრებით, ცალსახაა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, იგულისხმება სწორედ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფის საკითხები მოწესრიგებულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული‚ სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ჯ. ს-ას, დღეის მდგომარეობით, დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან, როგორც წელთა ნამსახურობის საფუძვლით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, გასაცემლის გაანგარიშებისათვის მხედველობაში მიიღებოდა სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ ეძლევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს. შესაბამისად, აქედანაც დასტურდება, რომ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, მე-16 მუხლში და მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში, საუბარია ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებსაც განსხვავებით სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისა, სამხედრო სამსახურის პერიოდში ეძლევათ თანამდებობრივი სარგო, წოდების სარგო, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფისათვის დადგენილი ფულადი კომპენსაცია და სხვა ფულადი დანამატები. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 22 მარტს (ცვლილება №378–IIს) განხორციელდა ცვლილება (ამოქმედდა 2013 წლის 1 აპრილიდან), რომლის შედეგად, შეიცვალა სამხედრო სამსახურიდან და სხვადასხვა ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციების გაანგარიშების წესი და სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისას, აღარ გამოიყენება ზემოაღნიშნული სარგოები.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობაა – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%-ი, ხოლო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ამავე ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%-ი. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში კი, საუბარია საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე (ნამდვილი სამხედრო სამსახურის რიგითები და ოფიცერთა შემადგენლობა) და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებზე.

კასატორები აღნიშნავენ, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, შემთხვევით არ არის მითითებული კომპენსაციაზე უფლების მქონე პირთა კატეგორია - საკონტრაქტო/პროფესიული სამხედრო სამსახურისა და კადრის სამხედრო მოსამსახურეები. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისათვის, კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მითითებას აკეთებენ კანონის მე-8 მუხლზე, რომელიც ვრცელდება, მხოლოდ საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე (ზევადიანი სამხედრო მოსამსახურე) და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებზე. ამასთან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ პირებს, კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით კომპენსაციაზე უფლების მოსაპოვებლად სჭირდებათ 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წლის ნამსახურობა. შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეს, ვერ ექნება 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობა, იმ მარტივი მიზეზით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა (საბჭოთა პერიოდიდან დღემდე) არ აღემატება 2 წელს. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ცალსახაა, რომ ჯ. ს-ა არ წარმოადგენს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით მოსარგებლე კატეგორიას და მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიზეზობრივი კავშირისა, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი, სააგენტოს არ გააჩნდა.

კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს ჯ. ს-ას არ მიეცა შესაძლებლობა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წარედგინა თავისი მოსაზრებები განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზიც სწორედ ის გარემოება იყო, რომ საქმეზე არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები, ასევე სადავო ნორმიდან გამომდინარე, შესაძლო იყო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა სწორედ ჯ. ს-ამ ადმინისტრაციული წარმოების ვადების გახანგრძლივება, რაკი იმედი ჰქონდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღებდა დასაბუთებულ წარდგინებას. მოცემული არგუმენტის დასადასტურებლად სასამართლო იშველიებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლს, თუმცა აღნიშნული ნორმა მოცემულ შემთხვევას სულაც არ ესადაგება. 101-ე მუხლი განმარტავს: „განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ: ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ; ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ განმცხადებელს უკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს“.

კასატორების განმარტებით, ჯ. ს-ას წარდგენილი ჰქონდა მოსაზრება, ყველა წერილობითი მტკიცებულება და არ არსებობდა რაიმე სახის გადაუდებელი შემთხვევაც, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებას შეეძლო არსებითი ზიანი მიეყენებინა საჯარო ინტერესისათვის. ასევე, გაუგებარია სასამართლოს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, თითქოს სააგენტო თავის არგუმენტს ამყარებს ძალადაკარგულ საკანონმდებლო ნორმაზე. კერძოდ: „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლზე. მაშინ როდესაც, ფოთის საქალაქო განყოფილების და სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებებში საუბარია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე.

კასატორების მოსაზრებით, სასამართლო არ მსჯელობს მის მიერ მითითებული ნორმის სამართლებრივ ასპექტებზე და სააგენტოსგან ითხოვს ნორმის სამართლებრივ შეფასებას. აღნიშნული ნორმა შეეხება პირებს, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის სამსახურში და შესაბამისად, მათ გააჩნიათ პოლიციელის და არა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ს-ა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ, თადარიგშიც გავიდა, როგორც თავდაცვის სამინისტროს რიგითი, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა შინაგან ჯარში - სამხედრო ნაწილ №.... აღნიშნული დასტურდება კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშითაც.

კასატორების მოსაზრებით ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ჯ. ს-ას, როგორც მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს (სამხედრო ტარვმა), დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი 140 ლარის ოდენობით, თანახმად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევებზე ვერ გავრცელდება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების არასწორად განმარტების შემთხვევაში კი დაშვებული იქნება პრეცედენტი, რომელიც გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს და მსგავსი ნიშნით სოციალური პაკეტის მოსარგებლეებს მოაქცევს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საკანონმდებლო ჩარჩოში. შესაბამისად, სასამართლომ ზედმიწევნით უნდა იმსჯელოს კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმათა ერთობლიობაზე და არ დაუშვას მათი ზედაპირული შეფასება.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებასა და სოციალური მომსახურების სააგენტოში ზედმიწევნით იქნა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმეში არსებული დოკუმენტაციის, ახსნა–განმარტებების, მოსაზრებების სრული გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.

კასატორების მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების დასაბუთება საფუძველს არის მოკლებული. ფაქტობრივი და დოკუმენტური მტკიცებულებებითაც დგინდება, რომ ჯ. ს-ას გაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 19 ივლისის №04-09-09/1220 გადაწყვეტილება, რომლითაც განემარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ არის წარმოდგენილი წარდგინება და სრულყოფილი არ არის თანდართული დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კომპენსაციის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განესაზღვრა ვადა 2019 წლის 31 ივლისამდე. აღნიშნული ვადა გაგრძელდა ჯ. ს-ას განცხადებითვე. ხოლო საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯ. ს-ამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოადგინა წერილი MIA 1 19 02005199 (30/07/2019 წ) შემდეგი რედაქციით: „განსახილველად, შემდგომში სახელმწიფო კომპენსაციის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, გიგზავნით ყოფილი სამხედრო ნაწილის ...-ის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის საპენსიო გაანგარიშებას და ბრძანების ჯ. ჯუ. ს-ას შესახებ დამოწმებულ ასლებს“. ადმინისტრაციულმა ორგანომაც პარალელურად მიმართა აღნიშნულ უწყებას წარდგინების გადმოგზავნის მიზნით. ორივე შემთხვევაში მიღებულ იქნა ერთი და იგივე შინაარსის დოკუმენტი. „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლი კი განმარტავს, რომ კომპენსაცია ინიშნება განაცხადის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. მოცემულ წერილში შსს ასეთი ტიპის დოკუმენტს არ გასცემს და იქვე მიანიშნებს კომპენსაციის სავარაუდო დანიშვნაზეც. წერილობითი და ფაქტობრივი გარემოებების, ასევე არსებული კანონმდებლობის შეჯერების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, ვინაიდან წინამდებარე საქმეზე კანონი ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან ზედმიწევნით განსაზღვრავს კომპენსაციის დანიშვნის წესსა და პირობებს. შესაბამისად, კასატორების მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე აპელირება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ჯ. ს-ას ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე ჰქონდა საშუალება გაცნობოდა საქმის მასალებს, გამოეთქვა თავისი მოსაზრებები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ, რაც მოცემულ საქმეზე მტკიცებულებებისა თუ მოსაზრებების წარდგენით იყო შესაძლებელი. სასამართლო გაურბის სადავო ნორმის სამართლებრივ შეფასებას, მაშინ როდესაც ეს მისი უშუალო ფუნქციაა. საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნებით ვერ იქნება მიღწეული შედეგი, ვინაიდან სასამართლო არ აცნობს მხარეებს საკანონმდებლო ნორმის მისეულ ხედვას. და თუკი იგი ისევე იქნება წაკითხული და გაგებული, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნება იგივე გადაწყვეტილება, რაც დროისა და რესურსების ფუჭი ხარჯვაა. ასევე საფუძველს არის მოკლებული მტკიცება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საქმის მასალებიდან მტკიცდება საპირისპირო. არსებული წერილობითი მტკიცებულებები შეჯერებულ იქნა მოქმედ კანონმდებლობასთან და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებათა თავში შემავალი მე-18 მუხლით გარანტირებულია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება, რაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებს, რომ ის განიხილოს უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ და გადაწყვეტილება დააფუძნოს გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ იქნება გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს (სზაკ. 53.5 მუხლი).

საგულისხმოა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჯ. ს-ას არ მიეცა შესაძლებლობა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წარედგინა საკუთარი მოსაზრებები განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ. ამასთან, მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ 2019 წლის 14 აგვისტოს ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ ჰქონია მიღებული შესაბამისი წარდგინება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე ჯ. ს-ას შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის დადგენის გამო, რაზეც დამატებით მეტყველებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებისადმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 28 იანვარს მიწოდებული ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე მიმართვა, რაც წარმოადგენს დამატებითი შეფასების საგანს და მისი შეფასება დაუშვებელია განხორციელდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გვერდის ავლით. აღნიშნული კი, ადასტურებს იმას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. ამგვარად, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე