Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-441(2კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-ემ 2018 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №551460 და 11 ივლისის №1654584 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... ...ს (...) ... ...ის ჯგუფის ... ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №551460 და 11 ივლისის №1654584 ბრძანებები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ. ბ-ე აღდგენილ იქნება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის პოლიციის ...ის ......ის №... ...ს ... ...ის ...ის ... ...ის ტოლფას თანამდებობაზე; საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, ასევე, დაევალა გ. ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული სახელფასო თანხის გამოკლებით). აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმის გარემოებათა შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №16 საშტატო საორგანიზაციო ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტს, განხორციელდა რეორგანიზაცია, შედეგად კი, გაუქმდა ის თანამდებობა, რომელსაც იკავებდა მოსარჩელე. შესაბამისად, ვინაიდან გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატი, იგი მართებულად გათავისუფლდა თანამდებობიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, რაც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს სადავო აქტების გამომცემი პირის უფლებამოსილების შემოწმებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს, ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს პოლიციის ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია, რომ მითითებულ საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს გაკეთებული აქვს განმარტებები არაერთ საქმეზე (მათ შორის, იხ. 2020 წლის 8 აპრილის №ბს-12(2კ-20) და 2020 წლის 30 ივლისის №ბს-1436(2კ-18) განჩინებები).

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ბ-ე იყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... ...ს ... ...ის ...ის ... ...ი, თუმცა იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები გამოსცა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სადავო აქტების არარად აღიარების საფუძველსაც კი ქმნის, თუმცა ვინაიდან სარჩელით მხარე ითხოვდა აქტების ბათილად ცნობას, ხოლო საკასაციო საჩივრები მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ არის წარმოდგენილი, სასამართლო ვერ გასცდება მოთხოვნის ფარგლებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება სადავო აქტების არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღება, მათი გამოცემის საფუძვლად მითითებული - რეორგანიზაციის მიმდინარეობის კანონიერების შემოწმების აუცილებლობა აღარ არსებობს, რადგან დასახელებული ფაქტი სასარჩელო მოთხოვნების (სადავო აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება) დაკმაყოფილებისთვის საკმარის წინაპირობას ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე