საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-727(2კ-19) 09 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 15.11.2016წ. გადაწყვეტილების 1.9 პუნქტი დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ის ნაწილში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე და 1.15 პუნქტი ნაწილობრივ, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა" და კანონმდებლის სხვა მოთხოვნათა დაცვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შპს "...ასათვის" დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება. შპს "...ას" სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.11.2015წ. N04-13/5947 გადაწყვეტილების - დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.03.2016წ. N04/23954 გადაწყვეტილების - დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ის, ლ. ბ-ის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაცემის დავალების შესახებ შპს "...ასათვის" დ. ყ-ის, რ. მ-ის, შ. ნ-ისა და ლ. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 15.11.2016წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
საკასაციო სასამართლოს 30.05.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო საკასაციო სასამართლოს 31.05.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 2100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ასევე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივრები დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი მიიჩნევა მხარისათვის გაგზავნილად (სასკ-ის 13.2 მუხ.). განჩინება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსსკ-ის 70.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 31.05.2019წ. განჩინება გაიგზავნა საქმეში მითითებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მისამართზე და 14.06.2019წ. ჩაბარდა უფლებამოსილ პირს. ხარვეზის გამოსწორებისთვის განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2019 წლის 21 ივნისს (პარასკევი) 24 საათზე. კასატორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება მოუთხოვია.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ემუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი