საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1593-8(ა-20) 24 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ე. წ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება.
2020 წლის 3 დეკემბერს გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებით და განახლდეს აღნიშნული საქმის წარმოება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლეების: ქეთევან ცინცაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო გ. ბ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ე. წ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი, თავის მხრივ, ე. წ-ისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე.
იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ,,ე“ და ,,ვ“ პუნქტებზე მითითებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა განსაზღვრულია მხარისათვის, რომელსაც გ. ბ-ე საქმეში №ბს-239(2კ-უს-კს-20) არ მიეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის განცხადებაში მითითებულია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე, თუმცა კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას მოსამართლეების ქეთევან ცინცაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ეჭვი შეაქვს მოსამართლის მიუკერძოებლობაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი. განმცხადებელი ვერ ადასტურებს რომელიმე მათგანის არსებობას. განმცხადებლის მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ისეთ კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლის მიკერძოებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე