Facebook Twitter

№ბს-765(2კ-19) 2 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს „...ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 31 ოქტომბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანებისა და შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის №1-1/479 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...ი“ ათ წელზე მეტია ფლობს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთების შორის მოქცეულ, ასევე მომიჯნავე, აქამდე დაურეგისტრირებელ მიწას, რომელიც თავის დროზე იყო ..., სადაც მოსარჩელის მიერ მოეწყო შიდა გზები და განთავსებული იქნა ყვავილები, ხე მცენარეები, ნარგავები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები. აღნიშნული ფართი მოქცეულია საწარმოს ერთიან საზღვრებში და შემოფარგლულია ერთიანი ღობით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ყველანაირად ცდილობს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მოპოვებას, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობა გაესაუბრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებელ პირებს. 2018 წლის 15 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ შეიტანა №... და №... განცხადებები და 2018 წლის 15 თებერვლის კანონის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მყოფი ბრძანება №1/1-350, მასთან თანდართული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის მოთხოვნათა სრული იგნორირებით შედგენილი საკადასტრო ნახაზები. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 უკანონო ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის №1-1/479 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 1500.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „...ის“ სახელზე.

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 დეკემბრის მდგომაროებით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 4481.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: ...; ...; ...; ...; ...; ...; სხვა ფართი; 2(ორი) ერთეული შენობა-ნაგებობა, №1 - ...; საერთო ფართი - 1500 კვ.მეტრი, №2 - ... საერთო ფართით - 1500 კვ.მეტრი, №2 ... საერთო ფართით - 244,20 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „...ის“ სახელზე.

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 394,24, სხვა ფართი: შენობა-ნაგებობა, შიდა ფართობი - 376.96 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „...ის“ სახელზე.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანებით დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში ,,საჯარო რეესტრი“), საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N... დადგენილების შესაბამისად განახორციელოს დანართ №...-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (ქ.თბილისი, სოფ. ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2018 წლის 15 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №... განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ... (9982 კვ.მეტრი) არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს მიღებული იქნა „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., ფართი - 9982 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 9982.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

2018 წლის 15 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №... განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ... (3520 კვ.მეტრი), არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს მიღებული იქნა ,,რეგისტრაციის შესახებ“ №...გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., ფართი - 3520 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 3520.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

2018 წლის 27 თებერვალს შპს ,,...მა“ №3411/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11ოქტომბრის №1-1/479 ბრძანებით შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N... დადგენილებით დამტკიცებული იქნა „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი“, რომლის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მითითებული „წესის“ მე-7 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწის რეგისტრაცია. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა, სახელმწიფო საკუთრებაა და მისი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1 მუხლზე, ამავე კანონის 1.6 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ 1.2 მუხლზე, ამავე დებულების მე-2 მუხლსა და 3.1 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეკუთვნება სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანებით დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში საჯარო რეესტრი), საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N... დადგენილების შესაბამისად განახორციელოს დანართ №...-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (ქ.თბილისი, სოფ. ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სწორედ დასახელებული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის №... გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., ფართი - 9982 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 თებერვლის №...გადაწყვეტილებით კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სოფელი ..., ფართი - 3520 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული კერძო საკუთრებისა. თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო 2018 წლის 15 თებერვალს გამოეცა №1/1-350 ბრძანება და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ეთხოვა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N... დადგენილების შესაბამისად განხორციელებულიყო დანართ №...

-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (ქ.თბილისი, სოფ. ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 15 თებერვლამდე სადავო მიწის ნაკვეთი არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა. კონკრეტულად, რეგისტრაციის დროისთვის მასზე შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა. საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოში, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანება ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლომ განმარტა, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს „...ის“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რამეთუ პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესში მოიაზრება არა „უბრალო უპირატესობა“, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით შეიზღუდოს, არამედ ისეთი უფლება და ინტერესი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა წარმოშობილი და განმტკიცებული. სასამართლომ აქვე მოსარჩელის ყურადღება გაამახვილა და მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის საფუძველზე დასაშვებია კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. უფრო მეტიც, მითითებული კანონის მე-74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება და მოიპოვოს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით, მასზე საკუთრების უფლება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ „უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანება შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის აგვისტოს №1-1/479 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის ნაწილში, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, 185-ე მუხლზე, 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის №1-1/479 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის №1-1/479 ბრძანება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სადავო აქტის მიღების საფუძვლად გამოყენებულ თითოეულ სამართლებრივ ნორმაზე და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით აღნიშნა, რომ დასახელებული სამართლებრივი საფუძვლები რეგისტრაციისათვის ატარებენ ფორმალურ ხასიათს, განსაზღვრავენ რა ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებებს რეგისტრაციის შესახებ. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მითითებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქარველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ N... დადგენილება, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი მუხლი ან პუნქტი იქნა გამოყენებული აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძვლად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა სხვა პირთა კერძო საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწებისა, ასევე ითვალისწინებს დადგენილ პრაქტიკას, რომ თუ საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთარებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ხდება არსებული ფაქტის ფიქსაცია, თუმცა პალატამ არაარგუმენტირებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის უფლებების ნაწილში, კერძოდ იმ საკითხზე, რომ ვინაიდან, საჯარო რეესტრში არ არსებობდა შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ სადავო მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, წარმოდგენს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრება, რომ ვინაიდან, რეგისტრაციის დროისთვის მასზე შპს „...ის“ საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა, აღნიშნულით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5, 96-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში სადავო აქტში მითითებულია მხოლოდ ფორმალური საფუძვლები.

სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ შპს „...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის მოქცეულ, მომიჯნავე, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ მოწყობილია შიდა გზები და განთავსებულია ყვავილები, ხე მცენარეები, ნარგავები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები, ასევე შემოფარგლულია ერთიანი ღობით. ასევე სადავო არ არის და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელე მხარე ცდილობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებას.

პალატის მითითებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა, უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო კვლევას. პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტაციული წარმოების შესახებ (სზაკ 95.2 მუხლი).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კერძოდ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს ვალდებული იყო ჩაერთო ის მესამე პირი/ები, ვისი ინტერესიც იქნებოდა გამოკვეთილი კონკრეტულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით კი ცალსახაა, რომ არსებობდა მესამე პირის, კერძოდ, შპს „...ის“ საკუთრებითი ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით პალატამ ყურადღება გაამახვილა შპს „...ის“ დირექტორის იმ განმარტებაზე, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქ. თბილისი, სოფ. ...ში (ს/კ ...; ...) მდებარე მიწის ნაკვეთებზე WGS_1984_UTM კოორდინატების აღება და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება, მისი წინააღმდეგობიდან გამომდინარე განხორციელდა ტერიტორიაზე შესვლის გარეშე, კერძოდ აეროფოტოდან, რამაც გამოიწვია ცდომილება. მხარის განმარტებით, მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება და არ არის ინდენტური რეალური მდგომარეობისა. მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის გაწევამ გამოიწვია მისი დაჯარიმება. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე, მხარის განმარტებაზე და შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ რადგან საჯარო რეესტრში არ არსებობდა ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ ინტერესის შესახებ ინფორმაციის ფლობასა და ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მისი ჩართვის აუცლებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად მისული ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი გვარად ხაჭაპურიძე შპს „...მა“ არ შეუშვა ტერიტორიაზე, რასაც მომავალში მოყვა რამდენიმე შეხვედრა მასთან და ამდენად, სააგენტოსათვის ცალსახა იყო კომპანიის სამართლებრივი დაინტერესება სადავო მიწის ნაკვეთისადმი. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თავად სააგენტოს წარმომადგენელმაც.

პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, ასევე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის №1-1/479 ბრძანება შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თვალსაზრისით.

კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების. თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება. ამდენად, რეგისტრაციის დროისთვის მასზე შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შპს „...ის“ მიერ, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოში, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა.

ამასთან, კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ ბრძანების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ N... დადგენილება, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი მუხლი ან პუნქტი იქნა გამოყენებული ბრძანების მიღების საფუძვლად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ გარემოებად, რომ სააგენტოს სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, მაშინ, როდესაც მითითებული წესის პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამასთან, ამავე წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწის რეგისტრაცია. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა, სახელმწიფო საკუთრებაა და მისი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სააგენტო არ ეთანხმება გადაწყვეტილების 7.4 პუნქტში მითითებულ განმარტებას, რომ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ“. კასატორის მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება და მოიპოვოს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით, მასზე საკუთრების უფლება. მეტიც, შპს ,,...ის“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომ არ მოუხდენია საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასება, თუ რამდენად წარმოადგენდა შპს „...ი“ სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში დაინტერესებულ პირს. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია გააჩნია თუ არა შპს „...ს“ სადავო ქონებაზე მოთხოვნის უფლება. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად მხარეც აღიარებს, რომ არ აქვს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ის გარკვეული დროის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ადმინისტრაციულ წარმოებაში იმ მხარის სავალდებულო მონაწილეობის თაობაზე, რომელსაც არანაირი კანონიერი ინტერესი არ გააჩნია სხვის საკუთრებასთან დაკავშირებით. კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებული პირის დეფინიციაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე უნდა გაითვალისწინოს, რომ ინტერესი, რომელზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო, არ არის კანონიერი, ვინაიდან სადავო აქტის ბათილად ცნობა არ წარმოშობს რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს შპს „...ისათვის“, რადგან სადავო ქონებაზე მას არ გააჩნია რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამასთან, მას კიდევაც რომ გააჩნდეს სადავო მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, გასაჩივრებული აქტის მიმართ მხარის იურიდიული ინტერესი ბუნდოვანია.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საკუთრების უფლების არსი სახელმწიფოს მიმართ. ამასთან, კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ასევე გამოირიცხება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული კანონიერი მოლოდინი, რადგან თავად მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლება ვერ დარეგისტრირდება უფლების დამდგენი საფუძვლების არარსებობის გამო და მხოლოდ სახელმწიფოა უფლებამოსილი კანონით დადგენილი წესით განკარგოს ეს ქონება. კასატორის მითითებით, შპს „...ის“ მიერ სათანადო მტკიცებულებისა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის, ასევე შესაძლო კანონიერი „მოლოდინის“ არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლომ საკუთრების უფლებაზე მეტად უპირატესობა მიანიჭა შპს „...ის“ უსაფუძლო მოთხოვნას და ამით შელახა საკუთრების უფლების ცნება და არსი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ.თბილისი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 1500.00 კვ.მეტრი, ასევე ქ. თბილისი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 4481.00 კვ.მეტრი და ქ.თბილისი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „...ის“ სახელზე.

სადავო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანებით ირკვევა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N... დადგენილების შესაბამისად, განახორციელოს დანართ №...-ში მითითებულ უძრავ ნივთებზე (ქ.თბილისი, სოფ. ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მ და 9982 კვ.მ) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანების საფუძველზე, შპს ,,...ის“ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონება (ქ. თბილისი, სოფელი ..., საკადასტრო კოდით №..., დაზუსტებული ფართით - 9982 კვ.მ და ქ. თბილისი, სოფელი ..., საკადასტრო კოდით №..., დაზუსტებული ფართით - 3520.00 კვ.მ) აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. ზემოაღნიშნული რეგისტრაციები, დავის საგანს წარმოადგენს სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით დგინდება, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული.

განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე შპს „...ი“ სადავო აქტების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ შპს „...ი“ ათ წელზე მეტია ფლობს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის მოქცეულ, ასევე მომიჯნავე, აქამდე დაურეგისტრირებელ სადავო მიწას, რომელიც მოსარჩელის მითითებით, მოქცეულია საწარმოს ერთიან საზღვრებში და შემოფარგლულია ერთიანი ღობით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N... დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი“, რომლის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მითითებული „წესის“ მე-7 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწის რეგისტრაცია. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა, სახელმწიფო საკუთრებაა და მისი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ამდენად, სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება.

ამასთან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება“, რომლის 1.2 მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.1 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც კანონმდებლობის საფუძველზე განეკუთვნება სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა.

ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ“ პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

ამდენად, რეგისტრაციის სავალდებულო პირობას წარმოადგენს უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობა, ხოლო სახელმწიფოს სახელზე ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად კანონმდებლობით დაშვებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა. სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. როგორც აღინიშნა, თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც, მისი აზრით, უფრო ეფექტურია კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისათვის. კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა უფლება დაადასტუროს ქონების სახელმწიფოსადმი კუთვნილების ფაქტი. სახელმწიფოს უფლება სადავო ქონებაზე დგინდება სადავო ბრძანებით, რაც წარმოადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს. საჯარო რეესტრში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას საფუძვლად უდევს ის დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფომ აღიარა და დაადასტურა საკუთარი უფლებები სადავო ქონებაზე.

ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო 2018 წლის 15 თებერვალს გამოეცა №1/1-350 ბრძანება და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ეთხოვა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N... დადგენილების შესაბამისად განხორციელებულიყო დანართ №...-ში მითითებულ უძრავ ნივთებზე (ქ.თბილისი, სოფ. ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 15 თებერვლამდე სადავო მიწის ნაკვეთი არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს „...ის“ ჩართვის სავალდებულოობის თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო სადავო აქტების ბათილად ცნობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით ჩასაბმელ დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა შესაძლოა იყოს სავალდებულო ან ფაკულტატური. სავალდებულო მონაწილეობის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა არის აუცილებელი იმდენად, რამდენადაც მათ მონაწილეობას წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, სწორედ აღნიშნულ პირთა წარმოებაში ჩართულობაზე, მათ აუცილებელ მოწვევაზეა დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ფაკულტატური მონაწილეობისას კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში ერთვებიან და მონაწილეობენ უბრალო მონაწილეები, რომელთა კანონიერ ინტერესსაც შეიძლება შეეხოს ეს გადაწყვეტილება და რომელთა ჩაურთველობა ადმინისტრაციულ წარმოებაში გავლენას ვერ მოახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესში მოიაზრება არა „უბრალო უპირატესობა“, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით შეიზღუდოს, არამედ ისეთი უფლება და ინტერესი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა წარმოშობილი და განმტკიცებული.

საკასაციო სასამართლოც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ საჭიროებს საქმის გარემოებების სათანადო კვლევას და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული პირის მიწვევის სავალდებულოობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო გადაწყვეტილების მიღება; მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ მიმართვამდე ადმინისტრაციული ორგანო უნდა ადგენდეს მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ სხვა პირთა უფლების არსებობას; თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ ინტერესი, რომელზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო, არ წარმოადგენს კანონიერ ინტერესს, რამეთუ საქმეზე ვერ დასტურდება შპს „...ის“ მიერ რაიმე სამართლებრივი საფუძვლით სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. თავად მოსარჩელეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არ მოიპოვება მათი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე 2010 წლის 7 დეკემბერს №3889 – IIს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 74 მუხლი - კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ვადა, რომლის თანახმად, „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შპს „...ის“ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობის პირობებშიც, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში კი ვერ დადასტურდა, რომ შპს „...მა“ უფლების რეალიზაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში მოახდინა. მართალია მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყველანაირად ცდილობს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებას და ამაზე მიუთითებს სააპელაციო სასამართლოც, თუმცა საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ წარმოდგენილა. ამდენად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში 74 მუხლის სახით გათვალისწინებული რეგულაციით ასევე გამოირიცხება შპს „...ის“, როგორც დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო წესით მიწვევა, ასევე სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, სადავო ბრძანების საფუძველზე უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არათუ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, არამედ წარმოადგენს ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას შპს „...მა“ განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება და სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით, პრივატიზაციის გზით, მასზე მოიპოვოს საკუთრების უფლება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №1/1-350 ბრძანება შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან, რის გამოც ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის აგვისტოს №1-1/479 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, რამეთუ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე