ბს-1037 (კ-18) 23 ივლისი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი - მ. ხ-ე (მოსარჩელე), წარმომადგენელი თ. ზ-ი, 18.06.2020წ. N200354372 რწმუნებულება
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე), წარმომადგენელი მ. კ-ე, 16.09.2019წ. N MIA 1 1902446569 რწმუნებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე), წარმომადგენელი ნ. ქ-ი, 16.06.2020წ. N MIA 6 2001326070 მინდობილობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2018წ. განჩინება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ხ-ძე 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის 1995 წლიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, ხოლო 2006 წლიდან შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 11.03.14წ. №... ბრძანებით, მ. ხ-ძე დაინიშნა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის ...ის (მთავარი სამმართველოს ...ის) თანამდებობაზე. შს მინისტრის მ.შ. 26.11.2016წ. №... ბრძანებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველოს) ...ე (მთავარი სამმართველოს ...ე), სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი მ. ხ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში. შს მინისტრის 27.03.17წ. №... ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველოს) ...ე, პოლკოვნიკი მ. ხ-ძე დათხოვნილ იქნა საქართველოს შს სამინისტროდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
მ. ხ-ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 26.11.2016წ. №... და 27.03.2017წ. №... ბრძანებების არარად აღიარება, საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ძის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2018წ. განჩინებით მ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტების არარად აღიარების სამართლებრივი საფუძველი, შს მინისტრი არის სადავო საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი პირი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ 2.3 მუხლის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. დებულების 6.2 მუხლის შესაბამისად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე და 34-ე მუხლების თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. პალატამ მიიჩნია, რომ 34.4 მუხლის ჩანაწერში სხვა უფლებამოსილ პირში იგულისხმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ძის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შს მინისტრის მ. შ. 26.11.2016წ. №... და შს მინისტრის 27.03.17წ. №... ბრძანებების არარად აღიარება, სასაზღვრო პოლიციისათვის გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის დავალება და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება (ბრძანებების გამოცემის დღიდან აღდგენამდე პერიოდისთვის).
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, ამასთანავე, სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა თავად მინისტრის უფლებამოსილების საკითხი. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-7 თავის მიხედვით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი (25.6 მუხ.), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის თანახმად შს მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელს. სხვა სახის კომპეტენცია საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრს არ გააჩნია. ""სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის" 34.4 მუხლში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის სასაზღვრო პოლიციის უფროსის გარდა მითითება სხვა უფლებამოსილ პირზე გულისხმობს ისეთ პირს, რომელსაც უფლებამოსილება გათანაბრებული ექნება სასაზღვრო პოლიციის უფროსთან. სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსს აქვს უფლებამოსილების დელეგირების განხორციელების შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში უფროსის უფლებამოსილებათა დელეგირებას ახორციელებს შს მინისტრი. მუხლში ნათლადაა გაწერილი, რომ მინისტრი აუცილებლად დელეგირებით გადასცემს სხვას ფუნქციას. დელეგირების ფარგლებში პირი შეიძლება იყოს პოლიციის უფროსთან დაქვემდებარებული პირი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 25.11.2016წ. საქართველოს პარლამენტის წარედგინა მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის 18.11.2016წ. განკარგულებით საქართველოს მთავრობას დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. მინისტრს არ ჰქონია 25.11.2016წ. სასაზღვრო პოლიციის დებულებაში ცვლილების შეტანის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაციის ერთპიროვნულად განხორციელების შესაძლებლობა. შს სამინისტროს დებულების 5.2 მუხლის შესაბამისად, შს მინისტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია კანონმდებლობის მიხედვით არის არა სტრუქტურული ქვედანაყოფი, არამედ საქვეუწყებო დაწესებულება. კასატორი აღნიშნავს, რომ მის სამსახურის გავლის ნუსხაში, სადავო აქტების გამოცემამდე, არ არის არც ერთი ჩანაწერი შს მინისტრის მიერ მისი დანიშვნა-გადაადგილებაზე, კადრების განკარგულებაში აყვანა ხორციელდება მხოლოდ შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ. ნამსახურების წლების განმავლობაში მიღებული არაერთი მედლის, ორდენის, ჯილდოების მიუხედავად, 2015 წლის 3 სექტემბრიდან სამსახურის ვადის ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლის ვადით გაგრძლების მიუხედავად, შს მინისტრის მ.შ. 25.11.2016წ. №644 ბრძანებით, რაიმე სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე, შტატის შემცირების გამო გათავისუფლდა თანამდებობიდან. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას მოთხოვნის დაუსაბუთებლობის შესახებ და თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები შემოიფარგლნენ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ზოგადი ნორმებით, არ მიუთითეს თუ რომელი ნორმის თანახმად ჰქონდა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მისი კადრების განკარგულებაში აყვანის და შემდგომ დათხოვნის უფლება.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შესაგებელი საკასაციო საჩივარზე არ წარუდგენიათ. შს სამინისტროს და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო სახელმწიფო სახელისუფლებო უფლებამოსილების მატარებელია. ეს უფლებამოსილება გამოვლინებას პოულობს უპირველეს ყოვლისა აღმასრულებელი ორგანოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების გამოცემაში. მინისტრი არის პასუხისმგებელი სახელწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფაზე. მინისტრი ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. მინისტრს უფლება არ აქვს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული („საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 15.5 მუხ.). სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, ის იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით (კანონის 25-ე მუხ.). საქვეუწყებო დაწესებულება არის ორგანიზაციული მოწყობის საჯაროსამართლებრივი ფორმა, რომლის მეშვეობით ხორციელდება საჯარო მმართველობა.
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას თავდაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად („საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 25-ე მუხ.). სტრუქტურული ერთეული და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არიან საჯარო სამართლებრივი ფორმის მქონე ორგანიზაციები (ორგანიზაციული წარმონაქმნები), რომლებიც ახორციელებენ საჯარო მმართველობას, მათ შორის განსხვავება მდგომარეობს უფლებაუნარიანობის მოცულობაში. საჯარო მმართველობის წინაპირობაა მისი განმახორციელებლის უფლება და ქმედუნარიანობა. სახელმწიფო, სამინისტრო, მისი სტრუქტურული ერთეულით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება განსხვავდებიან უფლებაუნარიანობის მოცულობით. სკ-ის 1509-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. სახელმწიფო უპირველესი საჯარო სუბიექტია. სახელმწიფო არის რა იურიდიული პირი ურთიერთობებში გამოდის მისი ორგანოების, კერძოდ, სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტების და სხვა ორგანოების მეშვეობით, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები და ახორციელებენ სახელმწიფოს საქმიანობას კონკრეტულ სფეროებში. ორგანო ქმედუნარიანია მხოლოდ ფიზიკური პირის მეშვეობით, რომელიც მისი სახელით მოქმედებს. ნაწილობრივი უფლებაუნარიანობის დროს საჯარო სამართლით დაფუძნებულ ორგანიზაციებს არ აქვთ სრულად უფლებაუნარიანი იურიდიული პირის სტატუსი, ისინი იქმნებიან მმართველობითი ამოცანების საკუთარი პასუხისმგებლობით განსახორციელებლად და მათ მიენიჭებათ უფლებები და ეკისრებათ ვალდებულებები. ეს ორგანიზაციები არიან საჯარო მმართველობით აღჭურვილი პირები მათი უფლებაუნარიანობის ფარგლებში. ნაწილობრივი უფლებაუნარიანობა გამოიხატება იმაში, რომ ორგანიზაციას შეუძლია სამართლებრივად დამოუკიდებლად გამოვიდეს/იმოქმედოს მხოლოდ მისთვის მინიჭებული სამართლის სფეროს ნაწილში. „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. ამდენად, სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებად გამოდიან, თუმცა სხვადასხვა სუბიექტებს წარმოადგენენ. მათ შორის არსებობს იერარქიული ურთიერთდაქვემდებარებაც, „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, მინისტრი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას.
შს მინისტრი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას (საქართველოს მთავრობის 13.12.13წ. №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ 5.2 მუხ. „დ“ ქვ.პ.). სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტის კანონიერების შესახებ სააპელაციო პალატის დასკვნას არ ადასტურებს მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელება საქვეუწყებო დაწესებულების მიმართ. სამსახურებრივი ზედამხედველობა არის საჯარო მმართველობის შიდა კონტროლის მექანიზმი, რომლის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა („საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 30-ე მუხ.). სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით, რაც გულისხმობს ზემდგომის მიერ ქვემდგომის მიმართ ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილებას. სამსახურებრივი ზედამხედველობის სისტემა აგებულია საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის სისტემის ვერტიკალური დაქვემდებარების შესაბამისად. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია: გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ; შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება; ცნოს აქტი ძალადაკარგულად (30.2, 32-ე მუხ.). მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით (32.3 მუხ.). ამასთანავე, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს მთავრობის 13.12.13წ. №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ 5.2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა მინისტრის უფლებამოსილებას ძალადაკარგულად გამოაცხადოს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების აქტები და მოქმედებები, როგორც კანონმდებლობასთან შეუსაბამობის, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. ის გარემოება, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს წინაშე ანგარიშვალდებული, მინისტრი ამტკიცებს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას, „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის თანახმად სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე (20.1 მუხ.), თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე (20.1 მუხ. „გ“ ქვ.პ.), მინისტრი უფლებამოსილია გაწიოს ზედამხედველობა, განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი, გააუქმოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების აქტები - არ აღჭურავს მინისტრს საქვეუწყებო დაწესებულების ნაცვლად აქტის გამოცემის უფლებამოსილებით. ზემდგომი ორგანოს მიერ ქვემდგომი ორგანოების აქტების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელების უფლება არ ადასტურებს ზემდგომის მიერ ქვემდგომის სანაცვლოდ აქტის გამოცემის უფლებამოსილებას. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია თავად გადაწყვიტოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროში მოქცეული საკითხები უკეთუ ამას პირდაპირ ითვალისწინებს კანონი, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ქვემდგომი ორგანოს მიერ ზემდგომის მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღნიშნული დასტურდება „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონით, რომლის მე-5 მუხლის თანახმად მთავრობა კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას, უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები. ხსენებული არ ანიჭებს მთავრობას უფლებამოსილებას სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების ნაცვლად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის 16.2 მუხლის თანახმად აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობის საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში უკეთუ საკითხი არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე (გარდა ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა) გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ უთითებს ასეთი გარემოების არსებობაზე.
„პოლიციის შესახებ“ კანონის 4.2 მუხლის შესაბამისად, პოლიციის სამსახურები შს სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, შს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 13.12.13წ. №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ 2.3 მუხლის თანახმად, სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაში არის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. სადავო აქტების კანონიერებას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ საქვეუწყებო დაწესებულება შს სამინისტროს სისტემის შემადგენელი ნაწილია. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს მინისტრის უფლებამოსილებას თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების სფეროში. კანონის 20.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, რაც შეეხება მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებს, ხსენებული ნორმა ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას მხოლოდ მათი ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხის მიმართ. ამავე კანონის მე-7 თავი („სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები“) დამატებით ითვალისწინებს მინისტრის უფლებამოსილებას დანიშნოს თანამდებობაზე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელის წარდგინებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. საქვეუწყებო დაწესებულების მიმართ შს მინისტრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონით დადგენილი დანაწესისაგან რაიმე განსხვავებულ დასკვნას სპეციალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (სპეციალური კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის არა მინისტრის, არამედ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნა). საქართველოს მთავრობის 13.12.13წ. №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ 5.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შს მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს. სწორედ ზემოაღნიშნული პირების დანიშვნის გამო ხსენებული ნორმა სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან დანიშვნასთან ერთად უთითებს სხვა პირებსაც.
„პოლიციის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ზოგადად უთითებს პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასეთ პირებს შორის ნორმა ასახელებს მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს, აღნიშნული ნორმა ასეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის უთითებს არა ორივეს („ან/და“), არამედ ერთ-ერთს („ან“), წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება პარალელიზმს, დუბლირებას ან ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ერთი და იმავე მოხელის მიმართ. ის თუ კონკრეტულად ვის აქვს „პოლიციის შესახებ“ კანონის 41.2 მუხლით გათვალისწინებული სასაზღვრო პოლიციის მუშაკის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის დებულება და სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი („პოლიციის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის და შს სამინიტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცებას (60.2 მუხ.)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორივე სადავო აქტის საფუძვლად მითითებულია შს მინისტრის 31.12.13წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ და საქართველოს მთავრობის 13.12.13წ. №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროს დებულება“, არ არის გამოყენებული სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობა.
სასაზღვრო სამსახური ჩამოყალიბდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. 08.08.1992წ. გამოიცა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ. 1992წ. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა საქართველოს სასაზღვრო სამსახური, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გამოეყო „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 05.07.1994წ. №220 ბრძანებულებით (თავდაცვის სამინისტროს გამოეყო სასაზღვრო ჯარების მთავარი სამმართველო და მის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი). „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 15.04.1997წ. საქართველოს კანონით აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი (23.3 მუხ. „პ“ ქვ.პ.), კანონი ადგენდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტები სამინისტროებთან ერთად იყო აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამთავრობო დაწესებულება (მე-4 მუხ.), სახელმწიფო დეპარტამენტი იყო კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, ის ახორციელებდა მმართველობით ფუნქციებს (23-ე მუხ.). 1996 წლის მარტში შეიქმნა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. საქართველოს პრეზიდენტის 25.03.1997წ. №156 ბრძანებულებით დამტკიცდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა“, განისაზღვრა, რომ დეპარტამენტი ხელმძღვანელობს მისდამი დაქვემდებარებულ ორგანოთა სისტემას (2 პ.). საქართველოს პრეზიდენტის 08.08.1998წ. №405 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 25.03.1997წ. №156 ბრძანებულება და დამტკიცდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება“, რომელიც ადგენდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება (1.1 პ.) . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 11.02.2004წ. კანონის 35.3 მუხლის თანახმად სახელმწიფო დეპარტამენტები რეორგანიზებულ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და განხორციელდა მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.06.2006წ. №126 დადგენილებით საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა როგორც „საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია“. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ წყლებსა და შიდა საზღვაო წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საჰაერო სივრცეში ევალებათ საქართველოს თავდაცვის ძალებს. „თავდაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, საომარი მდგომარეობის დროს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფები დაექვემდებარება თავდაცვის სამინიტროს (9.3 მუხ.). სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად, არის შს სამინისტროს სისტემის ნაწილი. საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან განსხვავებით, რომლისთვისაც საჯარო საქმიანობის განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში, საქვეუწყებო დაწესებულება ამა თუ იმ სამინისტროს გამგებლობაში არსებული მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებაა, ის მხოლოდ სახელმწიფო ბუჯეტიდან ფინანსდება და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტების რეორგანიზაცია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და განხორციელდა მათი შესაბამისი სამინისტროებისთვის გადაცემა. სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურ ორგანოთა სისტემაში საქართველოს სამინისტროებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურ ორგანოთა სისტემაში არსებულ სხვა რგოლებს შორის ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ფუნქციონალური გაგებით, საქვეუწყებო დაწესებულებები ყველაზე ახლოს დგანან სამინისტროებთან. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სამინისტროს მსგავსად, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს როგორც სამინიტროების, ასევე მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 11.02.2004წ. კანონის 27.1 მუხლის თანახმად, სამინისტრო ან საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას. ამდენად, სამინისტროების მსგავსად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები წარმოადგენენ საჯარო ხელისუფლების ორგანოებს (სახელმწიფო დაწესებულებებს), სადაც საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ ერთმმართველობის პრინციპიდან გამომდინარე მინისტრი მიიჩნია იმ პირად, რომელსაც აქვს უფლებამოსილება თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომელი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტების კანონიერებას არ ადასტურებს შს მინისტრის მიერ ერთმმართველობის საფუძველზე სისტემის მართვა, რაც სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ ყველა სამინისტრო მოქმედებს ერთმმართველობის საწყისებზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 15.4 მუხლის თანახმად სამინისტროს მართვა ხდება ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოსილებებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006წ. №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება“, რომლის თანახმად სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შს სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე (დებულების 2.1 მუხ.). სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი (6.2 მუხ.). სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, წარუდგენს მინისტრს კანდიდატებს სასაზღვრო პოლიციის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების მიზნით (7.1 მუხ. „ი“, „კ“, „ლ“ ქვ.პ.), დებულებაში შს მინისტრის უფლებამოსილების ჩამონათვალი ამომწურავია და არ იძლევა განვრცობითი განმარტების საშუალებას. შსს უფლება არ აქვს საკუთარ თავს თვითნებურად მიანიჭოს კომპეტენციები, მას არ აქვს კომპეტენციის მინიჭების კომპეტენცია, კომპეტენციის მინიჭება ხდება მხოლოდ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანით.
მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს („საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 20.2 მუხ. „ა“ ქვ.პ.). სამინისტრო, როგორც საჯარო მმართველობის უფლებამოსილებით აღჭურვილი სუბიექტი, იძენს ქმედუნარიანობას მისი ორგანოს - მინისტრის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მინისტრი საქმიანობს საკუთარი სახელით სამინისტროსთვის და მისი ქმედება შეერაცხება სამინისტროს ისე, თითქოს იგი არის სამინისტროს ქმედება. მინისტრი მოქმედებს სამინისტროს უფლებამოსილების - გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული და უშუალოდ მინისტრისთვის განაწილებული საკითხების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. მინისტრის უფლება სამინისტროს მართვაზე ვლინდება სამინისტროს და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურისა და საქმისწარმოების წესების დადგენის, აგრეთვე სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებებში (მე-20 მუხ.). მინისტრის მიერ მართვის განხორციელების უფლება გულისხმობს ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებას. მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ის პასუხისმგებელია მათ კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე. სამინისტროში დასაქმებულები საქმიანობენ მხოლოდ სამინისტროს უფლებამოსილებისა და უშუალოდ მათზე განაწილებული საკითხების ფარგლებში. როგორც წესი, ისინი არიან სამინისტროსთვის მოქმედი და მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირები, რომელთა მეშვეობითაც სამინისტრო ხდება ქმედუნარიანი. აღნიშნული მინისტრს არ აძლევს მისდამი დაქვემდებარებული ყველა ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უფლებას. პირიქით, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებების დამტკიცების გზით, მინისტრი აკისრებს ამ დაწესებულებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მის ხელმძღვანელს პერსონალურ პასუხისმგებლობას სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილების ნაწილში, რაც დასტურება საქართველოს შს მინისტრის 21.06.2006წ. №786 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისად სასაზღვრო პოლიციის უფროსი პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე სასაზღვრო პოლიციაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.
სადავო აქტების კანონიერებას არ ადასტურებს საქართველოს შს მინისტრის 31.12.13წ. №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ის, რომ სხვა უფლებამოსილ პირში არ იგულისხმება მინისტრი დასტურდება „საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ 7.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, რომლითაც სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, სასაზღვრო პოლიციის უფროსი შს მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის ...ის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების მიზნით, ამავე მუხლით საჭიროების შემთხვევაში უფროსის უფლებამოსილებათა დელეგირებას ახორციელებს საქართველოს შს მინისტრი. ამდენად, მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილების დელეგირება და არა სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეთავსება. დელეგირების შესაძლებლობის აღნიშვნა პოლიციის ...ეების დანიშვნასთან ერთ ნორმაში ცხადად მიანიშნებს პოლიციის უფროსის უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობას ...ეებისადმი, მინისტრი უფლებამოსილია მოახდინოს დელეგირება უფროსის უფლებამოსილების და არა ამ უფლებამოსილების უშუალოდ განხორციელება (აღნიშნულის შესაბამისად, სადავო აქტების გამოცემამდე, შს მინისტრის მ.შ. 25.11.16წ. №2940956 ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის ...ეს - სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორს - თ. კ-ს დაეკისრა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის დროებითი შესრულება). სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურში მიღებასა და განთავისუფლებაზე უფლებამოსილი პირია სასაზღვრო პოლიციის უფროსი, „სხვა უფლებამოსილი“ პირი მინისტრი ვერ იქნება, რადგან მას ამის კომპეტენცია არ გააჩნია, ამის შესახებ ჩანაწერს არცერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი არ იძლევა. სხვა უფლებამოსილ პირში იგულისხმება ის პირი, რომელსაც უფლებამოსილება გათანაბრებული ექნება სასაზღვრო პოლიციის უფროსთან. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ 7.2 მუხლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს კომპეტენტურ პირებზე განახორციელოს ამ ბრძანებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა დელეგირება საკადრო, საფინანსო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში უფროსის უფლებამოსილებათა დელეგირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ამდენად, თუ საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსი არ განახორციელებს დელეგირებას, ამას აკეთებს მინისტრი. შესაბამისად, მართებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დელეგირების ფარგლებში საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის უფლებამოსილებას შეასრულებს პირი, რომელიც დაქვემდებარებულია საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსისადმი, რადგან აღმავალი ხაზით დელეგირება არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, შეუძლებელია აგრეთვე თავის თავზე უფლებამოსილების დელეგირება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს გადასცეს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისა და ქვედანაყოფის უფროსს. ამდენად, „სხვა უფლებამოსილი“ პირი დელეგირების ფარგლებში შეიძლება იყოს პირი, რომელიც დაქვემდებარებულია საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს შს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 34.4 მუხლში სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირად სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად მითითება სხვა უფლებამოსილ პირზე გულისხმობს იმ პირს, რომელსაც დელეგირებული აქვს პოლიციის უფროსის უფლებამოსილება, მინისტრს აქვს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილების დელეგირების და არა ამ უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილება.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიიღება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. ამდენად, „საქართველოს შს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“ ვერ იქნება განმარტებული იერარქიით ზემდგომი ნორმატიული აქტის - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმად მინისტრი უფლებამოსილია საქვეუწყებო დაწესებულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების მხოლოდ უფროსების დანიშვნა/განთავისუფლებაზე, მით უფრო, რომ სპეციალური კანონმდებლობით დადგენილია შს მინისტრის მიერ სასაზღვრო პოლიციის უფროსის კანდიდატურის მხოლოდ წარდგენის და არა დანიშვნის უფლებამოსილება.
„სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ მე-17 მუხლით განსაზღვრულია პოლიციელის ზღვრული ასაკი. 37-ე მუხლის თანახმად, სპეციალური წოდების მქონე პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება, რაც „სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 53-ე მუხლის შესაბამისად, უფროს სპეციალურ წოდებათა რიგს განეკუთვნება, უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისათვის ზღვრული ასაკი წესის 17.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით 60 წელს შეადგენს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიაღწია ზღვრულ ასაკს, წესის 17.2 მუხლის საფუძველზე შს მინისტრის 11.09.2015წ. №2053958 ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და მ. ხ-ძის მიმართვების საფუძველზე, მ. ხ-ძეს გაუგრძელდა სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით (კასატორს გაგრძელებული სამსახურის ვადა 11.09.2020წ. უსრულდება). აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს სადავო აქტების კანონიერებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოხდა მ. ხ-ძის არა დანიშვნა, არამედ სამსახურის ვადის გაგრძელება, „სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სამსახურის ვადის ზღვრული ასაკის ზევით 5 წლამდე ვადით უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა. განსახილველ შემთხვევაში მ. ხ-ძეს ზღვრული ასაკის ზევით სამსახურის ვადა გაუგრძელდა ხუთი წლით, სამსახურის ვადის გასვლამდე სამსახურიდან გათავისუფლება უფლებამოსილი პირის მიერ უნდა განხორციელდეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შს მინისტრის მ. შ. 26.11.2016წ. №... სადავო ბრძანების თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლებას და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ხ-ძე სასაზღვრო უწყებაში მსახურობდა 1995 წლიდან, ის განსაკუთრებული დამსახურებისთვის არაერთგზის არის დაჯილდოებული მედლებით, ორდენებით. საქმეში დაცული სამსახურის გავლის ნუსხის მიხედვით მ. ხ-ძე მრავალგზის იქნა წახალისებული სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ, კეთილსინდისიერად შესრულებისათვის და მიღწეული წარმატებებისათვის. მის დაქვემდებარებაში იყო ექვსი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 03.09.2015წ. მას გაუგრძელდა სამსახურის ვადა ზღვრული ასაკის ზევით 5 წლის ვადით. ასეთ პირობებში გაურკვეველია, თუ რა მოსაზრებით მოხდა კასატორის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით შტატის შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლება მისთვის რაიმე სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გარემოებებზე არ უმსჯელია. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის" 33-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე, უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით. მხოლოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით პოლიციელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და კადრების განკარგულებაში აყვანაზე ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე „პოლიციის შესახებ“ კანონის 42.1 მუხლი. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, საჯარო მოხელე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო ( „სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხ. მე-2 პუნქ., „დ“ ქვ.პ.). ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუშაკის სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება. მოპასუხეების წარმომადგენლები ვერ უთითებენ იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოხდა შეფასება. რეორგანიზაციის შედეგად იმ სტრუქტურის გაუქმება, რომელშიც მსახურობდა მ. ხ-ძე არ ადასტურებს მის ტოლფას ან რაიმე სხვა თანამდებობაზე დასაქმების შეუძლებლობას, რეორგანიზაციამდე მ. ხ-ძეს დაკავებული ჰქონდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა, ის ექვს განყოფილებას კურირებდა, არ დასტურდება ამ სტრუქტურული ქვედენაყოფების ფუნქციების რეორგანიზაციის შედეგად გაუქმება. რეორგანიზაციის შედეგად ფუნქციების ცვლილება არ იყო იმ ხარისხის, რომ გამოეწვია არსებითად და რადიკალურად სასაზღვრო აპარატის სტრუქტურის შეცვლა, ისეთი ფუნქციების დამატება, რომელიც კასატორს მოთხოვნილი კვალიფიკაციის შეუსაბამო პირად აქცევდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის კვალიფიკაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განსხვავებულია მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობისდამიხედვით. აღნიშნულის გამო არასათანადო კვალიფიკაცია, არადამაკმაყოფილებელი ჩვევები შესაძლოა გახდეს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი იმ შემთხვევაში, უკეთუ არ არსებოს სხვა, მოხელის კვალიფიკაციის შესაბამისი ფუნქციონალური დატვირთვის სამსახურში მისი დასაქმების შესაძლებლობა ან თუ ასეთ გადაყვანაზე უარს ამბობს მოხელე. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება სხვა პოზიციაზე მოსარჩელის დასაქმების წინადადება ან/და მ. ხ-ძის უარი გადაყვანაზე. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციას შეეძლო საკადრო როტაციის შედეგად მ. ხ-ძისათვის საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურის ქვედარგოლში დასაქმება. სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელი იყო უკეთუ არ არსებობდა სხვა, მოხელის კვალიფიკაციის შესაბამისი, წინარესთან თუნდაც დაქვემდებარებულ პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა ან თუ ასეთ გადაყვანაზე უარს აცხადებდა მოსამსახურე. საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციის მიერ სხვა ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შეთავაზება. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტით გამოყენებული იქნა უკიდურესი ზომა - სამსახურიდან დათხოვნა, აგრეთვე მ. ხ-ძის მაღალი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტში ადმინისტრაციას უნდა მოეყვანა მოსამსახურის სხვა პოზიციაზე გამოყენების შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები, გამოეკვლია ყველა გარემოება და დაესაბუთებია სხვა გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა, რასაც ადგილი არ ჰქონია. სამსახურებრივი ურთიერთობის დროს მოსამსახურე ექცევა დამსაქმებლის ნების ზეგავლენის ქვეშ, დამოკიდებული ხდება მის მითითებებზე და მის მიერ განსაზღვრულ ორგანიზაციულ პირობებზე, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მოსამსახურისათვის ალტერნატიული წინადადების შეთავაზება, ხოლო დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ცალმხრივი ნების გამოვლენა - სამსახურიდან გათავისუფლება, არ არის შეუზღუდავი.
ზემოაღნიშნულთან ერთად მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი ეხება არა გასაჩივრებული აქტების ბათილობის, არამედ შს მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებს, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შესაძლებლობას. აქტის არარად ცნობა დამოკიდებულია სამართალდარღვევის ხასიათზე. ადმინისტრაციული აქტის არარად ცნობა ყველაზე რადიკალური ზომაა, აღნიშნული შესაძლოა უფლებამოსილების მნიშვნელოვანი გადამეტების და უფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვის შემთხვევაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სზაკ-ის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, აღნიშნული ნორმისა და სზაკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილს შორის არსებული კოლიზია სპეციალური და უფრო ნორმის განახლებული რედაქციის, ანუ 60.1 მუხლის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სზაკ-ის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის ...ის (მთავარი სამმართველოს ...ის) სამსახურიდან გათავისუფლება განეკუთვნებოდა არა შს მინისტრის, არამედ საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებათა რიგს. კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე (სზაკ-ის მე-5 მუხ.), ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას კანონის მოთხოვნები და არ დაუშვას მისი დარღვევა. ადმინისტრაციულ ორგანოს (კერძო სამართლის სუბიექტისგან განსხვავებით) ეკრძალება იმ უფლებამოსილებების განხორციელება, რომლებსაც კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს, ანუ მოქმედებს პრინციპი - რაც ნებადართული არ არის, - აკრძალულია. მართალია არ არის გამორიცხული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შესრულება უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება ან სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და ადმინისტრაციული ორგანო არ ცდება კანონმდებლობით განსაზღვრულ ზოგადი უფლებამოსლებების საზღვრებს, მაგრამ ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია შემზღუდავი სამართლებრივი აქტების გამოცემა მხოლოდ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე (სზაკ-ის 5.2 მუხ.).
საქართველოს შს მინისტრის 31.12.13წ. №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 27.5 და 65-ე მუხლების თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან. ამასთანავე, შს მინისტრის 21.06.06წ. №786 ბრძანებით დამტკიცებულ სასაზღვრო პოლიციის დებულებაში შს მინისტრის 25.11.16წ. №664 ბრძანებით შეტანილი ცვლილებების შედეგად მოხდა სასაზღვრო პოლიციის რეორგანიზაცია მისი სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ხ-ძეს არ გაუსაჩივრებია შს მინისტრის 25.11.16წ. №664 ბრძანება, ხსენებული ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ძალაშია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურის ცვლილების მიზანშეწონილობა ადმინისტრაციის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. სასაზღვრო პოლიციის რეორგანიზაციამდე სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის სახით ფუნქციონირებდა ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო), რომლის ...ის თანამდებობას იკავებდა მ. ხ-ძე. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებაში" შს მინისტრის მ.შ. 25.11.2016წ. N664 ბრძანებით შეტანილი ცვლილებების შედეგად, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველოს) ფუნქციები გადანაწილდა საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველოსა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს შორის. შს მინისტრის 13.03.2018წ. N36 და 15.06.2018წ. N70 ბრძანებებით სასაზღვრო პოლიციის დებულებაში შეტანილი ცვლილებებით სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კვლავ მოხდა ფუნქციების გადანაწილება, ცვლილებების შედეგად პოლიციის სტრუქტურაში კვლავ გათვალისწინებულია ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო), განსხვავებული ფუნქციური დატვირთვით, რეორგანიზაციამდე ადმინისტრაციისათვის (მთავარი სამმართველოსათვის) არსებული ფუნქციები დივერსიფიცირებულია სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის.
სზაკ-ის 60-ე მუხლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად მიჩნევის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან მოქმედებს - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასლის შემდეგ ხდება ყველასთვის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ის არ ცვლის სამართლებრივ მდგომარეობას, რის გამოც არარა აქტის მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადები, აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნისგან განსხვავებით არარად ცნობის მოთხოვნის დასმა არ არის შეზღუდული მკაცრი ვადით. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა სამსახურებრივი ურთიერთობები, რომლებიც განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩევა, დაკავშირებულია ხელფასის სახით პერიოდულ გადახდებთან, საკითხი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტის არარად ცნობის შესახებ უნდა დაისვას გონივრულ ვადაში. სასამართლოს უფლების მნიშვნელობის მიუხედავად ის არ არის აბსოლუტური უფლება. გონივრულ ვადაში სარჩელის აღძვრის მოთხოვნის არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არამარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა, სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია დროულად იზრუნოს საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, რითიც იქმნება გონივრულ ვადაში დავის გადაწყვეტის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შს მინისტრის მ.შ. სადავო 26.11.16წ. №... ბრძანების გამოცემის შემდეგ 13.12.16წ. პატაკით მიმართა შს მინისტრს, 25.01.17წ. პრემიერ-მინისტრს, რომლებშიც აყენებდა სასაზღვრო პოლიციის დებულებაში შეტანილი ცვლილებების, თანამდებობიდან განთავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის მართლზომიერების საკითხს. მ. ხ-ძის მიერ შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ 27.03.17წ. №... ბრძანების გამოცემის შემდეგ ერთთვიან ვადაში იქნა სარჩელი აღძრული.
სასკ-ის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სასკ-ის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მ. ხ-ძის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამჟამად არ არის ვაკანტური, რის გამოც კასატორმა მოახდინა მოთხოვნის კორექტირება. მოთხოვნის დაზუსტების გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს მ. ხ-ძის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში კასატორის კომპეტენციის გათვალისწინებით უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია, თუმცა სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება გულისხმობს კასატორის მიერ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებას მ. ხ-ძისათვის სამსახურის გაგრძელებული ვადის დასრულებამდე. საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს აგრეთვე კასატორის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის პერიოდის ანაზღაურების შესახებ, ანაზღაურება უნდა მოხდეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული კომპენსაციის გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში მ. ხ-ძის წარმომადგენლობა ხორციელდება უსასყიდლოდ, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მ. ხ-ძის მიერ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე (თანხის გადახდას ადასტურებს შესაბამისი ქვითრები) მ. ხ-ძემ უარი განაცხადა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ხ-ძე სასარჩელო განცხადებაში ითხოვს სადავო აქტების არარად ცნობას მთლიანად. საქმეში დაცული სადავო აქტების ტექსტებიდან დასტურდება, რომ სადავო ბრძანებები ეხება არა მხოლოდ მ. ხ-ძეს, არამედ სხვა პირებსაც. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოითხოვდა სადავო აქტების არარად ცნობას მის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან, სახეზეა დივერგენცია. ამა თუ იმ საკითხზე სასამართლო პრაქტიკის არსებობა, სასამართლო განმარტების დინამიური განვითარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს მისი შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს სასამართლო პრაქტიკის შეცვლის რაიმე დამაჯერებელ არგუმენტაციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლიტური საფუძველი, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებულად ჩათვლის პირობად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მოსარჩელეს მ. ხ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 86). „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამო სსკ-ის 53.3 მუხლის შესაბამისად მ. ხ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2018წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. არარა აქტად იქნეს ცნობილი „შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 26.11.2016წ. N... ბრძანება მ. ხ-ის ნაწილში;
5. არარა აქტად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 27.03.2017წ. N... ბრძანება მ. ხ-ის ნაწილში;
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს მ. ხ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში კასატორის მ. ხ-ძის კომპეტენციის გათვალისწინებით უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნა;
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება მ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე /არაუმეტეს ზღვრული ასაკისა/ მიღებული კომპენსაციის ოდენობის გათვალისწინებით;
8. მ. ხ-ეს (პ.ნ....) დაუბრუნდეს სარჩელზე 27.04.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე