საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1054(კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 5 დეკემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...ი“ წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც თავის ფუნქციას ახორციელებს სემეკის-ის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების “ და სემეკის-ის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გაცემული №005 წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად.
,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ ,,წესის“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
მოსარჩელის განმარტებით, კომპანიის ბაზაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №20, არასაყოფაცხოვრებო აბონენტად რეგისტრირებულია შპს ,,...“. 2017 წლის 20 ივლისს კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს შპს ,,...-ს“ წყალმომარაგების სისტემა. შემოწმებისას გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, ობიექტზე 20 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილის საშუალებით, მრიცხველის გვერდის ავლით ხორციელდებოდა წყლის მოხმარება. კომპანიამ შეადგინა აღურიცხავი წყლის მოხმარების N... აქტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ას N002133 ოქმი, ხოლო შპს „...ის“ 2017 წლის 27 ივლისის N1889 დადგენილებით შპს ,,... -ს“ ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება და დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 1,440.29 ლარი.
2017 წლის 2 აგვისტოს, შპს ,,...“-ის დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს ,,...ის“ 2017 წლის 20 ივლისის აღურიცხავი წყლის მოხმარების N... აქტით თანხის დარიცხვისა და გაფრთხილების შესახებ 2017 წლის 27 ივლისის N1889 დადგენილების გაუქმება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №79/22 გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; შპს ,,...ის“ 2017 წლის 27 ივლისის N1889 დადგენილება შპს ,,...-ისთვის“ 1440,29 ლარის დარიცხვის თაობაზე მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და შპს ,,...ს“ დაევალა დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №79/22 გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №79/22 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,...''.
2018 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და დაზუსტებული მოთხოვნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №79/22 გადაწყვეტილების შპს ,,...ის“ 2017 წლის 20 ივლისის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N... აქტით შპს ,,...-სათვის“ 1440,29 ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევის ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“. აღნიშნული ,,წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.
სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა სამართალდამრღვევს ეკისრება სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება. კერძოდ, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, არამედ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის სასმელი წყლის ღირებულების დარიცხვის კანონიერება. სააპელაციო პალატის მითითებით ზემოთ მითითებული წესები სასმელი წყლის მომხმარებლის ვალდებულებას, გადაიხადოს სასმელი წყლის ღირებულება, ავტომატურად არ უკავშირებს მომხმარებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და მის სამართალდამრღვევად ცნობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით, არამედ ცალსახად და უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ ადგილი ჰქონდა სასმელი წყლის არასანქცირებულ მოხმარებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო წესით მოხდეს დასარიცხი თანხის გაანგარიშება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ივლისს შპს ,,...ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ...ში, ...ის ქუჩა N20-ში მდებარე ობიექტის (შპს ,,...’’ ...ო) სასმელი წყლის მიწოდების სისტემა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, მრიცხველის გვერდის ავლით ობიექტზე ხორცილდებოდა სასმელი წყლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასN002133 და აღურიცხავი წყლის მოხარების N... აქტი, რომლითაც შპს ,,... -ს“ დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 1,440.29 ლარი, რომელიც დაანგარიშებულ იქნა 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღიანი მოხმარებით, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №79/22 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, ვინაიდან კომისიამ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,...’’-ს საქმიანობა არ ჰქონდა დაწყებული 2017 წლის 9 ივლისამდე, მიიჩნია, რომ დარიცხვა უნდა განხორცილელებულიყო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. ამავე ნორმის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, შპს ,,...“ ...ოს საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერის საფუძველზე, სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება მასზედ, რომ 2017 წლის 20 ივლისის N... აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს ,,...’’-ზე 1440.29 ლარის დარიცხვა განხორციელდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუცველად, კერძოდ, არასწორად იქნა გათვალისწინებული ობიექტის მიერ სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმი.
მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელდა 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,...’’ აღნიშნულ ობიექტზე საქმიანობა დაწყებული არ ჰქონდა 2017 წლის 9 ივლისამდე, რაც დასტურდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამონაწერით ნულოვანი მონაცემით, შეუძლებელი იყო მის მიერ იმ რაოდენობის სასმელი წყლის მოხმარება, რაც შპს ,,...მა“ მას დაარიცხა. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ ...ო გახსნამდე საჭიროებდა მოწესრიგებას, რაც წყლის გამოყენების გარეშე შეუძლებელია, ...ოს ფართის, მასში სველი წერტილების რაოდენობის გათვალისწინებით არ დასტურდება დარიცხული თანხის გონივრულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ, ისევე როგორც კომისიამ, არასწორად გაიზიარა შპს „...-ის“ განმარტება, თითქოს მან მუშაობა დაიწყო 2017 წლის 9 ივლისიდან, რადგან დადგენილია, რომ აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს ...ოს. იმისათვის, რომ ...ოს ფუნქციონირება დაეწყო და მიეღო სტუმრები (რაც დადასტურდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით), აუცილებელი იყო მისი მოწესრიგება და მოწყობა ...ოსათვის, რისთვისაც აუცილებელია სასმელი წყლის გამოყენება, კერძოდ, სველი წესით ოთახების დასუფთავება, გარეცხვა და ა.შ. დადგენილია ასევე, რომ შპს „...“ დაფუძნდა 2017 წლის 20 მარტს. მაშასადამე, კომპანიას დაფუძნებიდან სამი თვე დასჭირდა იმისათვის, რომ ფუნქციონირება დაეწყო და ამუშავებულიყო. შესაბამისად, ...ოს მიერ სასმელი წყლის მოხმარების დაწყება და ...ოს მიერ ფუნქციონირების დაწყება სტუმრების მიღებით არ უნდა იქნეს გაიგივებული ერთმანეთთან, რადგან კომპანიამ სასმელი წყლის მოხმარება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სტუმრებს მიიღებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა სტუმრების მიღებას. შესაბამისად, კომისიამ არასწორად დაადგინა (ხოლო სასამართლომ არასწორად გაიზიარა) სასმელი წყლის მოხმარების დაწყების თარიღად 2017 წლის 9 ივლისი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების შესაბამისად, 2017 წლის 20 ივლისს, შპს ,,...ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ...ში, ...ის ქუჩა N20-ში მდებარე ობიექტის (შპს ,,...’’ ...ო) სასმელი წყლის მიწოდების სისტემა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, მრიცხველის გვერდის ავლით ობიექტზე ხორცილდებოდა სასმელი წყლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N002133 და აღურიცხავი წყლის მოხმარების N... აქტი, რომლითაც შპს ,,...-ს“ დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 1,440.29 ლარი. აღნიშნული ოქმის საფუძველზე 2017 წლის 27 ივლისის N1889 დადგენილებით შპს ,,...-ს“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
2017 წლის 2 აგვისტოს, შპს ,,...-ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს ,,...ის“ 2017 წლის 20 ივლისის აღურიცხავი წყლის მოხარების N... აქტით თანხის დარიცხვისა და გაფრთხილების შესახებ 2017 წლის 27 ივლისის N1889 დადგენილების გაუქმება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 ოქტომბრის №79/22 გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,...ის“ 2017 წლის 27 ივლისის N1889 დადგენილება, ხოლო შპს ,,...ის“ 2017 წლის 20 ივლისის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N... აქტით შპს ,,...-ისთვის“ 1440,29 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და შპს ,,...ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა, ასევე შესაბამისი ცვლილებები შეეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიჩნეულ იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაუცველობა, კერძოდ, მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელებული იყო 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს 2017 წლის 9 ივლისამდე საქმიანობა დაწყებული არ ჰქონდა. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად 12 დღე და დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად 10 საათის განსაზღვრა, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განსაზღვრა 576,12 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა შპს ,,...ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი, არამედ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის დარიცხული თანხის ოდენობა. კერძოდ, მოსარჩელის (კასატორის) მოსაზრებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არასწორად მიიჩნია მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად 12 დღე და დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად 10 საათი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.
ამასთან, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა სამართალდამრღვევს ეკისრება სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება („სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 8.4 მუხლი).
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. ამავე ნორმის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
ვინაიდან, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა სამართალდამრღვევს ეკისრება სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურებაც და სანქციის დაკისრება დამოკიდებულია უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობაზე და წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისთვის აბონენტისათვის მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის არასანქცირებული მოხმარების ფაქტის დადგენა. ცალსახად და უტყუარად უნდა დასტურდებოდეს წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი და იგი დამყარებული არ უნდა იყოს ვარაუდზე, მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პირისთვის თანხის დარიცხვის საფუძვლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგად მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,...-ის“ დაფუძნების დღიდან წყლის მოხმარების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. მხოლოდ ვარაუდი იმისა, რომ შპს ,,...“ გახსნამდე საჭიროებდა მოწესრიგებას, რაც წყლის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იყო, ...ოს ფართის, სველი წერტილების რაოდენობის გათვალისწინებით არ ადასტურებს დარიცხული თანხის გონივრულობასა და საფუძვლიანობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2017 წლის 20 ივლისის N... აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს ,,...-ზე“ 1440.29 ლარის დარიცხვა განხორციელდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგელებელყოფით, კერძოდ, არასწორად იქნა გათვალისწინებული ობიექტის მიერ სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმი. მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელდა 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, თუმცა ის გარემოება, რომ ...ო 2017 წლის 9 ივლისამდე რაიმე ფორმით ფუნქციონირებდა საქმეში წარმოდგენილი არ არი. შესაბამისად, შპს ,,...მა“ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ უზრუნველყო იმ უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 18.09.2019წ. #30 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება;
3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.09.2019წ. #30 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე