საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1099(კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 5 ივნისს სს ,,...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის No04-09/540 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე. აღნიშნული აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის №04/25458 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონს, რადგან დარღვეულია მათი მომზადებისა და გამოცემის წესი, კერძოდ: №04-09/540 გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა მხარის მონაწილეობის გარეშე, არ იქნა უზრუნველყოფილი მისი (სს ... ,,...ის“) მონაწილეობა, არ ჰქონია საკუთარი მოსაზრების, შუამდგომლობების წარდგენისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ყველა სამართალდარღვევაზე ცალ-ცალკე დაედო ორი სახდელი: შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი და ასანაზღაურებლად აღიარებული თანხის 10%, რითაც მოსარჩელის მოსაზრებით, დაირღვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც გამორიცხავს ორი სახდელის დადებას, ასევე 36-ე მუხლი, რომლის თანახმად „თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები“ . გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი კოდი, უარი ეთქვა დამატებითი კოდის ანაზღაურებაზე და დაჯარიმდა ძირითადი კოდის 10%-ით. გადაწყვეტილებაში მითითებულია: მიმწოდებელი არ დაეთანხმა, შესაბამისად შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ანაზღაურდება. აქედან გამომდინარე გაუგებარია რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაწყვეტილება - არ დაეფინანსებინა მათ მიერვე ასანაზღაურებლად აღიარებული თანხა მხოლოდ იმის გამო, რომ დაეთანხმენენ დაკისრებულ სახდელს. ადმინისტრაციული ორგანოს პირობა, ასანაზღაურებლად აღიარებული თანხის მხოლოდ იმ პირობთ გადახდაზე, თუ მიმწოდებელი დაეთანხმება სხვა შემთხვევის კორექტირებას, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტალურ პირობას, კანონიერებას.
ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელის დადება მოხდა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, კერძოდ: სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა გადაწყვეტილება გამოცემულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან ორ თვეზე გვიან, რითაც დაირღვა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ინსპექტირების ორთვიანი ვადა (მუხლი 14.2), ასევე დარღვეულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელის შეფარდების ორთვიანი ვადა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, „არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით“.
მაკონტროლებლის მხრიდან რაიმე არგუმენტი, მტკიცებულება სამართალდარღვევის არსებობის შესახებ აქტში არ მოიპოვება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილს (ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს) ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ელ და მე 2 ნაწილებს. ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც შემთხვევა არ ანაზღაურდება თუ: „ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%“.
მოსარჩელის განმარტებით, მათ მიერ ყველა გასაჩივრებულ შემთხვევაზე, სწორად იქნა დაფიქსირებული სათანადო ინფორმაცია, მათ შორის სწორად იქნა დაფიქსირებული შესაბამისი კოდები, არ არის დარღვეული ინფორმაციის მიწოდების ვადა, ამდენად გაუგებარია რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის №04-09/540 გადაწყვეტილებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის №04-25458 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ... ,,...ის“ (...ის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (სამედიცინო მომსახურების ნაწილი ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის №04-09/540 გადაწყვეტილება; სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის №04-25458 გადაწყვეტილება; ამავე გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 4.1 მუხლის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მითითებული დადგენილების მე-9 მუხლი ითვალისწინებს პროგრამის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს შემთხვევათა შემდეგ ეტაპებს: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი; დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი, ხოლო მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის (პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები) მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს (რევიზია)ახორციელებს რეგულირების სააგენტო.
ამავე დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები, კერძოდ, ამ ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებს და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამასთან, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ, თუნდაც ინსპექტირების ეტაპზე. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას (მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს კვლევები არ უნდა ჩაეტარებინა და შესაბამისად, არასწორად ჩატარებული კვლევების კოდიც არ უნდა მიეთითებინა ფორმა 100-ში). ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.
სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი დადგენილების მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო ინფორმაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამდენად, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებათა ფარგლები. არც ერთი ნორმა არ ანიჭებს უფლებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეითავსოს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფუნქცია და პირიქით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენლის მსჯელობას, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა შეეფასებინა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 14.1 მუხლში მოცემული საანგარიშგებო დოკუმენტაცია და არ უნდა გასცდენოდა მის ფარგლებს, რადგან აღნიშნული ნორმა არ იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და მასში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ანაზღაურების გაცემამდე ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმების ფარგლები, რაც არ არის გათვალისწინებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან მიმწოდებლის მიერ მისთვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალით კი ირკვევა, რომ სადავო გადაწყვეტილებები ისე იქნა მიღებული, რომ ინსპექტირების ეტაპისათვის დამახასიათებელი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, არც ერთ აქტში არ იქნა მითითებული, თუ კონკრეტულად რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მხრიდან, მაშინ როდესაც ,,კ“ ქვეპუნქტის შემთხვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახითა და ფორმით. გარდა ამისა, მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე და შესაგებელში იქნა მითითებული გარკვეული გარემოებები, რაც მოპასუხის მოსაზრებით დაედო საფუძვლად სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილობრივ ანაზღაურებას, მაგრამ ეს გარემოებები არასრულყოფილია, რადგან მოსარჩელისათვის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის არგუმენტაცია შეეხო მხოლოდ 6 პირს, თ. გ-ას, მ. გ-ას, დ. ა-ას, ლ. ჯ-ას, ც. კ-ასა და ლ. ზ-ას, მაშინ როცა მოსარჩელე ითხოვდა 15 პირის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებას. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამომდინარეობდეს მოტივაციიდან და უნდა იყოს მკაფიო, ადვილად აღსაქმელი დაინტერესებული პირისათვის, რათა იგი აღსრულდეს დაუბრკოლებლად, რასაც მოცემულ ვითარებაში სადავო აქტებთან მიმართებაში ადგილი არა აქვს, ისინი ბუნდოვანია.
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ სამედიცინო დიაგნოზი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავადმყოფის მრავალმხრივ გამოკვლევაზე დაფუძნებული საექიმო დასკვნაა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა პაციენტების ც. კ-ას, ლ. ჯ-ას, ლ. გ-ას, ლ. ზ-ას, მ. გ-ასა და დ. ა-ას მიმართ სს ... ,,...ის“ კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის პროცესში. პალატის მოსაზრებით, სამედიცინო დიაგნოზის შინაარსობრივი სისწორე არ წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინსპექტირების ფარგლებს, სააგენტოს უფლება აქვს შეამოწმოს მხოლოდ დოკუმენტების გამართულობა და შეადაროს მონაცემების სისწორე. ამგვარ ფუნქციას კანონმდებელი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ანიჭებს, რასაც ეს უკანასკნელი ახორციელებს შესაბამისი რევიზიის ჩატარების გზით (იხ. ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-15-15(კ-18)).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სს ,,... ...ი" ...ის მიერ პაციენტებს გაეწით მომსახურება, თუმცა კოდების არასწორად დაფიქსირების საფუძვლით - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის No36 დადგენილების მე-15 მუხლის მე–2 ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი ეთქვათ ანაზღაურებაზე ნაწილობრივ.
დადგენილების მე–11 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე–4 პუნქტის შესაბამისად, განმახორციელებლის მხრიდან სამედიცინო დაწესებულებას წაყენებული აქვს პირობა, სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთებისას, დააფიქსიროს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად, ხოლო შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა (ხორციელდება - ელექტრონულად). სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინებები გადმოიცემა ამ შემთხვევების მიმდინარეობის პერიოდში, მათი ელექტრონულად დახურვამდე. ზედამხედველობის ამ ეტაპით, განმახორციელებელი ელექტრონულად, ოპერატიულად და მიმდინარეობის პარალელურად იღებს ინფორმაციას დამდგარი სამედიცინო შემთხვევის შესახებ. თუმცა უკვე დასრულებული მომსახურების ანაზღაურებისათვის მხოლოდ შეტყობინებათა მოდულში გადმოცემული ინფორმაცია, ბუნებრივია, არასაკმარისია, რისთვისაც დადგენილების მე–8 მუხლის თანახმად, მხარეებს შორის ხორციელდება ანგარიშგება დადგენილი პირობებით. მათ შორის, მე–13 მუხლში მითითებული წესით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით შემთხვევათა რეესტრით წარმოდგენის გზით, რომელიც წარედგინება სააგენტოს, რიგ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მოიცავს პაციენტის დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად. ასევე სააგენტოს ნაბეჭდი სახით წარედგინება ფორმა 100/ა–ც (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების მეშვეობით). დადგენილების მე–14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სააგენტოს ეძლევა შესაძლებლობა, ამავე მუხლით დადგენილ ვადაში, განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, რა დროსაც ხორციელდება წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა 100/ა-სა და შემთხვევათა რეესტრთან.
ინსპექტირების შედეგები წარმოშობს სამედიცინო შემთხვევების კლასიფიცირების საფუძვლებს, რომლებიც მოცემულია დადგენილების მე–15 მუხლში. მათ შორის, ამ მუხლის მე–2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: „შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ წარმოდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს...“ ამ წინადადების შემდეგ, სიტყვები „მათ შორის“ მოყვანილია იმ მიზნით, რომ დაასახელოს ასეთ საფუძველში შემავალი რამდენიმე ქვესაფუძველი, თუმცა ამგვარი დასახელებით არ ამოწურავს გარემოებებს, როდესაც განმახორციელებელი უფლებამოსილია დადგენილების მე–15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ზოგადი ჩვენებით, უარი უთხრას მიმწოდებელს მომსახურების ანაზღაურებაზე. დაახლოებით ანალოგიურ პირობას აყალიბებს ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, „თუ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის - ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება.“ განსახილველ შემთხვევებში, სააგენტო არ შედავებია მიმწოდებელს, რომ არასწორად შეარჩია მკურნალობის მეთოდი. პრეტენზია იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ პაციენტის დიაგნოზი ურთიერთშეუსაბამოდ არის გადმოცემული.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებულნი არიან, დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 19 აგვისტოს #338/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესის“ მე–3 მუხლის თანახმად, ცნობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იწერება პაციენტის სრული დიაგნოზი ძირითადი დაავადების, თანმხლების დაავადებისა და გართულებების ფორმულირებით და შესაბამისი კოდის მითითებით, დაავადებათა საერთაშორისო - კლასიფიკაციის მიხედვით.
კასატორის განმარტებით, კონკრეტული საქმის მასალების განხილვისას გამოიკვეთა, რომ საქმეზე გადაწყვეტილებების მიღებას წინ უძღოდა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური განხილვა, მოსმენილ იქნა მისი არგუმენტები, გამოკვლეულ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მხარის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას საქმის განხილვაში, ფლობდნენ ინფორმაციას მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შესაბამისად, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნება ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეულ და შესწავლილ ფაქტებს, არგუმენტებსა და- მტკიცებულებებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში სრულად იქნა დაცული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცედურები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. განსახილველ შემთხვევებში, პროგრამულად დაფიქსირებულია დამატებითი კოდები და არა ძირითადი, რაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების შესაბამისად, იწვევს შესაბამის სანქციებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სს ... ,,...ის“ ...მა გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება გაუწია მ. ნ-ას, ნ. ხ-ას, ც. კ-ას, ლ. ჯ-ას, ბ. დ-ას, ზ. ფ-ას, თ. ჭ-ას, ლ. გ-ას, ლ. ზ-ას, გ. ჩ-ას, ლ. რ-ას, ა. კ-ის, მ. გ-ას, ო. გ-ს და დ. ა-ას. ღნიშნული პირებისათვის ძირითადი - ნოზოლოგიური, თანხმლები და ჩატარებული კვლევების კოდების შესაბამისად გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრს, რომელმაც 2018 წლის 22 იანვარს მიღებული №04-09/540 გადაწყვეტილებით ინსპექტირების ეტაპზე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევები არ უნდა ანაზღაურებულიყო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის №04-09/540 გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2018 წლის 02 მაისის №04/25458 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამის სადავო შემთხვევებზე ინსპექტირების ეტაპზე მხოლოდ შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით ანაზღაურების ნაწილში, კერძოდ, მოსარჩელეს აუნაზღაურდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდისათვის გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილე პირთა (სულ 15 პირი) მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის №04-09/540 გადაწყვეტილებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის №04-25458 გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. აღნიშნული „პროგრამების“ მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, პროგრამების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიმწოდებლად ითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით და დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის განმახორციელებელთან ან გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს იმ პროგრამის (კომპონენტის/ქვეკომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის/მომსახურების დაფინანსება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. ვაუჩერულ პროგრამებში, წინამდებარე დანართი, ასევე თანდართული პროგრამები, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მიზნებისათვის, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. ამასთან, შემთხვევათა ზედამხედველობის ეტაპებს წარმოადგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი. („პროგრამის“ 9.4 მუხლი). მითითებული „პროგრამის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 14.1 მუხლის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან მიმწოდებლის მიერ მისთვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს (16 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო გადაწყვეტილებები ისე იქნა მიღებული, რომ ინსპექტირების ეტაპისათვის დამახასიათებელი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, არც ერთ აქტში არ იქნა მითითებული, თუ კონკრეტულად რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მხრიდან, მაშინ როდესაც ,,კ“ ქვეპუნქტის შემთხვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახითა და ფორმით. ამასთან, მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე და შესაგებელში იქნა მითითებული გარკვეული გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილობრივ ანაზღაურებას, მაგრამ აღნიშნული გარემოებებიც არასრულყოფილია, რადგან მოსარჩელისათვის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის არგუმენტაცია შეეხო მხოლოდ 6 პირს: თ. გ-ას, მ. გ-ას, დ. ა-ას, ლ. ჯ-ას, ც. კ-ასა და ლ. ზ-ას, მაშინ როცა მოსარჩელე ითხოვდა 15 პირის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს ზაკ-ის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. სააგენტოს საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რომლებიც წარმოების ჩატარებას, აქტის გამოცემას და მისი ადრესატისადმი გაცნობას უკავშირდება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს. უნდა იყოს სრული, ამომწურავი. მისი შინაარსი ისე მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გამოირიცხოს ორაზროვნება, ბუნდოვანება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება სს ... ,,...ის“ ...ის განცხადებასთან დაკავშირებით. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარზე 09.10.2019წ. №32616 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი, ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.10.2019წ. №32616 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე