საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1308(კ-19) 27 იანვარი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ბ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირი - რ. გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ბ. ს-მა 2017 წლის 21 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა ამავე ბიუროს 2017 წლის 7 ნოემბრის №1133 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება რ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ს-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით ბ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ბ. ს-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და გაავრცელა სადავო შემთხვევაზე მაშინ, როდესაც სააღსრულებო ფურცელი არ ეხება მშობლისათვის ბავშვის გადაცემასა თუ ბავშვთან მშობლის ურთიერთობის უფლების განხორციელებას. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, ზესტაფონის რაიონული სასამართლო საერთოდ არ გასცემდა სააღსრულებო ფურცელს, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღსრულებას. უფრო მეტიც, 2016 წლის 19 ოქტომბერს ბ. ს-მა ბიუროსგან მოითხოვა ინფორმაცია, შესაძლებელი იყო თუ არა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის განჩინების იძულებითი აღსრულება და 2016 წლის 28 ოქტომბერს დადებითი პასუხი მიიღო.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებლად დაუბრუნდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა არ არის გამოკვლეული, რატომ იყო შეუძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოვალე არ ასრულებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, აღმასრულებელმა და სასამართლომ არ გაითვალისწინეს იმავე კანონის 87-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა და მოვალე არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ან სასამართლოს უნდა მიემართათ საგამოძიებო ორგანოებისთვის.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სასამართლოების მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩელისთვის სააღსრულებო ფურცლის, ფაქტობრივად და სამართლებრივად აღსრულების შეუძლებლობის მოტივით, აღუსრულებლად დაბრუნების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. რაც შეეხება აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს, იმავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო, დასახელებული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებითი წესით აღსასრულებლად, აუცილებელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარებოდეს სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულებას და გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი იყოს ფაქტობრივად და სამართლებრივად. ამრიგად, სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებითი აღსრულების დაწყება, მიმდინარეობა და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია, ერთი მხრივ, აღსასრულებელი აქტის სამართლებრივ ბუნებაზე, მეორე მხრივ კი, თავად კონკრეტული შემთხვევისა და მოწესრიგების თავისებურებებზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის №2/148 განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის 1.3. პუნქტით მოპასუხე ბ. ს-მა ნება დართო მოსარჩელე რ. გ-ეს, რათა მისი (მამის) დამატებითი ნებართვის გარეშე დაემზადებინა შვილისთვის - ა. ს-ისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეუზღუდავად გადაეყვანა სახელმწიფო საზღვარზე, საქართველოში გამომგზავრებამდე კი ორი კვირით ადრე ეცნობებინა ბ. ს-ისთვის ბავშვის შეყვანისა და გამოყვანის დროის შესახებ, სატელეფონო შეტყობინებით და ელექტრონული ფოსტით. შეუტყობინებლობის შემთხვევაში მოპასუხე მხარე უფლებას იტოვებდა, სადავო გაეხადა მოსარჩელისათვის მიცემული აღნიშნული უფლება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით; 1.4. პუნქტით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე რ. გ-ე საალიმენტო დავასთან დაკავშირებით გამოიხმობდა სარჩელს როგორც საქართველოს, ისე უცხო სახელმწიფოს იურისდიქციის სასამართლოდან, თუ ამ შეთანხმების დადასტურების მომენტისათვის ასეთი შეტანილი აღმოჩნდებოდა.
ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინებაზე, ზემოაღნიშნული პუნქტების ნაწილში, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 1 ნოემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ბ. ს-მა 2016 წლის 7 ნოემბერს აღსასრულებლად წარუდგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყო იძულებითი აღსრულება (მოვალეს გაეგზავნა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, განხორციელდა მოვალის ინფორმირება საჯარო შეტყობინების გზით). ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 7 ნოემბრის №1133 ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A16116502 სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება, იმავე სააღსრულებო ბიუროს უფროსს კი დაევალა ბ. ს-ისათვის სააღსრულებო წარმოების განხორციელებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცლის 1.3. და 1.4. პუნქტები იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დასახელებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს აღსასრულებელი პუნქტების შინაარსსა და მოწესრიგებაზე, რამეთუ სააღსრულებო ბიუროს ვალდებულებაში შედის სააღსრულებო ფურცელში ასახული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი კონკრეტული მოვალეობების აღსრულება. სადავო შემთხვევაში კი, 1.3. პუნქტი ეხებოდა მშობლების ურთიერთობის მოწესრიგებას ბავშვის საქართველოს საზღვრიდან გაყვანის შემთხვევაში, ხოლო 1.4. პუნქტი - ავალდებულებდა რ. გ-ეს, გამოეხმო შეთანხმების დადასტურების მომენტისთვის, ალიმენტთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 1.3. პუნქტი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულებას ვერ დაექვემდებარებოდა, რადგან აწესრიგებდა მშობლების ურთიერთობას ბავშვისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანის საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ბიურო მოკლებული იყო გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულების შესაძლებლობასაც, ვინაიდან იგი არ არის აღჭურვილი იმგვარი უფლებამოსილებებითა და სამართლებრივი ბერკეტებით, რომ აიძულოს მხარე გაუგზავნოს მეორე მშობელს შეტყობინება ბავშვის საქართველოდან გაყვანისას.
რაც შეეხება სააღსრულებო ფურცლის 1.4. პუნქტს, სააღსრულო ბიურო ასევე მოკლებული იყო ამ ქვეპუნქტის ფაქტობრივად აღსრულების შესაძლებლობას, ვინაიდან არ შეუძლია აიძულოს მხარე გამოიხმოს სარჩელი სასამართლოდან, ან თავად მიმართოს სასამართლოს მსგავსი დავის მიმდინარეობის ფარგლებში საქმის წარმოების დასრულების მოთხოვნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ სადავო სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტისთვის იტალიის (პრატოს) სასამართლოს უკვე ჰქონდა მიღებული 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ს-ს რ. გ-ისთვის შვილის სარჩენი თანხის გადახდა დაეკისრა. შესაბამისად, სააღსრულებო ბიურო, მით უფრო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, გავლენა მოეხდინა უკვე დასრულებულ სასამართლო წარმოებაზე.
დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ბ. ს-ს სააღსრულებო ფურცელი მართებულად დაუბრუნდა აღუსრულებლად. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა თუ სააღსრულებო წარმოების დაწყება არ გამორიცხავს აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებას, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, უარი უთხრას მხარეს აღსრულებაზე და უკვე განხორციელებული მოქმედებები გააუქმოს. კანონმდებელმა სპეციალურად გაითვალისწინა სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებლად დაბრუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც იგი ბიუროს მიერ იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, აღუსრულებლობის შეუძლებლობა არსებობდა სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე თუ შემდეგ გამოვლინდა.
რაც შეეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რ. გ-ის მიერ ნებაყოფლობით შეუსრულებლობას, სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს მესამე პირის მიერ განხორციელებული ქმედებების მართლზომიერებას, რამეთუ განსახილველი დავის ფარგლებში მხოლოდ სააღსრულებო ბიუროს ქმედებები ფასდება.
კასატორი ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაზე. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი ემსახურება სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებითი აღსრულების განხორციელებას, მოვალის იძულებას, შეასრულოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში კი, ვინაიდან სააღსრულებო წარმოებაზე მოსარჩელეს უარი მართებულად ეთქვა, სადავო გადაწყვეტილება არ ექვემდებარება ბიუროს მიერ იძულებით აღსრულებას, ხოლო, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რ. გ-ის ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მან შესაბამისი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა გასაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულებაზე უარის თქმა არ იწვევს ბავშვის უფლებათა დარღვევას და არც კასატორის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას სპობს, რადგან საოჯახო დავების მიმდინარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ბავშვთან ურთიერთობის სხვაგვარად დარეგულირების მოთხოვნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ მორიგების აქტითვე იქნა გათვალისწინებული, რომ შეტყობინების წესის დარღვევის შემთხვევაში კასატორს შეეძლო, სადავოდ გაეხადა რ. გ-ისთვის მინიჭებული უფლება, ასევე, ალიმენტთან დაკავშირებულ დავებში მოსარჩელეს, როგორც საპროცესო მხარეს, შეუძლია დაიცვას თავი საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების სათანადოდ რეალიზაციის გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება;
3. კასატორს - ბ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 21 თებერვლის №1 საგადასახადო დავალებით მ. გ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე