საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1085(კ-20) 27 იანვარი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:დ. გ-ემ 2019 წლის 4 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 ივნისის №... და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, დ. გ-ის სახელზე ქუთაისის მმაჩის ბიუროს მიერ 1955 წლის 29 დეკემბერს რეგისტრირებული დაბადების №520 აქტის ჩანაწერის ძალაში დატოვება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის დ. გ-ის სახელზე ახალი დაბადების მოწმობის გაცემის დავალება, სადაც მოსარჩელის დაბადების თარიღად მითითებული იქნება 1948 წლის 24 დეკემბერი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 ივნისის №... და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები; ძალაში დარჩა ქუთაისის მმაჩის ბიუროს მიერ დ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული, 1955 წლის 29 დეკემბრის დაბადების №520 სააქტო ჩანაწერი; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს კი დაევალა დ. გ-ის სახელზე 1948 წლის 24 დეკემბრის თარიღით დაბადების მოწმობის გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იმავე სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ 1950 წელს დ. გ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია განხორციელებულია სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 120-ე, 130-ე მუხლების შესაბამისად. რაც შეეხება 1955 წელს განხორციელებულ სააქტო ჩანაწერს, იგი გაცემულია სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით და რადგან მოსარჩელის მიმართ დაბადების აქტის კანონიერი ჩანაწერი უკვე რეგისტრირებული იყო, არ არსებობდა მისი აღდგენის წესით, განმეორებით რეგისტრაციის საკანონმდებლო წინაპირობა. სწორედ ამიტომ, კასატორები უპირატესობას ანიჭებენ 1950 წლის სააქტო ჩანაწერს.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების აღსრულების შემთხვევაში მოსარჩელე მაინც ვერ მიაღწევს სამართლებრივ შედეგს, რადგან მის მიმართ ძალაში რჩება 1950 წლის 27 აგვისტოს სააქტო ჩანაწერიც. კასატორები, ასევე, მიუთითებენ, რომ მოსარჩელის ქორწინების მოწმობაში შევიდა ცვლილება და მისი დაბადების თარიღად მიეთითა 1950 წლის 1 აგვისტო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იმავე სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. იმავე კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი მხოლოდ ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, თუკი ერთი და იმავე პირის მიმართ არაერთხელ იქნება რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერი, მათგან ძალაში უნდა დარჩეს ჩანაწერი, რომელიც პიროვნების დაბადების შესახებ სწორ მონაცემებს შეიცავს. სწორი მონაცემები კი უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობს დაბადების ორი სააქტო ჩანაწერი: 1. 1950 წლის 27 აგვისტოს ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულია დაბადების სააქტო ჩანაწერი №42 შემდეგი მონაცემებით: დ. გ-ე, დაიბადა 1950 წლის 1 აგვისტოს, აქტი რეგისტრირებულია მოსარჩელის მამის განცხადების საფუძველზე; 2. ქუთაისის მმაჩის ბიუროს მიერ 1955 წლის 29 დეკემბერს რეგისტრირებულია დაბადების აქტის ჩანაწერი №520 შემდეგი მონაცემებით: დ. გ-ე, დაბადებული 1948 წლის 24 დეკემბერს, დაბადების აქტი რეგისტრირებულია მოსარჩელის დედის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული ორი ჩანაწერის არსებობის გამო კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ქუთაისის მმაჩის ბიუროს მიერ დ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული, 1955 წლის 29 დეკემბრის დაბადების აქტის ჩანაწერი №520.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ჩანაწერების კანონიერების შესწავლისას და ერთ-ერთი მათგანისთვის უპირატესობის მინიჭებისას, სააგენტოს უნდა შეესწავლა, რომელ ჩანაწერში ასახული ინფორმაცია არის მეტად სარწმუნო, დამაჯერებელი, რეალურად ასახავს მოსარჩელის დაბადების ფაქტს, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა მსგავს შემთხვევაში სწორედ ფაქტის სწორად დადგენას ენიჭება. მოპასუხეებს კი ეს საკითხი არ გამოუკვლევიათ და ძირითად არგუმენტად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ 1950 წლის სააქტო ჩანაწერი გაცემულია სადავო პერიოდში მოქმედი ვადების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 130-ე და 134-ე მუხლები ადგენდა როგორც ბავშვის დაბადების ჩანაწერის რეგისტრაციის ვადას (ბავშვის დაბადებიდან ორი თვის ვადაში უნდა შეტანილიყო განცხადება), ისე უფლებამოსილ ჩამწერ ორგანოს (იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბავშვი დაიბადა, ან სადაც ცხოვრობს ერთ-ერთი მშობელი). მართალია, დაბადების ჩანაწერის რეგისტრაციის ვადა დაცულია მხოლოდ 1950 წლის სააქტო ჩანაწერის შემთხვევაში, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი არ ადასტურებს მის სისწორეს, რადგან ამ შემთხვევაში დაცული არ არის ჩამწერი ორგანოს ტერიტორიული უფლებამოსილების პრინციპი. კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელე დაიბადა ქუთაისში, მისი მშობლებიც ცხოვრობდნენ ქუთაისში, ხოლო ქუთაისის მმაჩის ბიუროს მიერ სააქტო ჩანაწერი გაცემულია მხოლოდ 1955 წლის შემთხვევაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული ყველა დოკუმენტი შეიცავს დაბადების თარიღზე მითითებას 1955 წლის სააქტო ჩანაწერის გათვალისწინებით. კერძოდ, მოსარჩელის დაბადების მოწმობაში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის პასპორტში, ქორწინების მოწმობაში, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, საბინაო წიგნში მოსარჩელის დაბადების თარიღად ფიქსირდება 1948 წლის 24 დეკემბერი. მოსარჩელის მიმართ გაცემულ დოკუმენტებში არსად არის მითითება, რომ იგი 1950 წელს დაიბადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოთა მიერ მართებულად მიენიჭა უპირატესობა 1955 წლის სააქტო ჩანაწერს და სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა. მოცემული გარემოებიდან გამომდინარე კი, 1950 წლის სააქტო ჩანაწერი ვერ იქნება ინფორმაციის სათანადოდ ამსახველ დოკუმენტად შეფასებული და სააგენტომ უნდა გამოასწოროს მოსარჩელის სახელზე ერთდროულად ორი აქტის რეგისტრაციის ფაქტი იმგვარად, რომ სასამართლოს მიერ მიღებული, შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არ შეეშალოს. შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იმავე სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს 2020 წლის 25 სექტემბრის №41525 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ნ. ქადაგიძე