Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1062(კ-19) 27 იანვარი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი. თ-მა 2017 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებისა და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 24 თებერვლის №04-05-02/711, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №04/19166 და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 21 მარტის აქტების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის - ი. თ-ის პირადი საქმისა და საჭირო დოკუმენტაციის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებისათვის გადაგზავნის, ხოლო ხსენებული განყოფილებისთვის ი. თ-ის განცხადების განხილვისა და სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე აქტის გამოცემის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 24 თებერვლის №04-05-02/711, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №04/19166 და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 21 მარტის აქტები; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაგზავნა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა ი. თ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმავე სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებისა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. თ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო ურთიერთობის სპეციალურ რეგულირებას აწესებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც პენსიის დანიშვნას გამორიცხავს, თუ პირს განაჩენით ჩამორთმეული აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება. კასატორი ზოგად კანონად მიიჩნევს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მიხედვითაც, პირი კომპენსაციის მიღების უფლებას კარგავს, თუ თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. კასატორი მიუთითებს, რომ ზოგადი კანონით პირი ნებისმიერი არამართლზომიერი ქმედების ჩადენისათვის კარგავს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის თანახმად, ორი კანონის მოქმედების პირობებში, გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური კანონი. ამასთან, მართალია, ზოგადი კანონის ამოქმედების შემდეგ, სპეციალურ კანონში შევიდა ცვლილებები და გაუქმდა ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნისა და გაცემის, პენსიის გადაანგარიშების ძირითადი წესები, თუმცა სპეციალურ კანონში არ გაუქმებულა დანაწესი, რომელიც კომპენსაციის დანიშვნის გამორიცხვას წოდების ჩამორთმევას უკავშირებს. მითითებული გარემოება, კასატორის განმარტებით, ადასტურებს, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი და ვინაიდან მოსარჩელეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო სამსახურიდან გათავისუფლების მიუხედავად, არ ჩამორთმევია წოდება, მას უნდა დაენიშნოს შესაბამისი კომპენსაცია.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას ერთი გადაცდომისათვის სამი სახის სასჯელი დაეკისრა, კერძოდ, ადმინისტრაციული გადაცდომის გამო იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა და დაკარგა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. კასატორის მოსაზრებით, მსგავსი მიდგომა არღვევს სასჯელის დადების პრინციპს და ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სახდელისა თუ ნასამართლობის გაქარწყლების წესებს, რამეთუ ზოგადად, ადმინისტრაციული სახდელისა და ნასამართლობის გაქარწყლების შემდეგ პირი უნდა აღდგეს ყოველგვარ უფლებაში.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას, მათ შორის, კასატორი ასახელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის №ბს-502-497(კ-11), 2017 წლის 23 თებერვლის №ბს-902-894(2კ-16) განჩინებებს, რომლებითაც გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულ პირებს დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ თუკი მისი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის არაკონსტიტუციურად აღიარების მოთხოვნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ი. თ-ისთვის, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილი პირისთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხს შეეხება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (1996 წ.). გარდა ამისა, 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის პირველივე პუნქტში გაცხადებულია, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტში კი კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტად დასახელებულია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირებიც.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები და გაუქმდა ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნისა და გაცემის, ასევე, პენსიების გადაანგარიშების ძირითადი წესები. შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი მოიცავს იმ სამართალურთიერთობას, რასაც 2006 წლის პირველ იანვრამდე აწესრიგებდა მხოლოდ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირებისთვის კომპენსაციის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს 2005 წლის კანონის მოთხოვნები, მათ შორის, კომპენსაციის დანიშვნის გამომრიცხველი გარემოებები. კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბიტილირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, მართალია, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპენსაციის დანიშვნას გამორიცხავს მხოლოდ წოდების ჩამორთმევა, თუმცა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, წოდების შენარჩუნება საკმარისი არ არის და თუ პირი სამსახურიდან დათხოვნილ იქნება არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, იგი ასევე კარგავს კომპენსაციის მიღების უფლებას. შესაბამისად, 2006 წლიდან კომპენსაციის მოსაპოვებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ წოდების შენარჩუნების საკითხი, არამედ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც, რამეთუ დასახელებული კანონები ერთობლივად უნდა იქნეს გამოყენებული. მათ შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, უპირატესობა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, მაინც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს უნდა მიენიჭოს, როგორც უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. თ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში იმუშავა 21 წელი და 5 თვე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლით - 23 წელი და 5 თვე, თუმცა კასატორი 2011 წლის 7 სექტემბერს დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, „შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლის საფუძველზე (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო), ვინაიდან ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 (შვიდი) დღის ვადით. ამდენად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდის გათვალისწინებით, მასზე ვრცელდებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და რადგან კასატორი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, მას სახელმწიფო კომპენსაცია ვერ დაენიშნებოდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება სასჯელის დანიშვნის პრინციპებს, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ ხდება პირის ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ მსჯავრდება, არამედ ერთსა და იმავე ქმედებას მოჰყვება სხვადასხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ღონისძიებების გატარება. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება სასამართლოთა დადგენილ პრაქტიკას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დასახელებული განჩინებები სხვა სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით არის მიღებული. შესაბამისად, ი. თ-ს მართებულად ეთქვა უარი წარდგინების გაგზავნასა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე.

რაც შეეხება კასატორის მითითებას კონსტიტუციური წარდგინების გაგზავნაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის და კონსტიტუციური წარდგინების გაგზავნის წინაპირობა არ არსებობს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური წარდგინების საკითხს სასამართლო წყვეტს დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ხოლო თუ მხარე კონკრეტულ ნორმას არაკონსტიტუციურად და მისი უფლებების შემზღუდველად მიიჩნევს, იგი ასევე არის უფლებამოსილი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე