საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-916(2კ-19) 27 იანვარი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ბ-ი
მესამე პირი - ...ოს ფილიალი „...ო“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ნ-მა 2015 წლის 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 იანვრის №1/1-29 ბრძანების, 2013 წლის 5 თებერვლის №5/1968 და 2013 წლის 16 აგვისტოს №5/24421 მიმართვების ნაწილობრივ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 17 ივლისის №1-1/301 ბრძანების სრულად ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება „...ო“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 იანვრის №1/1-29 ბრძანება და 2013 წლის 5 თებერვლის №5/1968 მიმართვა იმ ნაწილში, რომლითაც გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 0,09 ჰა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 აგვისტოს №5/24421 მიმართვა იმ ნაწილში, რომლითაც გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 0,09 ჰა მიწის ნაკვეთი გამიჯვნის შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა ორ ნაკვეთად (791 მ2 - №... საკადასტრო კოდით, ხოლო 91 მ2 - №... საკადასტრო კოდით); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 17 ივლისის №1-1/301 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და „...ომ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, მ. ნ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება, ხოლო 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და მ. ნ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ი. ბ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „...ოს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემადე გამოკვლეულ იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, გადამოწმდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემებები და სადავო ნივთზე მ. ნ-ის შესაძლო საკუთრების უფლების ან ფლობის შესახებ ინფორმაცია არსად ყოფილა დაცული. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ 2013 წლის 5 თებერვლის №5/1968 მიმართვა არ იყო დამოუკიდებელი აქტი, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში უნდა შემწყდარიყო საქმის წარმოება.
სააგენტოს საკასაციო საჩივრის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უპირისპირდება ერთმანეთს, კერძოდ, მოსარჩელეს აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტის სახით), ხოლო სახელმწიფოს - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც მან მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, სასამართლოებმა არ დაასაბუთეს, რატომ მიანიჭეს უპირატესობა მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ მოსარჩელეს დაკარგული აქვს ნივთზე როგორც ფაქტობრივი ბატონობა, ისე მართლზომიერი მფლობელობა.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება გამოსცა სათანადო წესით წარმართული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად და იგი შეესაბამება კანონს, რადგან მოსარჩელეს სადავო ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ჰქონია, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანო ობიექტურად ვერ გადაამოწმებდა. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონიერი ნდობის პრინციპი, რადგან გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს მესამე პირისათვის უფლების რეალიზაციის წინაპირობას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით გამოცემული აქტების კანონიერება, მოსარჩელის საკუთრების უფლების შელახვის თვალსაზრისით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ქონების მართვაზე უფლებამოსილ პირს, შეუძლია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კონკრეტულ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებად ვერ ჩაითვლება და არ უნდა აღირიცხოს ისეთი ნივთი, რომელსაც ჰყავს მესაკუთრე ან რომლის მიმართაც სხვა პირს გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი სამართლებრივი პრეტენზია. სწორედ ამიტომ, თუკი ადმინისტრაციული ორგანო მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მასვე ევალება, გამოიკვლიოს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე არა მხოლოდ სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი, არამედ - საკუთრების უფლების წარმომშობი საფუძვლის არსებობის საკითხიც, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება თუ დარეგისტრირებული არ არის, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამავე უძრავ ნივთზე პირს საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი არ გააჩნია. საკუთრების უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, დაუშვებელია შეილახოს პირის უფლება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მას საკუთრების უფლება დარეგისტრირებული არ აქვს, თუმცა გააჩნია შესაბამისი, საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 5 თებერვალს №5/1968 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მიმართვას თან ახლდა „უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ იმავე სააგენტოს 2013 წლის 30 იანვრის №1/1-29 ბრძანება. შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილებით გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 882 მ2 მიწის ნაკვეთი, №... საკადასტრო კოდით აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 16 აგვისტოს №5/24421 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავი ქონების გამიჯვნის მოთხოვნით. შედეგად, გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 882 მ2 მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებას აღირიცხა ორ მიწის ნაკვეთად: 91 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - №... საკადასტრო კოდით და 791მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - №... საკადასტრო კოდით.
საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებული ნივთის მიმართ, თუმცა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ჰქონდა. კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2015 წლის 11 თებერვლის №AA2015005562-03 საარქივო ცნობის თანახმად, 1994 წლის 2 მაისის მიწის მიღება-ჩაბარების №776 აქტით მ. ნ-ს გამოეყო 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, ორ ნაკვეთად, ფართებით - 0,06 ჰა და 0,09 ჰა. ფაქტი, რომ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული ნივთი ფარავს აღნიშნული მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ ნივთს, დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 7 ივლისის №... გადაწყვეტილებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 27 იანვრის №5000380016 ექსპერტიზის დასკვნით.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დაირეგისტრირა ისეთი უძრავი ნივთი, რომლის მიმართაც მოსარჩელეს გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი, საკუთრების უფლების წარმომშობი პრეტენზია. ამდენად, სადავო აქტებით მოსარჩელის საკუთრების უფლება უკანონოდ შეილახა, რადგან სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის კანონიერებას გამორიცხავს არა მხოლოდ უკვე რეგისტრირებული უფლება, არამედ ასეთ ქონებაზე სხვა, კერძო პირის მიერ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ფლობაც. სახელმწიფომ ისე უნდა დაირეგისტრიროს ნივთი საკუთრებაში, რომ არ ხელყოს სხვა პირის კანონიერი უფლება. მითითებული პრინციპი სადავო შემთხვევაში დარღვეულია, რაც მართებულად გახდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორთა განმარტებას, რომ სადავო შემთხვევაში არსებობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი ორი თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტი, რადგან მოსარჩელის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი გასაჩივრებულ აქტებს სამართლებრივ საფუძველს აცლის და ისინი თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტებად განხილული ვერ იქნება.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ 2013 წლის 5 თებერვლის №5/1968 მიმართვა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ამონაწერში სახელმწიფოს უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია ხსენებული მიმართვაც. ამრიგად, მითითებული მიმართვა მართებულად იქნა სასამართლოთა მიერ ბათილად ცნობილი.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, რადგან ცალსახად დადასტურებულია სადავო აქტების უკანონობა და შედეგად - მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფა, კანონიერი ნდობა კი სახელმწიფოს მის მიერვე გამოცემული აქტების მიმართ ვერ ექნება, ხოლო მესამე პირთა უფლების იმგვარი შეზღუდვა, რაც კანონიერ ნდობაზე მითითებით, სადავო აქტების ძალაში დატოვების წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო, არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე