Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-723(2კ-19) 27 იანვარი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...“-ის წარმომადგენელმა 2016 წლის 19 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 18 აგვისტოს №139667 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ოქტომბრის №38286 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 22 აპრილის გადაწვეტილების (საჩივარი №11370/2/15) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 18 აგვისტოს №139667 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ოქტომბრის №38286 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება №11370/2/15 საჩივარზე და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საგადასახადო ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით სსიპ შემოსვლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება. დასახელებული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 286-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადებით, რომლის არარსებობაც საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. კასატორი მიუთითებს, რომ შპს „...“-ის საჩივრით წარდგენილი დოკუმენტაციის, ასევე მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამოწმების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის განხილვის შემდეგ, ვერ დადგინდა გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირებისთვის ზედნადების გამოწერის ფაქტი, სამართალდარღვევის არარსებობის თაობაზე დამატებითი არგუმენტაცია ან დოკუმენტაცია კი კომპანიას არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, საგადასახადო სამართალდარღვევის (სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების) განმეორებით ჩადენილად მიჩნევიდან გამომდინარე, მოსარჩელის დაჯარიმების კანონიერება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა, თუკი ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნული საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება. მოცემული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ამრიგად, კანონმდებლობა განსხვავებულ ფინანსურ სანქციას აწესებს იმის მიხედვით, სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად თუ განმეორებით. სამართალდარღვევა კი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. შესაბამისად, პირის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით დაჯარიმებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულების დარღვევა, არამედ ასეთი დარღვევა 12 თვის განმავლობაში ორჯერ უნდა იყოს ჩადენილი, რა დროსაც პირველი დარღვევა უკვე უნდა იყოს გამოვლენილი და მასზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი კანონიერი უნდა იყოს. პირველი სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიუხედავად, თუკი იგი ბათილად იქნება ცნობილი საჩივრის ან სარჩელის განხილვისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ და დადგინდება, რომ სამართალდარღვევა პირს არ ჩაუდენია, მაშინ სამართალდარღვევის ფაქტზე მეორე რეაგირება განხილულ უნდა იქნეს არა როგორც დარღვევის განმეორებით ჩადენა, არამედ შეფასებულ უნდა იქნეს როგორც პირველად ჩადენილი სამართალდარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...“-ის მიმართ 2015 წლის 18 აგვისტოს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ნამდვილად ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, რაც საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე განმეორებით ტრანსპორტირებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რათა დაცული ყოფილიყო საგადასახადო სანქციის სწორად შეფარდების ვალდებულება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შპს „...“-ს არ გაუსაჩივრებია, სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ ფაქტის შეფასება, სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად თუ მართებულად იქნა გამოყენებული დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული სანქცია.

ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, სადავო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას შპს „...“-ის მიმართ 2015 წლის 28 იანვარს უკვე იყო შედგენილი №108256 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასახელებული სამართალდარღვევის ოქმი ბათილად არის ცნობილი. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოდ დადასტურებულია, რომ 2015 წლის 28 იანვარს მოსარჩელეს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რის გამოც იმავე წლის 18 აგვისტოს საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება ვერ იქნება შეფასებული განმეორებით ჩადენილ სამართალდარღვევად. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელე არასწორად დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე და ახალი წარმოების ფარგლებში საგადასახდო ორგანოებმა გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე სათანადო და კანონიერი რეაგირება უნდა მოახდინონ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე