Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-238(2კ-20) 27 იანვარი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ. ბ-ი

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირი - შპს „...ი“

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ბ-მა 2017 წლის 2 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო საქმეზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების (ქონებაზე ყადაღის დადება, ქონების შეფასება, აუქციონის დანიშვნა - ჩატარება და აუქციონის შედეგად მიღებული ფულადი თანხების მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა (გადაცემა)) განხორციელების დავალება, ასევე მოთხოვნილ იქნა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით 26952,55 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ, 2012 წლის 13 მარტის სააღსრულებო ფურცლის (საქმე №2ბ/2968-11) აღსრულების მიზნით მოვალის - შპს „...ის“ ქონების (კუთვნილი წილის) შეფასება, აუქციონის ჩატარება და თ. ბ-ისათვის (კრედიტორი) თანხის გადაცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, თ. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში კი სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. ამასთან, აპელანტმა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას, 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე, დააზუსტა, რომ ითხოვს მოპასუხისთვის ზიანის (26952,55 ევროს ეკვივალენტი ლარში) ანაზღაურების დაკისრებას სააღსრულებო წარმოების პროცესის დაყოვნების გამო 2016 წლის 22 აპრილიდან (საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციიდან) 2018 წლის 4 აპრილამდე (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე) პერიოდის განმავლობაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება თ. ბ-ისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოცემულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე თ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2850,19 ლარის (ორი ათას რვაას ორმოცდაათი ლარი და ცხრამეტი თეთრი) ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-მა და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი თ. ბ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სასამართლო აქტების სავალდებულოობის პრინციპის შელახვის გარდა, პირველ რიგში, ზიანს აყენებს მოსარჩელეს და მხოლოდ შემდეგ ხელყოფს საკუთრების უფლებას. აღუსრულებლობა პირდაპირ არ შეიძლება დაუკავშირდეს საკუთრებას, ზიანის ანაზღაურების დამოუკიდებელი საფუძვლების ცნობის გარეშე. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სასამართლოს აქტის აღუსრულებლობის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობდა ხელით და ზიანი ადგებოდა როგორც ჯანმრთელობის გაუარესების სახით (ხელის არქონა და ამპუტირებულ მხარეს სიმძიმის არარსებობა ხელის წონით ხელს უშლის ჯანმრთელობის იმ მდგომარეობით შენარჩუნებას, რომელიც ამპუტირების მდგომარეობით არსებობდა), ისე ხელის არქონით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს, მიუღებელი შემოსავლის შეფასებამდე, უნდა შეეფასებინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობას ადგებოდა ზიანი.

კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებს, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 1005-ე მუხლები, თუმცა მათი შინაარსი არ გაითვალისწინა და ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიადგა იგი მხარეს. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა მსჯელობა იმაზე, თუ რა ოდენობის თანხას მიიღებდა კრედიტორი აღსრულების ჯეროვნად და დროულად ჩატარების პირობებში, რადგან მისი პროგნოზირება შეუძლებელია, მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. სწორედ ამიტომ მოითხოვა მხარემ ზიანის ანაზღაურება კიდურის შეძენის ღირებულების ოდენობით, რადგან იგი სააღსრულებო ორგანოს უმოქმედობის შედეგად ვერ შეიძინა.

კასატორი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ქმედებასა და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. მოხელის ქმედება კი, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული. სადავო შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებელმა განახორციელა არაერთი სააღსრულებო მოქმედება, მოვალე რეგისტრირებულ იქნა მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ გავრცელდა კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვები. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ უმოქმედობით, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობით გამოწვეული ზიანის, მათ შორის, მიუღებელი შემოსავლის სახით, ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულატიურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობა ატარებს უკანონო ხასიათს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. უნდა დადასტურდეს, რომ ზიანი წარმოიშვა სწორედ უკანონო ქმედების შედეგად; 4. ზიანის მიმყენებელი უნდა მოქმედებდეს ბრალეულად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „...ს“ თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ახალი პროტეზის დამზადებისა და პროტეზირებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება 26952,55 ევროს ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 13 მარტს თ. ბ-ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2ბ/2968-11), რომელიც მოსარჩელემ 2012 წლის 16 მარტს იძულებით აღსასრულებლად წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

დადგენილია, რომ 2012-2016 წლებში სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ მოხერხდა, რადგან მოვალის სახელზე ქონება არ ირიცხებოდა. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის №... წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, შპს „...ის“ სახელზე რეგისტრირებულია თანასაკუთრების უფლება თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის ...ო გზის ...ის ტერიტორიაზე (ს/კ ...), უძრავი ნივთის დაზუსტებული ფართობია 570 მ2, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 814,90 მ2, საიდანაც შპს „...ის“ წილად აღრიცხულია 365 მ2. ქონება მოვალის სახელზე აღირიცხა 2016 წლის 22 აპრილს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოვალის სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე ინფორმაციის მიღებისა, კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ნივთის საჯარო აუქციონზე რეალიზაცია ბიუროს არ განუხორციელებია იმ საფუძვლით, რომ ქონების იდენტიფიცირება და შეფასება ვერ ხდებოდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, სააღსრულებო ბიუროს მიერ დასახელებული გარემოება აღსრულების შესაძლებლობას რომ არ აბრკოლებდა და არ გამორიცხავდა დადასტურებულია მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, როდესაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბიუროს დაევალა სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება. შედეგად კი, 2019 წლის ოქტომბერში შპს „...ის“ უძრავ ნივთზე აუქციონი ჩატარდა ოთხი კრედიტორის სასარგებლოდ. უძრავი ნივთი გასხვისდა 63000 ლარად. აღნიშნული თანხიდან თ. ბ-ის სასარგებლოდ გადანაწილდა 40083,77 ლარი, საიდანაც კრედიტორის კუთვნილმა თანხამ შეადგინა 37461,46 ლარი, ხოლო აღსრულების საფასურმა - 2622,31 ლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს სააღსრულებო ბიუროს მიერ უკანონო ქმედების ჩადენას, რაც გამოიხატა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული მოვალეობების - სააღსრულებო წარმოების დროულად და ეფექტურად განხორციელების ვალდებულების დარღვევაში, არამართლზომიერ უმოქმედობაში. ქმედების უკანონობას ადასტურებს როგორც მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისე მოგვიანებით აღსრულების ფაქტობრივი განხორციელებაც, რაც ცხადყოფს, რომ ბიუროს იმთავითვე შეეძლო უძრავი ნივთის შეფასება, აუქციონზე გასხვისება და კრედიტორისთვის თანხის ჩარიცხვა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების უკანონობა ავტომატურად არ გულისხმობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, არამედ ზიანის ანაზღაურებისთვის მხოლოდ ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა. შესაბამისად, უნდა შეფასდეს მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგები.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მის მიერ გაანგარიშებულია სამოქალაქო საქმეზე მიღებულ, აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში დასახელებული თანხით - ახალი პროტეზის დამზადებისა და პროტეზირებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობით (26952,55 ევროს ეკვივალენტი ლარში).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების წარმოშობისას, პირველ ყოვლისა, განხილულ უნდა იქნეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხი, თუ ეს ფაქტობრივად შეუძლებელია ან არათანაზომიერ დანახარჯებს საჭიროებს, მაშინ ზიანი უნდა ანაზღაურდეს ფულადი სახით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი - დაზარალებულს დაენიშნება ყოველთვიური სარჩო.

საკასაციო პალატა, სადავო შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ერთმანეთისგან გამიჯნოს სააღსრულებო ბიუროსა და შპს „...ის“ უკანონო ქმედებები და დამდგარი შედეგი. კერძოდ, მოსარჩელის სხეულის დაზიანება გამოიწვია სატრანსპორტო კომპანიის უკანონო ქმედებამ, რისთვისაც სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებით იმავე კომპანიას დაეკისრა მოსარჩელისთვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, დაენიშნა სარჩო, დაევალა პროტეზირების ხარჯის ანაზღაურება. რაც შეეხება სააღსრულებო ბიუროს ქმედების უკანონობას, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მისთვის ვნების მიყენება ბიუროს ქმედებამ გამოიწვია. ასევე, საქმეზე დადასტურებული არ არის სააღსრულებო ბიუროს ქმედებით მოსარჩელისთვის ფაქტობრივი ზიანის მიყენება. აღსანიშნავია, რომ კასატორი (მოსარჩელე) არც მიუთითებს, რომ სააღსრულებო მოქმედებების დროულად განუხორციელებლობამ გამოიწვია უძრავი ნივთის გაუფასურება, ან რომ აუქციონის დროულად ჩატარება თანხების სხვაგვარად განაწილებასა და მოსარჩელის მიერ მეტი თანხის მიღებას გამოიწვევდა.

რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. აღსანიშნავია, რომ თუკი მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მანვე უნდა წარმოადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნის ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განჩინება საქმე №ას-406-383-2014). ამასთან, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის №ას-992-950-2013, 2019 წლის 5 აპრილის №ას-1843-2018, 2020 წლის 29 სექტემბრის №ას-566-2020 განჩინებები). შესაბამისად, სადავო შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან დავა ეხება ფულადი ვალდებულების აღსრულებას, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების დროულად განუხორციელებლობამ და დროში გაჭიანურებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი იმ ოდენობით, რასაც მიიღებდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების აუქციონზე დროულად გასხვისების შედეგად გადაცემული თანხის ანაბარზე განთავსებით, საბანკო პროცენტის მიღების გზით. ასეთი პროცენტის ოდენობა კი უნდა განისაზღვროს სადავო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. რაც შეეხება ასანაზღაურებელ პერიოდს, პერიოდის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის ივნისიდან, რადგან უძრავ ნივთზე საწარმოს საკუთრების უფლების არსებობის შესახებ ინფორმაცია სააღსრულებო ბიურომ მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის №... წერილით. ვადის დასრულებასთან მიმართებით კი მნიშვნელოვანია, რომ მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზიანის ანაზღაურება 2018 წლის აპრილამდე პერიოდისთვის მოითხოვა. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მართებულად გაიანგარიშა მიუღებელი შემოსავალი, 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდისთვის, სადავო პერიოდში მოქმედი საპროცენტო განაკვეთის მხედველობაში მიღებით, იმ თანხის მიხედვით, რომელიც მოსარჩელემ სააღსრულებო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის ოქტომბერში მიიღო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს 2020 წლის 7 აპრილის №05170 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე