საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1076(კ-20) 5 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
2019 წლის 1 მარტს მ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მ. რ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის №1000654853 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. რ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, მართალია კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა კასატორს განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
კასატორის მიერ არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მისი შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რის გამოც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მ. რ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით კასატორს – მ. რ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი მ. რ-ს გაეგზავნა მის სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. N..., სართულ ..., ბ..., ბლოკი N...) და საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „...-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, მითითებულ მისამართზე 2020 წლის 28 ოქტომბერს კურიერის მიერ განხორციელებული ვიზიტის მიუხედავად გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ განხორციელდა. ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია ის გარემოება, რომ „ადრესატი აღარ ცხოვრობს მისამართზე, ბინაში ცხოვრობდა ქირით“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1076(კ-20) (კასატორი - მ. რ-ი მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების საჯაროდ გავრცელებით კასატორს - მ. რ-ის ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით კასატორის – მ. რ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს – მ. რ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150); კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვება და დარჩება განუხილველი. განჩინება საჯაროდ გავრცელდა საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსებით (www.ecd.court.ge); მ. რ-ს განემარტა, რომ სასამართლო უწყება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლო შეტყობინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მოსარჩელის (კასატორის) მიერ მითითებულია მხოლოდ ერთი მისამართი, რომელზეც კასატორს გაეგზავნა 2020 წლის 16 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება და ვერ ჩაჰბარდა საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო. ამასთან, მისამართის ცვლილების შესახებ მხარეს არ უცნობებია სასამართლოსთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით დადგენილი წესით. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ საქმეში არსებულ მ. რ-ის მიერ თ. კ-ასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ 2019 წლის 28 თებერვალს გაცემულ რწმუნებულებას, 2020 წლის 28 თებერვალს გაუვიდა ვადა. შესაბამისად, 2020 წლის 16 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების მხარისათვის ჩაბარება ვერც წარმომადგენლის მეშვეობით მოხერხდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება ხარვეზის შესახებ განჩინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო შეტყობინების განხორციელების შესახებ ბარათის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინების ვებგვერდზე განთავსების (გასაჯაროების) თარიღია 2020 წლის 23 დეკემბერი. ამდენად, მ. რ-ისთვის ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო განჩინების გასაჯაროვებიდან მე-7 დღეს - 30 დეკემბერს და ამოიწურა 2021 წლის 9 იანვარს. „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, 3 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები გამოცხადებული იყო უქმე დღეებად, ხოლო 2021 წლის 16 და 17 იანვარი იყო - შაბათ-კვირა (დასვენების დღეები), ამდენად, მ. რ-ს ხარვეზის შევსების ვადა შემდეგ სამუშაო დღეს, 2021 წლის 18 იანვარს 24:00 საათზე ამოეწურა. კასატორმა - მ. რ-მა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლებით, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს მ. რ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე