Facebook Twitter

საქმე #ბს-585(კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 5 თებერვალს ჯ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ 2017 წლის 12 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობის დავალება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სამედიცინო გამოკვლევებსა და დაწყებულ მკურნალობაზე გაწეული ხარჯის 4497 (664+3833) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ 2017 წლის 12 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ჯ. ე-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით კომიტეტმა მოპასუხე სახელმწიფოს მოუწოდა, მომჩივანი უზრუნველეყო სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციით მიყენებული ზიანის გამო, ისევე როგორც სამედიცინო რეაბილიტაციით. ამდენად, გარდა ფულადი კომპენსაციის გაცემისა, რომელიც რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სპეციალური თავით, საქართველოს უნდა მოეხდინა მოსარჩელის უზრუნველყოფა სამედიცინო რეაბილიტაციით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამედიცინო რეაბილიტაციის განხორციელების წესს, ფორმას, პროცედურას კანონმდებლობა არ არეგულირებს. ამასთან, სააპელაციო პალატის შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ არ არსებობდა შემთხვევის მომწესრიგებელი კონკრეტული საკანონმდებლო ნორმები, არ ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფოს არ უნდა აღედგინა პირი დარღვეულ უფლებაში და არ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც შესაბამისი წინადადებების შემუშავებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობის გზით, უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა დავალებოდა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა სამედიცინო რეაბილიტაციის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, იუსტიციის სამინისტროს კონკრეტული დეპარტამენტი მართალია, უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად და ხელი შეუწყოს მათ აღსრულებას, მაგრამ ამ გადაწყვეტილების უშუალოდ აღსრულების კომპეტენცია არც დეპარტამენტს და არც მთლიანად იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. ამდენად, კასატორისათვის გაუგებარია, რა ტიპის წინადადებების შემუშავება და გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის ხელის შეწყობა იგულისხმა სასამართლომ, როცა გასაჩივრებული განჩინებით ამ მოქმედების განხორციელება იუსტიციის სამინისტროს დაავალა.

კასატორი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნას, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს კონკრეტული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო პალატის მხრიდან იუსტიციის სამინისტროსთვის აღნიშნული მოქმედების განხორციელების ვალდებულების დაკისრებას.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ ეტაპზე არსებული მოთხოვნის სასამართლო წესით განხილვა საერთოდ ეწინააღმდეგება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტს. კასატორის განმარტებით, ზოგადად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აქვს მბოჭავი ძალა და კომიტეტების გადაწყვეტილებებს ახასიათებს რბილი სამართლის ბუნება. აღნიშნული ფაქტი გაეროს კომიტეტების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს განასხვავებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისგან. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 46-ე მუხლი ეხება გადაწყვეტილების სავალდებულო ძალასა და აღსრულებას. მითითებული მუხლის მიხედვით, „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ“ და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ამავე მუხლით დადგენილია მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ გადაწყვეტილებაზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობა. აღსრულების სავალდებულოობასთან დაკავშირებით მსგავს დებულებებს არ შეიცავს კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ, რისი დარღვევაც დადგინდა წინამდებარე საქმეში. კასატორის მითითებით, გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებათა შესრულების სავალდებულოობის თაობაზე 2016 წლამდე რეგულაციები არ არსებობდა არც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში.

ამასთან, კასატორის მითითებით, მიმდინარე დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის საკითხი იუსტიციის სამინისტროს მიმართ ზოგადად დაყენებულ სამედიცინო რეაბილიტაციის მოთხოვნასა და გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილებაში მითითებულ დარღვევებს შორის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე საააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ 2017 წლის 12 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობის დავალება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სამედიცინო გამოკვლევებსა და დაწყებულ მკურნალობაზე გაწეული ხარჯის 4497 (664+3833) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით კომიტეტმა მოპასუხე სახელმწიფოს მოუწოდა მომჩივანი უზრუნველეყო სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციით მიყენებული ზიანის გამო, ისევე როგორც სამედიცინო რეაბილიტაციით. ამდენად, გარდა ფულადი კომპენსაციის გაცემისა, რომელიც რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სპეციალური თავით, საქართველოს უნდა მოეხდინა მოსარჩელის უზრუნველყოფა სამედიცინო რეაბილიტაციით, თუმცა სამედიცინო რეაბილიტაციის განხორციელების წესს, ფორმას, პროცედურას კანონმდებლობა არ არეგულირებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ არ არსებობს შემთხვევის მომწესრიგებელი კონკრეტული საკანონმდებლო ნორმები, არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ არ უნდა აღადგინოს პირი დარღვეულ უფლებაში და არ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის #389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ მე-14 მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ამავე დებულების მე-6 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანას განეკუთვნება საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მითითება მის არაუფლებამოსილებასა და არაკომპეტენტურობაზე სადავო საკითხთან მიმართებით, რადგან, საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის, წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა მის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის #66 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების“ მიზნებისათვის, ტერმინი - „საერთაშორისო სასამართლოები“ მოიცავს გაეროს აღნიშნულ კომიტეტსაც.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც, შესაბამისი წინადადებების შემუშავებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობის გზით, უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წამების აქტის მსხვერპლის სამედიცინო რეაბილიტაციის საკითხს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ - საქართველომ უნდა უზრუნველყოს ჯ. ე-ის სამედიცინო რეაბილიტაცია, რაც მოსარჩელის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობის დავალებას სამედიცინო რეაბილიტაციის ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე