Facebook Twitter

საქმე #ბს-558(კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 22 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ი/მ ბ. ჯ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ბ. ჯ-ი არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმითა და ფოტომასალით.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის (რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს მოპასუხე) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, რაც ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობისათვის (განაშენიანების ფართობი 51 კვ.მ), 2015 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე შეადგენს 231 ლარს, 2016 წლისთვის - 852 ლარს, 2017 წლისთვის - 924 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან დღემდე - 77 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული წესით, აღნიშნული თანხის გადასახდელად მოპასუხეს გაეგზავნა ქონების მმართველის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არაერთი წერილობითი მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებებისა, მოპასუხის მიერ თანხა არ არის გადახდილი. მოცემული კატეგორიის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ ორ წინაპირობას ნორმის დანაწესიდან გამომდინარე წარმოადგენს: 1. მოპასუხის მიერ არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დადგენა და 2. საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მოპასუხე ი/მ ბ. ჯ-ი წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და ამ მიზნით არამართლზომიერად სარგებლობს ქონებით, რომლის საბაზრო ღირებულება დადგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #004054318 დასკვნის შესაბამისად.

ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე ი/მ ბ. ჯ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1, განაშენიანების ფართობი 51 კვ.მ) არამარლთზომიერი სარგებლობის საფასურის - 2015 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე ყოველთვიურად 231 ლარის, 2016 წლისთვის - 852 ლარის, 2017 წლისთვის - 924 ლარის, 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 77 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, საკადასტრო კოდი #...) მოპასუხე - ი/მ ბ. ჯ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, ი/მ ბ. ჯ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში, განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არ დასტურდებოდა სახელმწიფოსა და ი/მ ბ. ჯ-ს შორის კანონით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, აპელანტი ვერ ადასტურებდა ი/მ ბ. ჯ-ის მიერ ქონებით სარგებლობის ფაქტს. აღნიშნულის დამადასტურებლად, სააგენტო უთითებდა ადგილზე დათვალიერების ოქმსა და ფოტოსურათებზე, თუმცა სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელი იყო დადგენილიყო მოპასუხის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, რადგან 2018 წლის 31 ივლისს შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა, საკადასტრო კოდი ...) მითითებული იყო, რომ ობიექტი დაკავებული იყო კ. დ-ის (...ო) და მ. ჯ-ის (...ი პუნქტი) მიერ, მაგრამ მასში არაფერი იყო მითითებული ბ. ჯ-ზე. ამასთან, მართალია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის - ზ. წ-ის მიერ 2018 წლის 8 მაისს შედგენილ აქტში მითითებული იყო, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებდა ბ. ჯ-ი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დათვალიერების ოქმში მითითებული იყო, რომ ...ო ეკუთვნოდა კ. დ-ს, ხოლო ...ოს ამუშავებდა ი/მ ბ. ჯ-ი, შეუძლებელი იყო დადგენილიყო ი/მ ბ. ჯ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენების ფაქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა, ასევე არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მოპასუხის მიერ დადასტურებად. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სააგენტოს თავისი პოზიციის გასამყარებლად წარმოდგენილი ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ ადასტურებდა ფართის სარგებლობას და ადგენდა კონკრეტული უძრავი ქონების საიჯარო ფასს. უფრო მეტიც, მტკიცებულება, ი/მ ბ. ჯ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის ფლობისა და გამოყენების შესახებ, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზეც არ ყოფილა წარმოდგენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული სარგებლობის პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს წარმოადგენს სააგენტო და მას ეკისრება მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პოზიტიური მტკიცების ვალდებულება, აღნიშნული არ ათავისუფლებს მოპასუხეს პასიური მტკიცების ტვირთისაგან. კასატორის აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარუდგენია ახსნა-განმარტების გარდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, მათ შორის, ადგილზე დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათები, სააგენტოს წერილები, რომლებიც არაერთგზის გაეგზავნა და ჩაჰბარდა მოპასუხეს. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო საკუთრებით სარგებლობის თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნა კი, კასატორის მოსაზრებით, ნათლად ადასტურებს სააგენტოს სარჩელის ლეგიტიმურობასა და მიზანშეწონილობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე ი/მ ბ. ჯ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1, განაშენიანების ფართობი 51 კვ.მ) არამარლთზომიერი სარგებლობის საფასურის - 2015 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე ყოველთვიურად 231 ლარის, 2016 წლისთვის - 852 ლარის, 2017 წლისთვის - 924 ლარის, 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 77 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს. იგი ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არ დასტურდება სახელმწიფოსა და ი/მ ბ. ჯ-ს შორის კანონით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე ვერ ადასტურებს ი/მ ბ. ჯ-ის მიერ ქონებით სარგებლობის ფაქტს. აღნიშნულის დამადასტურებლად, სააგენტო უთითებს ადგილზე დათვალიერების ოქმსა და ფოტოსურათებზე, თუმცა საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, რამდენადაც 2018 წლის 31 ივლისს შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა, საკადასტრო კოდი - ...) მითითებულია, რომ ობიექტი დაკავებულია კ. დ-ისა (...ო) და მ. ჯ-ის (...ი პუნქტი) მიერ, მაგრამ მასში არაფერია მითითებული ბ. ჯ-ზე. ამასთან, მართალია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის - ზ. წ-ის მიერ 2018 წლის 8 მაისს შედგენილ აქტში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ბ. ჯ-ი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ...ო ეკუთვნის კ. დ-ს, ხოლო ...ოს ამუშავებდა ი/მ ბ. ჯ-ი, შეუძლებელია დადგინდეს ი/მ ბ. ჯ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენების ფაქტი. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა, ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მოპასუხის მიერ დადასტურებად. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სააგენტოს თავისი პოზიციის გასამყარებლად წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ ადასტურებს ფართის სარგებლობას, იგი ადგენს კონკრეტული უძრავი ქონების საიჯარო ფასს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე