Facebook Twitter

საქმე #ბს-536(2კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 27 ნოემბერს ქ. წყალტუბოს ...ის ქ. #... საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ... წელს „...მა“ თავისი ...ისათვის ქ. წყალტუბოში დაიწყო ბინის მშენებლობა, რომელიც ფინანსდებოდა ...ი ფონდიდან. ...ის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის #28 დადგენილების საფუძველზე, წყალტუბოს ...ე საცხოვრებელი სახლი #... საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცათ ...ის საბინაო აღრიცხვაზე მყოფ ...ს, რომელთაც საკუთარი ხარჯებით დაასრულეს მშენებლობა და მოახდინეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კეთილმოწყობა. 2008 წელს დაფუძნდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...ი“, რომლის სახელზეც 2009 წლის 14 სექტემბერს საჯარო რეესტრის სამსახურში, საკუთრების უფლებით აღირიცხა საცხოვრებელი სახლის ქვეშ არსებული 2834 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 929.46 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 27 ივნისის #... ბრძანების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მას შემდეგ, რაც ამხანაგობისათვის ცნობილი გახდა აღნიშნულის შესახებ, 2014 წლის 17 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ საჩივარი გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საჩივარი გადაუგზავნა იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრს.

მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. წყალტუბო ...ის ქუჩა #... საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის“ უფროსის 2014 წლის 7 ოქტომბრის #13/37257 მიმართვა, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ს“ უარი ეთქვა 2014 წლის 27 ივნისის #... ბრძანების, 2014 წლის 27 ივნისის #13/24112 მიმართვისა და 2014 წლის 22 ივლისის #13/27361 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრს დაევალა ემსჯელა საკითხზე, რამდენად წარმოადგენდა მის განსჯად საკითხს ...ის ქუჩა #... ...ი სახლის ამხანაგობა „...ის“ თავჯდომარის 2014 წლის 17 სექტემბრის საჩივარი (განცხადება) და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

მოსარჩელის აღნიშვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მან მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა საკითხის განხილვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 9 ივნისის #1-1/310 ბრძანებით ამხანაგობა „...ის“ საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და გაასაჩივრა აღნიშნული აქტი. სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 9 ივნისის #1-1/310 ბრძანება. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, სამინისტრომ განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ...ის გამგეობის და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის #28 დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს ...ში აღრიცხვაზე მყოფ ...ს უსასყიდლოდ გადაეცათ ... ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკურების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა, არ არსებობდა სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება.

მოსარჩელე არ ეთანხმება სამინისტროს პოზიციას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე და 150-ე მუხლებზე. ამასთან აღნიშნავს, რომ სადავო ფართი მდებარეობს ვესტიბიულში, ვინაიდან განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ვესტიბიული არის სადგომი საზოგადოებრივი შენობის შესასვლელთან, რომელიც ამ უკანასკნელს ძირითად ოთახებთან ან კიბის უჯრედთან აკავშირებს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის #1/3/215 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის #13/24112 მიმართვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ივლისის #13/27361 მიმართვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის #1-1/465 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირის გამგეობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. წყალტუბოს ...ის ქუჩა #8 საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. წყალტუბოს ...ის ქუჩა #... საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ქ. წყალტუბოს ...ის ქუჩა #... საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. წყალტუბოს ...ის ქუჩა #... საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის #1/3/215 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ივნისის #13/24112 მიმართვა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ივლისის #13/27361 მიმართვა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის #1-1/465 ბრძანება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ფართის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება წარმოადგენდა ევროსასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშ მოქცევად „ლეგიტიმურ მოლოდინს“ საკუთრების უფლების მიღებაზე, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი მოლოდინის წარმოშობა გამომდინარეობდა ...ის გამგეობისა და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის #28 ერთობლივი დადგენილებიდან, რომლის თანახმადაც, წყალტუბოს ...ში აღრიცხვაზე მყოფ ...ს უსასყიდლოდ გადაეცათ სახურავში მოქცეული ორი ბლოკი - ... ბინა, (რომელიც ცხადია მოიცავდა პირველ სართულზე არსებულ სადავო ფართებსაც) და არა მარტო ... ბინა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის სადავო ფართზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინი გამომდინარეობდა როგორც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფლობით და მასზე მზრუნველობით, ასევე ...ის გამგეობისა და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის #28 ერთობლივი დადგენილებით, რომლის თანახმადაც, წყალტუბოს ...ში აღრიცხვაზე მყოფ ...ს უსასყიდლოდ გადაეცათ სახურავში მოქცეული ორი ბლოკი - ... ბინა (რომელიც ცხადია მოიცავდა პირველ სართულზე არსებულ სადავო ფართებსაც). სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე მხარე წარმოადგენდა სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეს, ეს ფაქტი კი, სახელმწიფოსთვის იყო ხელისშემშლელი გარემოება, ეთხოვა ამავე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის #1-1/465 ბრძანებით, რაც ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის თაობაზე, რადგან მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების სარგებლობა აღნიშნულ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტს არ ქმნის.

კასატორის განმარტებით, გაურკვეველია სასამართლოს მითითება მოსარჩელის კანონიერი მფლობელობიდან გამომდინარე ლეგიტიმურ მოლოდინზე, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო არ ასაბუთებს მოცემულ დავაში მისი მოლოდინის ლეგიტიმურობას, ასევე, არ უთითებს იმ კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმას, რომლის საფუძველზეც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეიძლება გააჩნდეს მოლოდინი იმისა, რომ იგი ფართის კანონიერ მოსარგებლედ იქნეს მიჩნეული. კასატორის აღნიშვნით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლოს მიერ მოსარჩელის უფლების დამდგენ სამართლებრივ საფუძვლად მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულება ვერ იქნება მიჩნეული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონიერ მოსარგებლედ ჩათვლის საფუძვლად, რამდენადაც დასახელებული ბრძანებულება არეგულირებდა ფიზიკური პირის უფლებას და არა პირთა გაერთიანების უფლებას (კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული ბრძანებულება საკუთრების უფლების წარმოშობას მხოლოდ ნივთის სარგებლობას არ უკავშირებდა).

კასატორის განმარტებით, სამინისტროს 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს შესაძლოა ეარსება მაშინ, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ფართები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა. სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არ ადგენს, ხოლო გადაწყვეტილებაში მითითებული დასაბუთება, კასატორის მოსაზრებით, გამორიცხავს სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და ყურადღებას ამახვილებს წყალტუბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 11 სექტემბრის #414 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განისაზღვრა სამი 24-ბინიანი ბლოკირებული, პირველ სართულზე სტომატოლოგიური პოლიკლინიკის გათვალისწინებით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა გამოსულიყო 72 საცხოვრებელი ბინა და პირველ სართულზე სტომატოლოგიური პოლიკლინიკა.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ...ის გამგეობის წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის #28 დადგენილების თანახმად, ფირმას გადაეცა 72-ბინიანი საცხოვრებელი სახლის დაუმთავრებელი მშენებლობა, საცხოვრებელი სახლის 3 ბლოკიდან 2 გადახურულია და სახურავშია მოქცეული, დასამთავრებელია შიდა სამუშაოები და გარე კომუნიკაციები. მესამე ბლოკზე ამოშენებულია მხოლოდ პირველი სართული. ამავე დადგენილების თანახმად, ...ში აღრიცხვაზე მყოფ ...ს საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად გადაეცათ მშენებარე სახლის სახურავში მოქცეული ორი ბლოკი - ... ბინა არსებულ მდგომარეობაში. კასატორის აღნიშვნით, ბუნებრივია, ამ საცხოვრებელ ... ბინაში არ შედის პირველი სართული, რომელიც იმთავითვე იყო სტომატოლოგიური კლინიკისათვის გათვალისწინებული არასაცხოვრებელი ფართი.

კასატორის მითითებით, თავდაპირველი დოკუმენტაციით პირველ სართულზე სტომატოლოგიური პოლიკლინიკის განთავსება იყო გამიზნული და აღნიშნული ფართი, თავისი პირვანდელი ფუნქციური დანიშნულებისა და ფართის ოდენობის გათვალისწინებით (864.72 კვ.მ) არ წარმოადგენს ვერტიბიულს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ იგი ვერ მოექცევა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბინათმესაკუთრეთა ამნახაგობის წევრთა საერთო ქონების განმარტებაში.

კასატორის განმარტებით, მართლზომიერი მოლოდინი არ წარმოადგენს საკუთრების უფლებას, მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავოა, რამდენად წარმოადგენს მოსარჩელის მოლოდინი კანონიერ მოლოდინს იმ პირობებში, როდესაც თავიდანვე განსაზღვრული იყო პირველი სართულის მიზნობრიობა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საკუთრების უფლების უპირატესი მდგომარეობა მფლობელობასთან მიმართებით. კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფოს საკუთრების უფლების ბათილობა მხოლოდ მოსარჩელეთა მართლზომიერი მოლოდინის საფუძველზე წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასთან და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ილახება სახელმწიფოს რეგისტრირებული საკუთრების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 27 ივნისის #1/3/215 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 2 წლის 27 ივნისის #13/24112 მიმართვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ივლისის #13/27361 მიმართვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის #1-1/465 ბრძანების ბათილად ცნობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლებას. აღნიშნული დებულების მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს უფლება, მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით. არ შეიძლება, ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. თუმცა, ზემოხსენებული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს ისეთი კანონები, რომელთაც იგი საჭიროდ თვლის, რათა გააკონტროლოს საკუთრების გამოყენება საერთო ინტერესების შესაბამისად ან უზრუნველყოს გადასახადების, შენატანების ან ჯარიმების გადახდის მოკრება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის განმარტებისას, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საკუთრების ან „ქონების“ ცნება ფართოდაა განმარტებული, კერძოდ, იგი მოიცავს ეკონომიკური ინტერესების ფართო წრეს. მათ შორის, პირველი მუხლის დაცვით სარგებლობს: მოძრავი ან უძრავი ქონება, ქონებრივი ან არაქონებრივი კაპიტალი, როგორიცაა აქცია ან პატენტი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, პენსიის მიღების უფლება, მესაკუთრის უფლება ქირის მიღებაზე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები, გარკვეული პროფესიით მუშაობის უფლება, გარკვეული გარემოებების დადგომის კანონიერი მოლოდინი, და სხვა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამართლებრივი შინაარსი, „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“.“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მომავალი შემოსავალი განიხილება „საკუთრებად“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე გამომუშავებულია ან მასზე აღსრულებადი მოთხოვნა უკვე არსებობს (ამბრუსი იტალიის წინააღმდეგ (Ambruosi v. Italy), No. 31227/96, 19.10.00, მე-20 პარაგრაფი). უფრო მეტიც, „დიდი ხნის განმავლობაში ეფექტიანად აღუსრულებადი ძველი საკუთრების უფლების გადარჩენის აღიარების იმედი“ არ უტოლდება „საკუთრებას“ (სლივენკო ლატვიის წინააღმდეგ (Slivenko v. Latvia), No. 48321/99, 23.1.02, მე-12 პარაგრაფი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ლეგიტიმური მოლოდონის“ ცნებასთან მიმართებით, საინტერესოა საქმე კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kopecký v. Slovakia, No. 44912/98, 7.1.03 (პალატა) და 28.9.04 (დიდი პალატა). მოცემულ საქმეში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა „ლეგიტიმური მოლოდინი“ 1950-იან წლებში ჩამორთმეულ მონეტებზე მის მოთხოვნასთან მიმართებით, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები რეალურად არ შესრულებულა. ლეგიტიმური მოლოდინის საკითხზე მნიშვნელოვანია, ზემოხსენებულ საქმეში მოცემული განმარტება, რაც ხშირად მეორდება შემდგომ პრეცედენტულ სამართალშიც (Centro Europa 7 S.r.l და დისტეფანო იტალიის წინააღმდეგ (Centro Europa 7 S.r.l and Di Stefano v. Italy), No. 38433/09, 07.06.2012, 73-ე პარაგრაფი.): „როდესაც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ინტერესი მოთხოვნის ბუნებისაა, პირი, რომელსაც ის გააჩნია, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს „ლეგიტიმური მოლოდინის“ მქონედ, თუ აღნიშნული ინტერესის არსებობისთვის საკმარისი და სათანადო საფუძველი არსებობს ეროვნულ სამართალში, მაგალითად, სადაც არსებობს ეროვნულ სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა/პრეცედენტული სამართალი, რომელიც აღნიშნულის არსებობას ადასტურებს...“

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ლეგიტიმური მოლოდინის შესაფასებლად ხაზგასასმელი დეფინიციაა მოცემული საქმეში რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Ramaer and Van Willigen v. the Netherlands, No. 34880/12, 23.10.2012. 81-ე პარაგრაფი), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „მომჩივნების მოლოდინები არ ეფუძნებოდა რაიმე სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი უფრო ეყრდნობოდა იმედს, რომ მათ გაუხანგრძლივებდნენ ან განუახლებდნენ სადაზღვევო ხელშეკრულებებს იმ პირობებით, რომლებიც ძველ პირობებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მათთვის არ იქნებოდა. სასამართლომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში უკვე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება განსხვავებაზე სარგებლის მიღების იმედსა (როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს იმედი) და ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, რომელიც აუცილებელია, იყოს უფრო კონკრეტული ბუნების ვიდრე უბრალო იმედი და ეფუძნებოდეს სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს.“

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის სადავო ფართზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინი გამომდინარეობდა როგორც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფლობით და მასზე მზრუნველობით, ასევე ...ის გამგეობისა და წყალტუბოს რაიონის გამგეობის 1993 წლის 30 ივნისის #28 ერთობლივი დადგენილებით, რომლის თანახმადაც, წყალტუბოს ...ში აღრიცხვაზე მყოფ ...ს უსასყიდლოდ გადაეცათ სახურავში მოქცეული ორი ბლოკი - ... ბინა, (რომელიც ცხადია მოიცავდა პირველ სართულზე არსებულ სადავო ფართებსაც). საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე მხარე წარმოადგენდა სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეს, ეს ფაქტი კი, სახელმწიფოსთვის იყო ხელისშემშლელი გარემოება, ეთხოვა ამავე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის #1-1/465 ბრძანების გამოცემის დროს, რაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს იძლეოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე