Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1197(3კ-19) 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს ,,...ის", სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 5 იანვარს თ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის ტერიტორიული სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 30 ოქტომბერს ჯ. კ-ისგან შეიძინა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში მდებარე ბინა, საერთო ფართობი - 212.90 კვ.მ, ხოლო 2006 წლის 30 ოქტომბერს გ. კ-ასგან შეიძინა იმავე მისამართზე - ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში მდებარე ბინა, საერთო ფართობი - 212.90 კვ.მ. ორივე საცხოვრებელი ფართი რეგისტრირებულ იქნა კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში. აღნიშნული ბინები, საერთო ფართით - 212.90 კვ.მ და მის ქვეშ მდებარე 145.80 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარებით ეკუთვნის თ. ხ-ს და რეგისტრირებულია მის სახელზე, საკადასტრო კოდით: ....

2014 წლის 24 ოქტომბერს თ. ხ-მა განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ზემოაღნიშნული ფართისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის დაზუსტების მიზნით. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ თ. ხ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება. კერძოდ, თ. ხ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი იჭრებოდა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრებში. 2014 წლის 01 დეკემბერს სარეგისტრაციო სამსახურმა N... გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება თ. ხ-ის მიერ გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 08 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელის განმარტებით, 2 914 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანების საფუძველზე არასწორად დარეგისტრირდა შპს „წ...ის“ საკუთრებად, ამ მისამართზე მდებარე „წ...ის“ კუთვნილი საქვაბეებზე დამაგრების მიზნით. 2007 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ტრესტის საკუთრებად არ იყო აღრიცხული. აღნიშნული დროისათვის ბინები და მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თ. ხ-ის საკუთრებას. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული საკადასტრო გეგმის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა ტრესტის კუთვნილი საქვაბეების შენობები და მასზე დაამაგრეს მიწის ნაკვეთი. ტრესტის საქვაბეების მისამართად ტექბიუროში მითითებულია ...ის ქუჩა ...ა და არა .... შპს „წ...ის“ მითითებით, 2007 წლის 22 მაისს გაკეთებულ აზომვით ნახაზში და ასევე საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ საკადასტრო გეგმაში მითითებულია, რომ ...ის ქ. ...-ში მდებარეობს ორი შენობა და ეს შენობები ჩანს ორივე დოკუმენტზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აზომვით ნახაზებში მითითებული არ არის ტრანსფორმატორის (ე.წ. ტპ) შენობა. არასწორი რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრმა მიწის ნაკვეთს მიანიჭა საკადასტრო კოდი: ... და 2007 წლის 30 მაისს განახორციელა რეგისტრაცია.

2007 წლის 20 აგვისტოს შპს „წ...მა“ აუქციონზე გაიტანა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე 2 962 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობების და მაიდენტიფიცირებელი საკადასტრო კოდის მითითების გარეშე. აუქციონზე გატანილი იქნა არა 2 914 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, არამედ 2 962 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 20 აგვისტოს აუქციონზე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდის მითითების გარეშე შეიძინა შპს „...მა“. 2007 წლის 17 სექტემბერს შპს „...სა“ და შპს „წ...ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს „...მა“ შეიძინა 2 914 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში. მოსარჩელის განმარტებით, როგორც აუქციონზე ქონების შეძენის დროს, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, მიწის ნაკვეთის გასხვისება მოხდა კანონმდებლობის დარღვევით. ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარეობდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და აღნიშნულ მისამართზე სხვა თავისუფალი მიწის ნაკვეთი არ არსებობდა, გვერდით იყო შპს „წ...ის“ საქვაბეები, ტრანსფორმატორი და თ. ხ-ის საცხოვრებელი ბინები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდა მისამართი: ქ. ბათუმი, ...ის ქ. ...ა.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთზე იდგა ორი შენობა (სწორედ ერთ-ერთი შენობა იყო თ. ხ-ის ბინა, მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთით. ამ შენობის ნაწილი იყო (ე.წ. ტპ) შენობა, რომელიც დღეის მდგომარეობითაც იმ ადგილას დგას) მაგრამ აღნიშნული შენობები არსად მითითებული არ იყო. აღნიშნულის შემდეგ შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2012 წლის 18 მაისს საჯარო რეესტრში წარადგინა აზომვითი ნახაზი და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. აღნიშნული რეგისტრაციით უკანონოდ გადაიფარა თ. ხ-ის მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრმა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საკადასტრო კოდი ... შეცვალა საკადასტრო კოდით ..., შენობის გარეშე შეძენილ მიწის ნაკვეთში გაჩნდა შენობა.

საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი, არქივში დაცული სხვადასხვა წლების მასალების მონაცემებით დგინდება, რომ შპს „წ...ისა“ და შპს „...ის“ მიერ უკანონოდ მითითებული ...ის ქ. ... და ...ის ქ. ...ა არის ერთი და იგივე მისამართი. სხვადასხვა წლებში მითითებულია ორივე მისამართი, ხოლო ტექბიუროს მონაცემებით, სააღრიცხვო ბარათი გახსნილია ...ის ქ. ...ა-ზე და ...ის ქ. ...-ზე. ...ის ქ. ...-ზე არანაირი მიწის ნაკვეთი არ არსებობდა და არც ეხლა არსებობს, აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

2013 წლის 24 ოქტომბერს თავის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შპს „...მა“ გაყო ორ ნაწილად - 1 000 და 1 914 კვ.მ მიწის ნაკვეთებად. 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაასხვისა სხვა ფირმაზე, ხოლო 1914 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაიტოვა საკუთრებაში (ს/კ ...). შპს „...მა“ მის სახელზე რეგისტრირებული 1 914 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...), 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოყო ცალკე (ს/კ ...) და კვლავ დაირეგისტრირა თავის სახელზე. ასევე მის სახელზე რეგისტრირებული დარჩა მიწის ნაკვეთი 1 769 კვ.მ. ოდენობით და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: ... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 ივნისის N... გადაწყვეტილებით.

მოსარჩელის განმარტებით, თ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, სწორედ იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც დღეის მდგომარეობით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულია შპს „...ის“ საკუთრება. ვინაიდან, თ. ხ-ის საკუთრების რეგისტრაცია დაუზუსტებელი მონაცემებით წინ უსწრებდა სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებულ რეგისტრაციებს, დაუზუსტებელი რეგისტრაცია ასევე ითვლებოდა კანონიერად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი: შპს ,,წ...ის“ სახელზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში 2007 წლის 30 მაისის N... სარეგისტრაციო ჩანაწერი და გადაწყვეტილება; შპს „...ის“ სახელზე 2007 წლის 17 სექტემბრის N... სარეგისტრაციო ჩანაწერი და 2007 წლის 23 სექტემბრის N... გადაწყვეტილება; 2012 წლის 24 მაისს N... გადაწყვეტილება; 2013 წლის 24 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 აპრილის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 ივნისის N...-03 გადაწყვეტილება; ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება; 2014 წლის 01 დეკემბრის N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 დეკემბრის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თ. ხ-ის საკუთრებაში 145.08 კვ.მ მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული სახით), მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა ...ა, ს/კ ... საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, დარეგისტრირების დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო 16.2 მუხლის საფუძველზე - შპს ,,...ი".

2015 წლის 3 ივნისს თ. ხ-მა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 აპრილის N...-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,ლ...ა“.

2015 წლის 9 დეკემბერს თ. ხ-მა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე (ს/კ ...), ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების შესრულება, რაც დაკავშირებული იქნება მოცემულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის შეცვლასთან, ასევე იპოთეკით ან სხვა ნებისმიერი ვალდებულებებით დატვირთვასთან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

ზემოაღნიშნული განჩინება გაასაჩივრა შპს ,,...ის“ წარმომადგენელმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით შპს ,,...ის“ საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს ,,...ის” საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის და 2016 წლის 14 იანვრის განჩინებები და მოცემული საქმე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თ. ხ-ის განცხადების ხელახლა განსახილველად

დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით თ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო

სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება; თ. ხ-ს დაეკისრა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს ,,...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 (ათი ათასი) ლარის შეტანა, წინამდებარე განჩინების გადაცემის მომენტიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში (სს „...ა“ ბანკის ... კოდი: ..., მიმღების IBAN ანგარიშის №...); თ. ხ-ს განემარტა, რომ თუ ის დადგენილ ვადაში არ განახორციელებდა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფას, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ.

2016 წლის 23 მარტს შპს ,,...მა“ საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2016 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება.

2016 წლის 15 აპრილს შპს ,,...მა“ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2016 წლის 11 მარტის განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების შესახებ.

საჩივრის ავტორმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, როგორც გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, ასევე მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფი თანხის ოდენობის ნაწილში, კერძოდ: მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ..., გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება; ასევე თ. ხ-ს დაეკისროს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს ,,...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს ,,...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ხ-ის განცხადება და მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გაუქმდა და შეიცვალა სხვა ღონისძიებით; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება; შპს ,,...ის“ საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფი თანხის ოდენობის შეცვლის თაობაზე, წინამდებარე განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით შპს ,,...ის“ საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე სადავო -145.08 კვ.მ ფართის ნაწილში, შპს „...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ნაწილში, რომლითაც თ. ხ-ს დაეკისრა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს „...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 ლარის შეტანა. თ. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდა 2016 წლის 23 მარტს სს ბანკი „...ა“ ბათუმის ფილიალში, სალაროს შემოსავლის ორდერი N..., სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შეტანილი 10 000 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება -სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფისა და ამ უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის უზრუნველსაყოფად სადეპოზიტო ანგარიშიდან თ. ხ-ისათვის თანხის დაბრუნების ნაწილში, შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში 2007 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო ჩანაწერი) უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით - ...; რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება N...-03 უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ...; რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 24 მაისის N...-03 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ...; რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 24 ოქტომბრის N...-03 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 28 აპრილის N...-07 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ...; რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 31 მაისის N... გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ...; რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 06 ივნისის N...-03 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ...; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2014 წლის 30 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 01 დეკემბრის N... გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თ. ხ-ის 2014 წლის 24 ოქტომბრის N ... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების (დაზუსტებული მონაცემებით) რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 დეკემბრის N... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს თ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 270 ლარის ანაზღაურება; შპს „...ის“ მიერ ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის ...-ის გამგეობის წარმომადგენელ მ. მ-ესა და მოქალაქე გ. კ-ას შორის დადებული 2003 წლის 06 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებით (რეესტრში რეგისტრაციის N...) გ. კ-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა. ბინა შეადგენდა სახლის ½ ნაწილს, კერძოდ, ოროთახიან ბინას, საერთო ფართობით - 103.20 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 38.70 კვ.მ, დამხმარე ფართი - 64.50 კვ.მ, უძრავი ქონების მახასიათებლები - ლიტ გ1 ქვის მასალის ორსართულიანი შენობა, რომლის სასარგებლო ფართია 212.9 კვ.მ, ოთახების რაოდენობა - 4, საცხოვრებელი ფართი - 81.95 კვ.მ, დამხმარე ფართი - 130.95 კვ.მ, სარეგისტრაციო ზონა - ბათუმი, ..., ს...ი - ... - 03, ..., მიწის ფართობი - 145.08 კვ.მ საერთო საკუთრება, რეგისტრაციის N..., სარეგისტრაციო კოდი - N..., განლაგებული ქალაქ ბათუმის მერიის 145.08 კვ.მ. მიწაზე. საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ქ. ბათუმის მერიას.

ქ. ბათუმის ...-ის გამგეობის წარმომადგენელ მ. მ-ესა და მოქალაქე ჯ. კ-ეს შორის დადებული 2003 წლის 06 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებით (რეესტრში რეგისტრაციის N...) ჯ. კ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.ბათუმი, ...ის ქ. ...ა. ბინა შეადგენდა სახლის ½ ნაწილს, კერძოდ, ოროთახიან ბინას, საერთო ფართობით - 109.70 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი - 43.25 კვ.მ, დამხმარე ფართი - 66.45 კვ.მ, უძრავი ქონების მახასიათებლები - ლიტ გ1 ქვის მასალის ორსართულიანი შენობა, რომლის სასარგებლო ფართია 212.9 კვ.მ, ოთახების რაოდენობა - 4, საცხოვრებელი ფართი - 81.95 კვ.მ, დამხმარე ფართი - 130.95 კვ.მ. სარეგისტრაციო ზონა - ბათუმი, ..., ს...ი - ... - 03, ..., მიწის ფართობი - 145.08 კვ.მ საერთო საკუთრება, რეგისტრაციის N... სარეგისტრაციო კოდი - N..., განლაგებული ქალაქ ბათუმის მერიის 145.08 კვ.მ. მიწაზე. საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ქ. ბათუმის მერიას. ტექინვენტარიზაციის სამსახურის 04.06.2003წ. გაცემული N... ცნობის, ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორის მიერ 05.06.2003წ გაცემული N1656 ცნობისა და ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 04.06.2003წ. გაცემული N... მოწმობის თანახმად.

2006 წლის 30 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ნ. უ-ის მიერ, რეესტრის N...) თ. ხ-მა ჯ. კ-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება - შენობა-ნაგებობა, სასარგებლო ფართით - 212,90 კვ.მ. (1/2 ნაწილი), მდებარე - ქ. ბათუმი, ...ის ქ. ...ა.

2006 წლის 30 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ნ. უ-ის მიერ, რეესტრის N...) თ. ხ-მა გ. კ-ასგან შეიძინა უძრავი ქონება _ შენობა-ნაგებობა, სასარგებლო ფართით - 212,90 კვ.მ. (1/2 ნაწილი), მდებარე - ქ.ბათუმი, ...ის ქ. ...ა.

აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე თ. ხ-ი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ.ბათუმში, ...ის ...ა-ში მდებარე 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 212.90 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ.

2014 წლის 24 ოქტომბერს თ. ხ-მა განაცხადით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2014 წლის 30 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, _ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს შორის ზედდების გამო. განმცხადებელს მიეთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავედ არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მისი საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ს/კ - ..., შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რისთვისაც განმცხადებელს 30 - დღიანი ვადა განესაზღვრა

2014 წლის 1 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით თ. ხ-ის განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო).

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 12 ნოემბერს წარდგენილ იქნა თ. ხ-ის №... ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 სექტემბრის №...-03, 2012 წლის 24 მაისის №...-03 და 2013 წლის 24 ოქტომბრის №...-03 გადაწყვეტილებებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2014 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული წარმოების განახლებისა და 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით თ. ხ-ის საჩივარი 2014 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2007 წლის 23 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №...-03, 2012 წლის 24 მაისის №...-03 და 2013 წლის 24 ოქტომბრის №...-0 გადაწყვეტილებების გაუქმების ნაწილში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანებით, ქ.ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე საქვაბეზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 962 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ღირებულებით 296 200 ლარი, რამდენიმე სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად, შეტანილ იქნა შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში. N473 ბრძანებითვე ეთხოვა საჯარო რეესტრის სამსახურს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მასზე განლაგებული შენობა- ნაგებობების რეგისტრაციაში გატარება, როგორც შპს „წ...ის“ საკუთრება. ბრძანებას არ ახლდა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი მიწის ნაკვეთების გეგმა.

2007 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერიდან (განაცხადის რეგისტრაციის N...; 30.05.07 წელი) ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ბათუმი, ...ის ქ. ..., საკადასტრო კოდი: ..., ფართობი - 2 914,8 კვ.მ, რეგისტრირებულია შპს „წ...ის“ საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მხოლოდ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის N473 14.05.2007წ. ბრძანება. ამონაწერში არ არის აღნიშვნა შენობა-ნაგებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აუქციონის შესახებ განცხადების თანახმად, აუქციონი გამოცხადდა შპს „წ...ის“ კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 962 კვ.მ. მიწაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. ....

სააუქციონო ვაჭრობის N9 ოქმით დასტურდება, რომ 20.08.2007 წ. გასაყიდად გატანილი იყო 2962 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. .... აუქციონში მონაწილეობდა შპს „...ი“ (ბილეთი N1), რომელმაც შეიძინა ქონება 300 200 ლარად.

საქმეში წარმოდგენილი 17.09.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით (საფუძველი: შპს „წ...ის“ 09.08.2007 წ. ბრძანება და 20.08.2007 წ. სააუქციონო ვაჭრობის N9 ოქმი) შპს „...მა“ იყიდა 2914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ბათუმი, ...ის ქ. ...; ნასყიდობის ხელშეკრულებაში ასევე არ არის მითითებული შენობა-ნაგებობის არსებობის შესახებ.

2007 წლის 17 სექტემბერს შპს „...მა“ განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს (განაცხადი N...), რომლითაც ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე უძრავი ნივთის საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა განცხადებაზე დართული შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: 1) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) ნასყიდობის ხელშეკრულება. 23.09.2007 წლის N...-03 გადაწყვეტილებით, 17.09.2007 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...ის“ საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2 914,8 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (განაცხადის რეგისტრაციის N ..., 17.09.2007 წ; უფლების რეგისტრაციის თარიღი - 18.09.2007წ) საჯარო რეესტრის ამონაწერში ასევე არ არის აღნიშნული მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის შესახებ. თუმცა შპს „...ის“ შესაგებელზე დართულია საკადასტრო გეგმა მომზადებული 22.05.2007წ. (შპს „...ის“ მიერ მიწის ნაკვეთის აუქციონზე შეძენამდე და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში პირველად რეგისტრაციამდეც კი, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 30.05.2007წ), რომელზეც დატანილია N01 და N02 შენობა-ნაგებობები.

2012 წლის 18 მაისს შპს „...მა“ განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას ერთვოდა: 1) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) შესაბამისი (საგადასახადო/იუსტიციის) რეესტრიდან ამონაწერი; 3) მომსახურების საფასურის გადახდის დოკუმენტი.

სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის N...-03 გადაწყვეტილებით განაცხადი დაკმაყოფილდა და დაზუსტებული მონაცემებით შპს „...ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2915.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ბათუმი, ...ის ქ. ..., მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობით, ს/კ ... (წინა N ...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 17.09.2007 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული შპს „წ...თან“. საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილია N01 შენობა-ნაგებობა.

მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების მიღების ბარათსა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული N... განაცხადზე განმცხადებლის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შესახებ, სარეგისტრაციო სამსახურში, შპს „...ის“ საკუთრების დაზუსტებული მონაცემების სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო შპს „გ...ს“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (დამკვეთი შპს „...ი“);

საქმეშია შპს „გ...ს“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც დატანილია შენობა-ნაგებობა, თუმცა მისი მახასიათებლები არ არის აღნიშნული. მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად კი მითითებულია ა-ბ ...ის ქუჩა; ბ-გ სახელმწიფო მიწა; გ-დ სახელმწიფო მიწა; დ-ა გზა.

საქმეში დაცულია ტექინვენტარიზაციის სამსახურის საარქივო დოკუმენტაცია, საქმის ყდაზე მითითებულია „კვ. 267, ...ის ...ა საქვაბე“. სასამართლოში წარმოდგენილია ასევე ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ორსართულიანი ქვის შენობა, აპელანტის განმარტებით, მის მიერ 2003 წელს შეძენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შენობა.

სააპელაციო პალატაში დამატებით წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ...ის“ 29.01.2019წ. №03/02 ექსპერტის დასკვნით დგინდება: 1. ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში მდებარე იმ შენობა-ნაგებობის და ფუნდამენტის დარჩენილი ნაწილები, რომელშიც განთავსებულია ტრანსფორმატორი, ემთხვევა ტექნიკური აღრიცხვის ბარათში - ქ. ბათუმი ..., კვარტალი 267 და ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური სამსახურის ცნობა-დახასიათებაში (...ის ქ. ...ა), 04.06.2003წ. არსებულ მონაცემებს, რომელსაც შემდგომში მიენიჭა ს/კ ...; 2. ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), სრულად ფარავს იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია ქ. ბათუმის ტექნიკური აღრიცხვის ბარათში - ..., კვარტალი 267-ში მითითებული შენობა-ნაგებობა (ს/კ ...) 2012 წლის 24 მაისისა და დღევანდელი მდგომარეობით; 3. კვლევაში მონაწილე ექსპერტის განმარტებით, საექსპერტო დასკვნა შედგა ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად.

ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებების ერთობლიობით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „წ...მა“ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანების საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება ბათუმში, ...ის ქ. ...-ში, საკადასტრო კოდით: ..., დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ 2 914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ბრძანებით, ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე საქვაბეზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 962 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ღირებულებით 296 200 ლარი, შეტანილ იქნა შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში.

ზემომითითებული ბრძანებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს ეთხოვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების რეგისტრაციაში გატარება ისე, როგორც შპს „წ...ის“ საკუთრება. N473 ბრძანებას არ ახლდა რაიმე ტექნიკური დოკუმენტაცია (ნახაზი, გეგმა და სხვა) მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებისთვის, შესაბამისად, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით იქნა რეგისტრირებული შპს „წ...ის“ საკუთრების უფლება მხოლოდ 2 914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (შენობის გარეშე);

ასევე დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში, 2915 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციამდე (ს/კ ..., ნაკვ. წინა N...), სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარდგენილი განაცხადებითა და განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად მომზადებული ამონაწერებით, არც შპს „წ...ის“ და არც შპს „...ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ მიწაზე შენობა-ნაგებობის არსებობა არ დასტურდება. მხოლოდ უძრავი ნივთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შემდეგ (გადაწყვეტილება 24.05.2012წ. N...-03) შპს „...ის“ სახელზე მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერსა და საკადასტრო გეგმაში მითითებულია 2 915 კვ.მ. მიწაზე N1 შენობა-ნაგებობის არსებობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის სადავოა თ. ხ-ის მიერ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი და შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი, ხოლო შემდეგ შპს „...ის“ საკუთრებაში გადასული და ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული 2915 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილის, 145.08 კვ.მ-ის იდენტურობა (საგანთა შორის შესაბამისობის, იგივეობის დადგენა). მოსარჩელეს (აპელანტს) მიაჩნია, რომ შპს „...ის“ რეგისტრირებულმა საკუთრებამ (2915 კვ.მ) უკანონოდ მოიცვა ის 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზე მდებარე ფართებიც ქ. ბათუმის მერიამ პრივატიზების წესით 2003 წლის 06 ივნისს გადასცა ჯ. კ-ესა და გ. კ-ას, ამ უკანასკნელთაგან კი თვითონ შეიძინა. მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოს მტკიცებით, თ. ხ-ის საკუთრება არ მდებარეობდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჯერ შპს „წ...ის“, ხოლო მოგვიანებით შპს „...ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა. მოპასუხეთა და მესამე პირთა მტკიცებით, შპს „...ს“ აუქციონზე შეძენილი აქვს ...ის ქუჩა ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ხოლო თ. ხ-ის მიერ შეძენილი ქონება, რომელიც წინამორბედმა მესაკუთრეებმა ქალაქის მერიისაგან პრივატიზაციის წესით მიიღეს, ...ის ქ. ...ა-ში მდებარეობდა, შესაბამისად, არ დგინდება მათი იდენტურობა. ნიშანდობლივია, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ მიუთითებს თ. ხ-ის საკუთრების ობიექტის სხვა ადგილმდებარეობას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და არც საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე. ასევე არ დაუდგენიათ „წ...ის“ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების ობიექტის, ასევე შპს „...ის“ დაუზუსტებელი და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების ობიექტების იდენტურობა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ (მოსარჩელე) თ. ხ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ქ. ბათუმში, ...ის ...ა-ში მდებარე 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 212.90 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე) დასტურდება 30.10.2006 წ. N... და ... ნასყიდობის ხელშეკრულებებით და მისი საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციით (განაცხადის რეგისტრაციის N..., 02/11/2006წ.), რომელიც შეიცავს ინფორმაციას უძრავი ქონების ფართობისა და დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოშობს ნაკვეთზე დაზუსტებული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, თ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა შენობა-ნაგებობა, სასარგებლო ფართით 212,90 კვ.მ, განთავსებული 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ.ბათუმი, ...ის ქ. ...ა. შეძენილი უძრავი ქონების მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ქ. ბათუმი, კოდი - 05, ს...ი - ... - 03, ნაკვეთის N34 (ს/კ ...), ფართობი - 145,08 კვ.მ. რაც დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

თ. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების წინამორბედ მესაკუთრეებს - ჯ. კ-ესა და გ. კ-ას (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით) ჰქონდათ ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. ბათუმის მერიისაგან ქონება საკუთრებაში მიღებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად (23-ე მუხლს „ვ1“ ქვეპუნქტი კანონს დაემატა 24.06.2011 წ. №4947–რს კანონით), რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

შპს „წ...ისა“ და შპს „...ის“ საკუთრების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტისათვის (2007 წელი) მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 13/01/2009წ-დან) 23.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებდა გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს... . ამდენად, უდავოა, რომ შპს „...ის“ საკუთრების უფლების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ერთმანეთთან შედარებას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, რისი ვალდებულებაც მარეგისტრირებელი ორგანოს კანონმდებლობით ჰქონდა დაკისრებული.

მითითებული ნორმების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს შპს „წ...ისა“ და შპს „...ის“ სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, ადგილმდებარეობა, რათა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით სარწმუნოდ არ დგინდება თ. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. ამასთან, შპს „წ...ის“ და შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი (აჭარის ა/რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 14.05.2007 წ. N473 ბრძანება და 23.09.2007 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება) სადავო არ იყო.

სააპელაციო სასამართლო ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ აპელანტის (მოსარჩელის) იურიდიულ ინტერესს არ წარმოადგენს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანებისა და 23.09.2007 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (მით უფრო, რომ არც მინისტრის ბრძანებას არ არც ნასყიდობის ხელშეკრულებას არ ახლდა გარიგების საგნის მაიდენტიფიცირებელი ტექნიკური დოკუმენტაცია (გეგმა, რუკა, ნახაზი ან/და სხვა), ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის საიდენტიფიკაციო კოდიც კი არ არის აღნიშნული, ნასყიდობის საგნად კი მხოლოდ მიწის ნაკვეთია დასახელებული, მაშინ, როცა ხსენებული დოკუმენტების საფუძველზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით). სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა ნაკვეთის სივრცობრივად არასწორი მდებარეობის გამო, რამაც გამოიწვია სადავო მიწის ნაკვეთის ზედდება შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, რომელიც თავის დროზე კომპანიამ ტრესტისაგან შეიძინა. ამდენად, სადავოა მიწის ნაკვეთის პარამეტრები და ადგილმდებარეობა. საგულისხმოა ისიც, რომ თავდაპირველ მესაკუთრესთან (აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელმაც შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა ქონება (მიწის ნაკვეთი)) თ. ხ-ს დავა არ აქვს. მას პრეტენზია გააჩნია მხოლოდ 145.08 კვ.მ. მიწაზე, რომელიც მან კერძო პირებთან დადებული გარიგების საფუძველზე შეიძინა და საჯარო რეესტრშიც დაირეგისტრირა საკუთრებად 2006 წელს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად საკმარის მტკიცებულებად სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 05 სექტემბრის N005153317 დასკვნის გამოყენება ირელევანტურია, რადგან სხვა არაერთი მტკიცებულების ერთობლივი ანალიზი უდავოდ ადასტურებს მოსარჩელის პოზიციას _ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის პროცესში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფისა და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების შემთხვევაში, სადავო რეგისტრაციის პროცესში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჯ. კ-ესა და გ. კ-ასთან დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებები, ასევე მათსა და თ. ხ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერები შეიცავდა თ. ხ-ის კუთვნილი უძრავი ნივთის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, აგრეთვე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.3 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოეთხოვა სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელი იყო განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად, დაუსაბუთებელია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვერ ხერხდებოდა ნაკვეთის იდენტიფიცირება და არ დასტურდებოდა დაუზუსტებელი მონაცემებით თ. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შპს „წ...ისა“ და შპს „...ის“ სახელზე რეგისტრაცია. მსგავსი კატეგორიის საქმეზე (ბს-270-270(კ-18) მიღებული გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კანონით მინიჭებული ფუნქციების განუხორციელებლობის გამო მხარეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთის (ამ შემთხვევაში თ. ხ-ის საკუთრების ობიექტის) რაიმე სხვა ადგილმდებარეობას.

სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილ (განსახილველ შემთხვევაში შპს „წ...ისა“ და შპს „...ის“ მიერ მოთხოვნილ) მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა.

კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები... დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტი და მის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი (დაუზუსტებელი რეგისტრაციის შესახებ). ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემისა და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში. უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, თ. ხ-ის ხელთ არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი ქმნიდა უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის საფუძველს, თუმცა არც საქალაქო სასამართლომ და არც მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გამოიკვლიეს კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთზე იყო დავა, მაშინ, როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „წ...ს“ საკუთრებად მხოლოდ მიწის ნაკვეთი ჰქონდა გადაცემული და რეგისტრირებული, ასევე მხოლოდ მიწის ნაკვეთზე (შენობის გარეშე) ჰქონდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია განხორციელებული შპს „...ს“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელე მხოლოდ 212 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე დამაგრებული 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დავობს.

შპს „წ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციისას და შემდეგ აღნიშნული საწარმოდან ნასყიდობის გზით შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების გადასვლისას ცდომილებებს რომ ჰქონდა ადგილი, აღნიშნული დასტურდება შპს „...ის“ მიმართვითაც აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსადმი (შემოსვლის N1643, 23.03.2012 წ), სადაც შპს „...ი“ მიუთითებს, რომ შპს „წ...ისაგან“ შეძენილი 914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის პროცესში შპს-ს საკუთრებას აღმოაჩნდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. შპს „...ის“ დირ...მა ამის გამო მოითხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ მიმართვების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა შპს „...ის“ საკუთრება, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოცემულია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის 2012 წლის 20 აპრილის N219 ბრძანება, რომელიც თავისი შინაარსით ადასტურებს შპს „წ...ისათვის“, ხოლო ამ უკანასკნელისგან შპს „...ისათვის“ მიწის ნაკვეთების გადაცემას ხარვეზებით, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 10 ივნისის N01-20/689 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისადმი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 2 534 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილში და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 6 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილიდან და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობიდან (ს/კ ...) ზედდების 247 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებობს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობამ შესაძლოა შედეგად არც გამოიწვიოს ნაკვეთის შემძენის - შპს „...ის“ უფლების შელახვა, ვინაიდან სრულიად შესაძლებელია მოხდეს კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის კოორდინატების კორექტირება ნაკვეთის ფართობის შეუმცირებლად.

საქმის გარემოებები სრულიად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს დაეკარგა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი. საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკვეთის კოორდინატების კორექციის შესაძლებლობაზე. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციას, კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. აღნიშნული კანონი ასევე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სააგენტოს მიერ მოხდეს მიწის ნაკვეთის კორექტირება და თავისუფალი სივრცის გამოძებნა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.61 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსათვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება წარმოდგენილ შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ. ხ-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის გამო, გაუქმდა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებებიც. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება, როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის შპს „...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვის, ისე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ნაწილშიც.

თუმცა, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებით, თ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ.ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე სადავო - 145,08 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს „...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. თ. ხ-ს დაეკისრა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს „...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 10 000 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით, შპს „...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ხ-ის განცხადება და მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გაუქმდა და შეიცვალა სხვა ღონისძიებით. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. შპს ,,...ის“ საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფი თანხის ოდენობის შეცვლის თაობაზე, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებით, შპს „...ის“ საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა, განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა, უნდა გაეუქმებინა ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები, თუმცა 2016 წლის 11 მარტის განჩინება საჯარო რეესტრისთვის ქმედების აკრძალვის ნაწილში უკვე გაუქმებული იყო 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით და შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის ამ პუნქტში, გასაუქმებელი უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაშვებულია უზუსტობა, რაც შეიძლება გასწორდეს. რაც შეეხება შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თ. ხ-ის სააპელაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც ძალაში დარჩა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების თაობაზე სასამართლო განჩინება, რაც იმავდროულად ნაწილობრივ შპს „...ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას განაპირობებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, შპს ,,...მა", სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა.

კასატორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მითითებით, დადგენილი ფაქტია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანების საფუძველზე შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე საქვაბეზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2962 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აღნიშნული საფუძვლით 2914,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა შპს „წ...ის“ საკუთრებად (ს/კ ...).. 2007 წლის 17 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „წ...მა“ მიწის ნაკვეთი მიყიდა შპს „...ს". მოსარჩელეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანება და 2007 წლის 17 სექტემბერს შპს „წ...სა“ და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სადავოდ, არ გაუხდია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მთლიანად ემყარება მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილ, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ...ის“ 29.01.2019წ. 03/02 დასკვნას. სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა აღნიშნულ საკითხს და გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის საფუძველზე ისე, რომ არ შეაფასა მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის განმარტებები. მოსარჩელე მხარემ ვერც საექსპერტო დაწესებულებას და ვერც სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ისეთი დოკუმენტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა.

ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „წ...ის“ საკუთრების უფლების და შემდეგ ნასყიდობის გზით შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ცდომილებებს რომ ჰქონდა ადგილი თითქოს დასტურდება შპს „...ის“ მიმართვითაც, სადაც შპს „...ი“ მიუთითებდა, რომ შპს „წ...ისაგან“ შეძენილი 2 914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის N219 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 10 ივნისის 01-20/689 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისადმი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 2 534 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილში და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 6 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილიდან და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობიდან (ს/კ ...) ზედდების 247 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ხარვეზით რეგისტრაციაზე და არაფერი აქვს კავშირი შპს „წ...ისა“ და შპს „...ის“ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის ნორმებთან, ვინაიდან დავის ფარგლებში შპს „...ის“ არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისთვის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები არ გამოვლენილა და მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცემია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობამ შესაძლოა შედეგად არც გამოიწვიოს ნაკვეთის შემძენის შპს ,,...ის“ უფლების შელახვა, ვინაიდან სრულიად შესაძლებელია მოხდეს კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის კოორდინატების კორექტირება ნაკვეთის ფართობის შეუმცირებლად, რადგან სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებობს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა, რომ შპს „...ი“ სამართლებრივ ურთიერთობაში იყო შპს „წ...თან“, რომელიც ლიკვიდირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებისა (საქმე 2-368/07) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. განსახილველ დავაში სახეზეა მოწინააღმდეგე მხარეების საკუთრების უფლებების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომა. სააპელაციო სასამართლომ სცადა მოსარჩელის უფლების კანონიერების შესწავლა, თუმცა არ შეეხო იმავე კუთხით მესამე პირის საკუთრების უფლებას. მხოლოდ იმიტომ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია და ფაქტია, რომ თ. ხ-ის საკუთრება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, ამიტომ დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და მხოლოდ ვარაუდზე დამყარებული პოზიციის საფუძველზე შეიზღუდოს შპს „...ის” საკუთრება.

საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მტკიცება, თითქოს შპს ,,...ის" მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი არის ის მიწის ნაკვეთი, სადაც მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობდა.

კასატორის განმარტებით, საყურადღებოა, თუმცა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მესამე პირის - შპს „...ის“ მიერ წარმოდგენილი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2015 წლის 18 ივლისის 25/14023 წერილი, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში სახელმწიფო საბინაო ფონდში ბინების არსებობის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფორმაცია არ მოიპოვება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს წერილების თანახმად, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ცენტრალურ არქივში დაცულ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1989-1996 წლების და 1996-2003 წლების მასალებში ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...ა-ში მდებარე ფართებში მოქალაქეების გ. კ-ას და ჯ. კ-ის შესახლების შესახებ ან/და აღნიშნული ფართების სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საბინაო ფონდში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა. საარქივო სამმართველოდან მოწოდებული ინფორმაცია არის იმის მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ...ის ქ. 53ა-ში კომუნალური ან/და საზოგადოებრივი ფონდის ფართი არ არსებობდა, რაც ეჭქვეშ აყენებს როგორც გ. კ-ას, ასევე ჯ. კ-ის მიერ განხორციელებული პრივატიზაციის ნამდვილობას, არსებობდა თუ არა მათ მიერ პრივატიზირებული ფართები ბუნებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირების - გ. კ-ასა და ჯ. კ-ის განმარტებები, რომელიც იწვევს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ 2003 წლის 16 ივნისის საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებების თანახმად მათთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ბინები საერთოდ ნანახიც კი არ ჰქონდათ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი, შპს „ტ...ის“ მიერ 2007 წლის 22 მაისს მომზადებული ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2 914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი (დამკვეთი - შპს „წ...ი“, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე ორი ერთეული შენობა-ნაგებობაა დატანილი), როდესაც განმარტა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 14.05.2007 წ. N473 ბრძანების საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. ..., არასწორად აღრიცხა შპს „წ...ის“ საკუთრებად (ს.კ ...), რადგან რეგისტრაცია განხორციელდა ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე (ნახაზი, გეგმა და სხვა), რაც აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებისთვის. აღსანიშნავია, რომ შპს „ტ...ის“ მიერ 2007 წლის 22 მაისს მომზადებული ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2 914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანება რეესტრში წარდგენილი იყო ერთი სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში, რომლის საფუძველზე უძრავი ნივთი მდებარე: ქ.ბათუმში, ...ის ქ. ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2914. 8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აღირიცხა შპს „წ...ის“ საკუთრებად. შპს „წ...ის“ საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია განიმარტებოდა, როგორც უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. იმავე დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (ქონებრივი შენატანის საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ სასამართლოს აქტი ან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს)) ან მისი ტერიტორიული ორგანოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი იურიდიული პირის დაფუძნებისა და საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის თაობაზე (ს.ს. - შემთხვევაში საერთო კრების გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე) თანდართული დოკუმენტაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ხოლო 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრატორი ახდენს უფლების რეგისტრაციას, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები ან თუ სარეგისტრაციო წარმოება არ შეწყდა. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამდენად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 14.05.2007წ. No473 ბრძანება „შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ” და ნასყიდობის ხელშეკრულება განიხილება ისეთ სარეგისტრაციო დოკუმენტებად და იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

ამდენად, სადავო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სრულად შეესაბამება ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „წ...ისა“ და შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის არ არსებობდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23ე, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და უარის თქმის საფუძვლები. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეზე (ბს-270-270(კ-18) მითითებას, აღსანიშნავია, რომ იმ საქმეში აშკარად იკვეთება მიმდინარე დავისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლითაც ირკვევა, რომ „სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეისთვის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ურთიერთგანლაგება არ შეესაბამება ექსპერტიზისათვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების შესაბამის აქტებში მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების განლაგებას“. მიმდინარე დავაში მსგავსი მიმართულებით გარემოებები არ იკვეთება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების გაუქმებას, მოთხოვნა უნდა იყოს სათანადოდ დადასტურებელი და მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებით დაინტერესებულ პირზე გადადის და მან უნდა დაასაბუთოს სადავო ქონებაზე თავისი კანონიერი უფლების არსებობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სადავო რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი (30.05.2007წ.-23.09.2007წ.) „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია განიმარტებოდა, როგორც უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (ძალადაკარგულია აჭარის ა/რ 10/12/2010 0 103 უ.ს.რ.ს კანონით) 4.1 მუხლის მიხედვით, ქონების მართვას და პრივატიზებას, ამ კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში — სამინისტრო).

ამავე კანონის 5.1 მუხლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო. ამასთან, ამავე დროს მოქმედი (30.05.2007წ.-23.09.2007წ.) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრატორი ახდენს უფლების რეგისტრაციას, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები ან თუ სარეგისტრაციო წარმოება არ შეწყდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე.

ამდენად, კასატორის განმარტებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 14.05.2007წ. N473 ბრძანება „შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ” და ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, თარიღი: 17.09.2007წ.) განიხილება ისეთ სარეგისტრაციო დოკუმენტებად, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშესაბამისია, რამეთუ სრულად შეესაბამება ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რათა შესაძლებელი იყოს უძრავი ნივთის იდენტიფიცირება, რომელზეც ხორციელდება უფლების რეგისტრაცია.

უდავოა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2914.80 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული იყო შპს „...ის“ (ს/ნ ...) საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი:...).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის 25.3 მუხლის თანახმად, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს, ხოლო 30-ე მუხლის მიხედვით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს (სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქცია).

ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილი შპს „გ...ს“ მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სადავო ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ N...-03 (24.05.2012) გადაწყვეტილებით განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და შპს „...ის“ (ს/ნ ...) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2915კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღირიცხა დაზუსტებული მონაცემებით (ახალი საკადასტრო კოდი: ..., წინა ს/კ ...).

გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასამართლოს ან/და მხარეებს არ მიუთითებიათ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით ... სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი შპს „ტ...ის“ მიერ 22.05.2007წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზისა და შპს „გ...ს“ მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ურთიერთშეუსაბამობაზე. აღნიშნული გარემოება სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, შპს „წ...ისა“ და შპს „...ის“ საკუთრების უფლების/ცვლილების რეგისტრაციის დროისათვის არ არსებობდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და უარის თქმის საფუძვლები.

კასატორის განმარტებით, ერთ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთზე ორი ერთეული შენობა-ნაგებობაა დატანილი, ხოლო მეორე შემთხვევაში განმარტავს, რომ შენობის არსებობა არ დგინდება. ამ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ 13.1 და 13.2 მუხლები.

სადავო რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი (30.05.2007წ.-23.09.2007წ.) „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე დროს მოქმედი (30.05.2007წ.-23.09.2007წ.) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით საკადასტრო აზომვითი ნახაზი განმარტებულია, როგორც ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით და განსაზღვრულ მასშტაბში შესრულებული მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის საზღვრების, ფართობისა და ადგილმდებარეობის ამსახველი გრაფიკული გამოსახულება. შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელია პალატის მითითება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ამონაწერში როგორც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითების თაობაზე. ასეთს არც საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ფორმა არ ითვალისწინებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია. მითითებული ნორმის მიზნებისათვის იდენტური მონაცემების არსებობა გულისხმობს იმავე პირზე (პირებზე), იმავე სარეგისტრაციო დოკუმენტითა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ და სარეგისტრაციო წარმოდგენილ უძრავ ნივთებს შორის იდენტურობის (იგივეობის) არსებობას. მოცემულ შემთხვევაში კი, სარეგისტრაციო წარმოებისას მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა არ დადგენილა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის 76-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დამატებით მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო სამსახურებში იარსებებს საკადასტრო ინფორმაციის აღრიცხვისა და გამოყენების კომპიუტერული სისტემა. იმ სარეგისტრაციო სამსახურებში, სადაც რეგისტრაციის პროცესი უკვე კომპიუტერიზებულია, შეიძლება დაინტერესებული პირის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსიის დამატებით ნებაყოფლობით წარმოდგენა.ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით დიგიტალიზაციის (დეშიფრირების) მეთოდი განიმარტებოდა, როგორც წერტილის ადგილმდებარეობის კოორდინატების (ხ,9) განსაზღვრა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოყვანილ აერო ან კოსმოსურ გამოსახულებაზე.

სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 28.01.2019წ. N41734/17 წერილის თანახმად, ქალაქ ბათუმის სარეგისტრაციო ზონაში, უძრავ ნივთებზე, საკადასტრო მონაცემების კოორდინატთა სისტემაში შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების ელექტრონული ვერსიების განხილვა, მათი ერთიან ბაზაში ასახვა და ელექტრონული კადასტრის წარმოება დაიწყო 2008 წლის 4 მაისიდან. აღნიშნული პროცესი არ ხორციელდებოდა ზემოაღნიშნულ პერიოდამდე, მათ შორის 2007 წლის 30 მაისის მდგომარეობით.

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იყო რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, „მარეგისტრირებელი ორგანო აჩერებს რეგისტრაციას, თუ: ა) უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს, რომელზე საკუთრების უფლებაც რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, ან მასში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ბ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; გ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის შეჩერებას; დ) არსებობს ამ კანონით ან „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. ...ა, მიწის ნაკვეთი, ფართით 148,05კვ.მ. და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, ფართით 212,9კვ.მ, საკადასტრო კოდით: ..., წარმოადგენს დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთს, რომელსაც არ გააჩნია კანონითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემები. ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევით დგინდება, რომ საჯარო რეესტრში არ ყოფილა წარმოდგენილი ზუსტი საკადასტრო საზღვრები, შესაბამისად, მისი ადგილმდებარეობა იყო დაუზუსტებელი. გარდა ამისა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებას არ ახდენდა და ვერც მოახდენს მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, რამდენადაც ამ უკანასკნელს საერთოდ არ გააჩნდა საკადასტრო მონაცემი, რაც უდავოდ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ელექტრონული ვერსიის გარეშე წარდგენილი აზომვითი მონაცემები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად და არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას, რის გამოც შეუძლებელია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი (დაზუსტებული) მონაცემების შედარება არაელექტრონულ (დაუზუსტებელ) მონაცემებთან.

მოცემულ შემთხვევაში უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით: ..., არაა რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც არ იძლევა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმაზე, რომ შპს „წ...ის“ და შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი (აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 14.05.2007წ. N473 ბრძანება და 23.09.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულება) სადავოდ არ იყო გამხდარი.

კასატორის განმარტებით, სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ მიწის ნაკვეთის სივრცობრივად არასწორი მდგომარეობით განხორციელებულმა რეგისტრაციამ გამოიწვია სადავო მიწის ნაკვეთის ზედდება შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც შპს „წ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის (N473 ბრძანება) გამომცემი პირი, ასევე ამ საზოგადოების დამფუძნებელი და პარტნიორია (100%). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ მიუთითებია და არ დაუდასტურებია ის გარემოება, რომ მინისტრის 14.05.2007წ. N473 ბრძანებით ტრესტის კაპიტალში შეტანილი ქონება შეუსაბამობაშია შპს „ტ...ის“ მიერ 22.05.2007წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზთან. შესაბამისად, გაუგებარია რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ მინისტრის 14.05.2007წ. N473 ბრძანებისა და შპს „ტ...ის“ მიერ 22.05.2007წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სივრცობრივად შეუსაბამობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, ჩანაწერის უსწორობაზე მსჯელობა, ისეთ პირობებში, როდესაც უფლების წარმოშობის საფუძველი მხარეთა მიერ არაა შედავებული, გამორიცხავს ჩანაწერის უსწოროდ მიჩნევას.

კასატორის განმარტებით ასევე არასწორია სასამართლოს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ...ის“ 29.01.2019წ. 03/02 ექსპერტის დასკვნის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას, ვინაიდან, ეს დასკვნა შესრულებულია მოსარჩელის დაკვეთით, დასკვნის შინაარსი კი ცხადყოფს, რომ ექსპერტს არ უხელმძღვანელია სრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციით და დასკვნა გასცა თ. ხ-ის დაკვეთით 2014 და 2019 წლებში შესრულებულ აზომვით ნახაზებზე დაყრდნობით. სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია ექსპერტს არ გამოუყენებია (ასეთის შესახებ დასკვნაში არაა მითითებული და ვერც სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას მიუთითა). კვლევაში მონაწილე ექსპერტის განმარტებით, საექსპერტო დასკვნა შედგა ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ შპს „წ...ის“ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი ერთ-ერთი ნიშანი მასზე არსებული შენობა-ნაგებობაა. შესაბამისად, თუ სასამართლოს მოსაზრებით მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ ერთ-ერთ ნიშანს მასზე არსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს, შპს „ვ...ის“ ექსპერტს თ. ხ-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას ამით არ უნდა ეხელმძღვანელა, ვინაიდან მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა დანგრეულია. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შპს „ვ...ის“ ექსპერტმა განმარტა, რომ მას არ ახსოვს კონკრეტულად რა დოკუმენტაციით იხელმძღვანელა ექსპერტის დასკვნის შედგენისას.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით სარწმუნოდ არ დგინდება თ. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.

განსახილველ შემთხვევაშიც უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით: ... (მესაკუთრე თ. ხ-ი) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცულია 2003 წლის 23 ივნისს გაცემული ტექნიკურ პასპორტი, რომლის შესაბამისად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს No005153317 დასკვნითაც კი ვერ იქნა იდენტიფიცირებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოც არ უთითებს ისეთ რეკვიზიტზე, რაც ასეთი დასაბუთების საფუძველი გახდებოდა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოკვლეული იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზე არ ყოფილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის გამოყენების წინაპირობა. ის გარემოებები, რომლებიც სასამართლომ მიიჩნია, რომ შეფასებული და გამოკვლეული უნდა იქნეს ტერიტორიული სამსახურის მიერ, უკვე შეფასებული და გამოკვლეული იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა განსახილველ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებითაც.

კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის თ. ხ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 270 ლარის ანაზღაურების დაკისრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. აღნიშნული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების ზოგადი წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება. შესაბამისად, სახეზეა არაქონებრივი დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე —150 და 300 ლარს. მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ოდენობით დაკისრება, უსაფუძვლოა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი - შპს ,,...ი" საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანებით ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2914.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანებისა და შპს „ტ...ის“ მიერ 2007 წლის 22 მაისს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 29 14.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „წ...ის“ საკუთრებად. შპს „...ი“ ენდო საჯარო რეესტრის ჩანაწერებს და შპს „წ...ის“ საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2914.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა 2007 წლის 20 აგვისტოს გამართულ აუქციონზე, რის საფუძველზეც 2007 წლის 17 სექტემბერს შპს „წ...სა“ და შპს „...ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. შპს ,,...ის“ მიერ შპს „წ...ის“ საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2914.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენისას ცნობილი არ იყო თ. ხ-ისაგან პრეტენზიების არსებობის შესახებ. 2007 წლის 17 სექტემბერს შპს „წ...სა“ და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...ი“ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2914.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. კასატორის მითითებით, მოსარჩელე რეგისტრაციების გაუქმებას ითხოვს, მაგრამ სადავოდ არ ხდის ქ. ბათუმში ...ის ქ. ...-ში მდებარე 29 14.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე იმ უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერებას, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ თავდაპირველად დარეგისტრირდა შპს „წ...ი“, ხოლო შემდეგ შპს „...ი“. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში დუშვებელი იყო მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილება, იმ შემთხვევაშიც თუკი, იგი დაამტკიცებდა, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაიფარა თავდაპირველად შპს „წ...ის“, ხოლო აუქციონზე შეძენის შემდეგ შპს ,,...ის“ საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთით. შპს „...ის“ მიერ შპს „წ...ისაგან“ მიწის ნაკვეთის შეძენისას საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო შპს „წ...ი", საჯარო რეესტრის მოცემული ჩანაწერები სადავოდ არ იყო გამხდარი მოსარჩელე მხარის მიერ და შპს ,,...ს“ არ გააჩნდა საფუძველი უნდობლობა გამოეჩინა მოცემული ჩანაწერების მიმართ.

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 311-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება. ამავე კოდექსის 332-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული სამართლებრივი ნორმები ერთმნიშვნელოვნად იცავენ შპს „...ის“, როგორც შემძენის ინტერესებს, შესაბამისად, დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი მოქმედების განხორციელება, რომელიც ხელყოფს მის როგორც შემძენის ინტერესებს, საკუთრების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი, საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ის რეგისტრაციები და რეგისტრაციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც უკავშირდება შპს „...ის“ მიერ შეძენილი ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2914.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ექსპერტის დასკვნით არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს „...ის“ მიერ შეძენილმა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2914.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთმა გადაფარა თ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სარჩელს მტკიცებულების სახით დაურთო 2016 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებული ხელშეკრულებები უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლთა მიხედვითაც მან გ. კ-ასა და ჯ. კ-ისაგან შეიძინა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით: .... მოცემულ ხელშეკრულებებში ყურადსაღებია ორი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, ესენია: ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძველი და ხელშეკრულების საგნის მახასიათებლები. კერძოდ, ორივე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის N107 დადგენილების საფუძველზე. მითითებული დადგენილების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლა- პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას; 2. პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. ანუ დადგენილების თანახმად, პრივატიზებას ექვემდებარებოდა საცხოვრებელი ბინები, რომლებიც სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ფონდში იყო ჩარიცხული და რომლებიც დაკავებული ჰქონდათ მოქალაქეებს. საქმეში წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს 2015 წლის 27 ივლისისა და 2015 წლის 17 სექტემბრის წერილებიდან კი ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1989-1996 წლების, ასევე 1996 2003 წლების მასალებში ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...ა-ში მდებარე ფართებში მოქალაქეების - გ. კ-ას და ჯ. კ-ის შესახლების ან/და აღნიშნული ფართების სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საბინაო ფონდში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებები არ აღმოჩნდა. ასევე საჯარო რეესტრიდან და ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გამოთხოვილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში მდებარე უძრავ ნივთში საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებელი ბინა არ მდებარეობდა. მოცემული ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ჯ. კ-ემ და გ. კ-ამ. ასევე, პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია იმის შესახებაც, რომ სახლის ფართობი, სადაც საპრივატიზაციო ფართები იყო განთავსებული, იყო 212,9 კვ.მ. და იგი შედგებოდა 4 ოთახისაგან. საქმეში მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში და ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე შენობა-ნაგებების სხვადასხვა დროს შედგენილი გეგმები, არც ერთ მათგანში არ არის დატანილი შენობა-ნაგებობა, რომლის საერთო ფართი შეადგენს 212.9 კვ.მ-ს და იმავდროულად შედგება 4 ოთახისაგან. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, 2003 წლის 16 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ჯ. კ-ესა და გ. კ-ას საკუთრებაში არ გადასცემიათ ფართები იმ შენობებში, რომლებიც დატანილია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ტექაღრიცხვის სამსახურის არქივიდან გამოთხოვილ, ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში და ...ის ქ. ...ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გეგმებზე. მით უმტეს იმ შენობაში სადაც ელექტრო ტრანსფორმატორია განთავსებული.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება გააჩნია თუ სად მდებარეობს მის საკუთრებად რეგისტრირებული 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოცემული მიწის ნაკვეთის მდებარეობისა და კონფიგურაციის შესახებ ინფორმაცია არც საჯარო რეესტრში დაცული ტექნიკური აღრიცხვის არქივში მოიპოვება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სარეგისტრაციო გადაწყვეტილებები კანონის შესაბამისად იქნა გამოცემული საჯარო რეესტრის მიერ და სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დაზუსტების მიზნით სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზს, იგი მოსარჩელის დაკვეთით და მითითებითაა შედგენილი კერძო სამართლის პირის მიერ და ბუნებრივია ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მიერ 2006 წელს შეძენილი 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობად აზომვით ნახაზში მითითებულ ადგილას, მით უმეტეს, რომ აზომვით ნახაზში მითითებულ მიწის ნაკვეთი, რომლის უდიდესი ნაწილი შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილია, არასოდეს ყოფილა გამიჯნული სასაზღვრო მიჯნით და მოცემული ნაკვეთი არასდროს ყოფილა მოსარჩელის ფლობასა და სარგებლობაში. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი წინააღმდეგობაში მოვიდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა კანონის მოთხოვნათა დაცვით 2014 წლის 30 ოქტომბერს გამოსცა N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და არ არსებობს მოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითაა გამოცემული წარმოების შეწყვეტის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 31 დეკემბრის N... გადაწყვეტილებაც. მოცემული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იყო აღმოფხვრილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილშიც, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

კასატორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქ. N3-ში მდებარე სადავო -145 კვ.მ. ფართის ნაწილში, შპს „...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორცილება; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ნაწილში, რომლითაც თ. ხ-ს დაეკისრა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს ...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 ლარის შეტანა. თ. ხ-ს დაუბრუნდა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შეტანილი 10 000 ლარი.

აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი. კასატორის მოსაზრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე პრიმა მუხლი, რადგან მოცემული მუხლის მიხედვით უნდა გაუქმებულიყო მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა. ამასთანავე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც უკვე იყო გაუქმებული. იმავდროულად გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოვიდა ამავე კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესთან, კერძოდ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ხ-ის განცხადება და მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო 145.08 ვკ.მ ფართის მიწის ნაკვეთში, შპს „...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. იმავე განჩინებით თ. ხ-ს დაეკისრა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს ,,...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 10 000 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ საჩივარი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ხ-ის განცხადება და მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გაუქმდა და შეიცვალა სხვა ღონისძიებით. კერძოდ: მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს „...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. ანუ 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უნდა გაეუქმებინა არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, არამედ ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით (საქმე No(3/6-15) 10310015690068) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

კასატორის განმარტებით, ამავდროულად გაუგებარია, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში რატომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს „...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

მოცემულ შემთხვევაში, თავის დროზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მესამე პირის შპს „...ის“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფით შესაძლებელია ზიანი მისდგომოდა შპს „...ს“ და 2016 წლის 11 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, თ. ხ-ს დაეკისრა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს „...ისათვს“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 ლარის შეტანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოცემული ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს „...ს“ აძლევს საშულებას მოსთხოვოს მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოყენებული ზიანის ანაზღაურება. ამავდროულად მოცემული მოთხოვნა უნდა უზრუნველეყო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინების საფუძველზე, თ. ხ-ის მიერ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ 10 000 ლარს. მიუხედავად ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და თ. ხ-ს დაუბრუნა საერთო სასამართლოების სადეპოზიოტო ანგარიშზე შეტანილი 10 000 ლარი, რითიც უზრუნველყოფის გარეშე დარჩა თ. ხ-ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო შპს „...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება, მოცემული კი პირდაპირ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მოთხოვნებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმებას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინების ძალაში დატოვებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო 2020 წლის 9 იანვრის განჩინებით შპს ,,...ის" და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს ,,...ის", სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის ...-ის გამგეობის წარმომადგენელ მ. მ-ესა და მოქალაქე გ. კ-ას შორის დადებული 2003 წლის 06 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებით (რეესტრში რეგისტრაციის N...) გ. კ-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში. ბინა შეადგენდა სახლის ½ ნაწილს კერძოდ, ოროთახიან ბინას, საერთო ფართობით - 103.20 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 38.70 კვ.მ, დამხმარე ფართი - 64.50 კვ.მ, უძრავი ქონების მახასიათებლები - ლიტ გ1 ქვის მასალის ორსართულიანი შენობა, რომლის სასარგებლო ფართია 212.9 კვ.მ, ოთახების რაოდენობა - 4, საცხოვრებელი ფართი - 81.95 კვ.მ, დამხმარე ფართი - 130.95 კვ.მ, სარეგისტრაციო ზონა - ბათუმი, ..., ს...ი - ... - 03, ..., მიწის ფართობი - 145.08 კვ.მ საერთო საკუთრება, რეგისტრაციის N..., სარეგისტრაციო კოდი - N..., განლაგებული ქალაქ ბათუმის მერიის 145.08 კვ.მ. მიწაზე. საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ქ. ბათუმის მერიას.

ქ. ბათუმის ...-ის გამგეობის წარმომადგენელ მ. მ-ესა და მოქალაქე ჯ. კ-ეს შორის დადებული 2003 წლის 06 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებით (რეესტრში რეგისტრაციის N...) ჯ. კ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.ბათუმი, ...ის ქ. ...ა. ბინა შეადგენდა სახლის ½ ნაწილს, კერძოდ, ოროთახიან ბინას, საერთო ფართობით - 109.70 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი - 43.25 კვ.მ, დამხმარე ფართი - 66.45 კვ.მ, უძრავი ქონების მახასიათებლები - ლიტ გ1 ქვის მასალის ორსართულიანი შენობა, რომლის სასარგებლო ფართია 212.9 კვ.მ, ოთახების რაოდენობა - 4, საცხოვრებელი ფართი - 81.95 კვ.მ, დამხმარე ფართი - 130.95 კვ.მ. სარეგისტრაციო ზონა - ბათუმი, ..., ს...ი - ... - 03, ..., მიწის ფართობი - 145.08 კვ.მ საერთო საკუთრება, რეგისტრაციის N... სარეგისტრაციო კოდი - N... განლაგებული ქალაქ ბათუმის მერიის 145.08 კვ.მ. მიწაზე. საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ქ. ბათუმის მერიას. ტექინვენტარიზაციის სამსახურის 04.06.2003წ. გაცემული N... ცნობის, ბათუმის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორის მიერ 05.06.2003წ გაცემული N1656 ცნობისა და ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 04.06.2003წ. გაცემული N... მოწმობის თანახმად.

2006 წლის 30 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ნ. უ-ის მიერ, რეესტრის N...) თ. ხ-მა ჯ. კ-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება - შენობა-ნაგებობა, სასარგებლო ფართით - 212,90 კვ.მ. (1/2 ნაწილი), მდებარე - ქ. ბათუმი, ...ის ქ. ...ა.

2006 წლის 30 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ნ. უ-ის მიერ, რეესტრის N...) თ. ხ-მა გ. კ-ასგან შეიძინა უძრავი ქონება _ შენობა-ნაგებობა, სასარგებლო ფართით - 212,90 კვ.მ. (1/2 ნაწილი), მდებარე - ქ.ბათუმი, ...ის ქ. ...ა.

აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე თ. ხ-ი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ.ბათუმში, ...ის ...ა-ში მდებარე 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 212.90 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ.

2014 წლის 24 ოქტომბერს თ. ხ-მა განაცხადით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ბათუმში, ...ის ქ. ...ა-ში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2014 წლის 30 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ -...) საზღვრებში, შესაბამისად წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 1 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, 2014 წლის 24 ოქტომბერს თ. ხ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის გამო.

2014 წლის 12 ნოემბერს თ. ხ-მა ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 სექტემბრის №...-03, 2012 წლის 24 მაისის №...-03 და 2013 წლის 24 ოქტომბრის №...-03 გადაწყვეტილებებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2014 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული წარმოების განახლება და 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 08 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით თ. ხ-ის საჩივარი 2014 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2007 წლის 23 სექტემბრის №...-03, 2012 წლის 24 მაისის №...-03 და 2013 წლის 24 ოქტომბრის №...-0 გადაწყვეტილებების გაუქმების ნაწილში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანებით, ქ.ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე საქვაბეზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 962 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ღირებულებით 296 200 ლარი, რამდენიმე სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად, შეტანილ იქნა შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში. N473 ბრძანებითვე ეთხოვა საჯარო რეესტრის სამსახურს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მასზე განლაგებული შენობა- ნაგებობების რეგისტრაციაში გატარება, როგორც შპს „წ...ის“ საკუთრება. ბრძანებას არ ახლდა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი მიწის ნაკვეთების გეგმა.

2007 წლის 31 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის N...; 30.05.07 წელი) ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე ბათუმი, ...ის ქ. ..., საკადასტრო კოდით: ... ფართობი 2 914,8 კვ.მ. რეგისტრირებულია შპს „წ...ის“ საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 მაისის N473 ბრძანება. ამონაწერში არ არის აღნიშვნა შენობა-ნაგებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აუქციონის შესახებ განცხადების თანახმად, აუქციონი გამოცხადდა შპს „წ...ის“ კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 962 კვ.მ. მიწაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქ. ....

2007 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, (საფუძველი: შპს „წ...ის“ 09.08.2007 წ. ბრძანება და 20.08.2007 წ. სააუქციონო ვაჭრობის N9 ოქმი) შპს „...მა“ იყიდა 2914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ბათუმი, ...ის ქ. ...; ნასყიდობის ხელშეკრულებაში ასევე არ არის მითითება შენობა-ნაგებობაზე.

ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 სექტემბრის წლის N...-03 გადაწყვეტილებით, 2007 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...ის“ საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 2914,8 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერში არ არის აღნიშნული მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის შესახებ.

2012 წლის 18 მაისს შპს „...მა“ განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ბათუმში, ...ის ქ. ...-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის N...-03 გადაწყვეტილებით განაცხადი დაკმაყოფილდა და დაზუსტებული მონაცემებით, შპს „...ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2915.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ბათუმი, ...ის ქ. ..., მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობით ს/კ ... (წინა N ...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 17.09.2007 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული შპს „წ...თან“. საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილია N01 შენობა-ნაგებობა.

მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების მიღების ბარათსა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული N... განაცხადზე განმცხადებლის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შესახებ, სარეგისტრაციო სამსახურში, შპს „...ის“ საკუთრების დაზუსტებული მონაცემების სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო შპს „გ...ს“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (დამკვეთი შპს „...ი“);

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველია საკუთრების უფლება. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხული უძრავი ქონების დაზუსტებული სახით რეგისტრაცია. მისი ინტერესის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება მესამე პირის - შპს „...ის“ საკუთრებაში დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის მესამე პირისათვის შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე უძრავი ქონების გადაცემა. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკუთრებაში კანონიერად გადაცემული მიწის ნაკვეთების მდებარეობის შესაბამისობის დადგენა დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან. სადავოა თ. ხ-ის მიერ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი და შპს „წ...ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი, ხოლო შემდეგ შპს „...ის“ საკუთრებაში გადასული და ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული 2915 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილის, მხოლოდ 212 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე დამაგრებული 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს „...ის“ რეგისტრირებულმა საკუთრებამ (2915 კვ.მ) უკანონოდ მოიცვა ის 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზე მდებარე ფართებიც ქ. ბათუმის მერიამ პრივატიზების წესით 2003 წლის 06 ივნისს გადასცა ჯ. კ-ესა და გ. კ-ას, ამ უკანასკნელთაგან კი თვითონ შეიძინა. მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოს მტკიცებით, თ. ხ-ის საკუთრება არ მდებარეობდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჯერ წ...ის, ხოლო მოგვიანებით შპს „...ის“ საკუთრება დარეგისტრირდა. მოპასუხეთა და მესამე პირთა მტკიცებით, შპს „...ს“ აუქციონზე შეძენილი აქვს ...ის ქუჩა ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ხოლო თ. ხ-ის მიერ შეძენილი ქონება, რომელიც წინამორბედმა მესაკუთრეებმა ქალაქის მერიისაგან პრივატიზაციის წესით მიიღეს, ...ის ქ. ... ა-ში მდებარეობდა, შესაბამისად, არ დგინდება მათი იდენტურობა. საყურადღებოა, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ მიუთითებს თ. ხ-ის საკუთრების ობიექტის სხვა ადგილმდებარეობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რაც ცალსახად მიუთითებს უფლების კონსტიტუციურ მნიშვნელობაზე და მისი დაცვის სავალდებულოობაზე. აღნიშნული უფლების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიას კი ქმნის საჯარო რეეტრი.

საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნისა და დაცვის საფუძველი, რამეთუ უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს.

რამდენადაც უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტი რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს, სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობაზე, რაც წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულებას აწესებს ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები.

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2006 წლის 30 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ქ.ბათუმში, ...ის ...ა-ში მდებარე 145.08 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი და 212.90 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, ს/კ ... რეგისტრირებულია თ. ხ-ის საკუთრებად. შპს „წ...ს“ საკუთრებად მხოლოდ მიწის ნაკვეთი ჰქონდა გადაცემული და რეგისტრირებული, ასევე მხოლოდ მიწის ნაკვეთზე (შენობის გარეშე) ჰქონდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია განხორციელებული შპს „...ს“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

შპს „წ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შემდეგ აღნიშნული საწარმოდან ნასყიდობის გზით შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების გადასვლისას რომ ცდომილებებს ჰქონდა ადგილი, აღნიშნული დასტურდება შპს „...ის“ მიმართვითაც აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსადმი (შემოსვლის N1643, 23.03.2012 წ), სადაც შპს „...ი“ მიუთითებს, რომ შპს „წ...ისაგან“ შეძენილი 2 914,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის პროცესში შპს-ს საკუთრებას აღმოაჩნდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. შპს „...ის“ დირექტორმა ამის გამო მოითხოვა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ მიმართვების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა შპს „...ის“ საკუთრება (ს. ფ. 253, ტ-1), აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოცემულია აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის 2012 წლის 20 აპრილის N219 ბრძანება, რომელიც თავისი შინაარსით ადასტურებს შპს „წ...ისათვის“, ხოლო ამ უკანასკნელისგან შპს „...ისათვის“ მიწის ნაკვეთების გადაცემას ხარვეზებით, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 10 ივნისის N01-20/689 მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისადმი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 2 534 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილში და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 6 983 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილიდან და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობიდან (ს/კ ...) ზედდების 247 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციას, კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. აღნიშნული კანონი ასევე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სააგენტოს მიერ მოხდეს მიწის ნაკვეთის კორექტირება და თავისუფალი სივრცის გამოძებნა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.61 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსათვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

საკასაციო სასამართლოს ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის - შპს ,,...ის“ საკასაციო პრეტენზიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით თ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება; თ. ხ-ს დაეკისრა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს ,,...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 ლარის შეტანა, წინამდებარე განჩინების გადაცემის მომენტიდან 7 დღის ვადაში (სს „...ა“ ბანკის ... კოდი: ..., მიმღების IBAN ანგარიშის №...); თ. ხ-ს განემარტა, რომ თუ ის დადგენილ ვადაში არ განახორციელებდა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფას, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ.

2016 წლის 23 მარტს შპს ,,...მა“ საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2016 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება.

2016 წლის 15 აპრილს შპს ,,...მა“ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე 2016 წლის 11 მარტის განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების შესახებ.

საჩივრის ავტორმა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, როგორც გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, ასევე მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფი თანხის ოდენობის ნაწილში, კერძოდ: მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება; ასევე თ. ხ-ს დაეკისროს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს ,,...ისათვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს ,,...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ხ-ის განცხადება და მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გაუქმდა და შეიცვალა სხვა ღონისძიებით; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე სადავო - 145.08 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში, შპს ,,...ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი: ..., გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება; შპს ,,...ის“ საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფი თანხის ოდენობის შეცვლის თაობაზე, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით შპს ,,...ის“ საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მართებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ნაწილშიც. მაგრამ, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, ავტომატურად აღსდგა ის განჩინება რაც იყო გაუქმებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ ძალაში რჩება საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების თაობაზე სასამართლო განჩინება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს ,,...ის", სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ხოლო რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოსაზრებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისისათვის თ. ხ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ადასტურებს ბაჟის დაანგარიშების პროცესში ტექნიკური ხარვეზის არსებობის ფაქტს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახილი 120 ლარიდან 20 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი ექვემდებარება დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ხარვეზს, მითითებული არ უნდა იქნეს კასაციის დაშვების საფუძველი და უნდა გასწორდეს საგანცხადებო წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ.

აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ,,...ს“ საკასაციო საჩივარზე 23.12.19წ. საგადასახადო დავალებით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 24.12.19წ. #37847 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს ,,...ს“ (ს/კ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს ,,...ის", სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;

3. შპს ,,...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.12.19წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.12.19წ. #37847 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე