საქმე ¹52აგ-11 თბილისი
1 ნოემბერი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. შ-ესა და ი. რ-ეს შორის; ი. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც მას საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე _ შესაბამის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით ი. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით და ი. რ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, მას რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენი ი. რ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
2011 წლის 21 ივნისს ი. რ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი ბრალდების საქმის გადასინჯვის შემთხვევაში, შესაძლებელია, მას მოუსწროს კანონმა განრიდების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებით ი. რ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საკასაციო საჩივრით ი. რ-ე ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვასა და მოსახდელად დარჩენილი სასჯელის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. რ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ი. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.