Facebook Twitter

საქმე #ბს-611(კ-20) 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 8 თებერვალს მ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის ...ი შედიოდა ...ის სამინისტროს შემადგენლობაში. როგორც მოსარჩელე მხარისათვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ორგანოს სამართალმემკვიდრეა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შესაბამისად, მოსარჩელემ მიმართა სამინისტროს განცხადებით, რომ მისთვის გადაეცათ იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ მ. ყ-ი მართლაც მუშაობდა ...ად, თუმცა სამინისტრომ უარი განაცხადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ ...ის საარქივო მასალები იმ პერიოდთან დაკავშირებით სამინისტროში არ ინახებოდა. ამის შემდგომ, მოსარჩელემ წარადგინა სამუშაო წიგნაკი, რომლის საფუძველზეც სამინისტროს მოსთხოვა გაეცა ცნობა სამუშაო სტაჟის შესახებ, თუმცა იმავე მოტივით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმის მიუხედავად, რომ სამინისტროს ცნობის გაცემისათვის საკმარისი დოკუმენტი - სამუშაო წიგნაკი გადაცემული ჰქონდა.

ამდენად, მოსარჩელემ მ. ყ-ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის #18/10161 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მოსარჩელე მ. ყ-ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს თბილისის ...ში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს ...ოს ...ის ...ის რაიონულ კვანძში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე მ. ყ-ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის #18/10161 წერილობითი მიმართვა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელე მ. ყ-ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს თბილისის ...ში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს ...ოს ...ის ...ის რაიონულ კვანძში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ მ. ყ-მა 20.12.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და 1980 წლის 22 დეკემბრიდან 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს თბილისის ...ში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს ...ის ...ის სამინისტროს ...ოს ...ის ...ის რაიონულ კვანძში შრომითი საქმიანობის დადასტურება მოითხოვა. განმცხადებელმა წარადგინა შრომის წიგნაკი, შესაბამისი ჩანაწერებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2010 წლამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის წიგნაკი წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ.

სააპელაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამასთან, თბილისის ტელეგრაფი და თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონული კვანძი საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულებია, რაც დადასტურებულია შრომის წიგნაკში დაფიქსირებული ბეჭდებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკით დადგენილი იყო მოსარჩელის შრომითი საქმიანობა სადავო პერიოდში, რის გამოც უსაფუძვლო იყო მოპასუხის უარი მისთვის შრომითი საქმიანობის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. სამინისტროს 25.12.2018წ. წერილობითი მიმართვით მოსარჩელეს განემარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროს არ ჩაბარებია და არქივში არ ინახებოდა, შესაბამისად, სამინისტროს უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა შრომითი საქმიანობის დადასტურების შესახებ აქტის გამოცემა.

ამასთან, კასატორის განმარტებით, მოსარჩელე სასამართლოს სთხოვდა შრომითი ხელშეკრულების არსებობის აღიარებას, თუმცა სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი და მოსარჩელეს მიუთითა მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე, რის შედეგადაც, მოთხოვნილ იქნა სამინისტროს კორესპონდენციის ბათილად ცნობა და მისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მ. ყ-ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის #18/10161 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მოსარჩელე მ. ყ-ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს თბილისის ...ში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს ...ოს ...ის ...ის რაიონულ კვანძში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ყ-მა 20.12.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა 1980 წლის 22 დეკემბრიდან 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს თბილისის ...ში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს ...ოს ...ის ...ის რაიონულ კვანძში შრომითი საქმიანობის დადასტურება. განმცხადებელმა წარადგინა შრომის წიგნაკი, შესაბამისი ჩანაწერებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის წერილობითი მიმართვით მოსარჩელე მ. ყ-ს ეცნობა, რომ საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ქ. თბილისის ...ის და ...ოს ...ის ...ის რაიონული კვანძის საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ჩაბარებია, რის გამოც მისი შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამინისტროს არქივში არ ინახებოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომის წიგნაკი წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ უდავოა, საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამასთან, თბილისის ...ი და ...ოს ...ის ...ის რაიონული კვანძი საქართველოს რესპუბლიკის ...ის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულებია, რაც დადასტურებულია შრომის წიგნაკში დაფიქსირებული ბეჭდებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკით დადგენილია მოსარჩელის შრომითი საქმიანობა სადავო პერიოდში, რის გამოც უსაფუძვლოა მოპასუხის უარი მ. ყ-ისათვის შრომითი საქმიანობის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე