Facebook Twitter

საქმე #ბს-609(კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 12 იანვარს ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მარტის #001267 მითითების, 2016 წლის 3 მაისის #001267 შემოწმების აქტის, 2016 წლის 22 ივნისის #001267 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის #1-2311 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის #1-2311 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ლ. მ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ლ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის #001267 დადგენილებით (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) ლ. მ-ი დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა NN...-ში უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის მშენებლობისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას წინ უძღოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, კერძოდ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 ნოემბრის #2277571 ბრძანებით შეთანხმდა რა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ს ქუჩა NN...-ში, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი, იმავე წლის 9 ნოემბრის #2284369 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 04.11.2015წ. #2277571 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2015 წლის 9 ოქტომბრის (პროექტის შეთანხმება) და 2015 წლის 9 ნოემბრის (მშენებლობის ნებართვა) აქტებით ლ. მ-ს წარმოეშვა უფლება, განეხორციელებინა მშენებლობა შეთანხმებული პროექტითა და დადგენილ ვადებში, რაც მის მიერ განხორციელებულ იქნა კიდეც, თუმცა მშენებელობის პროცესში გაირკვა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც დაინტერესებულ პირს ანიჭებდა უფლებას და სარგებელს, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მას წარმოეშვა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აქტების მიმართ, მან განახორციელა მშენებლობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ცალსახა იყო, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ დარღვეული იყო ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დაცვის ღირსი ინტერესის საფუძველი იყო. შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად, უნდა განხორციელებულიყო ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემა, რომელიც, თავის მხრივ, არ გამოიწვევდა პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ კანონიერი იყო ლ. მ-ის დაჯარიმება. ამასთან, ვინაიდან ლ. მ-ის მიერ მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა უნებართვო მშენებლობა, სამსახური უფლებამოსილი იყო მისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად დაევალებინა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი.

კასატორი, ასევე, მიუთითებს ლ. მ-ის მხრიდან კანონიერი ნდობის არსებობის საკითხზე და განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის გამოცემას საფუძვლად დაედო ლ. მ-ის უკანონო მოქმედება, კერძოდ, მის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მშენებლობის ნებართვის გამოცემამდე, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წერილი. ამასთან, კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ მის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურისათვის დამალულ იქნა აღნიშნული ინფორმაცია.

კასატორი არ ეთანხმება წინამდებარე საქმის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას, კერძოდ, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დავის მოცემული საპროცესო ნორმით გადაწყვეტის საჭიროება, რამდენადაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და ამავდროულად, ვერ უზრუნველყო მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მარტის #001267 მითითების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 3 მაისის #001267 შემოწმების აქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის #001267 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის #1-2311 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის #001267 დადგენილებით (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) ლ. მ-ი დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის მშენებლობისათვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას წინ უძღოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, კერძოდ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 ნოემბრის #2277571 ბრძანებით შეთანხმდა რა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ს ქუჩა N...-ში, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი, იმავე წლის 9 ნოემბრის #2284369 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა NN...-ში, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 04.11.2015წ. #2277571 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 10 მარტს მიღებულ იქნა ბრძანება #121 სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 ნოემბრის #2276809, 2015 წლის 29 ნოემბრის #2284369 და 2015 წლის 22 დეკემბრის #2355154 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ. ბრძანებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის #38/49555 მიმართვა, რომლითაც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ეცნობა, რომ უკანონო ქმედებათა აღმოფხვრისა და გამოვლენის მიზნით, შესაბამის ღონისძიებების გატარებისას, სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილვის პროცესში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან წარდგენილი განცხადებებებისა და მათზე თანდართული დოკუმენტაციის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან არსებული შეუსაბამობები.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 29 მარტს ლ. მ-ის მიერ 2016 წლის 10 მარტის #121 ბრძანება გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც იმავე წლის 9 სექტემბერს მიღებულ იქნა ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფლებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული აქტები მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის #121 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის #2284369 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1650 ბრძანება ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, კერძოდ, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 9 ნოემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვა არ არღვევდა მესამე პირთა ინტერესებს. ნებართვის გაცემით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა, ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო ნებართვების გამოცემის დროისათვის მოსარჩელის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო, ამდენად, არ დადასტურდა განმცხადებლის მიერ თვითნებური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციის არქიტექტურის სამსახურისათვის მიუწოდებლობა, ინფორმაციის დამალვა, შესაბამისად არ დადასტურდა კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა - მშენებლობის ნებართვის გაცემა უკანონო მოქმედების საფუძველზე. ზემოთმითითებული განჩინებით, პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ 2015 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ ფოტომასალაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ფოტომასალით უტყუარად არ დადასტურდა ობიექტის კუთვნილება, ასევე პერიოდი. უტყუარად იმის მტკიცება, რომ 2015 წლის 9 ნოემბრისთვის არსებობდა სწორედ აღნიშნული - ფოტოზე ასახული მდგომარეობა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა განმარტებებით ვერ დადგინდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2015 წლის 9 ოქტომბრის (პროექტის შეთანხმება) და 2015 წლის 9 ნოემბრის (მშენებლობის ნებართვა) აქტებით ლ. მ-ს წარმოეშვა უფლება, განეხორციელებინა მშენებლობა შეთანხმებული პროექტითა და დადგენილ ვადებში, რაც მის მიერ განხორციელებულ იქნა კიდეც, თუმცა მშენებელობის პროცესში გაირკვა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც დაინტერესებულ პირს ანიჭებდა უფლებას და სარგებელს, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მას წარმოეშვა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აქტების მიმართ, მან განახორციელა მშენებლობა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ცალსახაა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ დარღვეულია ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების აუცილებლობა, რის შედეგადაც, თავის მხრივ, გამოირიცხება პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ყოველგვარი დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე