Facebook Twitter

საქმე #ბს-574(კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 12 იანვარს მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აწ გარდაცვლილი ნ. მ-ის და და მისი მემკვიდრე. თავად ნ. მ-ემ სადავო მიწის ნაკვეთზე უფლება მოიპოვა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც 1995 წლის 10 მაისს გაიცა მისი მეუღლის და მამკვიდრებლის - აწ გარდაცვლილი ლ. მ-ის სახელზე. მოსარჩელის მითითებით, მიღება-ჩაბარების აქტის პირველ ნომრად ნაწარმოებ ჩანაწერში ნათლადაა დაფიქსირებული ნ. მ-ისგან მემკვიდრეობით მიღებული და ამჟამად მის მფლობელობაში არსებული სახლი, ამ სახლის ირგვლივ არსებული 3360 კვ.მ მიწა (1360 კვ.მ ვენახის ნარგავები, ხოლო 2000 კვ.მ სახნავი მიწა) და მოსაზღვრედ მდებარე უძრავი ქონებების მესაკუთრეები. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 აპრილს საჯარო რეესტრმა ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი უკანონოდ დაურეგისტრირა დ. მ-ეს, რომელსაც მართალია, გააჩნდა მამკვიდრებლის - ო. მ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა ლერი მ-ის მიღება-ჩაბარების აქტისაგან განსხვავებით, არც ზომა და არც მოსაზღვრე პირების ვინაობა არ ემთხვეოდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მონაცემებს.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ. მ-ე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #000494518 და #007522817 დასკვნებზე, რომლის თანახმად, ს.კ. ... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით #462 მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ზომები და ფართობი არ შეესაბამება ს.კ. ... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებს. ასევე, ქალაქ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები და ფართობი არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #363 აქტში მ. ლ-სთვის გამოყოფილი #1 (ეზო) მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის მითითებული კოორდინატები, მიბმა დღეისათვის არსებული რაიმე მყარი წერტილიდან ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, გაურკვევლად არის მითითებული მიწის ნაკვეთების მოსაზღვრე სუბიექტები.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზამ მოდავე მხარეთა უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა ვერ მოახდინა, რაიონულმა სასამართლომ, სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ მონაცემებთან ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად დაადგინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სწორედ მოსარჩელის მამკვიდრებელზე იყო გადაცემული #363 მიღება-ჩაბარების აქტით, რასთან დაკავშირებითაც, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოტივაცია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობაზე მითითება ან მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო და ბუნდოვანი ჩვენებები ვერ გახდებოდა შესაბამისი საპროცესო ნორმების დაცვით სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საპირწონე.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის შესახებ, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესის შელახვა გამოწვეული იყო დ. მ-ის დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით (სადავო პერიოდში მოქმედი) დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებთან შეუსაბამობით. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დადასტურებულ იქნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი სახის დარღვევის დაშვება - დ. მ-ის დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რომლის არარსებობა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, დ. მ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის იმ საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. მ-ის შუამდგომლობა წერილობითი მასალების მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის თაობაზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ მ. მ-ის სარჩელიდან (სასარჩელო მოთხოვნიდან) არ იკვეთებოდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. სარჩელი არ იყო გამართული და იურიდიულად დასაბუთებული. კასატორის მითითებით, იგი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და დაენიშნა განმწესრიგებელი სხდომა.

კასატორის განმარტებით, მ. მ-ი სარჩელით საჯარო რეესტრის მხოლოდ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც განხორციელდა მესამე პირის - დ. მ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, მაშინ, როდესაც დავის საგნიდან და დავის ბუნებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ასევე დამატებით უნდა მოეთხოვა საჯარო რეესტრში დ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრისათვის დავალება, მოეხდინათ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საკუთრების უფლებით უძრავი ნივთის რეგისტრაცია.

კასატორის მითითებით, არც მ. მ-ი და არც მისი მამკვიდრებელი არასდროს არ ფლობდნენ და განკარგავდნენ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. კასატორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც 2017 წლის 17 მაისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #00021 ოქმით დადგენი., რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები და მეზობლები არ ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის საკუთრების უფლებას, მისთვის გაუგებარი და უკანონოა სასამართლოს განმარტებები. კასატორი აღნიშნავს, საქმეში არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საჭირო მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის საკუთრების უფლება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული მისი შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეების მიერ დადასტურებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

ამასთან, კასატორი პრეტენზიას აცხადებს სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო დ. მ-ის (პ/ნ #...) საკუთრებაში არსებულ საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს.კ. #...), მდებარე - ვანის რაიონი, სოფელი ...ი (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1550 კვ.მ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მ. მ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტზე, 1995 წლის 10 მაისს გაცემულ მიწის ნაკვეთის #363 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლითაც დგინდება, რომ ვანის რაიონის სოფელ ...ში ...ში მცხოვრებ ვ. მ-ეს სარგებლობაში გამოეყო 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 3 ნაკვეთად: მიწის რეფორმამდე არსებული - 1) ეზო - 3360 კ.მ და 2) ეზო - 2140 კვ.მ. ორივე მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე სუბიექტებად მითითებულია რ. მ-ი, დ. მ-ე და გ. მ-ი; 3) მიწის ნაკვეთი ფართით 2600 კვ.მ. გაცემულია ე.წ. ...ში, რომლის მოსაზღვრე სუბიექტებად მითითებულია: ი. ხ-ე და რ. მ-ი.

საქმეში წარმოდგენილი დ. მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტით - 1995 წლის 10 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის #462 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 1995 წლის 10 მაისს ო. მ-ეს სარგებლობაში გამოეყო 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 4 ნაკვეთად, კერძოდ: მიწის რეფორმამდე არსებული - 1) ეზო 2800 კვ.მ და 2) ეზო 1540 კვ.მ., რომელთა მოსაზღვრე სუბიექტებად მითითებულია: მ. მ-ი, ა. მ-ე. ი. მ-ის ოჯახს ე.წ. ...ში დამატებით გამოეყო: 3) 840 კვ.მ და 4) 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რომელთა მოსაზღვრე სუბიექტებად მითითებულია: დ. მ-ე და ჟ. მ-ი. აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებით 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დ. მ-ის სახელზე საკადასტრო კოდით - ....

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქმეში არსებულ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #000494518 და #007522817 დასკვნებზე, რომელთა თანახმად, ს.კ. ... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით #462 მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ზომები და ფართობი არ შეესაბამება ს.კ. ... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებს. ასევე, ქალაქ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები და ფართობი არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #363 აქტში მ. ლ-სთვის გამოყოფილი #1 (ეზო) მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის მითითებული კოორდინატები, მიბმა დღეისათვის არსებული რაიმე მყარი წერტილიდან ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, გაურკვევლად არის მითითებული მიწის ნაკვეთების მოსაზღვრე სუბიექტები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზამ მოდავე მხარეთა უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა ვერ მოახდინა, რაიონულმა სასამართლომ, სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგების მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ მონაცემებთან ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად დაადგინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სწორედ მოსარჩელის მამკვიდრებელზე იყო გადაცემული #363 მიღება-ჩაბარების აქტით.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობაზე მითითება ან მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო და ბუნდოვანი ჩვენებები ვერ უარყოფს შესაბამისი საპროცესო ნორმების დაცვით სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების მართებულობას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელმაც არ გაიზიარა დ. მ-ის მოსაზრება დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგანაც ამ მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესის შელახვა გამოწვეული იყო დ. მ-ის დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით (სადავო პერიოდში მოქმედი) დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებთან შეუსაბამობით და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებულ იქნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი სახის დარღვევის დაშვება, რომლის არარსებობა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა.

რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის გასაჩივრებულ საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც აღნიშნული ვერ განაპირობებს განსახილველი დავის სხვაგვარი სამართლებრივი შედეგით გადაწყვეტას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე