Facebook Twitter

საქმე #ბს-519(2კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 24 ოქტომბერს რ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

2018 წლის 2 მაისს რ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 27 დეკემბერს მან მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 1000 კვ.მ მიწაზე (მდებარე: დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა) - უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით რ. მ-ის განცხადება მიმართვით გადაეგზავნა აღიარების კომისიას, რასაც მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა და 2017 წლის 3 აგვისტოს საჩივრით ითხოვა ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მისი განცხადების დაკმაყოფილება.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 21 ივნისის #... გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) რეგისტრირებულია თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება.

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, 1000 კვ.მ მიწის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 21 ივნისის #... გადაწყვეტილების, 1000 კვ.მ მიწის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 12 სექტემბრის #12/103434-8 წერილისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 16 ივნისის #06-8/6846 წერილის, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის #10-0118155700 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის რ. მ-ის სახელზე მის მართზლომიერ მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 21 ივნისის #... და 2011 წლის 19 სექტემბრის #... გადაწყვეტილება 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილ სააპელაციო საჩივრებზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა რ. მ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები და რ. მ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა შრომის წიგნაკი, რომლის საფუძველზეც ირკვეოდა, რომ ფ. მ-ი მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში 1954-2006 წლებში, შეფასება არ მიუცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 8 თებერვლის #292 წერილისათვის, რომლითაც დგინდება, რომ ...ის ... ...ში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემებით მოსარჩელის მეუღლის სახელზე დაფიქსირებულია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: .... მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეუფასებია განმცხადებლის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მეუღლის სახელზე გაცემული იყო მიღება-ჩაბერების აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარიც ჰქონდა ჩაბარებული ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში, ხოლო მეორე ეგზემპლარის მოძიება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ...ის ... ...ში გაჩნდა ხანძარი და განადგურდა იქ არსებული დოკუმენტაცია. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, მოპასუხეს შეფასება არ მიუცია ასევე იმ გარემოებისათვის, რომ მოსარჩელე ...ის ტერიტორიაზე მისთვის გამოყოფილი ფართით სარგებლობს 1992 წლიდან და მასზე გაშენებული აქვს სხვადასხვა ხეხილი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა მონაცემები იმის თაობაზე, ზოგადად არსებობდა თუ არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე სახის ინფორმაცია მიწის რეფორმის კომისიის მიერ ...ის ... ...ში გაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარადგინა 1992 წლის 30 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #334 აქტი, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ირკვევა, რომ ...ის ... ...ში მ. კ-ეს გადაეცა 1000 კვ.მ მიწის ფართი (ს.კ. ...), სადაც აღნიშნულია, რომ ამ ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება მ-ის ნაკვეთი, ხოლო ჩრდილოეთით ბ-ე (ს.კ. ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, როგორც თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი არ დადასტურდა. კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ თავად სააპელაციო სასამართლომაც კი მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ვერც ადმინისტრაციულ ორგანოსა და ვერც სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, არ დასტურდება რ. მ-ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრები დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, 1000 კვ.მ მიწის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 21 ივნისის #... გადაწყვეტილების, 1000 კვ.მ მიწის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 12 სექტემბრის #12/103434-8 წერილისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტო 2011 წლის 16 ივნისის #06-8/6846 წერილის, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის #10-0118155700 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის რ. მ-ის სახელზე მის მართზლომიერ მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 8 თებერვლის #292 წერილის თანახმად, ...ის ... ...ში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემებით ფ. მ-ის სახელზე დაფიქსირებულია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: .... აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის.

2015 წლის 1 ოქტომბერს სანოტარო წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, რ. მ-ი არის ფ. მ-ის კანონისმიერი მემკვიდრე - მეუღლე პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს რ. მ-მა #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო: მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 8 თებერვლის წერილი, სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო მოწმობა #720004312.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სიტყვათა კონსტრუქცია „სხვა დოკუმენტი“ განმარტებულ უნდა იქნეს ფართოდ და მასში მოაზრებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ კონკრეტული დოკუმენტი, არამედ ფაქტობრივი გარემოებებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, უტყუარად ადასტურებენ მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობისა და სარგებლობის ფაქტს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა შრომის წიგნაკი, რომლის საფუძველზეც ირკვეოდა, რომ ფ. მ-ი მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში 1954-2006 წლებში, შეფასება არ მიუცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 8 თებერვლის #292 წერილისათვის, რომლითაც დგინდება, რომ ...ის ... ...ში ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემებით მოსარჩელის მეუღლის სახელზე დაფიქსირებულია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: .... მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეუფასებია განმცხადებლის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მეუღლის სახელზე გაცემული იყო მიღება-ჩაბერების აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარიც ჰქონდა ჩაბარებული ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში, ხოლო მეორე ეგზემპლარის მოძიება ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ ...ის ... ...ში გაჩნდა ხანძარი და განადგურდა იქ არსებული დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხეს შეფასება არ მიუცია ასევე იმ გარემოებისათვის, რომ მოსარჩელე ...ის ტერიტორიაზე მისთვის გამოყოფილი ფართით სარგებლობს 1992 წლიდან და მასზე გაშენებული აქვს სხვადასხვა ხეხილი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურმა არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა მონაცემები იმის თაობაზე, ზოგადად არსებობდა თუ არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე სახის ინფორმაცია მიწის რეფორმის კომისიის მიერ ...ის ... ...ში გაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარადგინა 1992 წლის 30 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #334 აქტი, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ირკვევა, რომ ...ის ... ...ში მ. კ-ეს გადაეცა 1000 კვ.მ მიწის ფართი (ს.კ. ...), სადაც აღნიშნულია, რომ ამ ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება მ-ის ნაკვეთი, ხოლო ჩრდილოეთით ბ-ე (ს.კ. ...).

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 21 ივნისის #... გადაწყვეტილებისა და 2011 წლის 19 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის თანახმადაც უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ტერიტორია, დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე, თუმცა ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრი პასუხისმგებელია უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების შექმნასა და შენახვაზე, სარეგისტრაციო სამსახურს სადავო გადაწყვეტილებების მიღებამდე უნდა გამოეკვლია და შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ მონაცემებთან, დაედგინა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, (მათ შორის, საჯარო რეესტრში მოსარჩელის მეუღლის სახელზე დაცული მიწის ნაკვეთის შესახებ (ს.კ. ...) ინფორმაცია) რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რის შემდეგაც უნდა მიეცა შეფასება საქმეში არსებული მტკიცებულებებისათვის, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა განხორციელებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე