საქმე #ბს-512(კ-20) 29 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 5 აპრილს რ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 25 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწაზე 1991 წლის 2 ივლისს გაცემული მებაღის წიგნითა და საკადასტრო აზომვითი ნახაზით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27 აპრილის #... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 2018 წლის 14 სექტემბერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, რის თაობაზეც შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი #.... ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 4 ოქტომბრის #34-0118277137 წერილიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მოსარჩელის მიერ #... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ ნაკვეთთან იდენტურობა დაადგინა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 17 ოქტომბერს #... გადაწყვეტილებით კვლავ მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას იდენტურობის დასადგენად, რომელმაც 2018 წლის 16 ნოემბრის #... წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ ადგილზე დათვალიერების #... ოქმში დაშვებული ხარვეზი ჩაასწორა და გაუგზავნა კორექტირებული ოქმი. კერძოდ, ოქმის „დათვალიერების და გამოკვლევის შედეგების“ გრაფაში დამატებით მიეთითა, რომ ნაკვეთზე დგას მცირე ზომის ფარდული.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით კვლავ დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტში - მებაღის წიგნაკში #125 პიროვნების სახელი და მამის სახელი ჩასწორებულია და ჩასწორება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, არ ფიქსირდება ჩასწორების განხორციელების თარიღი, რის გამოც მოსარჩელეს შეუჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მოეთხოვა მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. შემდგომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 4 იანვრის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრის #... გადაწყვეტილებითა და 2019 წლის 5 მარტის #... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის (შეჩერების) შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრის #... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრის #... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის რ. ა-ის სახელზე ქ. თბილისში, ...ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს 2004 წლის 19 თებერვლის მონაცემებით რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის (შეჩერების) შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის #... გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, ...ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ მებაღის წიგნაკში არსებული ჩასწორება არ იყო სათანადო წესით დამოწმებული, რაც გარკვეულწილად მიუთითებდა იმაზე, რომ დოკუმენტი იყო ხარვეზიანი და ცალკე აღებული, შესაძლოა, რეგისტრაციის თვალსაზრისით ქცეულიყო დაბრკოლებად, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში შეფასება უნდა მისცემოდა ყველა იმ დოკუმენტს ერთობლიობაში, რომელიც მოსარჩელის მხრიდან იყო წარდგენილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დასტურდებოდა მებაღის წიგნაკის ნამდვილობა (სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა დედანი დოკუმენტი) და მისი გაცემის ფაქტი, ხარვეზი დოკუმენტში საფუძვლად არ უნდა დასდებოდა უფლების აღიარებაზე უარის თქმას.
რაც შეეხებოდა მებაღის წიგნაკის ჩასწორებას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული ჩასწორება შინაარსს არ უცვლიდა მებაღის წიგნაკს, რამეთუ არ იცვლებოდა მიწის ნაკვეთის გამცემი, მიწის ნაკვეთის მიმღები და ცხადია, ვერ იქნებოდა მიჩნეული სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად, რამეთუ, მოცემულ შემთხვევაში, უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შ. ა-ის სახელზე გაცემული მებაღის წიგნაკი გაუქმებული იყო ან/და რომ მან მებაღეობის მიერ მისთვის გადაცემულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაკარგა უფლება, საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც უფლების დამდგენ დოკუმენტში ჩასწორებულია პირის სახელი და მამის სახელი, ამასთან, აღნიშნული ჩასწორება არ არის გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლებელია უტყუარად იმის დადგენა, თუ ვის სახელზეა გაცემული აღნიშნული დოკუმენტი. ამდენად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოთა მითითებას იმის შესახებ, რომ მებაღის წიგნაკში პიროვნების სახელისა და მამის სახელის ჩასწორება (თუნდაც სათანადო წესით დამოწმების გარეშე) შინაარსს არ უცვლის მებაღის წიგნაკს.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მებაღის წიგნაკში გაკეთებული ჩასწორება არ არის დათარიღებული. შესაბამისად, არ დგინდება, აღნიშნული ჩასწორება განხორციელდა თუ არა 2007 წლის 20 სექტემბრამდე („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე), რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმისათვის, რომ აღნიშნული დოკუმენტი მიჩნეულ იქნეს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მებაღის წიგნაკში გაკეთებული ჩასწორების თარიღი უცნობი იყო, ამასთან, სასამართლოში მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მებაღის წიგნაკში ჩასწორება გაკეთებულია 2007 წლის 20 სექტემბრამდე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტი არ უნდა მიეჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, ამდენად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის (შეჩერების) შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრის #... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრის #... გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის #... გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის რ. ა-ის სახელზე ქ. თბილისში, ...ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს 2004 წლის 19 თებერვლის მონაცემებით რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უფლების დამდგენ დოკუმენტად მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილია მებაღის წიგნაკი, ანუ რ. ა-ის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული წესი, რომლის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მებაღის წიგნაკი წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქმეზე სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია 1990 წლის 2 ივლისს გაცემული #125 მებაღის წიგნაკი, რომლითაც ირკვევა, რომ შ. ა-ი 1990 წლის 25 ოქტომბრის #1 ოქმის საფუძველზე მიღებულია მებაღეობის ამხანაგობის წევრად. მას გადაეცა ბაღის ნაკვეთი, ფართით - 600 კვ.მ. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მებაღის წიგნაკი არ მიიჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, რამდენადაც პიროვნების სახელი და მამის სახელი ჩასწორებულია და ჩასწორება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, კერძოდ, არ ფიქსირდება ჩასწორების განხორციელების თარიღი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მართალია, მებაღის წიგნაკში არსებული ჩასწორება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, რაც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ დოკუმენტი არის ხარვეზიანი და ცალკე აღებული, შესაძლოა, რეგისტრაციის თვალსაზრისით იქცეს დაბრკოლებად, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შეფასება უნდა მიეცეს ყველა იმ დოკუმენტს ერთობლიობაში, რომელიც მოსარჩელის მხრიდანაა წარმოდგენილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დასტურდება მებაღის წიგნაკის ნამდვილობა და მისი გაცემის ფაქტი, ხარვეზი დოკუმენტში არ უნდა იქცეს უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად.
რაც შეეხება მებაღის წიგნაკის ჩასწორებას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ აღნიშნული ჩასწორება შინაარსს არ უცვლის მებაღის წიგნაკს, რამეთუ არ იცვლება მიწის ნაკვეთის გამცემი, მიწის ნაკვეთის მიმღები და ცხადია, ვერ იქნება მიჩნეული სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად, რამეთუ, მოცემულ შემთხვევაში, უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შ. ა-ის სახელზე გაცემული მებაღის წიგნაკი გაუქმებულია და/ან რომ მან მებაღეობის მიერ მისთვის გადაცემულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაკარგა უფლება, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების საფუძველს, კანონის დარღვევით შედგენილად არ ჩაითვლება, თუ: მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემულ მებაღის წიგნაკს ერთობლიობაში გააჩნია გაცემის თარიღი, მებაღეობის დასახელება, გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მისამართი და ფართობი, მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი.
ამასთან, დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ სადავო მიწის ნაკვეთზე ზედდება არ ფიქსირდება. ასევე, დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სხვა მესამე პირს მოთხოვნა საჯარო რეესტრში არ წარუდგენია, #... ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია, განაშენიანებულია. დათვალიერებას დაესწრნენ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, რომლებმაც დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის რ. ა-ის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი. ადგილზე დათვალიერებისას ასევე გადამოწმდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზის საკადასტრო მონაცემები. შედეგად გამოირკვა, რომ ნახაზზე წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემები შეესაბამება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვრებს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში ხარვეზის არსებობა ვერ იქცევა დაბრკოლებად იმ პირობებში და იმ ვითარებაში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი და თანდართული დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ქმნის ხარვეზის შევსების საშუალებას და იძლევა მიწის ნაკვეთის გაცემის ფაქტის დადასტურებისა და მისი ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.08.2020წ. #17316 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.2020წ. #17316 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე