საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-661(კ-19) 27 ნოემბერი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ. წ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ზ. წ-ამ 2018 წლის 3 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №04-00-ვ/55177 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ამავე სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №04/11272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ზ. წ-ასთვის საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. წ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. წ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით ზ. წ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. წ-ამ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის №2\80-9 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ჭ-ს კონსტიტუციური სარჩელი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კასატორის მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსარჩელეს მოსამართლის უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყდა და უნდა აღდგენილიყო კუთვნილ თანამდებობაზე, რაც არ განხორციელებულა. ამასთან, საკასაციო საჩივრის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იმსჯელა ადამიანის უფლებებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, სარჩელი საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ზ. წ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზ. წ-ასთვის, როგორც საერთო სასამართლოების მოსამართლისთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46-ე-49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) აღნიშნული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო; გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს. 2010 წლამდე მოქმედი „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-20 მუხლებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდა მოსამართლეს სასამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტების და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები და გამოთვლილ იქნეს პირის მოსამართლედ მუშაობის სტაჟი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე ზ. წ-ა არჩეულ იქნა ...ის რაიონის სახალხო მოსამართლედ ... წლის 13 ოქტომბრიდან, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №508 განკარგულებით იგი 1999 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკვალიფიკაციო ატესტაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობის გამო. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა არა სასამართლოს ლიკვიდაციის თუ საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, არამედ - იმ საფუძვლით, რომ ვერ გაიარა საკვალიფიკაციო ატესტაცია, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მას მოსამართლედ მუშაობის 10-წლიანი სტაჟი მაინც უნდა ჰქონოდა. ზ. წ-ა კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
რაც შეეხება კასატორის მითითებულ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის №2/80-9 გადაწყვეტილებას საქმეზე „ა. ჭ-ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა უკვე დანიშნულ მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას 1998 წლიდან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელის უფლებებზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს სრულიად სხვა ნორმასა და თანამდებობიდან გათავისუფლების განსხვავებულ წინაპირობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელეს კანონიერად ეთქვა უარი კომპენსაციის დანიშვნაზე. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. წ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე