Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-752(კ-19) 3 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 9 მარტს შპს ,,...მა’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2017 წლის ივნისი–სექტემბრის პერიოდში განახორციელა შპს ,,...ის“ ონის, ამბროლაურისა და ცაგერის სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. აღნიშნულის შედეგად გამოიცა შემოწმების აქტები, რომლებშიც განისაზღვრა შპს ,,...ზე“ დარიცხული ჯარიმები. შემოწმების აქტებში მოცემული არიან ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია შპს ,,...ის“ მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად, მათზე რიცხული ჯარიმის გადახდაც არ უნდა დაკისრებოდა ამ ორგანიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა იმ პირადობის მოწმობების ასლები, რომლებიც გაცემულია რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალისწინა, რომ ...ის მიერ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები აღმოიფხვრა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული ადმინისტრაციული პროცესის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შპს ,,...ს“ დაგვიანებით, 2018 წლის 9 თებერვალს ეცნობა. კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შპს ,,...ის“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შემოწმების აქტებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილების შპს ,,...ის" 2017 წლის 03 ნოემბრის N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის "ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი; შპს ,,...ის" (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი N72/2017-09; შპს ,,...ის’’ (ონი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი N71/2017/09; შპს ,,...ის" (ცაგერი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი N40/2017-09 იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებული შპს "ა...-ს" და შპს ,,ს...ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად

გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში: შპს ,,...ის" (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის 04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის 72/2017-09 შემოწმების აქტის, შპს ,,...ის" (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის 04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის 71/2017/09 შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილება შპს " ...ის" 2017 წლის 03 ნოემბრის N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი; (ამბროლაურისა და ონის ნაწილში); ხოლო სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,...ის" (ცაგერი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი N40/2017-09 იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებული შპს ,,ა...-ს" და შპს ,,ს...ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილება შპს " ...ის" 2017 წლის 03 ნოემბრის N110242, N110245, N110246 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი (ცაგერის ნაწილში) განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ცაგერის რაიონულ სასამართლოს.

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართ შპს ,,...მა", რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04–156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,...ის 2017 წლის 3 ნოემბრის N110245 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი, მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი და დაევალოს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა. შპს ,,...ის’’ (ამბროლაური) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის 72/2017–09 შემოწმების აქტი და შპს ,,...ის (ონი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის 71/2017–09 შემოწმების აქტი.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04– 156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N29/11/2017 საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,...ის" 2017 წლის 3 ნოემბრის N110245 და N110250 ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი; შპს ,,...ის (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი N72/2017–09; შპს ,,...ის (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი N71/2017–09; სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დაევალა ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება 1.2 და 1.3 პუნქტებში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N04/47507 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების N72/2017-09 და N71/2017-09 აქტები მკაცრი აღრიცხვის N476 თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობის გამო საჯარიმო სანქციების დაკისრების ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შპს ,,ა...ის’’ და შპს ,,ს...ის’’ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობის შემთხვევებთან დაკავშირებით (მკაცრი აღრიცხვის N476 თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დაურთველობის გამო); დანარჩენ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ზემოაღნიშნული კანონის 89-ე მუხლი მიუთითებს, რომ სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს და შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ვალდებულებები აისახება შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივ პროგრამებში.

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”. საქართველოს მთავრობის დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ მიერ განხორციელდა შპს ,,...ის“ ონისა და ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ცალკეულ ბენეფიციართა რეგისტრაციისას არსებული დარღვევები, კერძოდ, დოკუმენტებში არ აღმოჩნდა მათი პირადობის მოწმობები, რაც გახდა მოსარჩელეზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი. ასევე დადგენილია, რომ შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ამ ბენეფიციართა პირადობის მოწმობები, აღნიშნული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული და მიზეზად პირადობის მოწმობების რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გაცემა მიეთითა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები. კერძოდ, ამ ნორმის მე-5 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება. დადგენილების მიხედვით, შემოწმების აქტი და რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე (151 და 16 მუხლები). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. პალატა განმარტავს, რომ დადგენილების მე-20 მუხლისა და კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესით კანონმდებელმა საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობაში შემოიტანა ხარვეზის ინსტიტუტი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფისა და შესაბამისად, ობიექტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხარვეზის დადგენის და არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება და ვერც აპელანტის წარმომადგენელი უთითებს შემმოწმებლების მიერ ხარვეზის დადგენის პროცედურების დაცვაზე, ამასთან საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ შემოწმების პროცესში და ადმინისტარციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილ იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც შესამოწმებელი პერიოდი შეეხებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფის საკითხს, ხოლო მოსარჩელეს მხარესათვის მაღალმთიან რეგიონში გადაცემული ცხრა სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას სჭირდებოდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დარღვევის ფორმალურ ნიშნებზე მითითებით მოსარჩელის დაჯარიმება, როგორც შემზღუდველი ღონისძიება, უნდა იყოს თანაზომიერი ქმედებისა და ემსახურებოდეს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის უფლების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისათვის გარდაუვალი საშუალებაა. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რაც მმართველობის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია. ამდენად, პალატამ, მიიჩნია, რომ როდესაც შემოწმების პროცესში მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილ იქნა ყველა ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, რითაც აღმოფხვრა სამედიცინო დოკუმენტაციებში არსებული ხარვეზი, საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და მოსარჩელის დაჯარიმება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი შემოწმების აქტებით მოსარჩელეს მკაცრი აღრიცხვის N476 თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობის გამო, საჯარიმო სანქციების დაკისრების გარდა, სხვა თანხების გადახდის ვალდებულებაც დაეკისრა, რა ნაწილშიც მხარეს ისინი არ გაუსაჩივრებია (იხ.სააპელაციო სასამართლოში შპს ,,...ის" წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება), შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების სრულად ბათილად ცნობით პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რაც დაუშვებელია, ამდენად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება ექვემდებარება შეცვლას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების 1.2 და 1.3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მკაცრი აღრიცხვის N476 თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობის გამო საჯარიმო სანქციების დაკისრების ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალება ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შპს ,,...ის’’ ონის და ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. პირადობის მოწმობის ასლები წარდგენილი იყო არა შემოწმების პერიოდში, არამედ სააგენტოში უშუალოდ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ამ ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ყველა აღნიშნული პირადობის მოწმობის ასლი არსებითად გვიანაა გაცემული სსგს მიერ ვიდრე ის ,,თანხმობის ფორმები", რომელზედაც თანდართული უნდა ყოფილიყო ეს პირადობები (სშჯსდ მინისტრის 2014 წ 30 ოქტომბრის No1/778 ბრძანება მუხლი 5.2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის მე–2 ნაწილზე მითითებასთან დაკავშირებით, კასატორმა განმარტა, რომ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ერთადერთი დოკუმენტი ეს არის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. მაშინ, როცა ცხადია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ გარკვეულ მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორციელდა დარღვევით (პირადობის მოწმობის გარეშე), ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ავტომატურად ბენეფიციარების გადამოწმების პროცესში არასწორად დარეგისტრირებულ მოსარგებლეთა რეგისტრაციის გაუქმება იქნებოდა. რადგან უშუალოდ მათი წინამორბედი კომპანიისგან ბენეფიციარები არასწორად დარეგისტრირდნენ და არასწორად ხდებოდა სარგებელის მიღება ბიუჯეტიდან, რაც გააგრძელა ასევე შპს ,,...მაც“. სააგენტომ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული პირადობის მოწმობები მიიღო, შეაფასა და გამოიკვლია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის No36 დადგენილების დანართი No1-ის მე–19 მუხლის მე–18 პუნქტის მიხედვით: ,,პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე." ხოლო დადგენილების მე–20 მუხლის მე-5 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი განსაზღვრავს შემდეგს: ,,მ“ პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოება როგორც აღინიშნა, განხორციელდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ისევ და ისევ მხარის ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვერ განახორციელებდა ისეთი ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომელიც იქნებოდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგო და უდავო ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მიზნებისათვის, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. ამასთან, შემთხვევათა ზედამხედველობის ეტაპებს წარმოადგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი. („პროგრამის“ 9.4 მუხლი). მითითებული „პროგრამის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 151.3 მუხლის შესაბამისად, კონტროლის განხორციელება შესაძლებელი იყო შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას ხდებოდა მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენდა შემოწმების აქტს, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლითაც მიმწოდებელს შეიძლებოდა დაკისრებოდა ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. შემოწმების აქტი და რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე (16 მუხლი).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით კი, ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

ამავე დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” პროგრამაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, მე-5 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2017 წლის ივნისი–სექტემბრის პერიოდში განახორციელა შპს ,,...ის“ ონისა და ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ცალკეულ ბენეფიციართა რეგისტრაციისას არსებული დარღვევები, კერძოდ დოკუმენტებში არ აღმოჩნდა მათი პირადობის მოწმობები, რაც გახდა სადავო აქტებით მოსარჩელეზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი. ასევე დადგენილია, რომ შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა ამ ბენეფიციართა პირადობის მოწმობები, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს ზაკ-ის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. სააგენტოს საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რომლებიც წარმოების ჩატარებას, აქტის გამოცემას და მისი ადრესატისადმი გაცნობას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებისათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა - განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, ნიშნავს ხარვეზის დადგენას, შესაბამისი მითითებებით და დაინტერესებული პირისთვის მისი გამოსწორების შესაძლებლობის მიცემას.

კონკრეტულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში და ადმინისტარციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილ იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც შესამოწმებელი პერიოდი შეეხებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფის საკითხს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ შემოწმების პროცესში მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილ იქნა ყველა ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, რითაც აღმოიფხვრა სამედიცინო დოკუმენტაციებში არსებული ხარვეზი, საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და მოსარჩელის დაჯარიმება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 24.06.2019წ. N19996 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.06.2019წ. N19996 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე