Facebook Twitter

საქმე №ბს-733(კს-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელ) - ნ. ს-ე

შუამდგომლობის ავტორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი მ. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება

დავის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 აგვისტოს ნ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შედეგად, სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ...ის დეპარტამენტის უფროსის დავალების (ქმედების) უკანონოდ ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის №... ბრძანებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2017 წლის 28 ნოემბერს ნ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, ნ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის №... ბრძანების ბათილად ცნობის, ნ. ს-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და ნ. ს-ისათვის გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა №3/5811-17 და №3/7995-17 ადმინისტრაციული საქმეები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ს-ის მიერ.

სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ...ის დეპარტამენტის უფროსის დავალების (ქმედების) უკანონოდ ცნობის ნაცვლად მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ...ის დეპარტამენტის უფროსის დავალება სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 18 ივლისის №... ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის-საყვედურის შეფარდების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 19 სექტემბრის №... ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 24 ოქტომბრის №... ბრძანება; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალა ნ. ს-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ნ. ს-ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა მ. ნ-ამ 2020 წლის 8 ივნისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის (იძულებით განაცდურის დაკისრების) ფარგლებში.

შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ აღმასრულებლისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ კრედიტორის სასარგებლოდ განაცდურის დაანგარიშება განხორციელდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით. აღნიშნულს კი არ ეთანხმება კრედიტორი და ითხოვს კუთვნილი თანხის ხელახალ დაანგარიშებას ხელფასში შემავალი ყველა კომპონენტის შესაბამისად.

აღმასრულებელმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რათა განიმარტოს: კრედიტორი ნ. ს-ის სასარგებლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაკისრებული განაცდური გულისხმობს მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ჯამურ ოდენობას, თუ მასთან ერთად კრედიტორის ხელფასში შემავალ ყველა სხვა კომპონენტსაც, რომელსაც იგი გათავისუფლებამდე პერიოდში იღებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მ. ნ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის №3ბ/3467-18 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტში მითითებული ვალდებულება - დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნ. ს-ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, განიმარტა, როგორც - დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნ. ს-ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ინსტიტუტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ 1) განსამარტი გადაწყვეტილება აღსრულებადია სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით; 2) განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის (განმარტების მიზანი უნდა იყოს ხელი შუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას), 3) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შინაარსი მიმართულია იმ სამართლებრივი მიზნისაკენ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეექმნას წინააღმდეგობა, ანუ მოხდეს მისი აღსრულება. ამასთან, ასეთი განმარტებით არ შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილების აზრი და შინაარსი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, რა მიზნითაც პალატამ მიუთითა შემდეგზე:

სააპელაციო პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადასტურებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება - დაკავებული თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლება, ამასთან, აღნიშნული ქმედების გამო მოსარჩელემ ვერ მიიღო ის ანაზღაურება, რაც გათვალისწინებული იყო აღნიშნულ პოზიციაზე. შესაბამისად, განვლილ პერიოდზე მას მიადგა მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სადავო თანამდებობასთან დაკავშირებით განხორციელებული თანამდებობრივი სარგოს ცვლილების გათვალისწინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტების წინაპირობა, რის გამოც შუამდგომლობა განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტში მითითებული ვალდებულება - დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნ. ს-ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, განიმარტა, როგორც - დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნ. ს-ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ანაზღაურებაში შემავალი ყველა კომპონენტის ოდენობით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე ახალი განჩინების მიღების დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნულ შემთხვევაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონი, რომელიც არ გამოიყენა, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მისი რედაქცია 2017 წლის 24 ოქტომბრის (ნ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღი) მდგომარეობით და 2018 წლიდან ამოქმედებული რედაქცია.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასათვალისწინებელია, რომ „ხელფასის“ ცნებას 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქცია არ იცნობს. მით უფრო არ იცნობს ტერმინს „ანაზღაურების სხვა კომპონენტები“. ამ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს“. სახელფასო დანამატის გაცემა უკავშირდება ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებულ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ან დამატებითი ფუნქციების დაკისრებისას, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობას. შესაბამისად, სახელფასო დანამატის გაცემაზე მსჯელობა ნ. ს-ის მიმართ აზრს მოკლებულია. ისევე, როგორც ფულად ჯილდოზე, რაც ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკავშირდება მოხელის შეფასების შედეგებს.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ნ. ს-ეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №... ბრძანებით მინიჭებული აქვს მესამე კლასის მრჩევლის საკლასო ჩინი, რაც საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით უთანაბრდება მოხელის მე-7 კლასს. მოხელის საკლასო დანამატის გაცემის წესი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რაც ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ნ. ს-ისათვის საკლასო დანამატის დაწესების თაობაზე აქტი გამოცემული არ არის, რადგან 2018 წლის 1 იანვრიდან ნ. ს-ე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღარ მუშაობდა. შესაბამისად, მისთვის საკლასო დანამატის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, სწორედ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და განსაზღვროს ნ. ს-ისათვის მხოლოდ საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ბრძანების არსებობა (საკლასო დანამატის დანიშვნის ბრძანების გარეშე) არის თუ არა საკმარისი საფუძველი მისთვის განაცდურის სახით საკლასო დანამატის გასაცემად. ამასთან, თუ სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნება, რომ საკლასო დანამატი ექვემდებარება გაცემას, დაზუსტებას საჭიროებს თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, რომლის მიმართ საკლასო დანამატის განაკვეთის პროცენტული ოდენობით უნდა იქნეს გამოთვლილი საკლასო დანამატის თვიური ოდენობა.

კერძო საჩივრის ავტორისთვის ასევე გაურკვეველია, რას გულისხმობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა „ხელფასსა და ანაზღაურებაში შემავალ სხვა კომპონენტებში“ ნ. ს-ესთან მიმართებით განაცდურის საკითხის განმარტებისას, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს 118-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ნ. ს-ის სამსახურში აღდგენა ვერ მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის გამო, რადგან ადმინისტრაციაში არ არსებობს მსგავსი ფუნქციური დატვირთვით საჯარო მოხელის საშტატო თანამდებობა და შესაბამისი თანამდებობა ვერ მოიძებნა ვერც საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას ბოლო 6 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა დაწყებულია და ყოველ თვიურად საქართვლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ერიცხება კრედიტორს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სადავო განჩინებაში სასამართლოს არა მხოლოდ უნდა გამოეყენებინა აღნიშნული კანონი, არამედ უნდა განემარტა სწორედ ამ კანონიდან მითითებული ნორმები, თუმცა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული 1005-ე, 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლები, რასაც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა და შესაბამისად, არარელევანტური მითითებებია. ასევე, განმარტებისას, 2020 წლის 20 ივლისის განჩინებაში საერთოდ არ არის ნახსენები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომლის რეგულირებაც სპეციალურია საჯარო მოხელესთან მიმართებით.

ნ. ს-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2017 წლის 24 ოქტომბრიდან, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი „საჯარო სამსახურის შეახებ“ . ნ. ს-ისთვის 2018 წლის და სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში ასანაზღაურებელი განაცდური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრისას ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნით, კერძოდ, ამ კანონის ამოქმედებამდე ნ. ს-ისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს (... ლარი) შემცირებას, რომ არ ჰქონოდა ადგილი, გამოყენებულ იქნა ზემოხსენებული პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც მითითებული კანონის დანართი ერთით განსაზღვრული თანამდებობრივი იერარქიული მე-3 რანგისა და თანამდებობათა მე-4 იერარქიისათვის შესატყვისი სახელფასო კოეფიციენტების მე-3 კატეგორიის (ანუ 1.7) ნაცვლად გამოყენებულ იქნა თანამდებობრივი იერარქიული მე-3 რანგისა და თანამდებობათა მე-5 იერარქიისათვის შესატყვისი სახელფასო კოეფიციენტების მე-8 კატეგორია (ანუ 1.8) და ამგვარად, თანამდებობრივი სარგო დადგინდა კვლავ ... ლარის ოდენობით.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სადავო განჩინების გამოტანისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია მოხლის თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესი, ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლით კი დგინდება მოხელის საკლასო დანამატისა და მისი ოდენობების განსაზღვრის წესი, აქედან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლოს აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით უნდა განესაზღვრა თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა ნ. ს-ის საქმის შემთხვევაში შესაბამისი განაცდური და კონკრეტულად რა ნორმებზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული განაცდურის ზუსტი განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხი არ ყოფილა შეფასებული.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით 2018 წლის 1 იანვრიდან საჯარო მოხელეთათვის განისაზღვრა ანაზღაურების ახალი პრინციპი - თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული - თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისად დანართის ცხრილის მიხედვით. ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული კოეფიციენტის მისადაგებას მოხელის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით ახდენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი (მუხლი 8, პუნქტი 1), სრულიად ბუნდოვანია, რა წესით უნდა მოხდეს ნ. ს-ის განაცდური თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშება 2018 წლის 1 იანვრიდან. ვინაიდან, ნ. ს-ე აღნიშნულ თანამდებობაზე, რომ დარჩენილიყო, უნდა მომხდარიყო კონკრეტულად მისი თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის შეფასება და აღნიშნულის საფუძველზე კოეფიციენტის მისადაგება. მით უფრო გაურკვეველია თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების საკითხი 2019 წლის 17 მარტიდან, როდესაც მასშტაბური რეორგანიზაციის შედეგად საერთოდ გაუქმდა ის დეპარტამენტი, რომელში მოსარჩელე მუშაობდა და ის ფუნქცია, რასაც ნ. ს-ე ასრულებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სარგოს გადაანგარიშებაზე მითითება არასწორი და ამავდროულად, ბუნდოვანია. ამასთან, გადაწყვეტილების ხელახალი განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია მისი აღსრულებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საქართველო კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამარლოს უფლების დარღვევა, ვინაიდან ბუნდოვანი გადაწყვეტილების აღუსრულებლობით ზიანი მიადგება მხარის ინტერესს - ვერ მიიღებს იმ სამართლებრივ შედეგს, რისთვისაც მიმართა სასამართლოს და რაც უნდა მიეღო მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შედეგად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის საბიუჯეტო დაწესებულება, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის პრინციპით. შესაბამისად, საბიუჯეტო დაწესებულება საკუთარი ინტერპრეტაციით ვერ მოახდენს საბიუჯეტო თანხების გადაანგარიშებას მოსარჩელის სასარგებლოდ, რა შემთხვევაშიც არსებობს ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების და მეორე მხრივ, მხარისათვის ზიანის სრულად ანაზღაურების შეუძლებლობის რისკი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო იმ ნაწილში, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცალსახად არის ჩამოყალიბებული - კომპენსაციის გაცემა 6 თვის განმავლობაში ბოლო თანამდებობრივი სარგოს (... ლარი თვეში) ოდენობით - მხარისათვის დაწყებულია და ყოველთვიურად ირიცხება მის ანგარიშზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კერძო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - მ. ნ-ას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი არის ბუნდოვანი და აღნიშნულ შემთხვევაში განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალა ნ. ს-ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის დასაბუთებისთვის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტა, რომ შრომითი გასამრჯელოს იძულებით განაცდური წარმოადგენს ზიანის ერთ-ერთ სახეს, რომლის ანაზღაურებაც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონით. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის კი სახეზე უნდა იყოს ზიანი, იგი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტებაზე აღმასრულებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. საგულისხმოა, რომ აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის საფუძველი გახდა კრედიტორის მოთხოვნა ხელფასში შემავალი ყველა კომპონენტის შესაბამისად, კუთვნილი თანხის ხელახლა დაანგარიშების შესახებ. სააპელაციო პალატამ განაცდურთან დაკავშირებული მოთხოვნის ფართო ფორმულირების გათვალისწინებით გაიზიარა შუამდგომლობის ავტორის მოსაზრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის ბუნდოვანების თაობაზე, რამდენადაც გადაწყვეტილება არ შეიცავდა მოსარჩელის მიერ განაცდურის შესახებ წარმოდგენილ მოთხოვნაზე ამომწურავ მსჯელობას.

საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის ბუნდოვანებას, არამედ მისთვის მიუღებელია განმარტების შინაარსი და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ხელახალი განმარტება მნიშვნელოვანია მისი აღსრულებისათვის, თუმცა, აღნიშნულს ითხოვს კერძო საჩივარში გადმოცემული ფორმულირებით, რომელიც ეწინააღმდგება გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი ეხება სარჩელის იმ ნაწილზე მსჯელობას, რომლითაც ნ. ს-ე ითხოვდა გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით მოსარჩელეს უფლება წარმოეშვა თავდაპირველად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტით, ხოლო შემდეგ მე-5 პუნქტით (მოხელის სამსახურის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში) გათვალისწინებულ მიუღებელ შემოსავალზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით, ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რას მოიცავს ტერმინი „სხვა კომპონენტები“, არსებული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით (მოხელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში) ანაზღაურებაში შემავალი კომპონენტების ამომწურავ ჩამონათვალს გვთავაზობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტი. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 118-ე მუხლის მე-5 პუნქტი მოიცავს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის 6 თვიანი კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას - როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, არამედ შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული მიუღებელი თანხის (ყველა კომპონენტის და ანაზღაურების ოდენობის ცვლილების გათვალისწინებით) სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, პროცედურული საკითხების განმარტების თაობაზე (თითოეული კომპონენტის ანაზღაურების პროცედურულ ნაწილში), აღნიშნული საკითხების განმარტება ცალსახად სცდება მოცემული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.

ამასთან, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ასევე არ ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების რისკზე მითითება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას შეიცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება (თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი უფლება და საბიუჯეტო ხარჯი განუყოფელია ერთმანეთისაგან და სახელმწიფოს მიერ ასეთი ხარჯების გაწევის ვალდებულებას დასახელებული უფლება თავისთავად მოიაზრებს. შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა თავისთავად ვერ გახდება ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზეზი. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ანაზღაურების ხარჯი იმდენად მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, რომ მისი ანაზღაურება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფუნქციონირებას, ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შესაძლებელია მსჯელობა ზიანის ანაზღაურების უფლების შეზღუდვაზე, გადახდის განაწილვადებისა თუ სხვა ფორმებით. სახელმწიფო ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს და მისთვის საფრთხის შექმნა თავისთავად არ მოიაზრება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული უფლების ნაწილად, შესაბამისად, გონივრული ბალანსის დაცვის მიზნით, უფლების გარკვეულწილად შეზღუდვა შესაძლებელია გამართლებული იყოს, თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად. საბიუჯეტო სახსრების სიმცირის მოტივით სახელმწიფოს გათავისუფლება მისი სახელით მოქმედი თანამდებობის პირების უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან, ქმნის საფრთხეს, რომ შესაბამისმა სუბიექტებმა, კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთარი თვითნებური ქმედებები გაამართლონ საბიუჯეტო სახსრების სიმწირისა და მისი დაზოგვის მიზნით. ამგვარი შესაძლებლობის მინიჭება თავად უფლების არსებობას დაუკარგავდა აზრს, ვინაიდან ხშირ შემთხვევებში შეუძლებელი გახდებოდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება“.

აღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის განმარტების აუცილებლობა განაპირობა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე გამოვლენილმა მისი შინაარსის ბუნდოვანებამ, რაც გაიზიარა გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა ნ. ს-ის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ არსებობს - იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების ვალდებულება, რასაც არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე