Facebook Twitter

#ბს-404(კ-20) 16 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ქ-ე; მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 14 სექტემბერს მ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ „შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის #16545584 ბრძანებების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის მოსარჩელე - მ. ქ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ოს (მთავარი სამმართველოს) ...ის შესაბამის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და მ. ქ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების (მისი გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით) დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №551460 ბრძანება მ. ქ-ის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1654584 ბრძანება მ. ქ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მ. ქ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ოს (მთავარი სამმართველოს) ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გამოცემა და მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია თუნდაც მართლზომიერი და საჭიროებისამებრ ჩატარებული, ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ლეგიტიმურ საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმერ საფუძვლად შტატების შემცირება შეიძლება იქნეს მიჩნეული. გარდა შტატების შემცირებისა, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად შეიძლება დასახელდეს ფუნქციების მატება და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებულის კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია.

ამდენად, კასატორის აღნიშვნით ის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე, გაუქმდა და შესაბამისად შემცირდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რაც დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული სასამართლოების მიერ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კასატორის მითითებით, არ არსებობდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №551460 ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მომსახურეებს 2017 წლის 7 მარტიდან შეუწყდათ შვებულებები. ამავე ბრძანებით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მომსახურეებს 2017 წლის 7 მარტიდან შეუწყდათ მივლინებები. ამავე ბრძანებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის სამმართველოს ...ი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ. ქ-ე (პ/ნ ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1654584 ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის სამმართველოს ...ი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ. ქ-ე (პ/ნ ...) დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირად მიჩნეულ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მასა არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრების და კასატორის საუარესოდ საქმის გადაწყვეტის დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო აქტის გამომცემი ორგანოს უფლებამოსილებისა და აქტის არარად ცნობის საკითხზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩნება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე