Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 110-აპ 25 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განაჩენზე, რომლითაც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის განაჩენი ნ. ლ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის განაჩენით ნ. ლ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ნ. ლ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003წ. მარტში ნ. ლ-მა ცხინვალის რაიონის სოფ. ---ში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---”, რომელიც გადაზიდა თბილისში და შეინახა ---ს სახელობის ბაღის ტერიტორიაზე. 2003წ. 9 მაისს ნ. ლ-მა შენახული ნარკოტიკული საშუალება “---” წაიღო “---ის” ტყეში, მისი ნაწილი მოიხმარა, დარჩენილი ნაწილი კი შეინახა ერთჯერად შპრიცში. ---ის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის მიმართულებით მიმავალი, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ. ლ-ლი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს 1 მლ ხსნარში გახსნილი ნარკოტიკული საშუალება “---” წონით 0,06 გრამი.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ნ. ლ-ლი უთითებს, რომ სასამართლომ მას უკანონოდ დასდო მსჯავრი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან პირადი ჩხრეკის დროს მისთვის აღმოჩენილი “---” ოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი. ამდენად კასატორი ითხოვს მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 273-ე მუხლზე და სასჯელის შემსუბუქებას.

პროკურორი ბ. გ-ძე მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს ნ. ლ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძლიანობა და თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სრული მოცულობით ჩაატარა რა სასამართლო გამოძიება, საფუძვლიანად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ. ლ-ის მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებებითა (მსჯავრდებული ითხოვდა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას) და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულია მსჯავრდებულ ნ. ლ-ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების “---ის” უკანონო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ნ. ლ-ის პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ისიც, რომ მისგან ამოღებულ იქნა ერთჯერად შპრიცში მოთავსებული 1 მლ ხსნარში გახსნილი ნარკოტიკული საშუალება “---” წონით 0,06 გრ. ამდენად, პალატა არ იზიარებს ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას მისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება “---” ოდენობის ხელოვნურად გაზრდის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით სწორად დააკვალიფიცირა მისი ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელიც ჩადენილი ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად განუსაზღვრა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განაჩენი ნ. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.