საქმე №ბ-1060-9(ა-19) 3 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები _ გ. კ-ი, მ. კ-ი, ე. კ-ი, ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს გენერალური პროკურატურა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 23 ივნისს საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურორმა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ სარჩელი აღძრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხეების - გ., ე., გ., მ. და ა. კ-ების მიმართ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 24 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის მოთხოვნა გ. ა., გუ., ე. და მ. კ-ების სადავო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღა დაედო საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის სარჩელში მითითებულ მთელ სადავო ქონებას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 24 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს გ., ე., ა., მ. და გ. კ-ებმა. კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება მთელი თავისი სამართლებრივი შედეგით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 7 ივლისის განჩინებით გ., ა., გ., ე. და მ. კ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ივლისის განჩინებით გ., ე., ა., მ. და გუ. კ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 23 ივლისის განჩინებით გ., ე., გუ., ა. და მ. კ-ების წარმომადგენელ პ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაინიშნა ექსპერტიზა ...ის რაიონის სოფელ ...ში მოპასუხეთა ქონების შეფასების მიზნით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004 წლის 29 ივლისს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების - გ., ე., გუ., მ. და ა. კ-ების ქონება ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად; სახელმწიფოს გადაეცა ...ის რაიონის სოფელ ...ში გ. და ე. კ-ების სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობანი 230541 ლარის საერთო ღირებულებით; სახელმწიფოს გადაეცა, აგრეთვე: ...ის რაიონის სოფელ ...ში გუ. კ-ზე რიცხული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობანი 12785 ლარის საერთო ღირებულებით; ქ. ბათუმში, ...ის ქ. №3-ში მდებარე, 16606 ლარის ღირებულების ერთოთახიანი ბინა №14; ქ. ბათუმში, ...ის ქ. №3-ში მდებარე, 173495 ლარად შეფასებული სახლთმფლობელობა; ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე №10 და №11 ბინები, შესაბამისად, 40872 და 16820 ლარად ღირებული; გ. კ-ს დაეკისრა 2003-2004 წლებში გაყიდული ქონების, კერძოდ: ქ. ბათუმში, ...ის ქ. №5-ში მდებარე ბინის გასხვისებით მიღებული შემოსავალი - 10000 ლარი; ქ. ბათუმში, ...ას ქ. №23-ში არსებული სახლთმფლობელობის გასხვისებით მიღებული 80000 ლარი და ავტომანქანა „ნივის“ გასხვისებით მიღებული 7400 ლარი; მოპასუხეებს დაეკისრათ გ. კ-ის მიერ შედგენილი დეკლარაციის შესაბამისად არსებული ნაღდი ფულის სახელმწიფოსთვის გადაცემა: გ. კ-ს - 17000 აშშ დოლარის, ე. კ-ს - 5000 აშშ დოლარის, გუ. კ-ს - 5000 აშშ დოლარის და მ. და ა. კ-ებს 1500-1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე შემდეგმა პირებმა ცალ-ცალკე შეიტანეს სამი საკასაციო საჩივარი: კასატორმა, აგრეთვე, ა. და მ. კ-ების წარმომადგენლის, კასატორ ე. კ-ის წარმომადგენელმა გუ. კ-მა; კასატორ გ. კ-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ე. ბ-ამ; გ., ე., მ. და ა. კ-ების წარმომადგენელმა - ადვოკატმა პ. გ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილებით გ., ე., გუ., მ. და ა. კ-ების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი, ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფოს შემდეგი ქონება: ა) ...ის რაიონის სოფ. ...ში მოპასუხეების - გ. და ე. კ-ების სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; ბ) ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე მოპასუხე მ. გ. კ-ის სახელზე რიცხული №10 და №11 ბინები; სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ მოპასუხეებს - გ., ე., მ. და ა. კ-ებს - დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხები, კერძოდ: გ. კ-ს 17000 აშშ დოლარის, ე. კ-ს 5000 აშშ დოლარის, მ. კ-ს 1500 აშშ დოლარისა და ა. კ-ს 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; სახელმწიფოს სასარგებლოდ გ. და ე. კ-ებს დაეკისრათ მათ მიერ გაყიდული დაუსაბუთებელი ქონების ეკვივალენტი ფულადი თანხა 51650 ლარის ოდენობით; გ. და ა. კ-ებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ ქ. ბათუმში, ...ის №3-ში მდებარე, ა. კ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დაუსაბუთებელი ფულადი თანხა - 79922 ლარი; გ. კ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №3-ში მდებარე, გ. კ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დაუსაბუთებელი ფულადი თანხა 7000 ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი: ა) ...ის რაიონის, სოფ. ...ში, მოპასუხე გუ. კ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთისა და დამხმარე ნაგებობების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის დაბრუნების ნაწილში; ბ) მოპასუხე გუ. კ-ისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში; გ) ქ. ბათუმში, ...ის №3-ში მდებარე, ა. კ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 40078 ლარის - გ. და ა. კ-ებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში; დ) ქ. ბათუმში, ...ის ქ. №3-ში მდებარე, გ. კ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 3000 ლარის - გ. კ-ზე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში; ე) ე. და გ. კ-ებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ ფულადი თანხის - 45750 ლარის - დაკისრების ნაწილში.
2019 წლის 19 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს გ. კ-მა, მ. კ-მა, ე. კ-მა და ა. კ-მა, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს. განმცხადებლების მითითებით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, სასამართლოში სარჩელის აღძვრას და სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებას, საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ 2004 წლის 9 მაისის დადგენილებით გ. კ-ი მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლით (2004 წლის რედაქცია). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში, მაგრამ საბოლოოდ ქმედების კვალიფიკაცია და სასჯელის ზომა იგივე დარჩა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გარკვეული ცვლილება იქნა შეტანილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, მაგრამ სასჯელის ნაწილი და სხვა ქმედების კვალიფიკაცია იგივე იქნა დატოვებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ. კ-ი დაკავების დღიდან - 2004 წლის 5 მაისიდან თვლიდა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო უკანონოდ, ასევე უკანონოდ ჩამოართვეს ქონება მას და მის ოჯახის წევრებს. საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით გ. კ-ი გამართლებული და რეაბილიტირებული იქნა, მას მოეხსნა ყველა წარდგენილი ბრალდება. განმცხადებლების მითითებით, მართალია, გ. კ-ი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ იქნა, მაგრამ მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევისა და თანხის დაკისრების თაობაზე დღემდე ძალაშია. განმცხადებლები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა) და საქმის წარმოების განახლებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის გ., გუ., მ., ე. და ა. კ-ების წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და სარჩელის აღძვრის საფუძვლის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვენ.
ამასთან, განმცხადებლები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ და მიიჩნევენ, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას თვლის არა მარტო ადმინისტრაციული პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, არამედ გ. კ-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5-წლიანი ვადის გასვლას, რაც საფუძველია ადმინისტრაციული საქმის წარმოების განახლებისა. განმცხადებლების მოსაზრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გამართლებულ და რეაბილიტირებულ პირს ერთმევა უფლება უკანონო ბრალდებითა და უკანონო მსჯავრდებით სახელმწიფოზე გადაცემული ქონების დაბრუნების, ირღვევა პირის კანონით მინიჭებული პროცესუალური თუ მატერიალური ნორმების მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და განცხადების განხილვა დაინიშნა ზეპირი განხილვის გარეშე.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა მოსაზრებები გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადების დასაშვებობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ განცხადების წარდგენის 5-წლიან ვადას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადებაზე წარმოდგენილ მოსაზრებებში პრეტენზიას გამოთქვამს განცხადების დასაშვებობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ განცხადების წარდგენის 5-წლიან ვადას. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი განცხადების წარდგენის 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531, საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). დასახელებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განასხვავა ვითარება, როდესაც დაინტერესებული პირების უფლების დაცვის შესაძლებლობას უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესი, ანუ, როდესაც კონკრეტული დავა გადაწყდა სახელმწიფოს და არა კერძო პირის სასარგებლოდ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მართალია, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადით შეზღუდვა ზოგადად ინარჩუნებს ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ ეს მიზნები თვისობრივად სახეცვლილია სახელმწიფოსთან მიმართებით, ვინაიდან ისინი არ უკავშირდება კონკრეტული კერძო პირების უფლებების დარღვევის საფრთხეს. სახელმწიფოს, რომელიც თავად უნდა იყოს სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტი, არ აქვს ამ ინტერესის (სამართლებრივი უსაფრთხოების) სხვისგან დაკმაყოფილების მოლოდინი, რაც განასხვავებს მას კერძო პირებისგან. მაშასადამე, აქ განსხვავებულია დაპირისპირებული ინტერესები და, შესაბამისად, განსხვავებული უნდა იყოს მიდგომაც ამ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის შეფასებისთვის. როდესაც ლეგიტიმური საჯარო მიზნებისთვის საფრთხის მიყენების რისკები უმნიშვნელოა ან არ არსებობს, ან/და სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვის მცდელობას თავად შეუძლია გამოიწვიოს ამავე ლეგიტიმური მიზნის უგულებელყოფა, მაშინ უფლებაში ჩარევის საჭიროება გაცილებით ნაკლებია. ამიტომ დაინტერესებულ პირებს ასეთ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი უფლება, მათ შორის, მოითხოვონ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული მათი უფლების დამრღვევი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობა, როდესაც ეს არის უშუალო და აუცილებელი გზა უფლების აღდგენისა თუ კომპენსაციის მიღებისთვის“ (იხ. II, 36). განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები ითხოვენ სწორედ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებებისა და მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადებას, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობაზე.
რაც შეეხება წარმოდგენილი განცხადების მოტივებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლების მოსაზრებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, განმცხადებლების მითითებით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, სასამართლოში სარჩელის აღძვრას და სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებას, საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ 2004 წლის 9 მაისის დადგენილებით გ. კ-ი მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო 2006 წელს მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით კი გ. კ-ი გამართლებული და რეაბილიტირებული იქნა, მას მოეხსნა ყველა წარდგენილი ბრალდება. განმცხადებლების მითითებით, მართალია, გ. კ-ი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ იქნა, მაგრამ მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევისა და თანხის დაკისრების თაობაზე დღემდე ძალაშია.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილებით გ., ე., გუ., მ. და ა. კ-ების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი, ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფოს შემდეგი ქონება: ა) ...ის რაიონის სოფ. ...ში მოპასუხეების - გ. და ე. კ-ების სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; ბ) ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე მოპასუხე მ. გ. კ-ის სახელზე რიცხული №10 და №11 ბინები; სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ მოპასუხეებს - გ., ე., მ. და ა. კ-ებს - დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხები, კერძოდ: გ. კ-ს 17000 აშშ დოლარის, ე. კ-ს 5000 აშშ დოლარის, მ. კ-ს 1500 აშშ დოლარისა და ა. კ-ს 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; სახელმწიფოს სასარგებლოდ გ. და ე. კ-ებს დაეკისრათ მათ მიერ გაყიდული დაუსაბუთებელი ქონების ეკვივალენტი ფულადი თანხა 51650 ლარის ოდენობით; გ. და ა. კ-ებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ ქ. ბათუმში, ...ის №3-ში მდებარე, ა. კ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დაუსაბუთებელი ფულადი თანხა - 79922 ლარი; გ. კ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №3-ში მდებარე, გ. კ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დაუსაბუთებელი ფულადი თანხა 7000 ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი: ა) ...ის რაიონის, სოფ. ...ში, მოპასუხე გუ. კ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთისა და დამხმარე ნაგებობების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის დაბრუნების ნაწილში; ბ) მოპასუხე გუ. კ-ისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში; გ) ქ. ბათუმში, ...ის №3-ში მდებარე, ა. კ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 40078 ლარის - გ. და ა. კ-ებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში; დ) ქ. ბათუმში, ...ის ქ. №3-ში მდებარე, გ. კ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 3000 ლარის - გ. კ-ზე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში; ე) ე. და გ. კ-ებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ ფულადი თანხის - 45750 ლარის - დაკისრების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2004 წლის 13 თებერვალს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ორ წარმოებას: „ქონების სისხლისსამართლებრივ ჩამორთმევას“ და „ქონების ადმინისტრაციულ ჩამორთმევას“. სისხლისსამართლებრივი ჩამორთმევა იყო ზოგადი ხასიათის და ეხებოდა უშუალოდ სამართალდარღვევის ობიექტის, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სხვადასხვა საშუალებისა და დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლის ჩამორთმევას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გამამტყუნებელ განაჩენთან ერთად დგებოდა. მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ჩამორთმევასთან დაკავშირებული წარმოება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 371 მუხლით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (სასკ-ის) 214-2111 მუხლებით რეგულირდებოდა, უშუალოდ ისახავდა მიზნად უკანონოდ მოპოვებული და დაუსაბუთებელი მატერიალური სიკეთის ამოღებას თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ე.წ. „დაკავშირებული პირისგან“, მათ შორის აღნიშნული თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის პირობებშიც. ქონების ადმინისტრაციული ჩამორთმევის წარმოების დაწყება ეფუძნებოდა თანამდებობის პირისთვის ბრალის წარდგენას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გოგიტიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №36862/05, §50-51, 2015 წლის 12 მაისი).
განმცხადებლების მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დასახელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-2111 მუხლების თანახმად აღძრა პროკურორმა სარჩელი გ., ე., მ., ა. და გუ. კ-ების მფლობელობაში არსებული დაუსაბუთებელი ქონებისა და ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების მათთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით. სარჩელის წარდგენა ეფუძნებოდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის მიერ 2004 წლის 9 მაისს გ. კ-ისთვის ბრალის წარდგენას და არა გ. კ-ის მსჯავრდებასა და მის მიმართ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, რომელიც ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ არ დაფუძნებია გ. კ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს და მის მიმართ დამდგარ გამამტყუნებელ განაჩენს. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული პალატის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს არ არსებობდა გ. კ-ის მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი, ადმინისტრაციული საქმე განხილულია - 2004 წელს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოტანილია - 2006 წელს. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით, თანამდებობის პირისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ სარჩელის აღძვრის საფუძვლად განიხილებოდა, დავის არსებითი განხილვა-გადაწყვეტა კი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და პრინციპებით წარიმართებოდა.
სადავო პერიოდში მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ქონებას მოსამართლე ცნობდა უკანონოდ, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო გამოარკვევდა, რომ ქონება ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო საშუალებები მოპოვებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევის შესაბამისად; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ცნობდა დაუსაბუთებლად, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხე ვერ წარუდგენდა სასამართლოს ქონების ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
საკასაციო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნულ ნორმაზე მითითებით მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს ვერ წარუდგინა დასახელებული ქონების შეძენისთვის, აშენებისა და ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რამდენადაც, მოპასუხეთა ხელფასითა და შემოსავლით შეუძლებელი იყო აღნიშნულის განხორციელება. ამდენად, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს და არა გ. კ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც ასევე ადასტურებს გადაწყვეტილების მიღებას სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებლად, ადმინისტრაციულ დავაზე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა და გადაწყვიტა ქონებრივი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა, როდესაც თანამდებობის პირი თავის უდანაშაულობას კი არ ამტკიცებდა, არამედ უნდა დაესაბუთებინა, რომ მის მფლობელობაში არსებული ქონება შეძენილი იყო კანონიერი გზით მოპოვებული საშუალებებით.
სარჩელის აღძვრის მომენტში აქცენტი თანამდებობის პირის მხოლოდ შესაძლებელ ბრალზე კეთდებოდა და კანონს ქონების შეძენის მართლზომიერების ფაქტის დადგენის სიმძიმე სამართალწარმოების სხვა, ადმინისტრაციული წესით სარჩელის განმხილველ სასამართლოზე გადაჰქონდა, რასაც ასევე ადასტურებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 219 მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო დაადასტურებდა, რომ თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში იმყოფებოდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება და სასამართლო პროცესის მსვლელობისას თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოიკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, პროკურორი იწყებდა სისხლის სამართლებრივ დევნას მის წინააღმდეგ.
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელის აღძვრისას საქმე წარმოადგენდა წმინდა ქონებრივი შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავას, თანამდებობის პირს მოეთხოვებოდა მის მფლობელობაში არსებული ქონების კანონიერების დასაბუთება და არავითარ შემთხვევაში არ განიხილებოდა უდანაშაულობის ან დამნაშავეობის საკითხი, ესე იგი გამომდინარეობდა არა სისხლის სამართლის, არამედ საჯარო მოსამსახურეთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან. იგი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების დაბრუნების საშუალება იყო და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ამიტომაც იყო მოწესრიგებული საპროცესო და არა მატერიალური კანონმდებლობით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის №2/5/309,310,311 გადაწყვეტილება საქმეზე - „1) მოქალაქეები: ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) მოქალაქე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მითითებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა 2004 წლის 13 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავის კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004 წლის 13 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებები, უდავოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საერთო ინტერესს ემსახურებოდა, და, რომ ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ ქონების ჩამორთმევის საქმის წარმოებაში თანაზომიერებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპები ასევე დაცული იყო. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი.
2004 წლის 13 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გოგიტიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, როგორიც არის 2005 წლის გაეროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები და დანაშაულებრივი შემოსავლების ჩამორთმევის შესახებ ევროპის საბჭოს 1990 და 2005 წლის ორი კონვენცია (ETS 141 და ETS 198), მიიჩნია, რომ „არსებობს ერთიანი ევროპული და ასევე, საყოველთაო სამართლებრივი სტანდარტები, რომლებიც სისხლისსამართლებრივი გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის პირობებში, ითვალისწინებს ქონების ჩამორთმევას მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებულ ისეთ საქმეებზე, როგორიც არის კორუფცია, ფულის გათეთრება, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები და სხვა. ამასთან, [ხსენებულ სტანდარტებზე დაყრდნობით] უკანონოდ მიჩნეული ქონების კანონიერი წარმოშობის მტკიცების ტვირთი შესაძლოა სრულიად ლეგიტიმურად გადავიდეს მოპასუხეებზე ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ამგვარ არასისხლისსამართლებრივ წარმოებაში, მათ შორის სანივთო სამოქალაქო სასარჩელო წარმოებაში. გარდა ამისა, ქონების ჩამორთმევის ღონისძიებები შესაძლებელია გავრცელდეს არა მხოლოდ დანაშაულიდან პირდაპირ მიღებულ შემოსავლებზე, არამედ ისეთ ქონებაზეც - მათ შორის ნებისმიერ შემოსავალსა და არაპირდაპირ სარგებელზე, რომელიც დანაშაულიდან პირდაპირ მიღებული შემოსავლების გაცვლის, გარდაქმნის ან სხვა შესაძლო კანონიერ ქონებასთან მათი შეერთების გზით არის მიღებული. საბოლოოდ, ჩამორთმევის ღონისძიება შესაძლოა, არამხოლოდ იმ პირის მიმართ იყოს გამოყენებული, რომელიც უშუალოდ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, არამედ ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, რომელიც ამ ქონებაზე საკუთრების უფლებას ფლობს შესაბამისი წინაპირობის - კერძოდ, კეთილსინდისიერების ფაქტის გარეშე და მიზნად ისახავს ამ სადავო ქონების დაგროვებაში მისი მართლსაწინააღმდეგო როლის დაფარვას“ (იხ. გადაწყვეტილების 105-ე პარაგრაფი).
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებულ, მძიმე დანაშაულთან ბრძოლის სწორედ ამ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების საფუძველზე ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL), კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN for Transition Economies), ხედავდა რა ქვეყანაში ყველა დონეზე არსებულ კორუფციის საგანგაშო მაჩვენებლებს, გამუდმებით მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, მიეღო საკანონმდებლო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ შემოსავლების კონფისკაციის ღონისძიება, მათ შორის კონფისკაციის ისეთი ზომა, რომელიც ითვალისწინებდა ქონების ღირებულების ექვივალენტის გადახდევინებას, სავალდებულოდ განხორციელებულიყო კორუფციულ ან კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა სამართალდარღვევაზე და ამასთან, შესაძლებელი გამხდარიყო ქონების მესამე პირებიდან ამოღებაც“ (იხ. 106-ე პარაგრაფი). სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, „ხელისუფლებამ მიღებული რეკომენდაციები შეასრულა, როდესაც 2004 წლის 13 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. ჯერ კიდევ 2006 წლის ივნისში და შემდეგ 2013 წლის სექტემბერში ზემოხსნებულმა საერთაშორისო ექსპერტებმა მოუწონეს საქართველოს ხელისუფლებას მათი რჩევების უმეტესწილად გათვალისწინება. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ქონების ჩამორთმევის სისხლის სამართლის წარმოების შესაძლებლობასთან ერთად, დამატებით, სანივთო სამოქალაქო სასარჩელო წარმოების შემოღებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან, კერძოდ ევროპის საბჭოს შესაბამის კონვენციებთან; თუმცა ამავდროულად ექსპერტებმა გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება ამ სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ ამ მიმართულებით, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა“ (იხ. იქვე). მართლაც, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოს, სწორი მიმართულებით განვითარებულიყო კორუფციასთან ბრძოლის საქმეში“ (იხ. იქვე).
ხსენებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენებით დაადგინა, რომ სანივთო სამოქალაქო სასარჩელო წარმოება, რომელიც წარიმართა სსსკ-ის 371 და სასკ-ის 214-2111 მუხლების შესაბამისად, ვერც თვითნებურად და ვერც კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ, პროპორციულობის ტესტთან შეუსაბამოდ ვერ მიიჩნეოდა (იხ. 108-ე პარაგრაფი).
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ 2007 წლის 4 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან ამოღებულ იქნა თავი VII2 - ადმინისტრაციული სამართალწარმოება თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით და თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დადგინდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი).
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღება, იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ უკავშირდება გ. კ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი, რომლითაც გ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რამეთუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ დადებია სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც გაუქმდა. შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადებით დასახელებული გარემოებები ვერ შეცვლის საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ის, მ. კ-ის, ე. კ-ისა და ა. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის №ბს-1027-835-კ-04 გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე