Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1002(კ-20) 4 დეკემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჩ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 15 იანვარს მ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 9 იანვრის №1000643182 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა მ. ჩ-ასათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 9 იანვრის №1000643182 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ხელს აწერს სააგენტოს წარმომადგენელი თეონა გომარელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნებოდა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს ჩაბარდა 2020 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2020 წლის 13 ნოემბრიდან დაიწყო და 2020 წლის 19 ნოემბერს (ხუთშაბათს) ამოიწურა.

დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო, არამედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა დაგვიანებით - 2020 წლის 25 ნოემბერს. სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დროულად ვერ შეავსო ხარვეზი, ვინაიდან 2020 წლის 3 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე იმყოფებოდა იზოლაციაში კორონავირუსით (COVID-19) დაავადებულთან კონტაქტისა და შემდეგ ვირუსით უშუალოდ მისი დაინფიცირების გამო (განცხადებას თან ახლავს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელს - თეონა გომარელს დაუდასტურდა კორონავირუსი (COVID-19)). წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ სადავო პერიოდში იზოლაციაში იმყოფებოდნენ ამავე სამსახურის სხვა თანამშრომლებიც, მათ შორის, ისინი, რომლებიც სასამართლოსთან ურთიერთობის მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის მატერიალური სახით სააგენტოსთვის წარდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას.

სადავო შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობას კორონავირუსით დაინფიცირებას უკავშირებს, თუმცა არ დასტურდება სადავო პერიოდში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქმიანობის ფაქტობრივად შეჩერება/შეწყვეტა ან მისი ყველა თანამშრომლის იზოლაციაში ყოფნა. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ სააგენტოს სასამართლომ დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა, ბაჟის გადახდა კი შესაძლებელი იყო საბანკო დაწესებულებების დისტანციური მომსახურებით სარგებლობლობის ან თანხის ელექტრონულად გადარიცხვის სხვა მეთოდების გამოყენებითაც. ასევე, მხარეს შეეძლო განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, საპროცესო მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მაინც მოემართა, თუმცა მას არც ეს შესაძლებლობა გამოუყენებია.

საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ავადმყოფობის ხასიათი და სიმძიმე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის, სასამართლოს დროულ ინფორმირებას არ გამორიცხავდა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. განმცხადებლის პოზიცია კი ვერ ადასტურებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის საპროცესო ვადაში წარმოდგენის შეუძლებლობასა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის წინაპირობების არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 16 ნოემბერს №44748 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე