#ბს-430(კ-20) 16 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფოთის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 2 აგვისტოს გ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის და მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
2019 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ფოთის რაიონული პროკურატურის და მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის (ფოთის რაიონული პროკურატურისათვის) მატერიალური ზიანის სახით - 9 210 ლარის და მორალური ზიანის სახით - 70 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას (ფოთის რაიონულ პროკურატურას) დაეკისრა გ. ლ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; გ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის (ფოთის რაიონულ პროკურატურისათვის) მატერიალური ზიანის სახით - 9 210 (ცხრა ათას ორას ათი) ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ფოთის რაიონულმა პროკურატურამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფოთის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და აღნიშნა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივლისის #10ა/109-2016 წლის განჩინებით გ. ლ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გ. ლ-ის პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 30 ივნისის 20:57 საათიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის #1/134-2016 განჩინებით, გ. ლ-ეს შეეცვალა 2016 წლის 3 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო - 5000 ლარი. გირაოს შეტანის ვადად განისაზღვრა 20 (ოცი) დღე - 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ დადგენილ ვადაში გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანის უზრუნველყოფამდე გ. ლ-ე რჩებოდა პატიმრობაში, ხოლო გირაოს თანხის ან მისი ეკვივალენტური ქონების გადახდის შემთხვევაში _ ექვემდებარებოდა პატიმრიბიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის #1/134 განაჩენის მიხედვით, გ. ლ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ გ. ლ-ეს განემარტა, რომ ჰქონდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გ. ლ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ ს. ხ-ს (პ/ნ ...) კუთვნილ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: ...).
სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 207-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, აგრეთვე იმ სხვა გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს განცდილი სულიერი ტრავმისა და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. მოცემულ შემთხვევაში გ. ლ-ის პატიმრობაში გატარებული დროისა (რომელმაც უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდების გამო საპატიმრო დაწესებულებაში გაატარა ხუთ თვეზე მეტი) და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, ასევე სახელმწიფოს ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოების ლეგიტიმურ ინტერესის მხედველობაში მიღებით, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი, რათა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირთა მიმართ გადასახდელი თანხის ოდენობამ საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობასა და, უფრო მეტიც, ამ თვალსაზრისით თავად სახელმწიფოს არსებობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებისათვის 3 000 ლარის დაკისრება გ. ლ-ისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნის პროპორციულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიცია, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე მორალური ზიანი დიდი ოდენობისაა, რადგან მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით წყდება. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ- ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ფოთის რაიონულმა პროკურატურამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა და ფოთის რაიონული პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე. ამასთან აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.
კასატორის მითითებით, პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს გენერალური პროკურატურის (ფოთის რაიონული პროკურატურის) მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. ამასთან, კასატორი საორიენტაციოდ ასახელებს რამდენიმე მათგანს. კონკრეტულ შემთხვევაში, გ. ლ-ემ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 5 თვეზე მეტი. მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 3 000 ლარი კი კასატორის მოსაზრებით, ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფოთის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფოთის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც უკვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა (მათ შორის, საქმეზე #ბს-1531(კ-18); 14.03.19) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით."
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივლისის #10ა/109-2016 წლის განჩინებით გ. ლ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გ. ლ-ის პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 30 ივნისის 20:57 საათიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის #1/134-2016 განჩინებით, გ. ლ-ეს შეეცვალა 2016 წლის 3 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო - 5000 ლარი. გირაოს შეტანის ვადად განისაზღვრა 20 (ოცი) დღე - 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ დადგენილ ვადაში გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანის უზრუნველყოფამდე გ. ლ-ე რჩებოდა პატიმრობაში, ხოლო გირაოს თანხის ან მისი ეკვივალენტური ქონების გადახდის შემთხვევაში - ექვემდებარებოდა პატიმრიბიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის #1/134 განაჩენის მიხედვით, გ. ლ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ გ. ლ-ეს განემარტა, რომ ჰქონდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გ. ლ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ ს. ხ-ს (პ/ნ ...) კუთვნილ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: ...).
სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში მყოფი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი (საქმეზე #1/134), რომლითაც გ. ლ-ე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს გ. ლ-ის რეაბილიტაციის საფუძველს. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-972-936(3კ-08) განჩინებაზე (08.04.09წ.), სადაც ასევე განიმარტა, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.“
საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის (ფოთის რაიონული პროკურატურისათვის) გ. ლ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის დაკისრებას, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფოთის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე